EU4Culture პროექტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, ქუთაისში იდეათონის კონკურსი ჩატარდა

EU4Culture პროექტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, ქუთაისში იდეათონის კონკურსი ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იდეათონის კონკურსზე წარმოდგენილი იდეებიდან 18 საუკეთესო იდეა შეირჩა, რომელთა ავტორებმაც მონაწილეობა ფინალურ შეხვედრაში მიიღეს.
კონკურსის მსვლელობისას, თავად მონაწილეებმა 6 საუკეთესო იდეა აირჩიეს. საბოლოო ეტაპზე ჟიური გამარჯვებულ სამ იდეას გამოავლენს, რომელთა ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ესწრებოდნენ.
„ქუთაისის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. იდეათონის კონკურსი სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გამოვაცხადეთ. მე თქვენს იდეებს გავეცანი, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. მჯერა, რომ თქვენი თაობა ბევრს გააკეთებს იმისთვის, რათა ქუთაისის კულტურის სფერო და შემოქმედებითი ინდუსტრია სათანადოდ განვითარდეს და მსოფლიო კულტურაში ღირსეული ადგილი დაიჭიროს,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანაპარტნიორი ორგანიზაციის „Creative Solution“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად მჭედლიშვილმა იდეათონის ფინალური შეხვედრის მონაწილეებს ქუთაისის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი გააცნო.
ქალაქის შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების მონაწილეობით პანელური სესია გაიმართა.

























