საქპატენტი სფეროთი დაინტერესებულ პირებს ქართულ ენაზე შემუშავებულ „ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსს“ სთავაზობს

საქპატენტი სფეროთი დაინტერესებულ პირებს ქართულ ენაზე შემუშავებულ „ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსს“ სთავაზობს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, რამდენიმე წელია, სთავაზობს სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ქართულ ენაზე შემუშავებულ „ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსს“ (DL101GE). აღნიშნული კურსი მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლების ცენტრის, WIPO-ს აკადემიის პირველი დისტანციური კურსია, რომელიც საქპატენტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის.

საქპატენტის სასწავლო ცენტის მიერ ორგანიზებული DL101GE-ს გაზაფხულის სესიაზე, რეგისტრაცია გახსნილია და მათ ვისაც აინტერესებს ინტელექტუალური საკუთრება 27 აპრილამდე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

რა სარგებელი მოაქვს ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების ცოდნას ნებისმიერი ადამიანისთვის, რა უპირატესობები აქვს და კონკრეტულად, როგორია DL101GE-ს სასწავლო პროცესი, დეტალებზე „ინტერპრესნიუსი“ საქპატენტის სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსს, დეა ჭიჭინაძეს ესაუბრა.

- უპირველესად, რომ გვითხრათ, რატომ უნდა გავიაროთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)?

- ნებისმიერ ჩვენგანს ყოველდღიურად შეხება აქვს ინტელექტუალურ საკუთრებასთან, ქმნის და იყენებს მას, ამიტომაც თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. აუცილებელია ვიცოდეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმები, რომ დავიცვათ საკუთარი და არ დავარღვიოთ სხვისი ინტელექტუალური საკუთრება. ინტელექტუალური საკუთრების თუნდაც ზოგადი ცოდნა სამეწარმეო საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისათვის აუცილებელია საბაზისო განათლება. საკუთრების სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები გამომგონებელს, საავტორო უფლების მფლობელს, სასაქონლო ნიშნისა თუ დიზაინის მფლობელს, თავისი ქმნილებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

DL101GE-ს მიზანია, ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, რათა უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს, შექმნან ღირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. დარგში ცნობიერების ამაღლება საქპატენტის პრიორიტეტულ მიმართულებებშია და DL101GE ამის ნათელი მაგალითია. კურსი WIPO -ს მხარდაჭერით შემუშავდა, მისი გავლა ნებისმიერ პირისთვის უსასყიდლოდ არის შესაძლებელი, დისტანციურ რეჟიმში, ამასთან, ქართულ ენაზე.

- ვინ უძღვება კურსს?

- როგორც მოგახსენეთ, კურსი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO -ს მიერ არის შემუშავებული და მას WIPO-ს მიერ სერტიფიცირებული ტუტორები უძღვებიან, რომელთაც დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათი გადამზადება WIPO-ს აკადემიის მიერ პერიოდულად ხორციელდება.

ყველა მოდულს თავისი ტუტორი ჰყავს, რომლებიც სადისკუსიო ფორუმზე მონაწილეებს პრაქტიკულ განსახილველ საკითხებს სთავაზობენ, ატარებენ ვებინარებს და პასუხობენ მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კონკრეტული საკითხების პრაქტიკული განხილვა უადვილებს მონაწილეებს მასალის ათვისებას.

- რას მოიცავს DL101GE კურსის პროგრამა?

- კურსი 13 მოდულს მოიცავს და ფარავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტს: საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, დიზაინს, პატენტებს და ახალ ჯიშებს. ასევე, სპეციალური მოდული ეთმობა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, ინტელექტუალურ საკუთრებასა და განვითარებას და შესავალს ტრადიციულ ცოდნაში, ტრადიციულ კულტურულ გამოხატულებებსა და გენეტიკურ რესურსებში. მოდულებს ახლავს აუდიო ჩანაწერებიც, რაც მონაწილეებს მასალის უკეთ გააზრებაში ეხმარება. კურსის ხანგრძლივობა 6 კვირაა, თუმცა დროის მართვა მონაწილეს დამოუკიდებლად შეუძლია.

როგორც უკვე აღვნიშნე, კურსზე დაიშვება ნებისმიერი ადამიანი,მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შემქმნელი. მაგალითად, სასაქონლო ნიშნის მოდულში განხილული საკითხები დაეხმარებათ დაინტერესებულ პირებს, გაიგონ, თუ რა შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნების მოდულის მასალებიდან მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება პროდუქტზე რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება. ასევე, ის, თუ როგორ გამოგონებას იცავს პატენტი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. საავტორო უფლების მოდულიდან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, თუ რისი დაცვაა შესაძლებელი საავტორო უფლებით და ა.შ.

- კიდევ რა დამატებითი სარგებელი შეიძლება პირს მოუტანოს DL101GE-ს გავლამ?

- კურსის ბოლოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტისა“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ერთობლივი, საერთაშორისო სერტიფიკატი გაიცემა. იმ პირებისთვის ვისაც სურვილი აქვს საბაზისო კურსის გავლის შემდეგ კიდევ გაიღრმაონ ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების დარგში, ეს სერტიფიკატი WIPO-ს აკადემიის უკვე სპეციალიზებულ კურსებზე დაშვების წინაპირობაა. სპეციალიზებული კურსები, როგორიცაა საავტორო უფლებები და კურსი სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის შესახებ არ არის უსასყიდლო, მაგრამ, საქპატენტის ინიციატივით და WIPO-ს მხარდაჭერით, იმ ათ მსმენელს, რომელიც ფინალური გამოცდას წარჩინებით ჩააბარებს და ყველაზე მაღალი ქულებს მოიპოვებს, დაუფინანსდება მისთვის სასურველ, ერთ კურსზე სწავლა.