დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას გაეცნენ

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ­დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და მონაწილეობის პირობები გააცნო.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურების გავლით, ფერმერებს შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრებით ისარგებლონ.

მათივე ცნობით, კახეთის მხარეში, ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია 610 საძოვარი, საერთო ფართობით 26 212 ჰექტარი, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 11 382 ჰექტარი.

„სახელმწიფო პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, საძოვარი აუქციონის გზით მხოლოდ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელმა ფერმერებმა მიიღონ და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აუქციონში მონაწილეობას წინასწარ შერჩეული პრეტენდენტები მიიღებენ. საძოვრების გადაძოვებისგან დასაცავად, პროგრამაში ჩადებულია დამცავი მექანიზმი, ერთი სული საქონლისთვის ზღვრული დატვირთვის ნორმის სახით. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი ან/და ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.

დღეისათვის, უკვე გამოქვეყნებულია 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით - 14786 ჰექტარი; განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და 26 აპრილს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge).

ხელმისაწვდომი საძოვრების სია ეტაპობრივად განახლდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა