ზვიად კირტავა - კორონავირუსი - პანდემიის დასასრული თუ დროებითი ამოსუნთქვა?

პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ჯეოქეისის“ ჯანდაცვის მიმართულების დირექტორს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

- ბატონო ზვიად, თქვენ ერთხელ განაცხადეთ, რომ „ომიკრონის“ გამოჩენით, მიუხედავად შემთხვევების კატასტროფული რისკისა, პანდემიური გვირაბის ბოლოს სინათლე აშკარა გახდა, მაგრამ მანამდე ძალიან რთული გამოცდების გავლა მოგვიწევდა. ომიკრონის ტალღის დასრულებას მსოფლიოშიც და საქართველოშიც შვება უნდა მოეტანა, მაგრამ ჯერ პანდემიის დასასრული არ გამოცხადებულა, და ერთი უბედურება უკვე მეორემ და უფრო საზარელმა - უკრაინაში დაწყებულმა ომმა ჩაანაცვლა.

ომის საშინელებებმა მსოფლიო შეძრა და მეტი თითქმის არაფერი გვახსოვს. მაგრამ, რა ხდება პანდემიურ ფრონტზე - კოვიდი დასრულდა? თუ უბრალოდ, დაგვავიწყდა?

- კოვიდი, რომლის შემთხვევებმა პანდემიის დაწყებიდან უკვე ნახევარ მილიარდს გადააჭარბა, და 6 მილიონზე მეტი შეიწირა, ჯერ არ დასრულებულა.

თუმცა, მსოფლიოშიც და საქართველოშიც, სერიოზული პროგრესი და სულის მოთქმა, მართლაც სახეზეა. ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ვწერდი, რომ „ომიკრონის“ დომინანტური გავრცელებისა და მის მიერ „დელტას“ ჩანაცვლების ფონზე მკვეთრად გაიზრდება ინფიცირების, მათ შორის რეინფიცირების რისკი, მაგრამ შედარებით ოპტიმისტურია პროგნოზი მძიმე და ლეტალური შემთხვევების დაბალ წილთან დაკავშირებით.

ყველაზე იმედისმომცემია ჯანმოს და ექსპერტთა დიდი ნაწილის მოლოდინი, რომ ომიკრონი, შეიძლება, პანდემიის ბოლო ძლიერი ტალღა აღმოჩნდეს - თუ მასობრივი ინფიცირების შემდეგ ვაქცინირებულთა და გადატანილთა ჯამური იმუნიტეტის წყალობით ვირუსს გავრცელებისთვის ახალი მასპინძლების პოვნა მკვეთრად შეეზღუდება.

მართლაც, თებერვლის დასაწყისში საქართველოში ახალი შემთხვევების მაჩვენებლებმა 20-26,000-ს გადააჭარბა (წინა ტალღების მაქსიმუმი - 5-6 ათასი იყო), ხოლო 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით შემთხვევების ყოველკვირეული რაოდენობა კატასტროფულად მაღალი - 35,000-ზე მეტი, წინა ტალღების დროს არასდროს მიუღწევია 10,000-თვის.

თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითი შემთხვევების წილი ნორმაზე (5%-ზე) – 4-6-ჯერ მაღალი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეალურად ინფიცირების მაჩვენებლები 2-4-ჯერ მეტი მაინც უნდა ყოფილიყო. აქტიური შემთხვევების რაოდენობაც კოლოსალურ დონეს - 220,000-ს გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, სტაციონარების გადავსება არ დაფიქსირებულა და მდგომარეობის მართვა მკვეთრი პრობლემების გარეშე მოხერხდა, რაც, მნიშვნელოვანწილად იმას უკავშირდებოდა, რომ ომიკრონი გაცილებით იშვიათად იწვევს ფილტვის მძიმე დაზიანებას, პროცესი უმეტესად ცხვირ-ხახის და ბრონქების დონეზე ვრცელდება.

ასევე, სერიოზული როლი ითამაშა წინა ეტაპებზე მიღებულმა გამოცდილებამ, პირველადი ჯანდაცვის და ონლაინ კლინიკების მიერ ადგილზე შემთხვევების უკეთესმა კომუნიკაციამ და ეფექტურმა მართვამ, ფანტასტიკურად იმუშავეს და საოცარ დატვირთვას გაუძლეს ოჯახის ექიმებმა, ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით პროცესის მართვაში თავისი წილი ჩართულობა აჩვენეს კერძო სადაზღვევოებმაც.

რა თქმა უნდა, იმანაც, რომ შარშანდელი დელტას პიკისგან განსხვავებით საქართველოში უკვე მოზრდილთა 40%-მდე იყო სრულად აცრილი, ხოლო დაახლოებით 10%-ს ბუსტერ-დოზაც ჰქონდა გაკეთებული, მიუხედავად ამ მაჩვენებლით უკმარისობის განცდისა, თავისი დადებითი როლი მაინც ითამაშა.

უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მიუხედავად გარკვეული პროტესტისა, შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის დანახვის შემდეგ, გაიაზრა შეზღუდვების (პირბადეები, დისტანცირება) მნიშვნელობაც. საბოლოო ჯამში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ომიკრონის ცუნამი გადაიტანა.

დაბოლოს, იმ კითხვაზე, კოვიდი დასრულდა თუ მიგვავიწყდა? უფრო მიგვავიწყდა. როცა ადამიანი რაღაც მკვეთრ სტრესს განიცდის, ნაკლები მასშტაბის გამაღიზიანებლები უკანა პლანზე ინაცვლებს. უკრაინაში ომმა და მსოფლიო დაპირისპირების შესაძლებლობამ, პანდემია და გადაფარა და მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა.

სოციალურ ქსელებში სევდანარევი იუმორით ასეთი მოწოდებაც კი იყო - „დააბრუნეთ კოვიდი!“

- აღმოჩნდა, რომ ადრე გაკეთებულმა აცრებმა ვერ დაიცვა მოსახლეობა ომიკრონით ინფიცირებისაგან?

- საერთოდ, ომიკრონთან დაკავშირებით, რამდენადაც ცუდი იყო მისი კატასტროფული გავრცელება, კარგი იყო ის, რომ ამ შტამის შესახებ ინფორმაციის დროული დამუშავების წყალობით თითქმის არაფერი მომხდარა ისეთი, რისი მოლოდინიც არ არსებობდა.

უკვე წინასწარ, ვარიანტისთვის დამახასიათებელი მრავალი მუტაციების ანალიზის წყალობით ვიცოდით, რომ კოვიდ-ვაქცინაციაც და გადატანილი ინფექციაც ნაკლებად დაიცავდა ომიკრონით ინფიცირებისაგან.

და მართლაც, კოვიდგადატანილებში რეინფიცირებაც, და/ან სრულად ვაქცინირებულ პირების ინფიცირებაც ხშირად ხდებოდა. თუ ომიკრონამდე რეინფიცირება 0.3-1%-ში ფიქსირდებოდა. ომიკრონის პერიოდში ეს მაჩვენებელი 10-20-ჯერ გაიზარდა, ძირითადად, იმ პირებში, ვისთანაც კოვიდის შემდეგ უკვე 6 თვე და მეტი გავიდა.

ასევე დადასტურდა, რომ თუ დელტა ვარიანტის წინააღმდეგ პფაიზერის ორჯერადი ვაქცინაციის ეფექტურობა თავიდან 85-90% იყო, ხოლო 6 თვის შემდეგ 62%-მდე მცირდებოდა, ომიკრონის დროს ეს ციფრები ინფიცირებისგან გაცილებით ნაკლებ დაცვას უზრუნველყოფდა თავიდან - 65%-ს, ხოლო 6 თვის შემდეგ, მხოლოდ - 10%-მდე.

- მაშინ რა აზრი ჰქონდა ასეთ ვაქცინაციას?

- აზრი უეჭველად ჰქონდა - ჯერ ერთი, ვაქცინირების გარეშე, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა წინა, უფრო საშიში ვარიანტის - დელტას მიერ გამოწვეული გართულებები და სიკვდილიანობა. და დელტას მსგავსად, ომიკრონის დროსაც ორჯერადი აცრა, რომელიც ახლა იმდენად ვერ იცავდა ინფიცირებისგან, მაინც კარგად იცავდა სერიოზული გართულებებისა, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან.

თანაც უკვე ორჯერ ვაქცინირებულ, მოწყვლად ადამიანებში (მოხუცებულები, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულები და იმუნოდეფიციტის მქონენი) მოკლე დროში ბუსტერ-დოზებით ვაქცინაცია საკმაოდ ადვილი ჩასატარებელი იყო ომიკრონის დროს, რომელიც შტორმივით სწრაფად გავრცელდა.

კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, ვაქცინაციის უპირველესი ამოცანაა ადამიანების, განსაკუთრებით - მაღალი რისკის მქონე პირების - სერიოზული გართულებებისაგან და სიკვდილისგან დაცვა, რაც განსაკუთრებით, ბუსტერ ვაქცინაციამ კარგად შეძლო. ბუსტერი ასევე 1.5-2-ჯერ ზრდის ეფექტურობას ომიკრონის ინფიცირების წინააღმდეგაც, და მისი მაღალი ეფექტურობა 3-4 თვე გრძელდება.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყო არც ორჯერადად და მით უფრო, არც ბუსტერ-დოზით ვაქცინირებული, მძიმე და სერიოზული გართულებებისაგან მოსახლეობის დაცვა ომიკრონის პერიოდში არ იყო ისე ეფექტური, როგორც უფრო მაღალი ვაქცინაციის ქვეყნებში.

მაგალითად, საფრანგეთში ომიკრონის შემთხვევები 1 მილიონ მოსახლეზე ზუსტად მსგავსი პიკით ხასიათდებოდა, რაც საქართველოში, ხოლო სამხრეთ კორეაში ახლახან 70%-ით უფრო მეტიც კი იყო. მიუხედავად ამისა, ომიკრონის პიკზე გარდაცვალების შემთხვევები 1 მილიონ მოსახლეზე ყოველკვირეულად საქართველოში - 86, სამხრეთ კორეაში - 47, ხოლო საფრანგეთში - 35 იყო.

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დიდხანს დარჩა მაღალ დონეზე და ომიკრონის პიკის პერიოდში (თებერვალი-მარტი) 1 მლნ. მოსახლეზე – 700 ადამიანზე მეტი დავკარგეთ, ხოლო - საფრანგეთში - 280 (2.5-ჯერ ნაკლები), რაც სავარაუდოდ, მნიშვნელოვანწილად, ჩვენში ვაქცინაციის თითქმის 2-ჯერ უფრო დაბალ დონეს უკავშირდება.

თუმცა, ბოლო კვირებში, სიკვდილიანობის მაჩვენებლები საქართველოში ამ სამი ქვეყნიდან ყველაზე დაბალია.

- ფიქრობთ, მხოლოდ ვაქცინაციამ განაპირობა ჩვენთან ომიკრონით გარდაცვალების უფრო მაღალი მაჩვენებელი?

- არა. ჯერ ერთი, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ომიკრონი ზოგადად გაცილებით უფრო დაბალი სიკვდილიანობით გამოირჩევა, ვიდრე დელტა. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულ ქვეყნებში ომიკრონის შემთხვევებმა დელტას 4-6-ჯერ გადააჭარბა, სიკვდილიანობის მაჩვენებლები დელტასთან შედარებით დაახლოებით 1.5-2-ჯერ ნაკლები იყო. ანუ, ე.წ. „შემთხვევათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი“ ომიკრონისთვის დაახლოებით 6-12-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე დელტასთვის.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონმა დელტა 90-95%-ით ჩაანაცვლა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ გარდაცვლილთა შორის - მით უფრო, როცა თუ კოვიდის გახანგრძლივებულ შემთხვევებზე ვლაპარაკობთ (და ამ ჯგუფში მსხვერპლი ომიკრონის დროსაც უფრო მაღალი იყო), ჯერ კიდევ დელტას შტამის მქონე პაციენტებიც შეიძლებოდა ყოფილიყო - რეალურად მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ ატარებს ყველა ინფიცირებული პაციენტის შტამის დადგენას - მეთოდის სიძვირის გამო.

დაბოლოს, საიდუმლო არაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, როგორც დაფინანსების და ტექნიკური აღჭურვის, ასევე ორგანიზაციული და პერსონალის მომზადების თვალსაზრისით არ არის საფრანგეთის და სამხრეთ კორეის დონეზე.

სავარაუდოდ, ჩვენთან უფრო ხშირად შეიძლება ხდებოდეს მეორადი ბაქტერიული ინფექციით კოვიდის შემთხვევების გართულება. ეს საკითხი განსაკუთრებით ყურადღებით შესწავლას და სათანადო დასკვნების გამოტანას მოითხოვს.

- ახლა რა ხდება? სულ უფრო მეტი ქვეყნები აუქმებენ ყველა შეზღუდვას, ზოგან ღიად საუბრობენ პანდემიის დასრულებაზე, თუმცა ჯანმოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა. სადმე არის აქტიური კერები, სადაც შემთხვევები იმატებს?

- მთელ მსოფლიოში კოვიდ-პანდემიის წარმოუდგენლად მაღალი პიკები პანდემიური ტალღები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ევროპის მრავალმა ქვეყანამ შეასუსტა, ხოლო 18-მა თითქმის სრულად მოხსნა კოვიდ შეზღუდვები. ეს თამამი გადაწყვეტილება პირველ რიგში უკავშირდება ვაქცინაციის ძალიან მაღალ დონეს - ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი 83%-ზე მეტი იყო მარტში.ხოლო ომიკრონის ტალღა როგორც უსწრაფესად აზვირთდა, ასევე სწრაფად დაქვეითდა.

მაგრამ, ჯანმოს გენერალური დირექტორის სიფრთხილეს გარკვეული საფუძველი გააჩნია - ჯერ ერთი, მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების დიდ უმრავლესობაში ვაქცინაცია უაღრესად დაბალ დონეზეა, მეორეც - კორონავირუსმა ბევრჯერ გვაჩვენა, რომ მოულოდნელი და საშიში სიახლეების შემოთავაზება შეუძლია, მაგალითად აქტიური მუტაციური პოტენციალით.

დაბოლოს. იმ ქვეყნებში, სადაც აქტიური შემთხვევები დიდი ხანია აღარ ყოფილა, და მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე კარგა ხნის წინ აიცრა, შეიძლება ომიკრონმა და შემდგომმა ვარიანტებმა ნოყიერი ნიადაგი ნახონ, რადგან ვაქცინაციიდან და გადატანილი ინფექციიდან 6 და მეტი თვის შემდეგ ეს ჯამური იმუნიტეტი, (ბუსტერის გარეშე მაინც) ვერ იქნება საკმარისად დამცველი.

სწორედ ამიტომ, ქვეყნების უმრავლესობა ვაქცინაციის მეოთხე დოზასაც ითვალისწინებს და მომავალში, კოვიდის პრევენციისთვის ვაქცინაცია, ალბათ, ისევე პერიოდული და სეზონური გახდება, როგორც გრიპის დროს. უკვე მომზადებულია ომიკრონ-სპეციფიკური ვაქცინები, რომელიც მალე ავტორიზაციასაც მიიღებენ.

მარტში, შეზღუდვების მოხსნიდან მალე ევროპაში პატარა aftershock-ები დაფიქსირდა - გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში. ყველაზე მაღალი ტალღა ავსტრიაში დაფიქსირდა, სადაც არა მარტო პირბადის სავალდებულო ტარება აღადგინეს, არამედ ლოკდაუნიც გამოაცხადეს. თუმცა, მდგომარეობის გაკონტროლება რამდენიმე კვირაში მოხერხდა და ამჟამად არცერთ ევროპულ ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები არ იზრდება.

აპრილში საინტერესო იყო შემდეგი კერები აზია-ოკეანიაში - ავსტრალია, ვიეტნამი, იაპონია, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ყველაზე მკვეთრი პიკი სამხრეთ კორეაში იყო (დღიურად - 600,000-მდე შემთხვევა), ასევე - ვიეტნამში (200,000-მდე) და ჰონკონგში (80,000-მდე). ყველა დასახელებულ ქვეყანაში სრული ვაქცინაციის მაჩვენებელი 70%-ზე მეტია, ხოლო ბუსტერ ვაქცინაცია - 40% და მეტი (ვიეტნამშიც კი, სადაც 2021 წლის აგვისტომდე თითქმის არ იყო სრულად ვაქცინირებულები, ახლა კი უკვე 79%-ია, ხოლო 40%-ს - ბუსტერ დოზაც აქვს). სწორედ ამიტომ სიკვდილიანობის ზრდა არ იყო მნიშვნელოვანი. ერთადერთი გამონაკლისი იყო ჰონკონგი.

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ომიკრონის აფეთქების პერიოდში დაბალი რჩებოდა, ჰონ კონგის ჰოსპიტლები გადავსებული იყო. პაციენტებს, ერთმანეთზე მიჯრით საკაცეებზეც კი აწვენდნენ, და 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის ყოველკვირეული მაჩვენებელმა, ჰონკონგში აპრილში საქართველოს მარტის დროინდელ რეკორდს სამჯერ გადააჭარბა და 250-ს ასცდა.

ეს იმ ქალაქში, რომელმაც პანდემიის მთელ პერიოდში საოცარი მიღწევებით და პანდემიის მართვით კარგი შედეგებით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს. მიზეზი - რამდენიმეა, მაგრამ მთავარი ალბათ იყო ის, რომ ჰონკონგის ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა ხანშიშესულთა არა ვაქცინაციაზე, არამედ ხშირ სწრაფ ტესტირებაზე, გამოვლენასა და იზოლაციაზე. ეს ტაქტიკა ამართლებდა 2 წელი, მაგრამ ახლა არ გაამართლა - ომიკრონის გავრცელების ტემპი იმდენად სწრაფია, ხოლო საწყისი სიმპტომები იმდენად წაშლილი, რომ ვერ მოხერხდა შესაბამისი მასშტაბის ტესტირების სწრაფად ჩატარება.

ამას დაემატა ისიც, რომ ჯანდაცვის მესვეურებმა დააგვიანეს და დაივიწყეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობა - ამბულატორიული შემთხვევების მართვის პროტოკოლი ერთი წელია არ განახლებულა. ხანშიშესულთა ჯგუფში ვაქცინირების დაბალ მაჩვენებელს თან დაერთო ისიც, რომ ჰონკონგში თითქმის ყოველთვის ინფიცირების მაჩვენებელი დაბალი იყო და ჯამური ბუნებრივი იმუნიტეტის მქონეთა რაოდენობა უმნიშვნელოა.

სწორედ ამიტომ, ომიკრონმა ჰონკონგს მძიმე დარტყმა მიაყენა, და თუ შემთხვევების პიკი ხანმოკლე იყო (იზოლირება სწრაფად მოახერხეს), სიკვდილიანობის პიკი თითქმის თვენახევარი გაგრძელდა. თუ 2022 წლის თებერვლამდე კოვიდით ჰონონგში სულ 300-მდე ადამიანი იყო გარდაცვლილი, მარტში ეს მაჩვენებელი 9 ათასამდე გაიზარდა.

- გამოდის, საქართველოში ომიკრონი რომ თითქმის ყველამ გადაიტანა, ერთი მხრივ, კარგი ყოფილა?

- შეიძლება ასეც ითქვას. პოპულაციური იმუნიტეტი ინფექციაგადატანილთა და ვაქცინირებულთა ჯამზეა დამოკიდებული. მართალია, ვაქცინირებულთა მაჩვენებელი ჩვენთან ამჟამადაც სასურველი 70% კი არა, - 50%-ზე დაბალია, თებერვალ-მარტში ომიკრონი, ალბათ, 1 მილიონამდე ადამიანმა გადაიტანა (ბევრმა - უსიმპტომოდ).

გამოდის, რომ იმ 1 მილიონზე მეტ ვაქცინირებულს კიდევ ერთი ამდენი ახლო წარსულში კოვიდგადატანილი ემატება და სწორედ ეს ჯამური იმუნიტეტი არის მიზეზი, რომ მიუხედავად შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნისა, შემთხვევების მაჩვენებელი ახლა არ იზრდება.

- ეს მაშინ, როდესაც ჩინეთში ახლაა ომიკრონით გამოწვეული პიკი?

- ჩინეთის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შევეცდები, ცოტა მეტი ყურადღება დავუთმო, რადგან აქ ერთიანდება ეპიდემიოლოგიაც, პოლიტიკაც, ეკონომიკაც და ნუ გაგიკვირდებათ და, - თავდაცვაც.

ჩინეთი იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მთავარი განმახორციელებელი იმ სტრატეგიისა, რასაც „ნულოვანი კოვიდი“ (Zero Covid) ჰქვია. ყველა დანარჩენმა ქვეყანამ, რომელმაც იგივე მიმართულება აირჩია, და მათი უმრავლესობა კუნძულოვანი სახელმწიფოები (ავსტრალია, ახალი ზელანდია) ან მეგაპოლისები (სინგაპური) არიან, კარგა ხანია, მიატოვა ეს პოლიტიკა, რომელიც ტრადიციულ „ტესტირება, აღმოჩენა, მიდევნება და იზოლირების“ გარდა, უმკაცრეს ლოკდაუნებს, მასირებულ სასწრაფო ტესტირებებს და მოსახლეობის საკმაოდ სკრუპულოზურ მონიტორინგს გულისხმობს.

ზერო-კოვიდის შენარჩუნება განსაკუთრებით რთული გახდა დელტა ვარიანტის პერიოდიდან. ქვეყნებმა თანდათან მივიდნენ იქამდე დანერგვა, რომ სრული ლოკდაუნები, კარანტინები და ასეულ ათასობით ადამიანის ტესტირებამდე მათი იზოლაცია სტადიონებსა თუ კამპუსებში ძალიან რთული იყო, როგორც დემოკრატიული ნორმების დაცვის კუთხით, ასევე - ეკონომიკურადაც.

ჩინეთისთვის კი, და პერსონალურად მისი ლიდერის სი ძინ პინისათვის, ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა გახდა ეროვნული ინოვაცია, რომლითაც ქვეყანა მსოფლიოს წინაშე თავს იწონებს და ამტკიცებს, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია, იქნება ეს მრავალმილიონიანი ქალაქების სრული ლოკდაუნი, ათეულ მილიონობით ტესტის დამზადება და ჩატარება, სრული იზოლაციის რეჟიმში ადამიანთა მასების დატოვება, მონაცემთა დიდი ბაზების დამუშავება და კონტროლი, თუ თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების დროულად, ხარვეზების და ეპიდაფეთქებების გარეშე და მაღალ დონეზე ჩატარება, როგორც ზამთრის ოლიმპიადა იყო.

ნულოვანი კოვიდის პოლიტიკამ პანდემიის დასაწყისში ფანტასტიკური როლი ითამაშა - ვუჰანის და მთლიანად ხუბეის პროვინციის სხვა დიდი მეგაპოლისების ლოკდაუნები ისტორიაში შევიდა არა მარტო მასშტაბით, არამედ იმითაც, რომ ამ გააზრებული და მკაცრი პოლიტიკის გატარებით ქვეყანა პირველი იყო, რომელიც პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური რეცესია 2020 წლის ბოლოსვე გამოასწორა, ხოლო 2021 წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა. ქვეყანა, საიდანაც კოვიდ-პანდემია დაიწყო, როგორც შემთხვევების, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლებით ახლა მსოფლიოში 120-ე ადგილზე იყო, ხოლო დიდ და ეკონომიკურად მძლავრ ქვეყნებს შორის - უკანასკნელ ადგილზე. ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნებს და ამერიკას კოვიდა უკვე 4 უმძიმესი ტალღით გადაუარა და ეკონომიკის ტემპებიც და საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებათა მიერ პანდემიის მართვით კმაყოფილებაც გაცილებით დაბალ დონეზეა.

მაგრამ ახლა ჩინეთში ომიკრონის გამო ორი უდიდესი ქალაქის სრული ლოკდაუნი უმძიმეს და აქამდე არნახულ პრობლემებს ქმნის, როცა ის, რაც წინათ წარმატების და თავმოწონების საწინდარი იყო, უკვე მძიმე ჯაჭვად იქცა - მარტში ჰონკონგის შემდეგ შემთხვევები გავრცელდა ტექნოლოგიურ მეგაპოლის შენჟენში. თუმცა იქ ერთკვირიანმა ლოკდაუნმა მოახერხა სიტუაციის გამოსწორება. მდგომარეობა გაცილებით მძიმეა შანხაიში, რომელიც ქვეყნის მთავარი სავაჭრო ჰაბი და უდიდესი ქალაქია. 28 მარტიდან 26-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარი ჩაიკეტა, თუმცა, მალევე ქალაქში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა. ამან უდიდეს მეგაპოლისში კატასტროფული პრობლემები შექმნა - მოქალაქეებს უწევთ რამდენიმე საათი ელოდნენ სასწრაფო დახმარებას. იზოლირებულ მოსახლეობას ძალიან გვიან და უმეტესწილად გაფუჭებულ საკვებს აწოდებენ. უმუშევრობის გამო ლოკდაუნში მყოფი ადამიანების დიდ ნაწილს შემოსავლები პრაქტიკულად არ აქვს (ჩინეთის ხელისუფლება კომპენსაციებით ნაკლებად ანებივრებს მოსახლეობას, მთავარი - ინფიცირებულ იზოლირებულთათვის საკვების და წამლების მიწოდებაა) და ეს მაშინ, როცა მიწოდების პირობებში ფასები კატასტროფულად იზრდება. ადგილობრივი მთავრობა მკვეთრი კრიტიკის ქვეშ მოექცა, როცა მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებშიც და ფანჯრებიდან ყვირილითაც გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას, რაც ადრე ჩინეთში წარმოუდგენელი იყო. ამავე დროს, ინფიცირების მასშტაბი ევროპული და ამერიკული სტანდარტებით მინიმალურია - უზარმაზარი ქალაქის ჩაკეტვის მიზეზი სულ ჯამურად 250,000 შემთხვევა და 20-მდე გარდაცვლილია! ამის პარალელურად კიდევ 44 ქალაქი იმყოფება ნაწილობრივი ლოკდაუნის პირობებში და ათეულ მილიონობით PCR ტესტი ტარდება ყოველდღე. ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო ლოჯისტიკური პრობლემები იმდენად სერიოზულია, რომ საკვების მიწოდების ჯაჭვის აღდგენა ვერ ხერხდება. მართალია, კოვიდ-სიკვდილიანობა უმნიშვნელოა, მაგრამ სულ უფრო იზრდება სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა - სასწრაფო დახმარების დაგვიანების და ჰოსპიტალური რესურსების უკმარობის გამო. ისევე როგორც ჰონკონგში, შანხაიშიც მოხუცებული მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა დაბალია. დაბოლოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთის ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას კი აძლევს მოსახლეობას იმაზე, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ჩვეულებრივ, საკითხების განმარტებაში არ შედის. როგორც წესი, მოსახლეობა პირდაპირ ემორჩილება ინსტრუქციებს და დასავლელი ობივატელისგან განსხვავებით ბევრ კითხვებს არ სვამს, მაგრამ ახლა, ეტყობა, განმარტებითი კომუნიკაციის დეფიციტი გაღიზიანებულ ჩინელებს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებთ.

რამდენადაც შანხაი ჰონონგთან ერთად ჩინეთის უდიდეს ჰაბს წარმოადგენს. ხანგრძლივი ლოკდაუნის ეკონომიკური გავლენა ძალიან მძიმეა, ონლაინ ჟურნალ Vox-ის ინფორმაციით ეკონომისტებმა იანგარიშეს, რომ ამ მასშტაბის და ხანგრძლივობის ლოქდაუნი, რომელიც ქვეყნის და მსოფლიო გადაზიდვებზეც გავლენას ახდენს, შეიძლება ჩინეთს მისი ეროვნული წლიური შემოსავლის 4% დაუჯდეს, და მაშინ წლის ბოლოსთვის დასახული ამბიციური მიზანი - 5.5%-იანი ზრდა ვეღარ იქნება მიღწეული.

ერთი შეხედვით, თითქოს აშკარაა, რომ ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა (ოლიმპიადის დაწყებისას იგი „დინამიკური ნულოვანი პოლიტიკით“ შეცვალეს, როცა მაჩვენებლების დროებით გაუარესება დაუშვეს) ომიკრონის პირობებში აზრს კარგავს. წესით, დღეში 2-3,000-მდე შემთხვევის მართვა შანხაიმ სრული ლოკდაუნის გარეშეც უნდა შეძლოს, ისე როგორც მთელ მსოფლიოში კეთდება და ქალაქის ნაწილობრივ მაინც გახსნა გამოასწორებდა ლოჯისტიკურ პრობლემებს, რომელთაც, მიუხედავად ათეულათასობით მოხალისის აქტიური ჩართულობისა, ჯერჯერობით გაუმჯობესება არ ეტყობა. არ არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი იმპერატივი, რომელიც მსგავს არალოგიკურ და არაეფექტურ ღონისძიებებს მოითხოვს. მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლებლად მიაჩნია იმაზე უარის თქმა, რაც სისტემის პოლიტიკურ მონაპოვრად და მსოფლიოს წინაშე განსაკუთრებულობის და უპირობო წარმატების სიმბოლოდ გამოცხადდა. ამას სი ძინ პენისთვის პირადი რეპუტაციული ზარალიც შეიძლება მოჰყვეს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები იმ აზრს იზიარებენ, რომ ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა ომიკრონის პირობებში უფრო მძიმე ტვირთად იქცა, ვიდრე გამართულ და გამართლებულ სისტემად, პოლიტიკის ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ჩინეთი ამ პოლიტიკას არ შეცვლის. რადგან ეს სისუსტის ნიშნად იქნება აღქმული, პირველ რიგში ტაივანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი ისევე ვერ ახერხებს საკუთარი ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის უკან წაღებას და ომიკრონის სამართავად მისაღები მოდელის სწორ და დროულ გადაფასებას, როგორც რუსეთი თავის სამხედრო სპეცოპერაციის „წარმატებისა“. და ეს გასაგებიცაა.

ავტორიტარულ რეჟიმებს ყველაფერი ურჩევნიათ აიტანონ, ვიდრე იმის აღიარება, რომ სადღაც შეცდნენ და რაღაც სწორად ვერ გათვალეს. ეს დაუშვებელ ფუფუნებად ითვლება. ლიდერი ყოველთვის მართალი და ბრძენია, ხოლო მის მიერ შემუშავებული პოლიტიკა - უნაკლო და ერთადერთი.

- ფიქრობთ, რომ სი ძინ პინისთვის კოვიდი ისეთივე მნიშვნელოვანი ომია, როგორც პუტინისთვის - უკრაინის ანექსია?

- ჩინეთის ხელისუფლება ძალიან ამბიციურია და რუსეთის ხელისუფლებასთან შედარებით უფრო მეტი სამიზნეები აქვს - გლობალური ეკონომიკური, ფინანსური, ტექნოლოგიური, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერობა.

ჯანდაცვა თითქოს არ იყო ჩინეთის მთავარი სამიზნე, მაგრამ როცა ჯანმრთელობის უსაფრთხოება გლობალური უსაფრთხოების მთავარ პრობლემად იქცა, ჩინეთმა სწორად გადაწყვიტა, რომ ამ მხრივ წარმატების მოპოვება მისი მოვალეობაც იყო (პანდემია ხომ ჩინეთიდან დაიწყო) და საკმაოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ფანჯარაც.

აშკარაა, რომ ჩინეთმა ვერ შეძლო საკუთარი ვაქცინების უპირატესობაში მსოფლიოს დარწმუნება, მაგრამ ამ მხრივაც მისი შედეგები რუსეთისას ბევრად სჯობს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ჩინური ვაქცინების წარმოების ხელშეწყობით და აპრობირებით მან საკმაოდ სერიოზული ფუნდამენტი შექმნა აფრიკასა, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.

თუ მოახერხებს და კოვიდის მართვის ჩინური (Zero Covid) მოდელის უპირატესობის დემონსტრირებას ბოლომდე შეძლებს, ეს იმის სერიოზული საწინდარი იქნება, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩინური სკოლა გლობალურ ასპარეზზე თვითდამკვიდრების მძლავრ ფუნდამენტს დააბეტონებს. თუმცა შანხაის აფეთქება ამ მხრივ სერიოზული გამოცდაა.

სიტყვა ჩამოვარდა და აქვე დავამატებ, რომ კოვიდმა ვლადიმერ პუტინის სპეცოპერაციის ჩატარებაშიც ითამაშა გარკვეული როლი. ვფიქრობ, ზამთარში ომის დაწყება პუტინმა არა მარტო გაზის გადაკეტვის შანტაჟის გამო, არამედ იმიტომაც წამოიწყო, რომ პანდემიამ, მისი აზრით, გაზარდა დასავლეთის ბანაკში არა მარტო ფინანსური არასტაბილურობა, არამედ წარმოშვა გარკვეული ახალი უთანხმოებები (ვაქცინების განაწილების, ვაქცინების პროტექციონიზმის, განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების გრაფიკის, დაფინანსების და სხვა საკითხებთან მიმართებაში) და მანამ უნდოდა სპეცოპერაციის ჩატარება, სანამ კოვიდ პანდემია დასრულდებოდა.

მისდა სამწუხაროდ, სწორედ პუტინის აგრესიულმა ქმედებებმა შექმნა ის სტიმული, რაც დასავლეთის და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების სწრაფ გაერთიანებას შეუწყო ხელი.

- რას გვეტყვით, იმ სიახლეებზე, რაც მოსალოდნელია, რომ პანდემიის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება? რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ შემდეგი ეტაპის მოსამზადებლად, მით უფრო, რომ კოვიდი ჩვენთან დასრულებულად გამოცხადდა და ვაქცინაცია თითქმის შეჩერებულია?

- ახლახან საინტერესო სტატია იყო „ვაშინგტონ პოსტში“, იმაზე, რამდენად შეიძლება პანდემიის ახალი ტალღების პროგნოზირება ... საკანალიზაციო წყლების ანალიზით. მართალია, კორონავირუსი ნაწლავურ ინფექციად არ ითვლება, ნაწლავურ ინფექციად არ ითვლება, მაგრამ მისი გარკვეული გამოყოფა ნაწლავებიდან ხდება და ეს მეთოდი, ზოგად წარმოდგენას გვაძლევს იმაზეც, სად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც იმაზეც, რა ახალი მუტაციები და ვარიანტები შეიძლება გველოდოს ახლო მომავალში.

როცა ასეთი ანალიზები რეგულარულად ტარდება ეს საკმაოდ დამაჯერებელ ინფორმაციას იძლევა, მით უფრო, რომ ნაწლავებიდან ვირუსის გამოყოფა დადებით PCR ტესტამდე 4-6 დღით ადრე იწყება.

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს პროგრამა 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყო. ამჟამად ტესტირების მაჩვენებლები ჯერ კიდევ დაბალ დონეზე რჩება, თუმცა დაკვირვების რეგიონების თითქმის ორ მესამედში ბოლო ორი კვირაა, მატება შეინიშნება, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთში.

ეს მეთოდი ანონიმურია და ინდივიდუალურ ინფიცირებაზე კი არა, მთელ თემზე გვაძლევს წარმოდგენას. ამერიკაში ერთი PCR ტესტი 140 დოლარამდე ჯდება, ხოლო საკანალიზაციო წყლების ტესტირებით 300 დოლარად ათეულ ათასიან თემზე მიიღება საინტერესო ინფორმაცია.

ვფიქრობ, როცა ქვეყნების უმრავლესობამ და საქართველომაც შეწყვიტა სწრაფი ტესტების სახელმწიფო დაფინანსება, მსგავსი ტესტირების ჩატარებით ჩვენს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც შეუძლია განახორციელოს მომავალი ტალღების დროული კონტროლი და პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია.

მით უფრო მაშინ, როცა ჰოსპიტლები აღარ არის გადავსებული, მაგრამ პოპულაციაში კოვიდის ახალი ზრდა შეიძლება არსებობდეს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევების დასადგენად.

საინტერესოა, რომ კოვიდის ასიმპტომატური შემთხვევების დადგენა პატარა ქალაქებში საშუალებას გვაძლევს გამოვიცნოთ გავრცელების უპირატესი კერები. ხოლო მაჩვენებლების დაქვეითებამ შესაძლო გახადა პირბადეების ტარების გაუქმების გადაწყვეტილება მიეღოთ.

მეორე საკითხი, და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა ახალი ვარიანტები გვემუქრება. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო იყო ომიკრონის მეორე - BA2 ვარიანტი, რომელიც ომიკრონის პირველი ვარიანტით ინფიცირების შემდეგაც, შეეძლო გამოეწვია რეინფიცირება.

ეს ვარიანტი, რომელსაც „სტელს ომიკრონი“ (სწრაფი და უხილავი) უწოდეს, სპაიკ ცილის 8 ახალი მუტაციით ხასიათდება, რომელიც არ იყო ომიკრონის პირველ BA1 ვარიანტში. მას უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს, და ძირიძთადად უსიმპტომოდ იწყება.

ამიტომ ჰონკონგსა და სხვა ახალ ტალღებში თანდათან დომინანტური ხდება, თუმცა განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. პფაიზერის ორჯერადი დოზა მის მიმართაც ისევე არასაკმარისად ეფექტურია, როგორც თავდაპირველი ომიკრონის მიმართ, თუმცა ბუსტერ ვაქცინა თურმე კარგად გვიცავს. ახლახან ჯანმომ კიდეც ორი ახალი ომიკრონ ვარიანტი - BA4 და BA5. ისინი ჯერ მეთვალყურეობის სიაშია და ბევრი არაფერია ცნობილი.

დაბოლოს, ნოვავაქსის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია ევროკავშირში. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც უპირატესობას ტრადიციულ მეთოდოლოგიას ანიჭებს. ამ პროტეინულ ვაქცინაში სპაიკ ცილას ლაბორატორიულ პირობებში ზრდიან და შემდეგ ხდება მისი ინიექცია, რომ ორგანიზმმა დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება. ამ მეთოდით დამზადებულია კოქსაკივირუსის, მენინგოკური და B ჰეპატიტის ვაქცინები, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება.

ახლახან გავრცელდა კვლევის შედეგი, რომელიც ამტკიცებს, რომ ინფიცირების მთავარი საფრთხე უკავშირდება არა მარტო დახურულ სივრცეში მყოფი ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას და მათგან დაშორებას, არამედ - ოთახში არსებულ ვენტილაციის დეფიციტს! მით უფრო, თუ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში აღარ იქნება სავალდებულო.

საკლასო ოთახების და ოფისების მაქსიმალური ვენტილაცია აუცილებელია და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. კიდევ უფრო უკეთესი იქნება HEPA ფილტრებით აღჭურვილი კონდიცირების აპარატების განთავსება, სადაც ამის შესაძლებლობა არის.

ნამდვილად იმედისმომცემია ქვეყანაში პფაიზერის მიერ კოვიდის პრევენციის და ადრეული მკურნალობის ახალი ტაბლეტირებული პრეპარატის - პაქსლოვიდის შემოტანა, რომლის 1 დოზის ფასი აშშ-ში 529 დოლარია.

ახლა პირველად გვაქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებიც და ტაბლეტიც, რაც ინფექციათა არა მარტო პრევენციის, არამედ ადრეული მკურნალობის და უფრო ეფექტური მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

რაც შეეხება იმას, რა უნდა მოხერხდეს ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს აქტიური საინფორმაციო მუშაობა, განსაკუთრებით რეგიონებში, წახალისების პროგრამა 50 წლის ზევით ასაკის პირებში. მანდატორული ვაქცინაცია გარკვეულ პროფესიებში - სამედიცინო და განათლების დაწესებულებათა პერსონალი.

ფაქტია, რომ არც ვაქცინა და არც გადატანილი ინფექცია 6 თვის შემდეგ არ არის გარანტია ვირუსის ახალი ინფიცირების ასაცილებლად. ვფიქრობ, აუცილებელია ბუსტერ-ვაქცინაცია ამ პირებში. არსებული შედარებითი სიმშვიდე კოვიდის მორიგი შტორმით შეიძლება შეიცვალოს, რაც შეიძლება აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყოს.

ამიტომ, სანამ ახლახან გადატანილი ომიკრონის მილიონამდე პაციენტის და შარშან ზაფხულის მიწურულიდან ვაქცინირებულთა კოლექტიური იმუნიტეტი გვიცავს და არ აძლევს კოვიდს საშუალებას, რომ ახალი ვარიანტები სწრაფად გავრცელდეს, აუცილებელია ამ პერიოდის მაქსიმალური სარგებლით გამოყენება.

ვაქცინირების, სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის დამატებითი ტრენინგების, კლინიკური მასალის სამეცნიერო დამუშავების, ახალი ტიპის ვაქცინების, ტესტირების აპარატურის და სწრაფი ტესტების შესყიდვის, საავადმყოფოების და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების უკეთ აღჭურვის.

საკომუნიკაციო პოლიტიკის დახვეწის და ბიზნეს სტრუქტურებთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვის კუთხით. ზამთარს მომზადებული ის ხვდება, ვინც ზაფხულს ეფექტურად იყენებს.

როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ si vis pacem, para bellum – „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. ახლა ამ ფრაზამ პირდაპირის გარდა, გადატანითი მნიშვნელობაც შეიძინა - კორონავირუსთან მიმართებაში. „კოვიდთან ცხოვრების სწავლება“ არ ნიშნავს კოვიდთან შეგუებას. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსიც ასევეა განწყობილი...

ჯობს, საფრთხე დასრულებულად არ ჩავთვალოთ, მსოფლიო ტენდენციებს და აღმოჩენებს თვალყური ვადევნოთ და პანდემიის მიმდინარეობაში არსებული მშვიდი პერიოდი შემდგომი საფრთხეების პრევენციისათვის აქტიურად გამოვიყენოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა