კოლეჯ „მოდუსში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კოლეჯ „მოდუსში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სსიპ მარნეულის კოლეჯ „მოდუსის“ ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს სასწავლო პროცესში დანერგილი სიახლეების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდნენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოდუსის ხელმძღვანელობასთან ერთად კოლეჯის ტერიტორია დაათვალიერეს და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

„აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის შენობა შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. კოლეჯს კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი გააჩნია.

კოლეჯი ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს ახორციელებს. ასევე, ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის მოდულის გავლა უფასოდ შეუძლიათ, რის შემდეგაც სტუდენტი სწავლას მის მიერ არჩეულ პროფესიული პროგრამის მიხედვით აგრძელებს.

„მოდუსში“ სწავლა სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.