ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2022

გიორგი გობრონიძე - „ჩვენი შეიარაღებული ძალები ნატოს ცალკეული წევრების ჯარებს ბევრად აღემატება“

რისთვის ჩავიდნენ აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კიევში

ვახტანგ კაპანაძე - „როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინას მომავალი აქვს, რუსეთს კი - არა“

დაიწყება თუ არა გადაჯგუფებები პარტიებს შორის

რატომ ჭიანურდება წლობით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა

* * *

გიორგი გობრონიძე - „ჩვენი შეიარაღებული ძალები ნატოს ცალკეული წევრების ჯარებს ბევრად აღემატება“

“ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, მადრიდის ნატოს სამიტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება. ნატოს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ არსებობს განწყობა იმისთვის, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის. საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოში ჩამოსულმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. სენატორების აზრით, საერთაშორისო ალიანსები აშშ-ის უმთავრესი იარაღია გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები და რა შანსი აქვს საქართველოს ნატოში შესასვლელად, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით „ჩვენი შეიარაღებული ძალები ნატოს ცალკეული წევრების ჯარებს ბევრად აღემატება“ / „ავღანეთში ოპერაციების ჩატარებაზე თუ მიდგება საქმე, გერმანელ ჯარისკაცებს არც დაესიზმრებათ, ისეთ ოპერაციებს ატარებდნენ ქართველები“.

“ასეთი ვიზიტების ფუნქცია უპირველესად მოკავშირეთა კონსოლიდაციაა, შემოწმება იმისა, თუ რამდენად მტკიცეა სახელმწიფოთა შორის კავშირები და რამდენად ერთგულობენ პარტნიორები თავიანთ ვალდებულებებს. ნატოში შესვლის საკითხის პროცესის კარიკატურიზაციას საქართველოში ხელი შეუწყო ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურმა, ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულმა კომუნიკაციამ. ეს ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო. ველოდით ნატოს სამოქმედო გეგმას და მივიღეთ მაპ-ზე უკეთესი. აქედან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კი, ნატოს კარია ღიაა, მაგრამ ჩვენ იქ არავინ გვიშვებს. ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები და დიპლომატები რეიტინგის ასამაღლებლად დიპლომატიური წარმატების მოლოდინს აჩენენ. პრაგმატულად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და არსებობს თუ არა კონკრეტული შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, უკრაინაში კრიზისი, ჩვენთვის აღებს შესაძლებლობის ფანჯარას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დასაახლოებლად, მაგრამ სხვა ტიპის განცდებსაც აჩენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, როგორ ემუქრება რუსეთი ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრების შემთხვევაში. ამიტომ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ პარტნიორებმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად თავი შეიკავონ რაღაცების დაფიქსირებისგან. ერთი რამ ცხადია, მსოფლიოში უსაფრთხოების გარემო იცვლება, ნატო შავი ზღვის აუზზე მთლიანად ცვლის ხედვას. კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვის შემდეგ რუსეთი აღარ არის დომინანტი, პირველი ძალა შავი ზღვის აუზში. რუსულ ფლოტს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა, მაგრამ ძალთა ბალანსი შეცვლილია, რასაც მოჰყვება ნატოს უსაფრთხოების დოქტრინა და საქმეს ბოლომდე მიიყვანს, რათა რუსეთი ამ პოლიტიკიდან გაითიშოს როგორც ძირითადი აქტორი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ დიპლომატიურ არენაზე. თუ ვერ შევძლებთ პარტნიორების დარწმუნებას ჩვენს სანდოობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შეუქცევადობაში, არაფერი გამოვა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული შეიარაღებული ძალები უკვე დიდი ხანია ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. შეიძლება ითქვას, ნატოს ცალკეული წევრების ჯარებს (მაგალითად, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის) ბევრად აღემატება მომზადების ხარისხით, დონითა და გამოცდილებით. მათზე გაცილებით დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკა გვაქვს. ავღანეთში ოპერაციების ჩატარებაზე თუ მიდგება საქმე, გერმანელ ჯარისკაცებს არც დაესიზმრებათ, ისეთ ოპერაციებს ატარებდნენ ქართველები. თავსებადობით და კოორდინაციის ხარისხით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ალბანეთსა და მონტენეგროს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ახლა მთავარია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, პოზიციის არაორაზროვანი დამოკიდებულება. სასიცოცხლოდ აუცილებელია დიპლომატიის პროაქტიული მუშაობა. არ ვიცი, რას აკეთებს ქართული დიპლომატია, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, მაგრამ შესაძლებლობების ფანჯრები ნამდვილად არსებობს, რომ უფრო დავუახლოვდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და გავაძლიეროთ უსაფრთხოების გარანტიები. სხვა თუ არაფერი, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც შეგვიძლია პარტნიორებს შეიარაღება და ეკონომიკური დახმარება ვთხოვოთ, - ამტკიცებს გიორგი ბობრონიძე და შეკითხვაზე - “პოზიციის არაორაზროვან დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“თუნდაც ანაკლიის პორტის მაგალითი ავიღოთ. პირადად მაიკ პომპეოს დავპირდით, რომ ანაკლიაში პორტს ავაშენებდით, ავაშენეთ?! სამაგიეროდ, ორაზროვანი განმარტებები უხვად მოვაყოლეთ. თქვენი აზრით, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ? საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციასა და რეზოლუციას შეუერთდა, მაგრამ იდიოტური განცხადებები მოაყოლეს. ჩვენი პარტნიორები ვერ იგებენ, რა გვინდა. უკრაინის ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ჩვენ მათ ბოლომდე ვუჭერთ მხარს?! დიპლომატია მოლაპარაკების ხელოვნებაა და ვისაც არ შეუძლია ამ საქმის კეთება, სახლში უნდა წავიდეს”.

“რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ნატომ ახალი დატვირთვა შეიძინა - თუ მანამდე ცდილობდა ჩამოეყალიბებინა თავისი ადგილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, დღეს გახდა ანტირუსული ალიანსი. აი, ეს მიიღო პუტინმა თავისი უგუნური ქმედებებით. დღეს უკრაინას შესაძლებლობა ეძლევა საბჭოთა წარმოების სამხედრო ტექნიკა ბოლო თაობის გერმანული და ამერიკული ტექნიკით ჩაანაცვლოს. ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ევროპის გადაიარაღება, ნატო ძლიერდება აღმოსავლეთ ფლანგზე. გერმანიამ პირველად ისტორიაში იარაღის მიწოდება დაიწყო ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის. ნახეთ, ჯონსონმა რა თქვა, ბრიტანეთი არ დაელოდება ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, ისე მიაყენებს რუსეთს დარტყმას, თუ მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებსო. ეს პირდაპირი სამხედრო მუქარაა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ნატომ რომ უკრაინის ცა დაკეტოს, ან სამხედრო მისია გაგზავნოს, ეს ნიშნავს, რომ ახალი ტიპის გლობალური კონფლიქტი უნდა დაიწყოს ნატოსა და რუსეთს შორის. დიახ, უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის მსხვერპლია, ნატო კი რუსული აგრესიის მსხვერპლს იარაღით ეხმარება. ჩვენ გვახასიათებს ინფანტილური მოლოდინი, 2008 წელსაც გვეგონა, რომ ამერიკელები როკის გვირაბს დაბომბავდნენ, მაგრამ არ გააკეთეს იმ მოტივით, რომ ლოკალური კონფლიქტი მასშტაბურში გადაიზრდებოდა. ამჯერადაც ასეთი ვითარებაა. ისიც ვთქვათ, უკრაინას ცოცხალი ძალის პრობლემა არა აქვს, 240 000-იანი არმია ჰყავდა, ამასთან, სწორედ ნატოს დახმარებით ჰყავს ყველაზე თანამედროვე ტექნიკით შეიარაღებული სახმელეთო ძალები. ზელენსკი მეტს ითხოვს, მაგრამ ობიექტურად რომ შევხედოთ, ნატო ძალიან დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ უკრაინის ჯარების სარდალ ზალუჟნის გენიაზე, ამერიკული დაზვერვის გარეშე ვერაფერს დაგეგმავდა” - ამბობს ექსპერტი.

“რომ არა ნატოს შეიარაღება, უკრაინელი ჯარისკაცები ომს აქამდე ვერ მიიყვანდნენ. უკრაინელებმა ნატოს დახმარებით 200 მილიონი მარტო ჰაერში გაუნადგურეს რუსეთს. პილოტებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც კი ფრენა იცოდა, ყველა ჩამოაგდეს. მეოთხე თაობის თვითმფრინავებს კარგავენ რუსები. რაც შეეხება საქართველოში შემოჭრას, ჯერ ერთი, საქართველოში შემოჭრა არ დადგება რუსეთის დღის წესრიგში. რუსეთის სამხედრო ძალების 40% დემორალიზებულია. ასეთ დღეში მყოფი რუსეთი ვერ შეძლებს ახალი ფრონტის გახსნას. ხოლო, რას უნდა ველოდოთ ნატოსგან, ხელისუფლებასა და დიპლომატიურ სამსახურს უნდა ვკითხოთ. არ ვიცი, თუ კულუარულად მუშაობენ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. სამიტიდან სამიტამდე ველოდებით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს”, - დასძენს გობრონიძე.

რისთვის ჩავიდნენ აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კიევში

“უკრაინის ომის მეორე თვე - საომარი მოქმედებები გრძელდება. ამის პარალელურად ცივილიზებული სამყარი უკრაინის მხარდაჭერას ცდილობს. ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი კიევში იმყოფებოდნენ - აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინისათვის, მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების მისაღებად. მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები რუსეთს წინააღმდეგ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისთვის ჩავიდნენ აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კიევში / “ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ”.

“აღნიშნული ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ერთდროულად ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივანი, რაც მათი მხარდაჭერის ნათელი მაგალითია. რა თქმა უნდა, როგორც დიპლომატიური ისე სამხედრო თვალსაზრისით. ასევე ვიცით, რომ ვიზიტის ძირითადი ნაწილი არ გახმოვანებულა, თუმცა, მანამდეც ითქვა, რომ აშშ სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას მიაწვდის უკრაინას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტი უკრაინისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მას შეიარაღებასთან ერთად დიდი ფინანსური დახმარებაც გადაეცემა. ამასთან, აუცილებლად იქნებოდა საუბარი სანქციების გამკაცრებაზეც, ამ დროისთვის, ამ მხრივ ბოლო ნაბიჯი ის იყო, რომ რუსულ გემებს ეკრძალებათ შესვლა ამერიკულ პორტებში. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“როიტერსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა პირობა დადეს და ზელენსკის მთავრობისა და რეგიონის ქვეყნებისთვის, სადაც რუსეთის შეჭრამ მოსკოვის შემდგომი აგრესიის შიში გააჩინა, აშშ დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ დახმარებას გამოყოფს. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მაღალჩინოსანთა უკრაინაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის მადლობას უხდის. “აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!”- წერს ზელენსკი. მისივე თქმით, შეხვედრისას განიხილეს უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში დახმარების აღმოჩენის, ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიის საკითხები, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება”, - განაგრძობს გამოცემა.

“აშშ-ის ლიდერებმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს პრესკონფერენცია გამართეს და ვიზიტის შედეგები შეაჯამეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდთან შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. “ეს იყო ჩვენი ვიზიტის მთელი აქცენტი. გვინდოდა ფოკუსირება მოგვეხდინა სამუშაოზე, რომელიც უნდა შესრულდეს იმ გეგმის განხორციელებისას, რომელიც გვაქვს და ასევე, განგვეხილა, როგორ მივიწევთ წინ ყველა ამ სხვადასხვა ძალისხმევის მიმართულებით”, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს პოლონეთში, უკრაინის საზღვართან. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა ნახეს მათ დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე, ბლინკენმა განაცხადა, რომ სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთიდან კიევში მატარებლით ჩავიდნენ. “ასე რომ, ბევრი ვერაფერი ვნახეთ მატარებლის ფანჯრიდან. კიევში პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეში წავედით. რიგით უკრაინელებთან საუბრის დიდი შესაძლებლობა არ იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში - მტკიცებულება იმისა, რომ ბრძოლა კიევისთვის მოგებულია”, - აღნიშნა ბლინკენმა. მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ კიევში არსებული სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც უკრაინის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში ხდება”, - დასძენს გამოცემა.

“ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება უკრაინის სხვა ნაწილებში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რუსული სისასტიკე ყოველდღე საშინელებებს მართებს ადამიანებს”, - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში მომავალი კვირიდან დაბრუნდებიან. “ისინი დაიწყებენ პროცესის განხილვას, თუ როგორ გავხსნით ხელახლა საელჩოს კიევში, ვფიქრობ, ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას ფრთხილად ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით”, - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე, ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა წარმატებას აღწევს. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური ძალა დაემტკიცებინა, მაგრამ მსოფლიო საპირისპიროს ხედავს. ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას ბოლომდე, საბოლოო წარმატების მიღწევამდე გააგრძელებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ”, - აღნიშნა ბლინკენმა. რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებას. მისი თქმით, უკრაინის საჭიროებები იცვლება ბრძოლის ბუნების განვითარებასთან ერთად, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ, აქცენტის ქვეყნის აღმოსავლეთით გადატანაა. “ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას ისეთი სახის მხარდაჭერა, არტილერია და საბრძოლო მასალა მივაწოდოთ, რომლებიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე. ბრძოლის ამ ეტაპზე, უკრაინელებს სჭირდებათ შორ მანძილზე ცეცხლი. “ნახეთ, რას ვაკეთებთ აქ პრეზიდენტის მიერ 800 მილიონი დოლარის ავტორიზაციის შედეგად, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ 155 ჰაუბიცა, ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი”,- აღნიშნა ოსტინმა. მისი თქმით, დაინახა “მინიშნებები”, რომ ბევრი ქვეყანა აპირებს უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა და ჰაუბიცები მიაწოდოს. ამერიკელი პოლიტიკოსები თავდაპირველად პოლონეთში ჩავიდნენ, უკრაინაში კი სახმელეთო გზით გადავიდნენ. ბლინკენმა და ოსტინმა კიევი იგივე გზით უკვე დატოვეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ვახტანგ კაპანაძე - „როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინას მომავალი აქვს, რუსეთს კი - არა“

“ყოველთვის ჯობია ვითარება ისეთი დავინახოთ, როგორიცაა. რუსეთს რესურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ პირადი შემადგენლობის ის რესურსი, რაც სამხედრო კამპანიის დაწყების წინ ჰყავდა, შემცირებულია - ვგულისხმობ სამხედრო კონტრაქტორებს. ახლა მათი შევსება მიმდინარეობს. რუსეთს ადამიანური რესურსი ჰყავს, მაგრამ მობილიზება უნდა გამოაცხადოს. ამ შემთხვევაში უნდა აღიაროს, რომ ომი მიმდინარეობს და მოლოდინი, რომ ომს ძალიან სწრაფად, მცირე დანაკარგით დაამთავრებდა, გაუცრუვდა. ირიბად მობილიზაცია გამოცხადებულია - საბრძოლო არმიის რეზერვისტები, რომლებიც ხელფასს იღებდნენ და წელიწადში სამ თვეს ჯარში სამსახურის ვალდებულება ჰქონდათ, ცხადდებოდნენ სწავლებასა და წვრთნებზე. თუმცა რეზერვისტებს ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ უნდა გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე რუსეთს დაემუქრებოდა”, - აცხადებს გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინას მომავალი აქვს, რუსეთს კი - არა“.

“შესაბამისად, მათ უფლება აქვთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ძალდატანებით აიძულებენ ხელის მოწერას წასვლაზე - ანუ საბრძოლო მოტივაცია დაბალია... ძალიან დიდი მობილიზება შეინიშნება დონეცკი-ლუგანსკის მიმართულებით. სტუდენტებიც კი მიჰყავთ - ვადაზე ადრე ამთავრებინებენ, დიპლომს აძლევენ და უკრაინაში უშვებენ სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს. თუ პუტინმა საერთო მობილიზაცია გამოაცხადა, ამას დრო დასჭირდება. სხვა თუ არაფერი, კანონმდებლობით ექვს თვეზე მეტი აქვს წვევამდელს ჯარში მსახურების, კონტრაქტზე ხელის მოწერის, შესაბამისად, უკრაინაში გაშვების უფლება არა აქვთ. ვადები კიდევაც რომ შეამციროს, ერთი თვე მობილიზაციის პროცედურებს სჭირდება, კიდევ ერთი თვე საწყის მომზადებას და კიდევ ერთი თვე დანაყოფში მოქმედების ათვისებას, ორი-სამი თვე კი დღევანდელი მოცემულობისთვის დიდი დროა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“აზოვსტალში” სამხედროების წარმოუდგენელი გმირობის მოწმენი ვართ. როგორც ბრესტის ციხესიმაგრე შევიდა ისტორიაში, ისევე შევა “აზოვსტალიც”. ბევრს ეგონა, რომ ამ ტერიტორიას უფრო სწრაფად აიღებდნენ, მაგრამ “აზოველებმა” ზეადამიანური გამძლეობის მაგალითი აჩვენეს. მებრძოლებმა იციან, რომ რუსეთისგან დანდობა არ იქნება და ეს ბრძოლის უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მათ. “აზოვსტალზე” იერიშის გადადების მიზეზები შესაძლოა რამდენიმე იყოს. რუსული წყაროების მიხედვით, იქ 4500-მდე მებრძოლია დარჩენილი, მათგან 400-500 დაჭრილია, მათ შორის სამოქალაქო პირები. ასე რომ, შტურმის გადადება განაპირობა იმ დიდი დანაკარგის შიშმა, რომელიც “აზოვსტალზე” შეტევას მოჰყვებოდა და არც გამარჯვების გარანტია ჰქონდათ. რუსეთს ჯარისკაცის სიცოცხლე არასდროს ადარდებდა, მაგრამ მაინც ვერ გარისკეს. "აზოვსტალის" ალყას ნაკლები ცოცხალი ძალა სჭირდება, ვიდრე მის გაწმენდას, რადგან უკრაინელები მუდმივად ცდილობენ ალყის გარღვევას...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“აზოვსტალი” ჩაკეტილ ზონად რჩება, მაგრამ დაბომბვის ინტენსივობა არ მცირდება. ახლა მთავარია, რამდენ ხანს გაძლებენ. “აზოვსტალის” მიწის ქვეშ 4-5 სართულის სიღრმის გვირაბებია. გვირაბების სიგრძე 23 კილომეტრამდეა და პორტისა და ქალაქის ცენტრისკენ გადის, რაც უკრაინელ მებრძოლებს ღამის მოკლე რეიდების საშუალებას აძლევს, რითაც რუსული არმია მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. მისი აღება, მით უფრო, მოკლე ხანში, ადვილი არაა. ვინაიდან ეს ქალაქი ჯერ კიდევ 2014 წლიდან დარტყმის საფრთხის ქვეშაა, გაკეთებული იყო 800-კაციანი თავშესაფარი. ვფიქრობ, თავშესაფრის შესაძლებლობა მხოლოდ სამრეწველო ზონაში 10 000 კაცამდე გაზარდეს. ეს ეხება ასევე მარაგებს, მშრალ ულუფას და ა.შ. თუმცა ამოუწურავი მარაგი არ არსებობს”, - თვლის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი.

“რუსეთმა მოქმედების ტაქტიკა შეიცვალა - სწრაფი სამარშო შეტევის კოლონებიდან მეთოდურ, დაბალი ტემპის მოქმედებაზე გადავიდნენ, რასაც წინ უძღვის ძლიერი საცეცხლე დაზიანება. მაგრამ თუ ადრე სამხრეთ-დასავლეთზე, ოდესა-ნიკოლაევზე ეჭირათ თვალი, ახლა დონბასის დაჯგუფების ალყაზეც კი არა აქვთ დიდი უპირატესობა. ბოლო ხანს ხშირად ისმის, რომ სამ დღეში, ერთ კვირაში, ახლა უკვე აღდგომის შემდეგ იქნება გადამწყვეტი ბრძოლები, მაგრამ რუსეთს თანდათან შეჰყავს ძალები და დარტყმით ეფექტს ვერ იღებს, იმის მიუხედავად, რომ საცეცხლე ზემოქმედება გაზრდილია. თუმცა დიდი უპირატესობა აქვთ - ლოგისტიკის შესავსებად უფრო მოკლე მანძილის გავლა უწევთ, ვიდრე უკრაინას. სულ რაღაც 100 კილომეტრში, რუსეთის საზღვართან აქვთ ყველა საჭირო მასალა და გზის გავლა უსაფრთხოდ უწევთ. სამხედრო პლაცდარმიც კი აქვთ. მაგრამ ამ და სხვა უპირატესობის მიუხედავად, მოულოდნელობის ეფექტი ვერ შექმნეს, ოპერაციებს ძალზე სწორხაზოვნად, ყოველგვარი ე.წ. შემოქმედებითი მიდგომების გარეშე ატარებენ, რაც სამხედრო ხელოვნებაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ხანდახან ვფიქრობ, ეს მანევრი ხომ არ არის, რათა უკრაინელების ყურადღება­ აღმოსავლეთით მიმართონ, ამასობაში კი ოდესასა და ნიკოლაევს დაარტყან. შესაძლოა არც არაფერი მოხდეს, მაგრამ იმის თქმა, რომ გაზაფხულია და ტანკს და მძიმე ტექნიკას გადაადგილება გაუჭირდება, არასერიოზულია”, - ეჭვობს ვახტანგ კაპანაძე.

“21-ე საუკუნის ტანკის მუხლუხი უფრო ძლიერია, ვიდრე 40-იანი წლების დასაწყისში იყო. რაიონში, რომელიც რუსეთის სამიზნეა, სოფლები ერთმანეთში გადადის, გზებიც გამართულია და ტალახში სვლა არ ჭირს. იზიუმის მიმართულებით გადის წყალგამყოფი სიმაღლეებით. ასევე არის შახტებში მუშაობის შემდეგ დარჩენილი კონუსის ფორმის მიწის გორაკები, რომლებიც ზოგან გატყიურებულია. მათ როგორც ცეცხლით კორექტირების, ასევე სტეპში სიმაღლის ფუნქციაც აქვთ. სლავიანსკისა და კრამატორსკის შუაში არის მთა კარაჩუმი (თურქულად “შავ სიკვდილს” ნიშნავს), რაც იმ სტეპში რუსებს დიდ უპირატესობას აძლევს. მოსახლეობა ამ ადგილს მომთაბარე თათრების თავდასხმების თავიდან ასარიდებლად იყენებდა - ანუ ის ტერიტორია ორივე მხარისთვის ხელსაყრელია, გააჩნია, ვინ როგორ გამოიყენებს. ახლა უკრაინელების ამოცანაა ოკუპანტის შეჩერება, მაგრამ იმისთვის, რომ რუსები უკუაგდონ, დამატებით სჭირდებათ არტილერია და ჯავშანტექნიკა. ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად სჭირდებათ ავიაციის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის, გამანადგურებლები, მხარდამჭერები და ბომბდამშენები, შორსმსროლელი არტილერია, აერომობილური ოპერაციებისთვის კი ვერტმფრენები”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ უტრიალებენ მარიუპოლს, 9 მაისამდე კი ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ “აზოველების” გამძლეობა ადამიანურ შესაძლებლობებს აჭარბებს. ამიტომ არ არის გამორიცხული, 9 მაისსაც იგივე ვითარება იყოს. პუტინი შეეცდება პროპაგანდისტული მანქანებით ყველაფერი სათავისოდ წარმოაჩინოს, რომ ყირიმსა და რუსეთს შორის სახმელეთო დერეფანი გაყვანილია, ლუგანსკის 80% თითქმის აღებულია... 9 მაისამდე, ალბათ, წინსვლის იმედი და პერსპექტივა აქვთ, მაგრამ აქაც რომ გაჩერდნენ, მაინც იტყვიან, უკრაინის დენაციფიკაცია მოხდაო. კრემლის მიერ “ნაცისტებად” წარმოჩენილ “აზოველებზე” უკვე ირწმუნებიან, გავანადგურეთო - ანუ მათი პროპაგანდის მიხედვით, ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში რუსი მოქალაქეებისთვის საფრთხე მოხსნილია. ეს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების პროპაგანდას ჰგავს, მზეზე რომ გადასხეს ასტრონავტები და ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოუგეს... მოკლედ, სინამდვილე ასეთია - ჩანს, რომ ეს ომი სტაგნაციურ-პოზიციური დაპირისპირების სახეს მიიღებს, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს. ამ დროის განმავლობაში სამხედრო თვალსაზრისით უკრაინა გაძლიერდება, რუსეთი კი დასუსტდება. თუმცა მას რჩება ის კოზირი, რომ ეს ომი რუსეთის საფრთხედ გამოაცხადოს და ამას ადამიანური რესურსის მობილიზაცია მოჰყვეს. ამის მიუხედავად, მალე რუსეთი უდიდესი პრობლემების პირისპირ დადგება, სხვა თუ არაფერი, ტანკებს ვეღარ უშვებენ, რადგან ფრანგული ლაზერული სამიზნეებით იყო აღჭურვილი. მანქანებსაც ვეღარ აწარმოებენ იმ ხარისხით, რაც საჭიროა, რადგან უცხოური­ კომპანიების დიდმა ნაწილმა დატოვა რუსული ბაზარი. ეს მხოლოდ დასაწყისია, რუსეთს ძალიან მალე როგორც სამხედრო, ასევე, ეკონომიკური პრობლემები დაარტყამს. ზოგადად, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინას მომავალი აქვს, რუსეთს - არა”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

დაიწყება თუ არა გადაჯგუფებები პარტიებს შორის

“რა ფორმით გააგრძელებს ოპოზიცია ბრძოლას უახლოეს მომავალში, შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. “ნაცმოძრაობა” ყველა პარტიას მოუწოდებს გაერთიანებისკენ, რადგან მიიჩნევს, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ეს იქნება ის მთავარი გასაღები ხელისუფლების დამარცხების. მმართველი პარტიაში კი აცხადებენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დღის წესრიგი არ იცვლება და მათი მთავარი მიზანი არეულობის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ოპოზიციის და პოზიციის შეხედულებები სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” ბოლო კვლევის თანახმად კი თანხვედრაში არ არის საზოგადოების განწყობებთან, რადგან გამოკითხულთა 64%-ი მიიჩნევს, რომ მათი შეხედულებები ახლოს არცერთ პარტიასთან არ დგას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაიწყება თუ არა გადაჯგუფებები პარტიებს შორის.

“ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ სპექტრში გადაჯგუფებები დაიწყოს, თუმცა, ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი იქნება, თუ წვრილი პარტიები “ნაცმოძარობის” მიღმა პოზიციურ ბრძოლას დაიწყებენ. “30 წლის მანძილზე არაერთი გადაჯგუფება მომხდარა ქართულ პოლიტიკაში, იგივე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მოლოდინი არ მაქვს. არ ვიცი, რას გულისხმობდა “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე კეზერაშვილთან პარტნიორობაში, მაგრამ, რატომ არ შეიძლება, რომ ნიკა მელია ფიქრობდეს სხვა ალტერნატივაზე, თუ “ნაცმოძრაობაში” საქმე ისე არ წავა, როგორც მას უნდა. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, წვრილი პარტიები უნდა ჩამოყალიყდნენ, უნდათ დამოუკიდებლად მოქმედება, თუ “ნაცმოძარობასთან” ბლოკში რჩებიან. ვფიქრობ, უნდა გარისკონ, ერთად თუ არა, ორ ჯგუფად მაინც ჩამოყალიბდნენ და “ნაცმოძრაობის" მიღმა შექმნან სერიოზული ბირთვი”, - თვლის ძაბირაძე, რომლის თქმით, "ეს იქნება შანსი ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ძალა", - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიცია ქუჩაში 200 ათას კაცს ვერ გამოიყვანს, ამის რესურსი არ აქვს, ამიტომ პატარა პარტიებმა აქედანვე უნდა დაიწყონ მშვიდი, მეთოდური პოზიციური ბრძოლა, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის”, - დაასკვნის ძაბირაძე. ექსპერტი პეტრე მამრაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პარტიებს შორის კონფიგურაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს მოსახლოების მხარდაჭერას პარტიების მიმართ არ გაზრდის. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი არ გამორიცხავს, რომ პარტიებს შორის გარკვეული მოძრაობები, ანუ გადადგილებები უახლოეს მომავლში დაიწყოს. მისი თქმით, კარგი იქნება თუ კოორდინირებული სვლა მოხდება, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლსა” და “ევროპულ საქართველოს/; შორის.

“კონფიგურაციების მომსწრე ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ შედეგი რა არის? საქართველოში პარტიები ერთმანეთთან იდეისა და იდეოლოგიის გამო არ ერთიანდება, აქ მთავარი არის ვინ რას შემოგთავზებს. როდესაც მიდის ვაჭრობა, ნებისმიერი კონფიგურაცია შეიძლება გამოჩნდეს. გაზრდის თუ არა ხალხის მხარდაჭერას პარტიებს შორის გადაჯგუფება, არა. ოპოზიცია რას აღარ ეცადა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ხელისუფლება შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ, დღეს ხალხში არ არის ის განწყობა, რომ ქუჩაში გამოვიდეს და თქვას, უნდა დამთავრდეს ეს “ოცნებაო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“დიდი ალბათობით პარტიებს შორის გადაჯგუფებები დაიწყება და ეს იქნება პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლნების გამო გარკვეულწილად შეჩერდა. არა მგონია, რომ “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანდეს “ლელო”, მაგრამ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ კოორდინირებული სვლა დაიწყება “ლელოს”, “ევროპულ საქრთველოს” და “სტრატეგია აღმაშენებელს” შორის. ეს იქნება ყველაზე სწორი სვლა” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

რატომ ჭიანურდება წლობით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა

“საკონსტიტუციო სასამართლოს 76 საქმეზე აქვს გადაწყვეტილება გამოსაცხადებელი და აქედან ყველაზე ძველი საქმის არსებითი განხილვა 2016 წლის 4 თებერვალს არის გამართული. ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ ამ ერთ საქმეზე უკვე მეშვიდე წელია ფიქრობს, რა გადაწყვეტილება გამოაცხადოს. ამ საქმეებიდან ბოლო არსებითი განხილვა 2022 წლის 10 თებერვალს გაიმართა და გადაწყვეტილებაზე სულ რაღაც ორთვენახევარია, ფიქრობს. 76 საქმიდან 28 პირველმა კოლეგიამ განიხილა, 26 - მეორემ, ხოლო 22 საქმე პლენუმმა და დღემდე ფიქრობს. სხვათა შორის, ყველაზე ძველი საქმეები სწორედ კოლეგიის განხილულია (საკონსტიტუციო სასამართლოდან ინფორმაცია გამოთხოვილია 2022 წლის თებერვლის ჩათვლით)”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რატომ ჭიანურდება წლობით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა / “საკონსტიტუციო სასამართლო წლებია დუმს და არავინ იცის, გადაწყვეტილებები კიდევ რამდენ ხანს დაახანებს. ამასთან, რომც გამოაცხადონ, ბევრი რამ უკვე შეცვლილი იქნება და შესაძლოა აქტუალურობა დაკარგული ჰქონდეს”.

“ამ კატეგორიის საქმეების წლებისა და კოლეგიების მიხედვით გადანაწილება ასეთია: 2016 წელი - 8 საქმე და რვავე პლენუმის განხილული; 2017 წელი - 9 საქმე. აქედან 4 პირველი კოლეგიის საქმეა, 2 - მეორე კოლეგიის, 3 - პლენუმის; 2018 წელი - 14 საქმე. აქედან 8 პირველი კოლეგიის საქმეა, 5 - მეორე კოლეგიის და 1 - პლენუმის; 2019 წელი - 15 საქმე, აქედან 6-6 პირველი და მეორე კოლეგიის საქმეებია და 3 - პლენუმის; 2020 წელი - 6 საქმე, აქედან 1 პირველი კოლეგიის საქმეა, 3 - მეორე კოლეგიის და 2 - პლენუმის; 2021 წელი - 22 საქმე, აქედან 7 პირველი კოლეგიის საქმეა, 10 - მეორე კოლეგიის და 5 _ პლენუმის; 2022 წელი - 2 საქმე და ორივე პირველი კოლეგიის საქმეებია. მეორე კოლეგიასა და პლენუმს წელს საქმეების განხილვა არ დაუსრულებიათ. 76 საქმის დეტალური განხილვა საკმაოდ მოცულობითი იქნება. ეს არის ის საქმეები, რომლებზეც მოქალაქეების აზრით, სახელმწიფო უწყებების ქმედებების გამო მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და ეს ეხება საკანონმდებლო საქმიანობასაც. ეს კი ნიშნავს, რომ საკითხი, რომელიც ერთ კონკრეტულ პირს აქვს გასაჩივრებული, შესაძლებელია ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხებოდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ ამ 76 საქმიდან პარლამენტი 71 საქმეზეა მოპასუხე ინდივიდუალურად ან სხვა უწყებებთან ერთად. აქედან 5 საქმეა, სადაც პარლამენტთან ერთად მოპასუხე სხვა უწყებები არიან. კერძოდ: ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის საბჭო და მთავრობა, ხოლო მეხუთე საქმეზე - პრეზიდენტი და მთავრობა. რაც შეეხება იმ საქმეებს, სადაც პარლამენტი არ არის მოპასუხე, ასეთი ხუთი საქმეა 76-დან და მოპასუხეები არიან: 1 - შს და ჯანდაცვის სამინისტროები; 2 - მთავრობა; 3 - ჯანდაცვის სამინისტრო; 4 - მთავრობა და 5 - პრეზიდენტი და მთავრობა. რატომ გაჭიანურდა წლობით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა და როგორ იმოქმედებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ამ საკითხებზე სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ. “სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს არსი ის არის, რომ გონივრულ ვადაში შეფასდეს დარღვევა და მისი დადასტურების შემთხვევაში აღმოიფხვრას კონსტიტუციასთან ის შეუსაბამობა, რომელიც არსებობდა. ახლა რა ხდება? საკონსტიტუციო სასამართლომ ამა თუ იმ საქმეზე იმსჯელა, დარჩა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არ იღებენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში”, - ამტკიცებს ალაფიშვილი, რომლის აზრით, “ამის გამო გადაწყვეტილების გამოცხადებამ შეიძლება აქტუალურობაც დაკარგოს”, - დასძენს გამოცემა.

“მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც შეეხებოდა 2017 წელს ადგილობრივ არჩევნებს, კონკრეტულად, მერებისა და საკრებულოების არჩევნების მომწესრიგებელ ნორმას საარჩევნო კოდექსში, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში მიღებაზე არც უმსჯელია, სარჩელი განსახილველადაც არ გადაუციათ, დღეს კი საარჩევნო კოდექსის ეს ნორმები აღარც აქტუალურია და აღარც არსებობს იმ სახით, როგორიც გასაჩივრების დროს იყო. მეტიც, სადაცაა მეორე არჩევნები ჩატარდება და იმ უფლებამ, რომლითაც კანდიდატებმა თამარ თედლიაშვილმა და მიხეილ ჩიტიძემ ისარგებლეს და მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათთვის აქტუალურობა ხომ დაკარგა? მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება ხომ ფიქციად იქცა? ხვალ წარმოებაში რომც მიიღონ სარჩელი და დაჩქარებული წესით განიხილონ და რომც დაადასტურონ, რომ იმდროინდელი ნორმა მართლაც ანტიკონსტიტუციური იყო, ამ ორი პირისა და კიდევ სხვების დარღვეული უფლების კომპენსაცია რაიმე სახით ხომ ვეღარ მოხდება?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“შესაძლოა აგვიანებენ სხვადასხვა ფაქტორის, თუნდაც პოლიტიკური აქტუალურობის გამო. ამის მაგალითია ზემოთ მოყვანილ არჩევნებთან დაკავშირებული საქმე. ამიტომაც არის კითხვები ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან - პრეზიდენტის დეკრეტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა, სათათბიროდ გავიდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ის მოსამართლეები, რომლებიც განხილვაში მონაწილეობდნენ, შეიცვალნენ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ერთი მხრივ, იყო პანდემია, მეორე მხრივ კი, არის არაერთი გადაწყვეტილება, რომლებითაც ხელისუფლების წარმომადგენლები კონსტიტუციის იმ ჩარჩოებს გასცდნენ, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის უფლებამოსილების ფარგლები იძლევა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც არის დადასტურებული. საქართველოში ჩამოყალიბდა ე.წ. პანდემიური ავტორიტარიზმი და ცხადია, ამაში პოლიტიკური შემადგენელი არსებობდა. სავარაუდოდ, მსჯელობის დროს პოლიტიკური ლოიალურობა მნიშვნელოვანი­ იქნებოდა, ამიტომ გაჭიანურდა ეს ყველაფერი”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“მეტსაც გეტყვით, ვენეციის კომისიისა და სტრასბურგის რეკომენდაციაა პანდემიის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს პროაქტიული მოქმედება, რათა ამა თუ იმ ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ ჩამოყალიბდეს, ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო კი უკვე რამდენიმე წელია დუმს და არავინ იცის, გადაწყვეტილებები კიდევ რამდენ ხანს დაახანებს... ევროკავშირში გაწევრებისთვის კითხვარის დიდი ნაწილი შეეხება მართლმსაჯულებას და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაც მოექცევა ყურადღების ცენტრში, მართალია, მცირე დოზით, ვიდრე საერთო სასამართლოები, მაგრამ აუცილებლად მოექცევა, მით უმეტეს, კონსტიტუციის ბოლო ცვლილებებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ინსტიტუციურადაც მოქცეულია მართლმსაჯულების სისტემაში. ის, რომ ევროასოცირების გზაზე ინსტიტუციურად მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციოს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა, უდავოა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირი არაერთ პროგრამას წარმართავს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გასაძლიერებლად”, - დასძენს ლევან ალაფიშვილი და შეკითხვაზე - “გადაწყვეტილების მიღების განუსაზღვრელობა როგორ შეიძლება დარეგულირდეს?” - პასუხობს:

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და კანონმა შეზღუდოს ვადა. თუმცა არც ეს არის საკმარისი, რადგან ხშირად კანონებში არსებული რაღაც შეზღუდვების გამო ვადას არ იცავენ. თავად “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში გაწერილია საქმის წარმოებაში მიღების პროცედურა და ვადები, არადა, წლებია ბევრი საქმე წარმოებაში არ მიუღიათ. საერთო სასამართლოებში კიდევ ერთი პრობლემა საქმეების რაოდენობაა. შესაძლოა მოსამართლეს ძალიანაც უნდოდეს ვადები არ დაარღვიოს, მაგრამ საქმეების სიჭარბის გამო ვერ ახერხებს. საკონსტიტუციო სასამართლოში კი ეს პრობლემა არ არის და ამიტომ სრულად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ცხადია, არ ვგულისხმობ პერსონალურად რომელიმე მოსამართლეს, ლაპარაკია მთლიან აპარატზე”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს