ალექსანდრე თვალჭრელიძე - როგორც არ უნდა განვითარდეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები, ეს ომი რუსეთმა წააგო - ქართველო პოლიტიკოსებო, ჯერ იფიქრეთ, მერე ილაპარაკეთ!

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, 50 დღეზე მეტია გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში. თითქმის ამდენივე დღეა აშშ-მ და ევროპამ მიიღეს გადაწყვეტილება და უპრეცედენტო დახმარებას უწევენ აგრესორ რუსეთთან მებრძოლ უკრაინას.

რაც მეტი დრო გადის, მით მეტს ვიგებთ ჩვენ და დანარჩენი მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის სისასტიკესა და ვანდალიზმზე. როგორც ჩანს, რუსული აგრესიის შედეგებისა და ვანდალიზმის მსხვერპლთა სტატისტიკა იმაზე გამაოგნებელი იქნება, ვიდრე შეეძლო ვინმეს წარმოედგინა.

დამკვირვებელთა ნაწილი სულ უფრო ხშირად და მეტად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ომს უკრაინაში დასავლეთსა და რუსეთს შორის ღია დაპირისპირებაა. პუტინს არც დაუმალავს, რომ 1917 წლამდე არსებული რუსული იმპერიის საზღვრებში უნდა რუსეთის ფედერაციის გაფართოება. უკრაინის გარეშე კი ამის გაკეთება შეუძლებელია.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე ბევრად იქნება დამოკიდებული დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც აშკარად ომის შედეგებზეა დამოკიდებული.

როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე ომსა და ომის მიზეზებს და იმას, რომ ახლა აშშ და ევროპა ამ ომში უკრაინის მხარესაა?

- როგორც ყოველთვის, მრავალმხრივ და რთულ კითხვებს მისვამთ და მათზე მოკლე, ყოვლისმომცველი პასუხების გაცემა შეუძლებელია. ამიტომ, ცოტა მოთმინება დაგჭირდებათ, მაპატიეთ.

დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის იმპერიის საზღვრების აღდგენა გულისხმობს, უკრაინის გარდა, ფინეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ოკუპაციას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ სამხრეთ კავკასიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებზე. მაგრამ, ამავე დროს, ეს გულისხმობს კალინინგრადის ანუ კენიგსბერგის გერმანიისთვის დაბრუნებას.

რუსეთის იმპერიის საზღვრების აღდგენა გულისხმობს, უკრაინის გარდა, ფინეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ოკუპაციას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ სამხრეთ კავკასიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებზე. მაგრამ, ამავე დროს, ეს გულისხმობს კალინინგრადის ანუ კენიგსბერგის გერმანიისთვის დაბრუნებას

სხვათა შორის, ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი მოქალაქე ალბათ იმანუილ კანტი გახლდათ. ამ ღამის კოშმარებით ნაკარნახევი აბსოლუტურად აღუსრულებელი, მაგრამ ძალიან სახიფათო, მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგის დამანგრეველი ზრახვების პირველი ნაწილი პუტინის ავადმყოფურ ცნობიერებაში ნამდვილად სუფევს, მეორე ნაწილისა კი რა მოგახსენოთ. ეს უტოპიური პროექტი, რასაკვირველია, გულისხმობს ნატოს ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო თავდასხმას, ანუ ფართომასშტაბიან მსოფლიო ომს.

ამ თვალსაზრისით, რუსულ გაუგებარ და არაპროფესიულ სამხედრო სტრატეგიას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მნიშვნელობა არ ექნებოდა იმას, თუ სად დაიწყებოდა ომი - უკრაინაში თუ, ვთქვათ, ფინეთში. მაშ რატომ აირჩია პუტინმა ეს მის ზვიგენის ხახაში გაჩხირული გადაუყლაპავი ლუკმა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რუსეთს თავისი ამჟამინდელი ფორმით ბოლოს მოუღებს?

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინას თავს დასხმოდა შურისძიება ედო საფუძვლად. ამის ასახსნელად კი წინა საუკუნის ორმოცდაათიან წლებს უნდა დავუბრუნდეთ.

როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი ევროპისკენ მიმავალი ნავთობ და გაზსადენების ინფრასტრუქტურის დაპროექტების ბრძანება გასცა, რასაკვირველია არავის წარმოედგინა, რომ საბჭოთა კავშირი, ასე ვთქვათ, ათასწლიანი მეოთხე რაიხი, ოდესმე დაიშლებოდა. ამიტომ პროექტი გეოგრაფიულ და არა გეოპოლიტიკურ პრინციპებს დაეფუძნა.

ამ თვალსაზრისით კი უკრაინაზე გამავალი მარშრუტი ყველაზე რაციონალური და იაფი გამოდგა. შედეგად, დღეს არსებული ნავთობისა და გაზის მილსადენების სიმძლავრის 70%-ზე მეტი უკრაინულ ინფრასტრუქტურას ეყრდნობა. და ეს ეხება არა მხოლოდ მილსადენებს, როგორც ასეთს, არამედ ინფრასტრუქტურის სხვა ძირეულ ელემენტებს, მაგალითად, მიწისქვეშა გაზის საცავებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაფუძნდა „გაზპრომი“, რომელიც ბორის ელცინმა საბჭოთა კავშირის ნავთობისა და გაზის სამინისტროს სამართალმემკვიდრედ და გაზსადენების ოპერატორად გამოაცხადა. სხვათა შორის, უკრაინასთან შეუთანხმებლად. შედეგად, „გაზპრომმა“ აავსო უკრაინის გაზის საცავები და დაიწყო გაზის ექსპორტი ევროპაში.

პრაქტიკულად მყისიერად უკრაინამ გაზის საცავებისა და მილსადენების ნაციონალიზაცია გამოაცხადა, დაეუფლა დასაწყობებულ გაზის სტრატეგიულ რეზერვებს, რომლებიც 90 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატებოდა და მოითხოვა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეღავათიანი ტარიფით, რომელიც გაზის მოპოვებისა და ტრანზიტის თვითღირებულებაზე დაბალი იყო.

რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინა დაესაჯა და შეუწყვიტა გაზის მიწოდება, მაგრამ უკრაინა ევროპისთვის განკუთვნილ გაზს თავის შიდა ქსელში ანაწილებდა. ამას მოყვა 2006 და 2009 წლის „გაზის ომები“ რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც ცალმხრივად უკრაინა დარჩა გამარჯვებული - მან არა მარტო შეღავათიან ტარიფს მიაღწია, მაგრამ დღემდე დავალიანება არ გადაუხდია.

პუტინი იძულებული შეიქმნა უძვირესი ჩრდილო ნაკადის პროექტი განეხორციელებინა, მაგრამ ეს პროექტი, რომც დავუმატოთ მას „ჩრდილო ნაკადი-2“, პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს - 2019 წელს ჩრდილო ნაკადით გერმანიაში დაახლოებით 45 მილიარდი კუბური მეტრი აირი იქნა გადაზიდული, ხოლო უკრაინის გავლით - 95 მილიარდზე მეტი.

პირველი შეტევა პუტინმა 2014 წელს განახორციელა და მისი შედეგები ჩვენ კარგად ვიცით. შედარებით ადვილად მიღწეული მიზნების შემდეგ, სავსებით ცხადი გახდა, რომ პუტინი მათ არ დასჯერდებოდა და ადრე თუ გვიან უკრაინის სრულ დაპყრობას განიზრახავდა. ეს 2022 წელს მოხდა, სხვათა შორის, ისევ ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ.

მაგრამ, არც უკრაინას და არც მის პარტნიორებს ეს 8 წელი ფუჭად არ დაუკარგავთ და შეიქმნა თანამედროვე ბრძოლისუნარიანი უკრაინული არმია.

ამ ომში, რასაკვირველია, ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დადგა და ეს მხარდაჭერის უპრეცედენტო დონე და ერთსულოვნება არა მხოლოდ ეთიკურ-მსოფლმხედველობრივი, არამედ, აგრეთვე, პრაგმატული თვითგადარჩენის ინსტინქტით არის გამოწვეული: „ბოროტების იმპერიასთან“ ბრძოლის ფრონტი ზუსტად უკრაინაზე გადის.

ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დადგა და ეს მხარდაჭერის უპრეცედენტო დონე და ერთსულოვნება არა მხოლოდ ეთიკურ-მსოფლმხედველობრივი, არამედ, აგრეთვე, პრაგმატული თვითგადარჩენის ინსტინქტით არის გამოწვეული: „ბოროტების იმპერიასთან“ ბრძოლის ფრონტი ზუსტად უკრაინაზე გადის

ამ პუტინის ავადმყოფური მენტალიტეტით გამოწვეულმა ომმა კიდევ ორ, რუსეთისთვის არასახარბიელო, გარემოებას მოფინა ნათელი. პირველი, ომმა არ გამოიწვია უკრაინული საზოგადოების გახლეჩა, როგორც ამას პუტინი ვარაუდობდა. პირიქით, მან ერი ერთ მუშტად შეკრა და ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის სულისკვეთება ხარკოვში, მარიუპოლში, ოდესასა ან ნებისმიერ სხვა სოფელსა თუ ქალაქში. ომმა შექმნა ევროპული ტიპის უკრაინული ნაცია.

მეორე. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნათელი გახდა კორუფციის არნახული დონე რუსულ არმიაში - ათეულობით მილიარდი დოლარი, რომელიც გამოიყო უკრაინაში მეხუთე კოლონის დასაარსებლად ან, ვთქვათ, არმიის საწვავის ან სხვა სტრატეგიული რეზერვების შესაქმნელად, მთლიანად ჩინოვნიკების ჯიბეებში დაილექა და ახლა გაყინულია დასავლეთის ბანკებში.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნათელი გახდა კორუფციის არნახული დონე რუსულ არმიაში - ათეულობით მილიარდი დოლარი, რომელიც გამოიყო უკრაინაში მეხუთე კოლონის დასაარსებლად ან, ვთქვათ, არმიის საწვავის ან სხვა სტრატეგიული რეზერვების შესაქმნელად, მთლიანად ჩინოვნიკების ჯიბეებში დაილექა და ახლა გაყინულია დასავლეთის ბანკებში

ამის გამო, პუტინს უმალავდნენ რეალურ სურათს და ის რუსული არმიის მდგომარეობაზე აბსოლუტურად არაადეკვატური წარმოდგენისა იყო. ხომ ვხედავთ ბოლო დღეებში, გენერალიტეტში დაპატიმრების არნახულ ტალღას.

ამ თვალსაზრისით, ერთი კურიოზული ფაქტი უნდა გაგიმხილოთ. ერთ-ერთმა ამერიკულმა კინოსტუდიამ ერთი ტრილერის გამო ბოდიში მოიხადა - გვაპატიეთ, შეგვეშალა, როცა მსოფლიოს უძლიერეს არმიად რუსული შეიარაღებული ძალები ვაჩვენეთ, ალბათ, სცენარში კუბის არმია უნდა ჩაგვედოო.

- ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ჰქონდა ეკონომიკური სანქციები, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო, ყველა აღიარებს.

მიუხედავად ამ სანქციებისა, ბევრი აღიარებს, რომ უბრალო ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში ეს სანქციები არ შეხებია. თუმცა, იმაზეც საუბრობენ, რომ დროთა განმავლობაში ეს სანქციები რუსეთისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

რა როლი შეიძლება შეასრულოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთ-უკრაინისა და უკრაინაში დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ დაპირისპირებაში?

- რომი ერთ დღეში არ აშენებულა. სანქციების მიზანია არა რუსეთის დამარცხება ამ ომში, არამედ მისი ამჟამინდელი რეჟიმის სრული დემონტაჟი. თან ისე, რომ ბირთვული ომი არ გაჩაღდეს. მერწმუნეთ, ადამიანები, რომლებიც ამ სანქციებს გამოიმუშავებენ და მათ თანმიმდევრობას სახავენ, პროფესიონალები არიან. მათ აქვთ მიზანი და დაგეგმილია ამ მიზნის მიღწევის ყველაზე რაციონალური გზები.

მართალია, სანქციების შედეგი ჯერ რუსეთის რეგიონებში სრული სიმწვავით არ შეინიშნება, მაგრამ რეზერვები ამოიწურება, რუსეთი საბჭოთა ხანის ბოლო წლებს დაუბრუნდება. არ გამოვრიცხავ რაღაც ეტაპზე პროდუქტებზე საბარათე სისტემის შემოღებასა და, ვთქვათ, რუსეთის რეგიონების მოსახლეობის მიერ ფაბრიკა „ბოლშევიკში“ შეკერილი ტანსაცმლის შესყიდვას.

სანქციების მიზანია არა რუსეთის დამარცხება ამ ომში, არამედ მისი ამჟამინდელი რეჟიმის სრული დემონტაჟი. თან ისე, რომ ბირთვული ომი არ გაჩაღდეს. მერწმუნეთ, ადამიანები, რომლებიც ამ სანქციებს გამოიმუშავებენ და მათ თანმიმდევრობას სახავენ, პროფესიონალები არიან. მათ აქვთ მიზანი და დაგეგმილია ამ მიზნის მიღწევის ყველაზე რაციონალური გზები

აღარაფერს ვამბობ რუსულ მრეწველობაზე, მათ შორის - სამხედრო მრეწველობაზე, რომელიც დასავლური ტექნოლოგიების გარეშე საერთოდ ვერ იარსებებს.

ჩვენ მყისიერი შედეგი გვინდა. ეს მიუღწეველია. ტყუილად ხომ არ წამოსცდა ჯო ბაიდენს, რომ ომი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება.

- ვხედავთ, რომ კოლექტიური დასავლეთისა და აშშ-ს ლიდერები ახლა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მათ კრემლთან ურთიერთობაში ბევრი შეცდომა დაუშვეს.

ახლა უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისაგან საკმაოდ დიდი ოდენობით იღებს სამხედრო დახმარებას და აქვს პოლიტიკური მხარდაჭერაც. უკრაინაში სამხედრო მარცხის ფონზე კრემლში რომ წონასწორობის დაკარგვის ნიშნები შეინიშნება, ფაქტია.

რუსული ფლოტის ფლაგმანის „მოსკვას“ შავ ზღვაში ჩაძირვის შემდეგ, გახშირდა იმ ტიპის ინფორმაციების გავრცელება, თითქოს უკრაინელები რუსეთის ქალაქებს ბომბავენ. დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამგვარი ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა იმას ემსახურება, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მის არსენალში არსებული კიდევ უფრო ძლიერი იარაღი გამოიყენოს.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს ახლა ნაკლებად აქვს სამხედრო და პოლიტიკური მანევრის საშუალება, სამხედრო თვალსაზრისით მხარეებს შორის ძალთა ბალანსი თითქმის თანაბარია, მაინც აქტუალურია კითხვა - როგორ და ვის სასარგებლოდ შეიძლება განვითარდეს პროცესები დონბასში როგორც ბრძოლის ველზე, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე და რა შედეგით შეიძლება იგი დასრულდეს?

- დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობაზე არავითარი რეალური წარმოდგენა არ გვქონდა, ინტერვიუში გითხარით, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს საბრძოლო მოქმედებები, ეს ომი რუსეთმა წააგო. რასაკვირველია, ეს აზრი მხოლოდ გამიმყარდა.

რუსეთმა შეიძლება მიაღწიოს რაღაც უმნიშვნელო ტაქტიკურ წარმატებებს დონბასში, რაშიც მე, არაპროფესიონალს, ეჭვი მეპარება, მაგრამ ეს წარმატებები არამდგრადი იქნება და უკრაინის არმიის უკან დახევას წარმატებული იერიშები მოჰყვება. ნახეთ, რა ხდება მარიუპოლში. სისხლდაცლილი ქალაქი, სადაც ხალხი შიმშილით იხოცება, არ ნებდება. რუსეთმა ამ ქალაქზეც ვერ დაამყარა კონტროლი.

რუსეთმა შეიძლება მიაღწიოს რაღაც უმნიშვნელო ტაქტიკურ წარმატებებს დონბასში, რაშიც მე, არაპროფესიონალს, ეჭვი მეპარება, მაგრამ ეს წარმატებები არამდგრადი იქნება და უკრაინის არმიის უკან დახევას წარმატებული იერიშები მოჰყვება

ნახეთ, რა მოუვიდა სამხედრო ხომალდს „მოსკვა“, რომელსაც საბოლოო მარშრუტი უკრაინელმა მესაზღვრეებმა ცნობილი გამონათქვამით დაუსახეს. ეს არ მოხდა მყისიერად, ამას 49 დღე დაჭირდა.

მთავარი კი ის არის, რომ უკრაინის შეიარაღება ყოველდღე უფრო დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური ხდება, მას უკვე შეტევითი აღჭურვილობაც გადაეცემა. რუსეთში კი რესურსები ილევა და მას ვერც ბელარუსი, ვერც სამხრეთ ოსეთი და ვერც რამზან კადიროვი მიეხმარება.

- ცივილიზებული სამყაროს უდიდესი ნაწილი ახლა ცალსახად უკრაინის მხარესაა, რომელიც აცხადებს, რომ იგი უკრაინული იდენტობის შენარჩუნებისა და სუვერენული ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძვის, რის განადგურებასაც პუტინის რუსეთი დაუფარავად ცდილობს.

უკრაინაში მიმდინარე ომზე ქართულ საზოგადოებაში დიამეტრულად განსხვავებული განწყობები და მოსაზრებებია. ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ ზელენსკისა და ომში ჩართულ უკრაინელ ხალხს გულშემატკივრობს. მეორე ნაწილი კი პრეზიდენტ ზელენსკის წყევლა-კრულვაშია, თან არ აღიარებს, რომ პუტინისა და რუსი აგრესორების მხარესაა, მაგრამ რეალურად რომ ასეა, სულ უფრო მკაფიოდ ჩანს.

ამ ჯგუფებს ერთი რამ აშკარად განასხვავებს. უკრაინის მხარდამჭერები თავის პოზიციას არ მალავენ. პუტინისა და რუსეთის მხარდამჭერები ცდილობენ დამალონ, მაგრამ აშკარად არ გამოსდით. ასეა, რადგან არადამაჯერებლად გამოიყურება არგუმენტი, თითქოს „დასავლეთმა დააპირისპირა ერთმანეთს მოძმე და ერთმორწმუნე რუსი და უკრაინელი ხალხები.“

სავარაუდოდ, რატომაა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოში დიამეტრულად განსხვავებული განწყობები?

- ერთ პარადოქსულ აზრს გაგიმხელთ და გთხოვთ, არ გამიბრაზდეთ. ღმერთმა არ ქნას, რომ საზოგადოებაში ერთიანი, უნიფიცირებული აზრი სუფევდეს. მაშინ ჩვენ კლონებს დავემსგავსებით, რომლებშიც პუტინს ასე უნდა რუსეთის მოქალაქეები აქციოს.

ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია და კარგი, მორალური ადამიანის დანახვა ჩვენ მხოლოდ ცუდ, ამორალურ ადამიანთან შედარებაში შეგვიძლია. ყველანი ერთნაირები რომ ვყოფილიყავით, მორალი, ზნეობა, ფილოსოფიაც კი არ იარსებებდა.

კარგია, რომ „რუსეთუმეები“ თავის აზრს მალავენ, ე.ი. რცხვენიათ და ეშინიათ

ჩვენმა პრემიერმა ბრძანა, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, სინამდვილეში კი რუსეთში არც ერთი სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის საშუალებას არ აძლევს

და კიდევ ერთი. სწორედ უზნეობასთან ბრძოლაში ფოლადდება სამოქალაქო საზოგადოება. ნახეთ, რა მოხდა ოზურგეთში - აბსოლუტურად ინერტული დიასახლისები დადგნენ საზოგადოების სადარაჯოზე და არტ-ინფოს დაუპირისპირდნენ. არტ-ინფო რომ არ ყოფილიყო? ინდური სერიალებით დატკბებოდნენ?

სამოქალაქო საზოგადოება იდეების ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლაში უტიფარი აზრი ყოველთვის უმცირესობაშია. ამიტომ მე ექსტრემისტული აზრების არ მეშინია, მათთან შეტაკებაში ჩვენი ახალგაზრდობა გაიწაფება. კარგია, რომ „რუსეთუმეები“ თავის აზრს მალავენ, ე.ი. რცხვენიათ და ეშინიათ.

- უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში საქართველოს პრემიერმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა იმდენად გაუგებარი განცხადებები აკეთეს, ისე მკაფიოდ ადანაშაულებდნენ პრეზიდენტ ზელენსკის იმაში, რომ მან ქვეყანას ომი ვერ ააცილა, თითქოს პრეზიდენტ ზელენსკის ეს შეეძლო და არ გააკეთა.

მეტიც, ხელისუფლება საზოგადოებას ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე არწმუნებს, რომ არ დაუშვებს ქვეყნის ომში ჩართვას. ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ისეთი და იმდენი განცხადებები აკეთეს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს გულშემატკივრობდა.

ასე აღიქმებოდა ბევრი რამ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის სასარგებლოდ და რუსეთის საზიანოდ აძლევდა ხმას.

აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების იმ განცხადებაზე, რომ უკრაინას „კრიმინალი ნაციონალები“ მართავენ და ასე შემდეგ. არც იმაზე, თუ რამდენი დრო დაუთმო „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე კამათს უნდა წასულიყო თუ არა პარლამენტის სპიკერი კიევში. არც იმაზე საბოლოოდ ვინ წავა და ასე შემდეგ.

როგორ შეაფასებდით უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, ქმედებებს, უკრაინის მხარდამჭერი საზოგადოებისა და ოპოზიციასთან უაზრო და ხშირ შემთხვევაში უადგილო ძიძგილაობასაც კი?

- ჩვენი პრემიერის მიერ აზრის გამოხატვის ოსტატობაზე ჩვენ უკვე გვისაუბრია. გვისაუბრია იმაზეც, რომ საქართველოში დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკები ძალაუფლების მოხვეჭაზე და არა ქვეყანაზე თუ მსოფლიო წესრიგზე ფიქრობენ.

ეხლა, ჩემგან განსხვავებით, ხელისუფლებისთვის და საერთოდ ქართველი პოლიტიკური ელიტისთვის სიტყვა და საქმე ერთმანეთისაგან განსხვავებულია. რამდენიმე მაგალითი.

ჩვენმა პრემიერმა ბრძანა, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, სინამდვილეში კი რუსეთში არც ერთი სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის საშუალებას არ აძლევს. საქართველომ გამოუთქმელად ვი-თი-ბი ბანკს სანქციები ევროკავშირზე 3 კვირით ადრე დაუწესა და მეტიც, იზრუნა ქართველ მეანაბრეებზე და მათი ავუარები, კრედიტები და ვალდებულებები ბაზის-ბანკში გადაიტანა.

ანტიკოლონიურ პოლიტიკაში შეცდომა დაუშვებელია ჩვენ კი მრავალი რამ ჯერ არ ვიცით და არ გაგვიაზრებია... ჩვენ დასავლეთისგან შეცდომების გამოსწორება უნდა მოვითხოვოთ, ეს ცხადია, მაგრამ რა ტიპის ნაბიჯები შევთავაზოთ, ჯერ ხომ არ ვიცით?

საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით და ამით მეორე ადგილზე მყოფ რუმინეთს მრავალჯერ უსწრებს. ხოლო რა განწყობაა და როგორ ეხმარებიან უკრაინიდან ლტოლვილებს გინდ სახელმწიფო, გინდ ადამიანურ დონეზე, ამის შესახებ უკრაინელებს კითხეთ.

უნდა ითქვას, რომ არც აფხაზეთის და არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ ჩვენ მოსახლეობას ასეთი მხარდაჭერა არ უგემია და ამიტომ ჩვენი ძალისხმევა აბსოლუტურად უანგაროა.

ჩვენი პოლიტიკური ელიტის უაზრო გამონათქვამების შემდეგ კი ჩვენი გამართლება ხან აშშ-ს ელჩს, ხან ბრიტანელ, ხან კიდევ ევროპარლამენტის დეპუტატებს უწევს.

მართლაც, ქართველო პოლიტიკოსებო, ჯერ იფიქრეთ, მერე ილაპარაკეთ!

- რამდენიმე დღის წინ კიევში ჩასულები იყვნენ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პირველი პირები. სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ამსახველი ფაქტის ამსახველ სურათზე არ იყო საქართველოს წარმომადგენელი. თუნდაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თუნდაც იმიტომ, რომ ამ თემაზე მან მკაფიო და ადეკვატური განცხადებები აკეთა და ვიზიტი ევროპაშიც ჰქონდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებდა. მერე, როგორც ჩანს გადაიფიქრეს.

სხვათა შორის, მას შემდეგ როცა პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად ევროკავშირისაგან მიღებული კითხვარი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, პრეზიდენტმა მყისიერად უპასუხა, რომ ამ პროცესის დაწყება რუსი აგრესორების წინააღმდეგ მედგრად მებრძოლი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა.

თქვენ როგორ აღიქვით უკრაინის საკითხის გამო მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი საკმაოდ უცნაური და გაუგებარი დამოკიდებულება?

- საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და აქ პირველი პირი არა პრეზიდენტი, არა პრემიერ მინისტრი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეა. კიდევ კარგი, რომ უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაცია პრაქტიკულად უკრაინისკენ გზას ადგას.

ქალბატონი სალომე კი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, ჭკუას არავის ეკითხება და ზუსტად ამიტომ „ქართულ ოცნებას“ აღიზიანებს. „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი წინააღმდეგია“. ხომ არაფერს გაგონებთ ეს პიოტრ ზაიჩევსკის მიერ ჯერ კიდევ 1862 წელს გამოქვეყნებული სიტყვები?

- ახლა აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში დღეისათვის არსებული უსაფრთხოების სისტემაში სერიოზული ცვლილები მოხდება.

ვხედავთ იმასაც, რომ აშშ-სა და დასავლეთის ლიდერები მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღიარებენ რომ პუტინის რუსეთთან ურთიერთობაში სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული. ამაზე დღეს ხმამაღლა საუბრობენ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი, გერმანიის კანცლერი შოლცი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, გერმანიის პრეზიდენტი და გერმანიის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი შტაინმაიერი, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის წევრები.

თავისი შეცდომების კონტექსტში ისინი ხშირად ახსენებენ 2008 წლის ომსაც, საუბრობენ იმაზე, რომ მაშინ მათ საქართველოსთან მიმართებაში პრინციპულობა ვერ გამოიჩინეს.

ეს ყველაფერი იმის გამო გავიხსენე, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა შეახსენოს მსოფლიოს 90-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებული აგრესიული პოლიტიკა, სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტების მხარდაჭერა, ასევე ის რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მას აღებული აქვს ვალდებულება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე.

აშკარად გაუგებარია, ახლა როცა უკრაინაში ომი მძვინვარებს, თავად დასავლელი პოლიტიკოსები საუბრობენ ერთი მხრივ თავის შეცდომებზე, ჩვენს პრობლემებზე, საქართველოს ხელისუფლება რატომ არ ხმაურობს ამ მიმართულებით.

თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ახლა როცა ოფიციალური ახლა სუპერაქტიური უნდა იყოს, ჩვენ მის ჩვეულებრივ აქტიურობასაც ვერ ვხედავთ?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ მეც ვთვლი, რომ ამ თემებზე სახელმწიფო დონეზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ნაადრევია არა სტრატეგიული, არამედ სუფთა წყლის ტაქტიკური მიზეზების გამო. ანტიკოლონიურ პოლიტიკაში შეცდომა დაუშვებელია ჩვენ კი მრავალი რამ ჯერ არ ვიცით და არ გაგვიაზრებია.

პირველი, არ ვიცით, როგორი იქნება მსოფლიო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს გაეროს ძირფესვიანი რეორგანიზება. მეორე. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ომისშემდგომი რუსეთის კონტურები და ამაზე მრავალი რამ იქნება დამოკიდებული.

მესამე. ჩვენ დასავლეთისგან შეცდომების გამოსწორება უნდა მოვითხოვოთ, ეს ცხადია, მაგრამ რა ტიპის ნაბიჯები შევთავაზოთ, ჯერ ხომ არ ვიცით?

და ბოლოს. მსოფლიოს ყურადღება ახლა უკრაინას არ უნდა მოვწყვიტოთ. როცა ვალის გადახდის ჟამი დადგება, მაშინ ჩვენი ვალის დაბრუნებასაც მოვითხოვთ და, მერწმუნეთ, ადვილადაც მივაღწევთ. ნაჩქარები დემარშები კი მხოლოდ საზიანოა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი