მხოლოდ „სიტყვით“ როდი
უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩვენს ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკონში რამდენიმე სიტყვა მტკიცედ დაამკვიდრა. ერთ-ერთი მათგანია „სანქცია“. ამა წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მისამართით განახლებული შეიარაღებული აგრესიის საპასუხოდ კოლექტიური დასავლეთის სანქციების არაერთმა ტალღამ მედიის, ანალიტიკური და სახელისუფლო წრეების ყურადღება მყარად მიიპყრო. დღე არ გადის, სხვადასხვა საჯარო საშუალებით - ჩვენში თუ უცხოეთში - ამა თუ იმ სასანქციო პაკეტის არსის, მათი გამოყენების კონკრეტული არეალის განხილვის გარეშე. უმთავრესი შეკითხვაც, ვფიქრობთ, ასე ფორმულირდება: როგორია სანქციის პრაქტიკული ზემოქმედება აგრესორის შესაჩერებლად, ომის დასრულების მიზნით სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტისა და მოლაპარაკებათა პროცესის გასააქტიურებლად?
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ესოდენ ხშირი გამოყენებისა, არათუ ჩვენთან, არამედ უცხოეთშიც კი სანქციის არსზე, მის ეფექტიანობასა და სასურველ შედეგიანობაზე აზრთა ერთიანობა ჩამოყალიბებული არ არის. მეტიც, ასეთი მსჯელობის ტონი და ფარგლები საკმაოდ მრავალფეროვანი და, ზოგჯერ, წინააღმდეგობრივიცაა: სანქციათა მითოლოგიზებული ძლევამოსილების ხაზგასმით დაწყებული, დასახული მიზნის მისაღწევად მათი პრაქტიკული უსარგებლობით დამთავრებული.
ვერც იმის თქმა ივარგებს, რომ სანქციათა გამოყენების პრაქტიკა ჯერაც „ახალგაზრდა მეცნიერებაა“, რამეთუ მისი ისტორია 2,400 წელს ითვლის პელოპონესის ომიდან მოყოლებული. თუმცა ბუნებრივია, რომ მყარი დასკვნების გამოსატანად წელთა ასე მექანიკური გადათვლა არ გამოგვადგება: კონფლიქტისა და ომის ევოლუციას თავისი ეტაპები აქვს. ყოველ ასეთ ეტაპს საკუთარი ავთენტურობა გამოარჩევს, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობის კოდიფიკაციისა თუ აღსრულების ხარისხი, თუ, ვთქვათ, კონკრეტული ომის საწარმოებლად იმ დროისათვის არსებული ტექნოლოგიები. მეტიც, საერთაშორისო ურთიერთობათა გლობალურ ასპარეზზე საუბრისას, ასევე მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ის, თუ მოცემულ ისტორიულ კონტექსტში, რამდენად მაცდუნებელია რევიზიონისტი და აგრესორი ქვეყნისათვის სხვისი ხელყოფა და რა შესაბამისი საშუალებები აქვს ამისათვის, ხოლო მეორე მხრივ, რამდენად არსებობს პოლიტიკური ნება და მატერიალური რესურსი ასეთ ხელყოფასთან დაპირისპირებისა და აღკვეთისათვის.
ისტორიული თვალსაზრისით, ცხადია, სანქციების გამოყენება და მათი გზით ომისა და მშვიდობის ბედის გადაწყვეტის უნივერსალურ რეცეპტად გადაქცევა არაერთ წინააღმდეგობრივ ფაქტს, პარალელს და დაკვირვებას უკავშირდება. მათი განზოგადება დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ევროპის შუაგულში უმსხვილესი სამხედრო დაპირისპირების - რუსეთისა და უკრაინის ომის - მიმდინარეობის ფონზე. ამ ომთან დაკავშირებულ ნებისმიერ ასპექტს ათმაგად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ამ ომის ერთ მხარეს ევროპული უსაფრთხოების წესების უხეშ ძალაზე მორგების გეგმა დგას, ხოლო მეორე მხარეს კი, ამ გეგმის ჩაშლის ქმედით ზომებთან ერთად, ევროპული წესრიგის თანამედროვე გამოწვევების შესაკავებლად ადეკვატურ საფუძვლებზე გადაწყობის აუცილებლობა.
ასეთ საპასუხისმგებლო პროცესში სანქციის ფენომენი, მისი როლი და დანიშნულება, სხვა შემაკავებელი ზომების პარალელურად, მუდმივ დაკვირვებას, გააზრებასა და დასკვნების განახლებას მოითხოვს. ამ სტატიის მიზანიც სწორედ რომ რამდენიმე დაკვირვებისა თუ მოსაზრების მკითხველისათვის გაზიარებაა. საამისოდ ჯერ ე.წ. „სასანქციო თეორიას“ მოვიხმობთ და რამდენიმე ასპექტს გავიხსენებთ. ვფიქრობთ, რომ მათ გარეშე უკრაინაში რუსული აგრესიის აღსაკვეთად დასავლური სანქციების ეფექტიანობაზე საუბარი ცალმხრივი და არასრული იქნება.
თეორიზების რეალისტური („არასაზეიმო“) მხარე
ეკონომიკური სანქციები არის შუალედური „გაჩერება“ პრობლემის მოსაგვარებლად წარუმატებელ დიპლომატიურ მცდელობასა და შეიარაღებულ ჩარევას შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანქციების ამოქმედებით მათი ავტორი ან ავტორთა ჯგუფი აღიარებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური გზებით მოქმედებამ, მეტწილად, ფიასკო განიცადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტორებს აქვთ სრული სურვილი, განზრახვა და მზაობა უსწორობის გასასწორებლად ღიად მიმართონ სამხედრო ხერხებს.
საჭიროა გავიხსენოთ, რომ არც სანქციების გამოყენების თანამედროვე ისტორია გამოირჩევა უწყვეტობითა და თანმიმდევრულობით. ასე მაგალითად, ომის აღსაკვეთად მიმართული სანქციები მეტ-ნაკლები სიხშირით - და უფრო მეტად წარუმატებლობით - ჯერ პირველსა და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში იჩენს თავს. იმ დროში თავად სანქციის რაობა მის თანამედროვე გაგებას დაშორებულია და მეტწილად ეკონომიკური ბლოკადის შინაარსისაა. უპირველესად საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის შეზღუდვით, ამგვარი ბლოკადა აგრესორი ან ბრალდებული მხარის დასჯის ყველაზე ოპტიმალურ ეკონომიკურ იარაღად ითვლებოდა, ამჟამინდელ სამხედრო ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, იმ დროის „ბირთვულ“ იარაღადაც კი. გარკვეული პრაქტიკის მიუხედავად, ამ იარაღმა ვერ მიაღწია სამხედრო ინტერვენციების თავიდან არიდების უნივერსალურ მიზანს და ვერც დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომი აარიდა კაცობრიობას.
შედარებით აქტიური სასანქციო პოლიტიკის ხელახლა აღმოცენება და მსოფლიო პრაქტიკაში დამკვიდრება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იღებს სათავეს.
„სასწაულმოქმედი“ სასანქციო შედეგების რეალისტური მოლოდინების მხრივ, ზოგადი ხასიათის შენიშვნა არის ის, რომ სანქციების შედეგიანობა ერთობ „აღრეულია“ და ყოველთვის სიმყარითა და სიაშკარავით არ გამოირჩევა. კონკრეტულ საზომს თუ მოვიშველიებთ, დასახული მიზნების მიღწევის მხრივ, ბოლო ათწლეულებში ამოქმედებული სხვადასხვა სასანქციო-სადამსჯელო ღონისძიების მხოლოდ ერთმა მესამედმა გაამართლა სრულად. ერთი მხრივ, შეიარაღებული ძალების ნაცვლად სანქციების ფართოდ გამოყენება სამოქალაქო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აძლევს კრიზისების უკეთ, ნაკლებად ფეთქებადსაშიშ რეჟიმში მართვის ბერკეტს. ამასთანავე, სანქციების დაწესება, სამხედრო ან საომარ მოქმედებებში ჩაბმასთან შედარებით, ნაკლებ ფიზიკურ და პოლიტიკურ რისკს შეიცავს.
და მაინც, სანქციების ამოქმედება-გატარებისას რა არის ის აუცილებელი თეორიული ნიუანსები, რომლებიც სასანქციო პაკეტს კონკრეტულ შემთხვევაზე მიმართულს, მორგებულს, და ამდენად, უფრო ეფექტიანს გახდის, ხოლო მათი პრაქტიკული შედეგების მიმართ აუდიტორიის მოლოდინს – შედარებით რეალისტურს?
კარგად გვესმოდეს მიზანი
ერთია, დროული და სწორი შეფასება მისცე საერთაშორისო სამართლისა და ქცევის ნორმების ხელყოფას, დაგმო ის და დამრღვევს გამოსწორებისაკენ მოუწოდო, მაგრამ ეს მაინც ხელყოფის შეფასებითი, პოლიტიკურ-დეკლარაციული მხარეა. გაცილებით რთული ამბავია, შეფასებასა და დაგმობასთან ერთად ქმედითი კონტრზომების შემუშავება, მათ შორის, ეკონომიკურად „ლეტალური“ იარაღის - სანქციების გათვალისწინებით.
ეკონომიკურად „ლეტალურობა“ - სანქციების ეკონომიკური გაგებით მომაკვდინებელი ეფექტი შემთხვევით არ ვახსენეთ, ვინაიდან, არსებითად, ნებისმიერი სანქციის ზოგადი დანიშნულება არის სამიზნე ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივ-სოციალური რესურსების დაქვეითება და მოშლა ნომინალური მშვიდობიანობის პირობებში.
ამ ერთობ გასაგები ფორმით ჩამოყალიბებული დანიშნულების მიუხედავად, როგორც პრაქტიკა და რეალობა უჩვენებს, კონკრეტულ შემთხვევასთან სანქციების ზუსტად მორგება მაინც ურთულესი ამოცანაა. პრინციპში, ეს, თანამედროვე მსოფლიოში განსხვავებულ აქტორთა პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო ურთიერთგადაფარვის გათვალისწინებით, არც არის გასაკვირი.
ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია, სანქციების პაკეტის ავტორს კარგად ესმოდეს: რას ემსახურება სადამსჯელო ზომები? რა შედეგს ელის იგი ამ ზომების გატარებისას? ამასთანავე, სანქციაზე ორიენტირებული რეაგირება მოითხოვს, რომ ამ ძირითად შეკითხვებზე პასუხები იმთავითვე არსებობდეს, რადგან საკვანძო მიზნებისა და ამოცანების გაურკვევლობა, ძირითადი ორიენტირის სანქციების მოქმედების კვალდაკვალ შეცვლა, დააზარალებს სანქციის ავტორის რეპუტაციას და სასანქციო ზომების ეფექტიანობას გამოფიტავს.
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სანქციის ამოქმედების მოტივია სამიზნე ქვეყნისათვის იმ დოზის ზიანის - ტკივილის - მიყენება, რომელიც მას გარკვეულ მოკლევადიან მოქმედებასა ან გრძელვადიან პოლიტიკაზე უარს ათქმევინებს. ამიტომაც, ერთია სასანქციო ღონისძიებების მიზნებისა და ამოცანების დასაწყისშივე სწორად გააზრება, ხოლო მეორეა მათი მართვის ასევე სწორი და მიუკერძოებელი მონიტორინგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროცესში თანაბრად მნიშვნელოვანია...
...სანქციების მართვა
სწორი მართვის პროცესი კი ასევე რამდენიმე პრაქტიკულად არსებით ასპექტს უკავშირდება.
ერთია მასშტაბური სანქციების მეტი ეფექტიანობის მიზნით შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების ირგვლივ მონაწილეთა რაც შეიძლება დიდი კოალიცია, კოალიციური ერთობის წევრთა სიმტკიცე და ერთიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების სამიზნე აუცილებლად იპოვის თავისი მავნე პოლიტიკურ-სამხედრო ხაზის შესანარჩუნებლად საჭირო ხვრელებს, ხოლო დროთა განმავლობაში სანქციების ეფექტიანობას პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანს. კოალიციურ ერთობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სანქციათა პაკეტის სხვადასხვა მონაწილეებს - განსაკუთრებით, მათი სიმრავლის შემთხვევაში - ასევე შესაძლოა განსხვავებული დამოკიდებულება და მოტივები ამოძრავებდეს. ამდენად, მასშტაბური სანქციების ეფექტიანობას არამხოლოდ წევრ-მონაწილეთა რაოდენობა, არამედ მათი ვინაობა განაპირობებს.
მორიგ პრაქტიკულ საკითხად გასააზრებელია აგრეთვე საკუთრივ სამიზნე ქვეყნისა და მისი საზოგადოების აღქმა და მათი დამოკიდებულება შესაძლო სანქციებისადმი. აქაც რამდენიმე შენიშვნაა საჭირო. პირველი, სანქციების შედეგიანობის ალბათობა შედარებით მაღალია უფრო ღია, ვიდრე ავტორიტარული სამიზნე ქვეყნის პირობებში. მეტიც: რაც უფრო მაღალია ავტორიტარული რეჟიმის მიერ საზოგადოებრივი აზრისა და მოვლენათა აღქმის კონტროლი, მით უფრო დიდია რეჟიმის ირგვლივ ამავე საზოგადოების კონსოლიდირების ალბათობაც. ამდენად, სამიზნის სწორად შერჩევას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.
მეორე რიგის გარემოება, სანქციების მართვის ჭრილში, არის მათი მიმდინარეობის მუდმივი შეფასება, უკვე არსებული ზომების დაკორექტირების ან ახლით შევსების მიზნით. ამასთანავე, მცდარია მოსაზრება, რომ სანქციათა ეფექტიანობა, გინდა თუ არა, მათი სიმძაფრის და მოცულობის მექანიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სიტყვა „მართვას“ აქ მხოლოდ სემანტიკური დანიშნულება როდი აქვს, იგი მეტად კონკრეტულ ფუნქციურ დატვირთვას იძენს. ამიტომაც, სწორ მართვას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, რადგან ასეთი კომპლექსური მიდგომის შედეგად, სანქციებით მიყენებული „ტკივილი“ არც იმაზე ნაკლები და არც იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებით იყო მოტივირებული.
მართვის პროცესზე საუბრისას, აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად აუცილებელია სასანქციო პოლიტიკით განსაზღვრული ესკალაციისა და დეესკალაციის ზომების ადეკვატური თანწყობა, რომელიც სამიზნე ქვეყანასთან და მის ხელისუფლებასთან „მათრახისა და კვერის“ პრინციპით კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ეს ის აუცილებელი მოქნილობაა, რაც სანქციის შედეგობრივ გამოყენებას ემსახურება.
ბოლოდროინდელი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მართვის ნაწილში თავი მოიყარა იურიდიული ხასიათის პრობლემატიკამაც. ასე მაგალითად, ბოლომდე ნათელი არ არის რეგულატორებისა და სასამართლოების პოზიცია ე.წ. „წარმოებადი“ სანქციებსა (secondary sanctions) თუ პერსონალურად სანქცირებული პირების ე.წ. „კორპორაციულ საფარქვეშ“ მოქმედების შესახებ და სხვ. ეს ყოველივე მეტად სპეციფიკურია და ჩვენს სტატიაში გაშლილი მსჯელობის მიღმაა.
თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს - განსაკუთრებით მართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით - ბოლო პერიოდში ე.წ. „ჭკვიანი“ სანქციების თემა. აქ ძირითადი სათქმელი ისაა, რომ სანქციების ავტორებმა თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი შედეგი (მაგალითად, ჰუმანიტარული კატასტროფა, პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება) და სასანქციო ზომების სწორი კომპლექტაცია აირჩიონ - ისევ და ისევ მიზნებსა და ამოცანებთან თანაფარდი „სასანქციო ტკივილის“ განსასაზღვრად. აქვე დავძენთ, რომ სანქციების ამოქმედების გადაწყვეტილების პარალელურად საჭიროა სანქციებიდან თანმიმდევრული გამოსვლის სწორი გააზრება, რადგან ამ შემთხვევაშიც, აჩქარება ან შეყოვნება, ისე როგორც ნებისმიერი სპონტანურობა, აღნიშნული ეკონომიკური იარაღის ფუნქციონალურ მხარეს დააზიანებს.
ფაქტია, რომ ეს და ამ ნაწილში ხსენებული სხვა საკითხები თანამედროვე სანქციების გატარებისას საჭირო პრაქტიკულ ცოდნას, დეპოლიტიზებულ ანალიზსა და ტექნოკრატიულ შეფასებას მოითხოვს. სხვაგვარად „ეკონომიკური ომის“ შედეგიანობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცევა, ვინაიდან სიტყვა „სანქცია“ აპრიორში წარმატებას არ უდრის.
უკრაინული (შუალედური) გაკვეთილები
ომის დაწყებიდან წამოჭრილი შეკითხვები ამ მომენტისთვისაც აქტუალურია: შეუძლია თუ არა რამდენიმე სხვადასხვა ეტაპად ამოქმედებულ სანქციებს რუსეთის შეჩერება? რა ხარისხით არის ეფექტიანი უკვე ამოქმედებული სანქციები? რა დარჩა დამატებით ასამოქმედებელი სანქციების სრული ეფექტიანობისათვის?
ეს საკითხები მით უფრო აქტუალურია, როდესაც ომის მანქანა არათუ შენელდა, არამედ ამ სტატიის წერის მომენტისათვის ახალი ძალით იქოქება, რასაც თან ახლავს ადამიანური ტრაგედიის მასშტაბის ზრდა და პოლიტიკური გადაწყვეტის გზაზე ომში პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეთა ძალისხმევის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება...
არადა, დასავლური სამყაროს მიერ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციები უპრეცედენტოა. რიგი მრავალფეროვანი ზომების სათავეში მაინც ორი უნდა ვახსენოთ: ფინანსური და ენერგეტიკული ხასიათის სანქციები.
ფინანსური ხასიათის სანქციების შედარებითი ეფექტიანობა ასევე ორმა გარემოებამ განსაზღვრა: ერთია აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის როლი, ხოლო მეორე - საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების მჭიდრო ინტეგრირება აშშ-ს საბანკო სისტემასთან. ორივე გარემოება, ერთად აღებული, ფინანსური სანქციების შედეგიანობას ხელს უწყობს. სწორედ ამის უშუალო შედეგია 24 თებერვლისათვის რუსეთის 640 მილიარდიანი აშშ დოლარის სავალუტო რეზერვის მკვეთრი შემცირება ჯერ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვით, ხოლო მერე უკვე რუსულ ოქროზე ოპერაციების შეზღუდვით. ამგვარად, დაახლოებითი გათვლით, რუსეთის ხელთ გამოსაყენებელი სარეზერვო აქტივი 160 მილიარდ აშშ დოლარამდე დავიდა (აქედან, ზუსტად უცნობია უკვე რამდენია დახარჯული ომზე – სხვადასხვა წყარო 40 მილიარდიდან 60 მილიარდ აშშ დოლარამდე ასახელებს). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკვე განხორციელებული შთამბეჭდავი ღონისძიებების მიუხედავად, საფინანსო-საბანკო სანქციების თვალსაზრისით სრული მექანიზმი ჯერაც არ არის ამოქმედებული, რაც უმთავრესად საერთაშორისო საგადახდო საშუალებებიდან რუსული სისტემის სრულ ჩახსნას გულისხმობს.
კიდევ უფრო გაცხარებული კამათის საგნად იქცა რუსული ენერგომატარებლების თემა. მკითხველი უკვე კარგადაა ინფორმირებული აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან შესატყვის დინამიკაზე და ამიტომ ჩვენც მოვერიდებით გამეორებას და მხოლოდ რამდენიმე საკვანძო დებულებას მოვუყრით თავს.
ცნობილია, რომ რუსული ენერგომატარებლების მიმართ აშშ-ზე გაცილებით უფრო მოწყვლადი ევროკავშირია: იგი იმპორტირებული რუსული გაზის 60 პროცენტის, ხოლო ნავთობპროდუქტების 50 პროცენტის მომხმარებელია. ამდენად, სწორედ რომ ევროკავშირის პრინციპულობაზე იყო და არის უმთავრესად დამოკიდებული რუსული სამხედრო მანქანის ფინანსებისგან გამოფიტვა: საქმე ისაა, რომ ევროპელებისაგან შესყიდული ენერგომატარებლების შედეგად რუსეთი მხოლოდ ყოველდღიურად 800 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე იღებდა. ესეც, თავი რომ დავანებოთ საკითხის მორალურ მხარეს.
ევროპამ შედარებით იოლად გაწყვიტა რუსეთიდან ქვანახშირის (ისიც, ეტაპობრივად) იმპორტი: ესეც, ნაწილობრივ, იმიტომ რომ საერთოევროპულ ენერგოსტრუქტურაში რუსული ქვანახშირის ხვედრითი წილი ისედაც მცირე იყო; დამატებით, ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირება თანმხვედრია ევროკავშირის ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე გადასვლის სტრატეგიასთან. გაცილებით რთული გამოდგა რუსულ ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირზე უარის თქმა. ეს სირთულე პირდაპირ უკავშირდება არა მარტო ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ-საარჩევნო კონიუნქტურას, არამედ საერთაშორისო სანქციების კიდევ ერთ მეტად დელიკატურ ასპექტს: შეუძლებელია აზარალო შენთან ინტეგრირებული მსხვილი ეკონომიკა ისე, რომ აბსოლუტურად უვნებლად შეინარჩუნო საკუთარი ეკონომიკური სისტემა. ამდენად, ევროპელი ელექტორატის მიერ სამართლისა და სამართლიანობისათვის გასაღები საზღაური არანაკლებ გამოწვევად იქცა.
აშშ-ს მიერ რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე უარის პირობებში, ევროკავშირი ჯერ კიდევ განიხილავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას. საუბარია, რომ ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტის პროექტი უკვე მზადაა, ხოლო მისი საჯარო განხილვა საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისას დაიწყება. აქაც ცალკეული ქვეყნების მხრიდან ოპონირება თვალსაჩინოა და სანახავია, თუ რა კონკრეტული პირობებით მოხდება რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის თანდათანობითი შეზღუდვა ასეთი იმპორტის შესაძლო სრული აკრძალვის მიზნით. ასე მაგალითად, არის დაშვება, რომ ნავთობპროდუქტების სხვადასხვა კატეგორიები მათი აკრძალვის განსხვავებულ ვადებს დაექვემდებაროს; ასევე, ვადებში განსხვავდებოდეს ნავთობის იმპორტირებისათვის შესაძლებლობების აკრძალვა (ვთქვათ, შედარებით სწრაფი ემბარგო ტანკერებით გადაზიდვაზე, ვიდრე მილსადენებით).
აქვე უნდა აღინიშნოს ჩანაცვლებისათვის აუცილებელი წინაპირობა: რით ჩანაცვლდება რუსული ნავთობი? ამ მხრივ ერთ-ერთი შესაძლო წყარო ახლო აღმოსავლეთია, მაგრამ, აქ უკვე სხვა ხასიათის გეოპოლიტიკურმა წინააღმდეგობებმა იჩინა თავი აშშ-სა და ნავთობის რამდენიმე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას შორის.
გაცილებით უფრო კომპლექსურია რუსული ბუნებრივი აირის თემა და ეს კომპლექსურობა უშუალოდ უკავშირდება როგორც ევროპელი პოლიტიკოსებისათვის იმპორტირებული აირის პოლიტიკურ კაპიტალს, ისე წლების განმავლობაში ევროპული ინფრასტრუქტურის გადაწყობას ამ ენერგორესურსის მიღებაზე. იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკის შემადგენლად სახელდება როგორც სამომხმარებლო და კომერციული ფასის ზრდა, ისე ალტერნატიული მოწოდების არხების იდენტიფიცირება (მაგალითად, თხევადი გაზის იმპორტის შესაძლებლობა აშშ-დან, ავსტრალიიდან, აფრიკიდან). ნებისმიერ შემთხვევაში, რუსულ ბუნებრივ აირზე უარი იმ „რევოლუციურ“ გადაწყვეტილებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ევროპული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და ეკონომიკურ-სოციალური ფაქტურის სიღრმისეული ტრანსფორმაციისაკენ მივყავართ. აქაც დღესდღეობით ჩანაცვლების პროცესის არაერთი პრაქტიკული მექანიზმი განიხილება, მაგრამ ეს უკვე საუბრის სხვა თემაა. ჩვენ ახლა უკვე ევროკავშირის სანქციების რიგით მეექვსე პაკეტს ველოდებით, რაც უფრო დეტალური მსჯელობის შესაძლებლობას მოგვცემს. ამავდროულად, ევროსტრუქტურების საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ეროვნულ დონეზე უკვე აამოქმედა უარი რუსული ნავთობისა და აირის შეძენაზე, ან აამოქმედებს მას.
ფაქტი ერთია, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების რეალური და სასურველი ეფექტის დადგომას - რომ არაფერი ვთქვათ სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებებზე - სჭირდება დრო: ეს ის დროა, რომელიც ასე ძვირფასია უკრაინაში ვითარების დეესკალაციისა და ადამიანური ტრაგედიის დასრულებისათვის. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი გავიხსენებთ, რომ ევროკომისიის გეგმით, ევროკავშირი რუსული ენერგორესურსებისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს, არც მეტი და არც ნაკლები, 2030 წლამდე. ალბათ აქ უკვე უკიდურესად რთულია ვარაუდი, თუ რა დრო შესაძლოა დასჭირდეს რუსულ საგარეო-სამხედრო პოლიტიკაში ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ამ პოლიტიკას დამკვიდრებულ ნორმებს მიუსადაგებს... თუ, მანამდე, რა თქმა უნდა, შიდა რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რუსეთის მოსახლეობის ძალისხმევით, ცივილიზებული სამყაროსათვის სასურველმა გარდატეხამ არ იჩინა თავი.
არსის „განგრძობადობა“ და დროში „უვადობა“
სანქციებზე სასაუბრო ძალიან ვრცელია. ამდენად, წინამდებარე სტატიის მიზანი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებისა და წესრიგის ამ მეტად მნიშვნელოვანი საგნის მხოლოდ რამდენიმე ვიწრო საკითხზე აზრის გამოთქმაა. ამასთანავე, ვცადეთ საკითხების აღნიშვნა მაქსიმალურად შერჩევითად მოგვეხდინა და მათი ნაწილობრივი თეორიზებით შექმნილ რეალობასთან კავშირი არ დაგვეკარგა.
სწორედ თემის მრავალფეროვნების გამო სასურველია მის განხილვას კიდევ არაერთხელ დავუბრუნდეთ, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომისა და მისი შედეგების კონტექსტში. ზოგადად, სანქციების კონტექსტური წაკითხვის აუცილებლობა შემთხვევითი როდია: იშვიათად სადმე რეალური პოლიტიკა და პრაქტიკა ასეთ ზემოქმედებას ახდენდეს პრობლემატიკის ფორმირებაზე, როგორც ეს სანქციების შემთხვევაში ხდება. ფაქტობრივად, საერთაშორისო კონიუნქტურა, გავლენათა და ინტერესთა ყოველი ახალი გადანაწილება, ერთგვარად წინ უსწრებს სასანქციო თემის თეორიულ წანამძღვრებს, ხოლო ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება შინაარსობრივად ავსებს სანქციებთან დაკავშირებული მატერიალური და პროცედურული სამართლის ნორმებს. უდავოა, რომ პრაქტიკულ საჭიროებასა და ნორმაშემოქმედებას შორის ასეთი უკუკავშირი გამორჩეულია. პრაქტიკასა და ქცევის წესზე საუბრისას კი ნიშანდობლივია, რომ 24 თებერვლის ომის „გზადაგზა სანქციის“ სახელით ცნობილმა გეოეკონომიკური იძულებისა და ბრძოლის იარაღმა აწ უკვე ეკონომიკური ომის ფორმა შეიძინა. სამომავლო კონფლიქტებსა თუ ომებში ეს ალბათ ასეც დარჩება: გამორჩეული ტოტალურობით, მრავალმხრივობით და მრავალშრიანობით. ზოგჯერ ეს ომი/იარაღი გაამართლებს სრულად, უფრო ხშირად კი ნაწილობრივ ან კიდევ უფრო ნაკლებად. ასეთ გრადაციასაც თავისი ახსნა აქვს.
ამიტომაც, ეროვნულ დონეზე სანქციების ირგვლივ შემდგომი და თანაც გაცილებით უფრო ჩაღრმავებული კვლევა, ქართული სახელმწიფოს რეგიონალურ და საერთაშორისო დღის წესრიგთან მიმართებით სწორ პოზიციონირებას ემსახურება. გეოეკონომიკურ ურთიერთობებში მზარდი ფუნქციონალური როლით, სანქციების შემუშავების, მათთან მიერთების თუ ნებისმიერი სხვა გზით იმპლემენტაცია ახალი „უწესრიგო“ წესრიგის ყოველდღიურობად იქცევა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ამოცანაა პროცესის ჩვენი გაგებით სწორ მხარეს დარჩენა. ეს კი ეკონომიკური იარაღის მავნე ზემოქმედებისაგან თავის დაღწევასა და ქვეყნისათვის მაქსიმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური სარგებლის მიღებას გულისხმობს.
ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე