ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2022

გადაწყვეტილია თუ არა მარიუპოლის ბედი და რა მოხდება მისი დაცემის შემთხვევაში

რა ტიპის იარაღის გადაცემას ითხოვს ამ დრომდე უკრაინა და გახდება თუ არა ეს გარდამტეხი ომში

საქართველოს დერეფნისკენ ტვირთები უკვე დაიძრა - ქვეყანას დიდი შანსი ეძლევა

* * *

გადაწყვეტილია თუ არა მარიუპოლის ბედი და რა მოხდება მისი დაცემის შემთხვევაში

“რუსული საოკუპაციო ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, მათ შორის არაჰუმანური ტიპის იარაღის გამოყენებით შეტევით ოპერაციებს აგრძელებს. ძირითადი ძალისხმევა ქალაქ მარიუპოლის აღებაზე და “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე შეტევის გაგრძელებაზეა მიმართული. ანალიტიკოსთა შეფასებით, ოკუპანტები ახლა ყველანაირ ღონეს ხმარობენ, რომ ვლადიმერ პუტინს პირველი ფაზის წაგების საკომპენსაციოდ 9 მაისის აღლუმზე მარიუპოლი “ლანგრით მიართვან”. უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელ მებრძოლებს იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ასეთივე, ულტიმატუმი რუსეთის მხრიდან გაჟღერებული იყო, თუმცა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დანებებაზე უარი განუცხადეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გადაწყვეტილია თუ არა მარიუპოლის ბედი და რა მოხდება მისი დაცემის შემთხვევაში.

“მანამდე მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით “აზოვსტალის” ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ჯარისკაცების გარდა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფება. “შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, - აღნიშნა სერგეი ვოლინამ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევითი ოპერაციები, რათა სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, უკრაინელმა სამხედროებმა კი გასული დღის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტების ათი თავდასხმა მოიგერიეს. გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების „ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ მარიუპოლის აღებაზე და “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე შეტევის გაგრძელებაზე”. უკრაინის საჰაერო ძალებმა კი რუსების ცხრა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დასავლელი ლიდერები რუსეთს ომის შეჩერებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ისტორია ამას ძალიან მკაცრად განსჯის. მათ რუსული აგრესიის შეჩერების გეგმებთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრაც კი გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ამის პარალელურად დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის. პენტაგონის თქმით, რუსეთი თავს დაესხმება იმ მარშრუტებს, რითაც უკრაინისთვის იარაღის მოეწოდება. რუსული ძალები შეიძლება შეეცადონ ხიდების, გზებისა და სარკინიგზო გზების განადგურებას, რომლებიც გამოიყენება იარაღისა და სხვა მარაგების ქვეყანაში გადასატანად. პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსებმა ამ მარშრუტებზე დარტყმა წარმატებით შეძლეს, ისინი ვერ შეძლებენ ტვირთების სრულად შეჩერებას, რადგან ძალიან ბევრი გადაზიდვა ხორციელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მარიუპოლს უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. “მარიუპოლს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ისეთივე დიდი მნიშვნელობის ცენტრია, როგორიც ხარკოვი და დნეპრი, რადგან უკრაინის სამრეწველო ბაზრისა და დარგების განვითარება ამ სამი ქალაქის მეშვეობით ხდებოდა. მარიუპოლი სამთომომპოვებელი ქიმიური მრეწველობის და მეტალურგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, ასევე უმსხვილესი სამრეწველო პორტია. მარიუპოლის მნიშვნელობა დიდია იქიდან გამომდინარეც, რომ ერთობლივი სამრწველო პროდუქტის 20% ამ ქალაქზე მოდიოდა. შემთხვევით არაა, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმაც განაცხადეს, რომ ეკონომიკის ვარდნა შეიძლება 30-50% იყოსო. სამწუხარო რეალობაა, რომ მარიუპოლი განწირულია, რადგან პუტინი არაჰუმანურ იარაღს იყენებს, თუმცა 4 ათასამდე უკრაინელი მებრძოლი ისევ გმირულად დგას და 15 კილომეტრიან სამრეწველო ზონას იცავენ”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “რუსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ნაწილიც დაიკავონ. ოკუპანტებმა ის სამხედრო კატარღები ჩაძირეს, რომლებსაც ჰიპოთეტურად შეეძლოთ, რომ ალყა გაერღვიათ და პორტის მიმართულებით გასულიყვნენ” - დასძენს გამოცემა.

“საერთო ჯამში სიტუაცია მძიმეა, მეორე ფაზაში რუსები ცდილობენ, რომ ინტენსიურად შეუტიონ, უფრო მეტად მიმართულება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით აქვთ. მარიუპოლის დაკავება, “აზოვსტალის” განადგურება, კრემლს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წარუმატებელი პირველი ფაზის კომპენსაციაა. პუტინი ამბობდა, რომ მეორე ფაზის მიზანი “დონბასის გათავისუფლება და დაცვაა”. აქ დონბასის მთლიანად დაკავება იგულისხმა. დაცვაში კი შეიძლება უკრაინის სხვა ტერიტორიების დაკავება იგულისხმებოდეს, როგორც ჩვენთან ცხინვალში გააკეთეს. თუ მარიუპოლი აიღეს, ეს იქნება ერთგვარი ლანგარი, რომელსაც რუსი ოკუპანტები პუტინს 9 მაისის აღლუმისათვის “მიართმევენ”. რუსეთი არაჰუმანური ტიპის იარაღს იყენებს და 36-ე ბრიგადის მეთაურიც ამას ამბობს, რომ შეიძლება ადამიანები ცოცხლად დამარხონ. ახლა საქმე ასეა, რომ სამხედროების ბედი თავიანთ და უფლის ხელშია. ოპერატიული და სამხედრო კუთხიდან გამომდინარე, მათი დახსნა ძალიან რთულია. ზღვიდან და ჰაერიდან დახსნის საშუალება გადაკეტილია, რუსებმა პორტი და აეროპორტი აიღეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი თვლის, რომ თუ უარესი სცენარი განვითარდა და ოკუპანტებმა მარიუპოლი აიღეს, მაშინ ეს დროებითი მოვლენა იქნება. “რუსეთის საოკუპაციო ძალები მარიუპოლის ძირითად ნაწილს აკონტროლებენ, მათ “აზოვსტალის” მიმდებარე ტერიტორია ვერ აიღეს, სადაც აზოვის ბატალიონი, 36-ე პოლკი და მშვიდობიანი მოისახლეობა არიან გამაგრებულები. ამიტომაც, სიტუაცია მძიმეა. ამას ემატება ის, რომ რუსეთი ბუნკერსაწინაარმდგო ჭურვებს იყენებს, რომელთა სიმძლავრე სამ ტონას აღემატება”, - მიიჩნევს ჩიტაძე, რომლის თქმით, “თუ უკრაინამ მარიუპოლი დაკარგა, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დროებითი მოვლენა იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუმცა, შემდგომში საფრთხე იქმნება იმისა, რომ რუსეთი ნიკოლაევის სატრანსპორტო მაგისტრალის გააკონტროლებას შეეცადოს, შემდგომში ოდესის მიმართულებით გაეხსნება გზა და შემგომი სურვილი შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა იყოს, თუმცა, რამდენად ეყოფა ძალები, საკითხავია. მარიუპოლს სიმბოლური და ომში ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს, თუ რუსეთმა აიღო, იფიქრებს, რომ უპირატესობა მის მხარესაა და თუ უკრაინამ დაიცვა, ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარეს იქნება. ის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სტალინგრადის როლს ასრულებს, როცა საბჭოთა ჯარების გამაგრების შედეგად ომში გარდატეხვა მოხდა. უარესი სცენარის, ანუ დაცემის შემთხვევაში პრობლემა კი იქნება, თუმცა, ტრაგედია არ უნდა დავინახოთ, რადგან უკრაინა დამატებით შეიარაღებას იღებს და ექნება შესაძლებლობა, რომ თავი დაიცვას და მოგვიანებით რიგ რეგიონებზე კონტროლი აღადგინოს კიდეც, რადგან დრო მაინც უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, დასავლეთი შეიარაღებას აწვდის, რუსეთის სამხედრო მარაგები და ეკონომიკური პოტენციალი მცირდება” - დააკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

რა ტიპის იარაღის გადაცემას ითხოვს ამ დრომდე უკრაინა და გახდება თუ არა ეს გარდამტეხი ომში

“ომის მეორე ფაზაში დასავლეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას აძლიერებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის ოკუპანტებისგან თავის დასაცავად და მშვიდობის დასამყარებლად. ანალიტიკოსთა შეფასებით, ახლა იერიში დობასის რეგიონზე ბევრად უფრო მწვავეა და ახლა პირველ რიგში უკრაინას არტილერია ჰაერივით სჭირდება, რომელიც რუსების მასობრივ შეტევას შეაჩერებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 55-ე დღის შეჯამებისას, განაცხადა, რომ უკრაინას რომ ჰქონდეს წვდომა იმ იარაღზე, რომელიც სჭირდება და რომელიც პარტნიორ ქვეყნებს აქვთ, ომს უკვე დაასრულებდნენ, ქვეყანაში მშვიდობას აღადგენდნენ და ოკუპანტებისგან ტერიტორიებს გავთავისუფლებდნენ. “უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია მოითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები სადღაც, წლების განმავლობაში ინახავდნენ. თუ მათ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას აქ, ახლა სჭირდება, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მათი მორალური მოვალეობაა, პირველ რიგში, თავისუფლების დაცვას დაეხმარონ. დაეხმარეთ ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს”, - განაცხადა ზელენსკიმ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ტიპის იარაღის გადაცემას ითხოვს ამ დრომდე უკრაინა და გახდება თუ არა ეს გარდამტეხი ომში.

“ომის მეორე ფაზაში დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის გადაცემას განაგრძობენ. ნორვეგია უკრაინას “მისტრალის” ტიპის 100 სარაკეტო სისტემას გადასცემს, ეს ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, რაკეტების ნაწილი ნორვეგიიდან უკვე გაიგზავნა. “მისტრალი” საჰაერო თავდაცვის სისტემა არის ეფექტური იარაღი, რომელიც საზღვაო თავდაცვაში გამოიყენება და რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას”, - ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით კი, იგი უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს. “სიენენის” ცნობით, უკრაინაში დახმარების უახლესი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების გადაზიდვები დაიწყო, მათ შორისაა მძიმე ტექნიკა. მომდევნო საარტილერიო დახმარების შესახებ განცხადება თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც გააკეთა. ჯონსონის თქმით, უკრაინას მეტი არტილერიით სჭირდება მხარდაჭერა და ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად გადასცემენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება გერმანიას, კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიამ ამოწურა იარაღი, რომელიც შეუძლია უკრაინას თავისი მარაგებიდან მიაწოდოს, მაგრამ, იმუშავებს კერძო სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებლებთან, რათა კიევს, მისი მოთხოვნების შესრულებაში დაეხმაროს. ამასთან, გერმანიის კანცლერმა მოსკოვს მოუწოდა, “შეაჩეროს უკრაინის ქალაქების დაბომბვა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა” და განაცხადა, რომ ის უკრაინის მოკავშირეების შეფასებას ეთანხმება, რომ “რუსეთმა შეიძლება ეს ომი ვერ მოიგოს”. “ჩვენ ვაპირებთ, ამ მიწოდების თანხა გადავიხადოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ უკრაინისთვის ყველაფერი შესაძლებელი გავხადოთ. გამოიყვანეთ თქვენი ჯარისკაცები უკრაინიდან და გამართეთ სერიოზული მოლაპარაკებები უკრაინასთან. შეაჩერეთ ეს საშინელი ომი”, - განაცხადა შოლცმა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მეორე ფაზა ბევრად მწვავეა და ახლა მთავარია უკრაინამ პოზიციები შეინარჩუნოს და გაუძლოს, ამ პერიოდში კი დასავლეთი სათანადო იარაღს მიაწოდებს, რისი საშუალებითაც რუსების მასობრივ შეტევას შეაჩერებს”, - დასძენს გამოცემა.

“ახლა საუბარი შენარჩუნებაზე, თავდაცვაზე და იმ სერიოზული შეტევების შეჩერებაზეა, რაც რუსეთმა ახლა ხარკოვის, დონბასისა და მიკოლაევის მიმართულებით დაიწყო. ომის დროს ნებისმიერი იარაღი საჭიროა, თან დიდი რაოდენობით. განსაკუთრებით სახარჯო ნაწილი, ანუ ჭურვები, რაკეტები, ვაზნები და ა.შ. რუსეთის მეორე ცდა ბევრად უფრო სერიოზული და საშიშია, ვიდრე პირველი იყო, მიუხედავად ბლიცკრიგის ელემენტებისა, რომელიც საბედნიეროდ არ გამოუვიდა და ჩაეფუშა. ახლა კი ცდილობს მთელი ძალით და მთელი საშინელებით წარმატებას მიაღწიოს - არტილერიის და ავიაციის სერიოზული დაბომბვით, სარაკეტო დარტყებით და ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობით, ტანკებით, ჯავშანმანქანებით და ა.შ. ჯერ საარტილერიო საავიაციო, სარაკეტო დაბომბვები, შემდეგ უკვე ცოცხალი ძალით ხმელეთზე შეტევა ხდება. ჯერ ამის გაძლებაა საჭირო. ასეთი დონის შეტევა დიდხანს ვერ გაგრძელდება და თვით რუსეთსაც არ აქვს ამის პოტენციალი, ამიტომაც ამ ეტაპზე უკრაინისთვის მთავარია, რომ ამ სერიოზულ შეტევას რაც შეიძლება გაუძლოს. რაც უფრო დიდხანს გაუძლებს, დასავლეთისგან მეტი დახმარება წამოვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“აქამდე თუ დასავლეთი თავდაცვის შეიარაღებას აწვდიდა, ეს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები, იგივე “ჯაველინები” თუ “სტინგერები” იყო, რომელიც დაახლოებით 2.5-3.5 კილომენტრის რადიუსში მოქმედებენ. ახლა უფრო შორი მოქმედების იარაღზეა საუბარი. უკრაინას ახლა პირველ რიგში არტილერია ჰაერივით სჭირდება, რომელიც რუსების მასობრივ შეტევას შეაჩერებს. აშშ-ის პრეზიდენტმა კანადისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინას შორი მოქმედების საარტილერიო სისტემებს სასწრაფოდ უგზავნიან. ეს ადრე უნდა გაეგზავნათ, ზელენსკი სულ ითხოვდა, მაგრამ თავადაც რომ მიხვდნენ, რომ ომი უფრო ფართო მასშტაბებს იღებს და შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომაც ითხოვენ ახლა საარტილერიო სისტემების მიწოდებას. ერთი ნუგეშია, რომ შესაძლოა უკვე რაღაცეები მიცემულია. ახლა დროს უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ თუ მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო წარმატებული ცეცხლის წარმოება შეეძლებათ, ანუ, თავისი არტილერიით, მოწინააღმდეგის არტილერიის საცეცხლე წერტილების ჩახშობა. ეს დაახლოებით 20-დან 30 და მეტი კილომეტრის სიშორეზე იქნება და უკვე უკრაინელებს დიდ პლიუსს მისცემს” - განმარტავს ალადაშვილი.

“სამწუხაროდ, მარიუპოლი რუსეთმა დაუნდობლად გაანადგურა, მისი გმირი დამცველების ბედი ყველას გვაღელვებს, რომლებიც ბოლომდე იბრძიან. “აზოველები”, რომ ტყვედ ჩაბარდნენ, მათ დიდი წამების შემდეგ დახვრეტენ. უკრაინას არ აქვს საშუალება, რომ მისი დებლოკირება სამხედრო გზით მოახერხოს და ეს ხალხი გამოიყვანოს, პუტინისთვის დასავლელი ლიდერების თხოვნას აზრი არ აქვს. თვით მედვედჩუკის გაცვლაზეც არ წავა, რადგან ის დაელოდება, სანამ “აზოვსტალს” ბოლომდე არ გაანადგურებენ” - დასძენს ალადაშვილი. “პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი” კორნელი კაკაჩია კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ომის უკრაინისთვის სასარგებლოდ გარდატეხვისთვის საჭიროა, რომ ახლა უკრაინამ შეტევითი იარაღი მიიღოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“უკრაინელებმა რაც აქამდე მიიღო, ეს თავდაცვითი იარაღია, ეს არ კმარა იმისთვის, რომ უკრაინამ ამ ომის მსვლელობა გარდატეხოს. მას თანამედროვე შემტევი იარაღი სჭირდება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ტერიტორია, სადაც მტრები არიან განლაგებულები, შორი მანძილიდან დაამუშავოს. ახლა რაც იარაღი აქვთ, ძირითადად საკმარისია იმისთვის, რომ თავდასხმა მოიგერიოს, მაგრამ ეს არ კმარა. ამიტომაც ითხოვენ უკრაინელები, რომ პროცესი დაჩქარდეს. უკრაინული ჯარი სულისკვეთებით არავის ჩამოუვარდება, მას რუსულ ჯარზე მორალური უპირატესობა აქვს, თუ მათ სათანადო შეიარაღება ექნებათ, მიზნების განხორციელებას შეძლებენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“აქვე ობიექტური პირობებიც არსებობს, რომ უკრაინულ ჯარს ახალი ტიპის შეიარაღებისთვის გარკვეული გადამზადება სჭირდება. ესეც დროს მოითხოვს, მაგრამ, მთავარია სურვილი. დასავლეთის ქვეყნებმა სერიოზული დახმარება გაუწიეს, მაგრამ თუ დასავლეთს სურს, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს, მაშინ ყველა ვარიანტში საჭირო იარაღი უნდა მიაწოდონ, რადგან მეორე ალტერნატივა გაცილებით ძვირი და ათჯერ მეტი დაუჯდებათ, თუ რუსეთი მიზანს მიაღწევს. ეს ზუსტად ის ფაზაა, რასაც ექსპერტები ელოდებოდნენ. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დონბასში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნება, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს თუ რა მიხდება და გადამწყვეტი უპირატესობა ვის ექნება. რუსეთის მიზანია, რომ უკრაინის ჯარი ალყაში მოაქციოს. უკრაინის მიზანი კი, გაუძლოს და კონტრშეტევაზე გადავიდეს, ამ კონტრშეტევისთვის თავდასხმითი იარაღი სჭირდება” - დაასკვნის კაკაჩია.

“რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავების საკითხს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ სხვა ქვეყნებისგან დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე თვითმფრინავის ნაწილები მიიღო, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ კი განმარტება გააკეთა, რომ უკრაინას პარტნიორი ქვეყნებისგან არა ახალი თვითმფრინავები, არამედ სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები მიიღო, უკრაინული თვითმფრინავების შესაკეთებლად. “აშშ-ის ხელისუფლების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების ფლოტის შესაკეთებლად და აღსადგენად, რაც მეტი აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს”, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში”. “მათ მიიღეს დამატებითი პლატფორმები და ნაწილები, რათა შეძლონ თვითმფრინავების ფლოტის გაზრდა”, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

საქართველოს დერეფნისკენ ტვირთები უკვე დაიძრა - ქვეყანას დიდი შანსი ეძლევა

“საქართველოს უდიდესი შანსი აქვს, ქვეყნის სატრანზიტო დერეფანს უზარმაზარი მნიშვნელობა შესძინოს. უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოსთვის, ერთი მხრივ, ხელსაყრელი აღმოჩნდა. ქვეყანას, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლებლობა აქვს, რომ ტვირთები საკუთარ დერეფანში მოიზიდოს. პროცესი უკვე დაწყებულია და პირველი ნაკადიც უკვე წამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთმა რუსეთში ექსპორტირება საქართველოს პორტების გამოყენებით აღადგინა. საუბარია ისეთ პროდუქციაზე, რომელიც რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ქვეშ არ არის მოყოლილი. ესენია: ჩაი, ბრინჯი, ხილი, ყავა, ტკბილეული და ზღვის პროდუქტები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოს დერეფნისკენ ტვირთები უკვე დაიძრა - ქვეყანას დიდი შანსი ეძლევა / “აუცილებელია, დაჩქარებული ტემპებით დაიწყოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა”.

“ბანკები, რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, “სბერბანკის” ხელმძღვანელობით, ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის მოგვარებას, რაც, ძირითადად, საქართველოს პორტების გავლით ხდება” - წერს ინდური მედია. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის ინდოეთიდან ექსპორტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეფერხდა. როგორც ინდური მედია წერს, ვაჭრობა ახლა რუბლსა და ინდურ რუპიაში სრულდება, თუმცა ზოგიერთი ბანკი ფულად გზავნილებს ევროში გზავნის. “ბანკები ხელს უწყობენ რუსეთთან სავაჭრო ოპერაციების აღდგენას, რომელიც, ძირითადად, საქართველოს პორტების გავლით სრულდება”, - ამბობს ინდოეთის ექსპორტის ორგანიზაციების ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი აჯაი საჰაი. გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ყაზახეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ტვირთების ტრანზიტი საქართველოს გავლით მოახდინოს. კასპიისპირა ქვეყანამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რაც მას საშუალებას მისცემს, არ დაარღვიოს რუსეთისადმი წაყენებული სანქციების მოთხოვნები. აქამდე ყაზახეთი სარკინიგზო ტვირთებს, ძირითადად, რუსეთის რკინიგზის გავლით ეზიდებოდა, თუმცა ოკუპანტების აგრესიამ ქვეყნები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სწორედ საქართველოს შანსებსა და პერსპექტივებზეა საუბარი ანტიკორუფციული მოძრაობის კვლევაში - “ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი”. კვლევაში, რომელიც მოძრაობამ “რეზონანსს” მოაწოდა, დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვისა და გატარების პერსპექტივა. ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია რუსეთის აგრესიითა და დასავლური სანქციებით, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, მოიზიდოს რუსეთზე გამავალი დამატებით 10 სატრანსპორტო დერეფნის ტვირთები, რომელთა ჯამური მოცულობა, საშუალოდ, 18 მლნ ტონასა და 500 000 კონტეინერს შეადგენს”. - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც კვლევაშია აღნიშნული, “ვოლგა-დონის სამდინარო არხიდან თურქმენული ტვირთების გადმორთვის პერსპექტივა 3-3.5 მლნ ტონაა, რუსეთზე გამავალი მილსადენის სისტემიდან რკინიგზაზე ყაზახური ნედლი ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა - 2.5-3 მლნ ტონა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში ყაზახური ნედლი ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა 1.5-2 მლნ ტონაა, საქართველოს დერეფნით ყაზახური მშრალი და თხევადი ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა _ 1.5-2 მლნ ტონა, აღმოსავლეთ ევროპის ტვირთნაკადის საქართველოს ნავსადგურების საბორნე ინფრასტრუქტურით მოზიდვის პერსპექტივა 1-1.5 მლნ ტონაა, საავტომობილო დერეფნისა და სატვირთო ავტოტრანსპორტის გამოყენების პერსპექტივა - 2.5-3 მლნ ტონა. ნავსადგურებში დამატებითი საკონტეინერო ნაკადის გადამუშავება შესაძლოა, 400 000 კონტეინერით განისაზღვროს, ჩრდილოეთ სახმელეთო დერეფნიდან ჩინეთის საკონტეინერო ნაკადის გადმორთვის შესაძლებლობა კი 100 000 კონტეინერია”, - დასძენს გამოცემა.

“ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძემ განაცხადა - “ცხადია, ტვირთების მოზიდვას სჭირდება გარკვეული დრო, საშუალოდ, 2-3-წლიანი პერიოდი, რომელიც აუცილებელია სათანადო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. დღეს საქართველოში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით შესაძლებელია მხოლოდ დამატებით 10-დან 12 მლნ ტონამდე ტვირთისა და 350 000 კონტეინერის გატარება, რაც მოთხოვნის მხოლოდ 60-70%-ია. საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით დამატებითი ტვირთების გატარების ძირითად შემზღუდავ ფაქტორს წარმოადგენს დაპირებული და განუხორციელებელი, რიგ შემთხვევებში - დაუსრულებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები. დღეს საქართველოს ეძლევა უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, რისთვისაც აუცილებელია, დაჩქარებული ტემპებით დაიწყოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსენსუსს, შეიქმნას გეოპოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ერთია ტვირთების გადმორთვისა და რეგიონულ ჰაბად ქცევის სურვილი, მეორეა ის, თუ რამდენადაა საქართველოს სატრანზიტო დერეფანი მზადყოფნაში, სადაც, ინფრასტრუქტურასთან ერთად, სხვადასხვა მიმართულება მოიაზრება. სპეციალისტების აზრით, ამ კუთხით ვითარება აშკარად გამოსასწორებელია და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი შანსი გამოიყენოს და ქვეყანას უდიდესი სტატუსი შესძინოს. სატრანსპორტო დარგის ექსპერტი გელა კვაშილავა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებაზე საუბრობს და იმ მნიშვნელოვან პროცედურებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც დროულად გასატარებელია”- დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოს დერეფნისკენ ტვირთების მოზიდვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. უცილებელია, საზღვრებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან - პროცედურები გამარტივდეს და აგრეთვე, ის საპორტო სიმძლავრეები, რომლებიც გვაქვს, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გაიზარდოს. ზოგადად, როგორც ბოლო წლის სტატისტიკით ვიცი, საქართველოს ამ მიმართულებით მზარდი მონაცემები აქვს. საუბარი მიდის არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ სარკინიგზო გადაზიდვებზეც, ამიტომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა, გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამ დიდი პოტენციალის გამოყენება, უფრო მეტად ამუშავება და ვინ რა უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით. ინფრასტრუქტურის მშენებლობა გასაგებია, მაგრამ აქ საუბარია სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კარგად ინტეგრაციაზე. რა თქმა უნდა, საქართველომ უფრო მეტი ტვირთის გატანა უნდა მოახერხოს საკუთარი დერეფნის მეშვეობით. ომისა და რუსეთის აგრესიის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება და ალბათ, უახლოეს ხანებში გამოჩნდება შესაძლებლობები. ყაზახეთისა და ინდოეთის გადაწყვეტილებას შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს”, - აცხადებს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას გელა კვაშილავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო