ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი, რაც დიდი შეცდომაა, რუსეთი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და სამიზნე ქვეყნის მთავრობის ქცევა მისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია

საგარეო და საშინაო საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტს, წიგნების „კიბერთავდაცვა“ და „ჰიბრიდული ომების ანატომია“-ს თანაავტორს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, უკრაინაში მიმდინარე ომმა ამ ომის დაწყებამდე, ანუ 24 თებერვლამდე საერთაშორისო ურთიერთობებში დღევანდელ მსოფლიოში არსებული ყველა პრობლემა ერთბაშად გააშიშვლა.

სამხედრო ექსპერტები კი პროგნოზირებენ რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ ომში ჩართული ქვეყნების ინტერესებსა და რესურსებს, ძნელი წარმოსადგენია იგი მალე დასრულდეს, თან ისე, როგორც კიევის მხარდამჭერი დასავლელი პარტნიორები ვარაუდობენ - იგულისხმება რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად და ფინანსურად ისე დასუსტება, რომ მას აღარ შეეძლოს ახლო მეზობლებისა და ევროპის ქვეყნების მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოება.

ვხედავთ, რომ როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარეები გადამწყვეტის ბრძოლისთვის უკრაინის იმ ტერიტორიებზე ემზადებიან, რომლებიც რუსეთს უკრაინაში აქვს დაკავებული. მხარეების გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადების შესახებ ღია წყაროებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის ამ ომში ერთი მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ უკრაინის შესაძლებლობებს?

- ომის პირველმა ფაზამ ნათელი გახადა, რომ რუსეთს ძალა არ ეყო სწრაფი ოპერაცია განეხორციელებინა უკრაინის მიმართულებით და მიეღწია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ახლა კრემლი ცდილობს მასირებული ცეცხლით, ქალაქების განადგურებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანით შემოიმტკიცოს ლუგანსკისა და დონბასის რეგიონი და ყირიმისკენ გაჭრას სახმელეთო გზა, რომელიც უზრუნველყოფს ყირიმის სრულ ანექსიას და ორგანულად შერწყმას რუსეთის სახელმწიფო სხეულში.

ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთმა სირიაში გამოცდილება მიღებული გენერალი დვორნიკოვი სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელად დანიშნა და შეტევის სიმძიმე დონეცკ-ლუგანსკის მიმართულებაზე გადაიტანა, სადაც იგი ცდილობს ინტენსიური საცეცხლე დამუშავების ფონზე დაიკავოს უკრაინის ტერიტორიები, მოშალოს უკრაინული ჯარის ლოგისტიკური უზრუნველყოფა და ალყაში მოაქციოს მსხვილი უკრაინული დაჯგუფება.

არსებული მონაცემებით, რუსეთის ამისთვის ძალა არ ჰყოფნის, თუმცა, სავსებით რეალურია, რომ იგი წარმატებით გავიდეს ადმინისტრაციულ საზღვარზე. სავარაუდოა, რომ კრემლი სწორედ ამას გაასაღებს იმ გამარჯვებად, რომელიც მას შემდგომი აუცილებელი პაუზის ასაღებად სჭირდება.

არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა ვერ შეძლო იმგვარი რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება, რომელიც წარმატებულ შეტევას უზრუნველყოფდა და უკრაინული ძალების დათრგუნვას ან ალყას გამოიწვევდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საომარი მოქმედებები ათას კილომეტრამდე სიგრძის ფრონტზე მიმდინარეობს, რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს თავდაცვაზე გადასვლა: გადამწყვეტი წინსვლისათვის საჭირო რესურსი ამ მიმართულებაზე მობილიზებული არ არის, რადგან რუსეთმა ბრძოლისუნარიანი დანაყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაკარგა.

ამავდროულად, შემაშფოთებლად იძაბება ვითარება დნესტრისპირეთში, სადაც უკრაინულ სპეცსამსახურებზე მინიშნებით, რამდენიმე აფეთქება და თავდასხმა განხორციელდა, რაც ძალიან ჰგავს რუსულ false flag ოპერაციებს.

დნესტრისპირეთში განთავსებული ჯარების გამოყენება რუსეთს ოდესაზე ხმელეთიდან თავდასხმის საშუალებას მისცემს. მართალია, საერთო შეფასებით, რუსეთს რამდენიმე ფრონტზე საომრად ძალა არ ჰყოფნის, თუმცა კრემლი საკმაოდ არაპროგნოზირებადი მოთამაშეა და მითუმეტეს, ახლა მას ვა-ბანკზე წასვლა უწევს შიდა მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის.

რუსეთს რამდენიმე ფრონტზე საომრად ძალა არ ჰყოფნის, თუმცა კრემლი საკმაოდ არაპროგნოზირებადი მოთამაშეა და მითუმეტეს, ახლა მას ვაბანკზე წასვლა უწევს შიდა მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის

მოვლენების ამგვარი განვითარება გაჭიანურებულ პოზიციურ ომში გადასვლას გამოიწვევს, სადაც გადამწყვეტი იქნება უკრაინის კონტრშეტევის პოტენციალი, რაც, დიდწილად, დასავლეთის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული.

უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, მათ შორის გეგმაშია და ნაწილობრივ უკვე განხორციელდა შორსმსროლელი არტილერიის, დამრტყმელი ტექნიკის და თანამედროვე შეიარაღების სხვა სახეობების გადაცემა. ამ დახმარების გარეშე უკრაინა ვერ გაძლებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო უძლეველობის შესახებ მითი დაიმსხვრა.

სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ ჩანს სცენარი, რომელიც პუტინისთვის მისაღები იქნებოდა ამ ვითარებაში ომის შესაწყვეტად, რაც, მისგან გაუთვალისწინებელი მოქმედებების რისკს ზრდის. რუსეთს ელევა ახალი, მეტნაკლებად ზუსტი შეიარაღების მარაგი. სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს მოძველებულ სამხედრო ტექნიკას, იარაღს, რომელიც არ გამოირჩევა დიდი სიზუსტით და ამგვარი არაზუსტი იარაღის გამოყენებას მოჰყვება ხოლმე უზარმაზარი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

პრაქტიკულად არ ჩანს სცენარი, რომელიც პუტინისთვის მისაღები იქნებოდა ამ ვითარებაში ომის შესაწყვეტად, რაც, მისგან გაუთვალისწინებელი მოქმედებების რისკს ზრდის

ეს რომ რუსეთისთვის მორალურ ტვირთს არ წარმოადგენს, საქართველოს თავის თავზე აქვს ნაწვნევი გაგრის, სოხუმისა თუ ცხინვალის რეგიონში. ზუსტად ამ მოვლენების ანალოგიურად, კრემლის მესვეურებმა არაერთხელ გააკეთეს ცინიკური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გაუგონარი მსხვერპლი ფეიქია.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახალი ძალით მოუხშირა მსოფლიოს დაშანტაჟება ბირთვული იარაღით. ბოლო მისი მუქარა - „ბირთვული ომის საფრთხე რეალურია“, საკმაოდ სახიფათოდაც კი ჟღერს.

სარწმუნოდ გამოიყურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კულებას განცხადებაც - „მესამე მსოფლიო ომის რეალურ საშიშროებაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს.“

სხვათა შორის, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დიდ ალბათობაზე თუ კოლექტიური დასავლეთის არა, აშშ-სა და ბრიტანეთის განცხადებები საკმაოდ მკაფიო იყო - რუსეთი თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მისთვის შედეგები კატასტროფული იქნება.

რადგან რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე თავად რუსები ხშირად საუბრობენ, ამგვარი სცენარით მოვლენების განვითარების ალბათობა რამდენად მაღალია?

- ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა რუსეთის მხრიდან ჩვეული ტაქტიკაა. იგი ამ მეთოდით ცდილობს, მიაღწიოს დასავლეთთან ბალანსირების სასურველ პირობებს. მესამე მსოფლიო ომის შესახებ საუბრებიც იმავე სფეროდანაა -არ არსებობს მსოფლიოს ნაწილი, რომელიც რუსეთის მხარეს იომებდა.

მიუხედავად უამრავი უპასუხისმგებლო ქმედებისა, პუტინის რეჟიმი არ არის მზად თვითგანადგურებაზე იმუშაოს. პირიქით, მთელი მისი სტრატეგია ამჟამადაც იმაზეა აგებული, რომ დასავლეთი „მალე შეურიგდება“ ახალ რეალობას და მოხდება სტატუს-ქვოზე შეთანხმება

ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის პირობებშიც კი, ომი ნატოსა და რუსეთს შორის იქნება და ძალიან სწრაფად დასრულდება, თუმცა, ამას მძიმე შედეგები ექნება მსოფლიოსთვის.

მიუხედავად უამრავი უპასუხისმგებლო ქმედებისა, პუტინის რეჟიმი არ არის მზად თვითგანადგურებაზე იმუშაოს. პირიქით, მთელი მისი სტრატეგია ამჟამადაც იმაზეა აგებული, რომ დასავლეთი „მალე შეურიგდება“ ახალ რეალობას და მოხდება სტატუს-ქვოზე შეთანხმება.

- აშშ-ს რამშტაინის ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის დახმარების კოორდინაციის საკითხები განიხილეს.

ფაქტია, რომ ცივილიზებული სამყარო უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოს.

გასაგებია, რომ საქართველოს სამხედრო იარაღი უკრაინისთვის მოსაწოდებლად ბევრი არც არაფერი აქვს, მაგრამ ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობას რომ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება, უდავოა.

ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ამ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ გაირკვეოდა. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს არ მიუღია. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია?

- ბანალურია, მაგრამ უკრაინაში ამჟამად მარტო რუსეთ-უკრაინის ომი არ მიმდინარეობს, არამედ, ეს არის რუსეთის აგრესია მთელი დასავლური სამყაროს მიმართ. საქართველოს ბედი ახლა უკრაინაში წყდება - ამაზე კამათი ალბათ არც ღირს. რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს როგორც გამარჯვების, ისევე დამარცხების შემთხვევაში.

რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს როგორც გამარჯვების, ისევე დამარცხების შემთხვევაში

ბუნებრივია, გამარჯვებული რუსეთი დაუყოვნებლივ განახორციელებს საქართველოს ოკუპაციას. დამარცხების, მიზნების ვერგანხორციელების პირობებში, ცხადია, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ იგი მყისიერად ჩამოიშლება.

ალბათ დროში გაწელილ დეზინტეგრაციულ პროცესებს უნდა ველოდეთ, რომელთა შესაკავებლადაც კრემლი კიდევ არაერთ სისხლიან ქმედებას განახორციელებს. სავსებით შესაძლებელია, უკრაინაში დამარცხების ფონზე, საკუთარი მოსახლეობის თვალში რეაბილიტაციის, იმპერიალისტური განწყობების გამოსაკვებად რუსეთს „маленькая победоносная война“ დასჭირდეს და ის სწორედ საქართველოში განახორციელოს.

ასეთ ვითარებაში საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს ინტეგრირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე ნებისმიერ ფორმატში. ისედაც ცხადია, რომ უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღება არ გვაქვს -ამას არც არავინ ითხოვს, მაგრამ საქართველო ვალდებულია, იდგეს იქ, სადაც უბრალოდ, ცივილიზებული სამყარო დგას და ამ ტრიბუნიდან თუნდაც საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება მოითხოვოს. ასეთ დროს მომლოდინე პოზიციაში ყოფნა, რომ მოვლენები თავისთავად განვითარდება და ჩვენ გვერდს აგვივლის, კონტრპროდუქტიულია.

საქართველო ვალდებულია, იდგეს იქ, სადაც უბრალოდ, ცივილიზებული სამყარო დგას და ამ ტრიბუნიდან თუნდაც საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება მოითხოვოს. ასეთ დროს მომლოდინე პოზიციაში ყოფნა, რომ მოვლენები თავისთავად განვითარდება და ჩვენ გვერდს აგვივლის, კონტრპროდუქტიულია

თუ გვინდა ჩვენს დასაცავად დასავლეთმა ძალისხმევა გასწიოს, ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი, იგივე ღირებულებების მატარებელი უნდა ვიყოთ. სწორედ ღირებულებებზეა საუბარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დამოკიდებულების განხილვისასაც.

საქართველო ვალდებულია დაიცვას დასავლეთის მიერ კრემლისთვის დაწესებული სანქციები და ის ამას აკეთებს. ასეთ დროს, რას უკავშირდება არაფრისმომცემი და ურთიერთობების ძირგამომთხრელი განცხადებები მაღალი რანგის პოლიტიკოსებისაგან, რომ საქართველო არ მიუერთდება სანქციებს, უბრალოდ გაუგებარია.

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები რამდენიმეჯერ აშკარად დაიძაბა.

გასულ კვირას პრეზიდენტი ზელენსკი საქართველოზე საუბრისას საკმაოდ მკაფიო და შეიძლება ითქვას კატეგორიულიც კი იყო. მან თანამდგომისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, მაგრამ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების არშეერთების გამო.

მეტიც, მისივე თქმით, უკრაინა საქართველოში ელჩს მანამდე არ დანიშნავს, ვიდრე სანქციებთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად მკაფიო და ცხადი არ იქნება.

ბევრს უკვირს, რომ ომში ჩართული ქვეყანა საქართველოსთვის ამდენს იცლის. მმართველი გუნდი კიევთან ურთიერთობების დაძაბვას პრეზიდენტ ზელენსკისა და მმართველი პარტიის ლიდერ არახამიას „ნაციონალებთან“ სიახლოვეს უკავშირებს.

მაგრამ, ასეც რომ იყოს, გვახსოვს პრემიერ ღარიბაშვილის გაუგებარი განცხადებები უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით, მისი მსჯელობები იმაზე, რომ ამ ომს რუსეთი მოიგებდა და ასე შემდეგ.

თქვენ როგორ აღიქვით საქართველოსთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებები? ვითარებაში, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უკრაინას გულშემატკივრობს, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების დაულაგებლობის მიზეზი?

- თვალშისაცემია, რომ მმართველი პარტია შეგნებულად ახდენს „ნაცმოძრაობის“ თემატიკის წამოწევას ნებისმიერი პრობლემისას, უკრაინასთან მიმართებაში კი ეს პოზიცია ქვეყნის საგარეო ინტერესებს აზარალებს.

საქართველოსგან, რომლისთვისაც რუსული ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა ახალი არ არის, უკრაინა მეტ მხარდაჭერას ელოდა. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა სახის მხარდაჭერაზეა საუბარი - ბუნებრივია, საქართველო ვერც ეკონომიკური სანქციებით ავნებდა რამეს რუსეთს და ვერც იარაღის მიწოდებით შეცვლიდა სიტუაციას, თუმცა დეკლარირებული მხარდაჭერაც და ჰუმანიტარული დახმარებაც კი დაჩრდილა არასწორ დროს არასწორ კონტექსტში გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად ვიწროპარტიულ, შიდაპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა.

ძალაუნებურად ჩნდება კითხვა- ეს ყველაფერი დასავლეთთან დისტანცირების რაიმე გეგმის არსებობას ხომ არ უკავშირდება? ცხადია, დასავლეთთან ინტეგრაცია ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენის სურვილის მქონე პარტიებისათვის რისკების მატარებელია

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მმართველი პარტია უკრაინის ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი სახის უკრაინაში დანიშვნის გამო სამაგიეროს უხდის, მაგრამ ეს ქმედება სახელმწიფოს აზარალებს. აქამდე უკრაინა და საქართველო მუდმივად ფრონტის ერთ მხარეს იდგა, დღეს კი ორმხრივი ურთიერთობები მეტად დაბალ ნიშნულზეა. ღირებულებების თვალსაზრისით, ცხადია, ეს მდგომარეობა ყოვლად მიუღებელია, პრაგმატულ ჭრილში კი ვითარება იქეთ მიდის, რომ შესაძლოა რუსეთთან ომგამოვლილ და მსოფლიო ყურადღების ქვეშ მყოფ ევროპის უდიდეს ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან გაცივებული ურთიერთობები მივიღოთ.

რთული გასათვლელი არ არის, რამდენად დამაზარალებელია ეს მდგომარეობა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის.

ძალაუნებურად ჩნდება კითხვა- ეს ყველაფერი დასავლეთთან დისტანცირების რაიმე გეგმის არსებობას ხომ არ უკავშირდება? ცხადია, დასავლეთთან ინტეგრაცია ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენის სურვილის მქონე პარტიებისათვის რისკების მატარებელია.

- გვერდს ვერ აუვლით მედიასივრცეში გავრცელებულ პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენ ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარს, რომელშიც ცხადად ჩანს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი საქართველოთია დაინტერესებული.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ამბობს რომ პოლიტიკიდან წასულია, მოსკოველ ვიზავის პრემიერ ღარიბაშვილთან ამისამართებს და როცა ის ძალიან სთხოვს შეხვდეს მის მიერ გამოგზავნილ ხიდაშელს, რომელსაც ქართული საზოგადოება „კარტოგრაფების საქმიდან“ იცნობს და როგორც სულ ახლახან გახდა ცნობილი, მას რაჭაში 104 ათასი ტყის ფართობი გადაეცა, იგი შეხვედრას თანხმდება.

ამ თემაზე ახლა ბევრი მსჯელობს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, - რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს არ უნდა თუ არ სურს მოსკოველ ოლიგარქთან საუბრის გაგრძელება, მაგრამ შეხვედრაზე მაინც თანხმდება.

ჩვენ არც ის ვიცით, რეალურად შეხვდა თუ არა იგი ევტუშენკოვის წარმომადგენელს, მაგრამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ჩანაწერმა? რა კავშირში შეიძლება იყოს ევტუშენკოვის დაინტერესება საქართველოთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან?

- ნებისმიერ შემთხვევაში ევტუშენკოვის ინტერესების რეალიზაცია საქართველოში სახელმწიფოსათვის დამაზიანებელია როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. აღარაფერს ვამბობ მდგრადობაზე, რასაც პირდაპირ ასუსტებს რუსული კაპიტალის შემოდინება.

კონკრეტული ჩანაწერის ავთენტურობაზე მსჯელობა რთულია, თუმცა ის, რომ ამ შინაარსის საუბარი წელს შედგა, ამას არც ევტუშენკოვი უარყოფს და არც მმართველი პარტიის სპიკერები. როგორც ჩანს, მმართველ პარტიაში არ აქვთ დეტალური ინფორმაცია და ამას ვერც ივანიშვილთან გადაამოწმებენ, ამიტომაც ცდილობენ საკუთარი მომხრეების მობილიზებით ეს პრობლემა „მეგობრული თხოვნის“ კონტექსტში გადაიტანონ.

ევტუშენკოვთან საუბრის გამართლება იმით, რომ ჩვენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შევინარჩუნეთ, დეკლარირებულად სანქციების შესრულებაზე უარის თქმაა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით

არადა, პრობლემა სიღრმისეულია და ამგვარი მოქმედებები საქართველოს უსაფრთხოებას და დასავლეთთან ინტეგრაციის პერსპექტივას ძირს უთხრის. გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქცირებულ ოლიგარქს ესაუბრება. ევტუშენკოვთან საუბრის გამართლება იმით, რომ ჩვენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შევინარჩუნეთ, დეკლარირებულად სანქციების შესრულებაზე უარის თქმაა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

- ფაქტია, რომ გავრცელებული ჩანაწერი საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა, რომელიც პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც უკავშირდება იმას, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს ხელისუფლება დადებულ პირობას, რომ ტვირთების შესატანად.

დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ ტვირთებთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია - აქ ორპირობა და მზაკვრობა არ ეპატიება ჩვენს ხელისუფლებას, თუ ასეთი რამ დაფიქსირდება და დადასტურდება.

ამ თემაზე არსებული ეჭვებისა და ქვეყნისთვის არასასურველი ბრალდებების თავიდან ასაცილებლად ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა თუ მთავრობის ინიციატივით საქართველოდან რუსეთში სატრანზიტო ტვირთებზე კონტროლი გამკაცრდებოდა თან უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობით.

თუ ეს შეიძლება იყოს შექმნილი ვითარებიდან ყველაზე მარტივი და ოპტიმალური გამოსავალი, თქვენი აზრით ეს მთავრობას აქამდე რატომ არ გაუკეთებია? და კიდევ - გაქვთ იმის მოლოდინი რომ ჩვენი მთავრობა ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს?

- უკრაინის სამხედრო დაზვერვის კონტრაბანდასთან დაკავშირებული განცხადება კიდევ ერთი ინდიკატორი იყო ორ ქვეყანას შორის გაცივებული ურთიერთობებისა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ასეთი განცხადებები სპეცსამსახურის მხრიდან სოციალურ ქსელებში არ კეთდება და ამისათვის სახელმწიფოებს სხვა არხები გააჩნიათ.

აქედან გამომდინარე, განცხადება პოლიტიკურად მოტივირებულს ჰგავდა, მაგრამ რატომ მივედით უკრაინასთან ურთიერთობაში ამ ნიშნულამდე, ეს სერიოზული საკითხია.

ორმაგი დანიშნულების პროდუქცია მრავალმხრივ მონიტორინგს ექვემდებარება. საქართველოს საბაჟო სისტემა საერთაშორისო პლატფორმებშია ინტეგრირებული და ამგვარ ტვირთს ვერ გაატარებდა, თუმცა, არ გამოვრიცხოთ ერთეული შემთხვევები, სქემები, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, სტრუქტურებისაგან ფარულად, ტიპური კონტრაბანდის სახით შეიძლება მოქმედებდეს.

შექმნილ ვითარებაში გონივრული მოქმედება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა, დონორებთან შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბრები, ახალი ერთობლივი პროექტების ინიციირება იქნებოდა. ეფექტურმა მთავრობას უნდა შეეძლოს ნებისმიერი სარისკო სიტუაციის სახელმწიფოსთვის ბენეფიტის მომტანად ქცევა.

შექმნილ ვითარებაში გონივრული მოქმედება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა, დონორებთან შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბრები, ახალი ერთობლივი პროექტების ინიციირება იქნებოდა. ეფექტურმა მთავრობას უნდა შეეძლოს ნებისმიერი სარისკო სიტუაციის სახელმწიფოსთვის ბენეფიტის მომტანად ქცევა

გავიხსენოთ, პოლიტიკურ და სამხედრო ჭრილში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ რუსულ ბრალდებებს მოჰყვა პანკისში თითქოსდა არსებული ტერორისტული ბაზების შესახებ.

- ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიური შემოსვლა უსაფრთხოების სერიოზული რისკების შემცველია, ადეკვატური ზომების მიღება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ამას რუსოფობიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს“.

რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო შესამჩნევი ხდებიან რუსეთის მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში. როგორც ამბობენ ასეთივე ვითარებაა ზოგიერთ სხვა ქალაქებშიც.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა რუსებისთვის ვიზების გაცემის შეჩერება, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ნაწილი.

მისივე თქმით, - კიდევ ერთი წინადადება არის ვიზების გაყინვა ყველა რუსისთვის“. მისი აზრით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რუსებს გააცნობიერონ რა ხდება უკრაინაში.

ფაქტია, რომ საქართველოს ამგვარი ზომები არ მიუღია. მეტიც, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანონში შეტანილია ცვლილება, რომ საქართველოში უვიზოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს არა 3 თვე, არამედ ერთი წელი შეუძლიათ ყოფნა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა. ფაქტია, რომ თითქმის ამდენივე ხანია საქართველოში ჩამოსული არიან რუსეთის მოქალაქეები. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურმა შემოსვლა უსაფრთხოების თვალსაზრისით რა სერიოზული რისკები გახადა ცხადი და იღებს თუ არა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად ადეკვატურ ზომებს სახელმწიფო?

- პირველ რიგში სერიოზულად შემაშფოთებელია ამ ნაკადში დივერსანტების, დაზვერვის თანამშრომლების ჩანერგვა. სპეცსამსახურის ამ ჩვეულ მეთოდს რუსეთი აუცილებლად გამოიყენებდა.

მიზანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს - დივერსიების მოწყობა, შესაძლო შემოჭრის პირობებში არეულობების ინიციირება, მცირე დასახლებულ პუნქტებსა თუ საკომუნიკაციო საშუალებებზე კონტროლის დამყარება, პანიკის გამომწვევი სხვა მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, დღევანდელ ვითარებაში რუსულ ტურიზმზე ქართული მცირე და მიკრობიზნესის დამოკიდებულების ზრდა მეტად სარისკო ტენდენციაა, რადგან ქვეყანაში ვიღებთ მტრული სახელმწიფოზე ეკონომიკურად დამოკიდებულ და შესაბამისად ლოიალურ ფენას.

დღევანდელ ვითარებაში რუსულ ტურიზმზე ქართული მცირე და მიკრობიზნესის დამოკიდებულების ზრდა მეტად სარისკო ტენდენციაა, რადგან ქვეყანაში ვიღებთ მტრული სახელმწიფოზე ეკონომიკურად დამოკიდებულ და შესაბამისად ლოიალურ ფენას

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთი ბაზარს პოლიტიკური მიზნებით იყენებს და ფრენების აკრძალვა/დაშვებით, ემბარგოთი თუ სხვა ბერკეტებით ეფექტურად არეგულირებს დაინტერესების ქვეყნებში განწყობებს. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი რუსულ ბაზარზე მაქსიმალურად ჩამოშორებაა.

ეს არ არის ერთი დღის პრობლემა და საქართველოს ამ სამზადისისათვის დიდი დრო ჰქონდა, ამიტომ, ახლა იმის თქმა, რომ რუსული ბაზარი გვჭირდება, ცოტა არ იყოს უხერხულია - თავისუფლებაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, ეს ორი განზომილება კი ერთმანეთთან არათავსებადია.

- პოლონეთის კიდევ ერთი პოსტულატიარუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ამით პოლონეთის პრემიერი მორავიეცკი რუსული სატელევიზიო არხების, რადიო და ინტერნეტ პორტალების დახურვას გულისხმობს. ასევე, მისი აზრით, აუცილებელია რუსეთის გამორიცხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არ მახსენდება რომ ამ ნიშნით ხელისუფლებას რამე გადაწყვეტილებები მიეღო. ამ თვალსაზრისით თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში რუსული პროპაგანდის საშუალებების საქმიანობას? მათ გავლენას და მათდამი ხელისუფლების დამოკიდებულებას?

- ისევე, როგორც სხვა მიმართულებებზე, ხელისუფლება აქაც ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი, რაც დიდი შეცდომაა. რუსეთი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და სამიზნე ქვეყნის მთავრობის ქცევა მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგალითად, უკრაინაში რუსეთს ომის საბაბიც კი არ უძებნია.

მეჩვენება, რომ სახელმწიფო სამსახურების მხრიდან სწორი მოქმედებების შესაძლებლობა ვიწროპარტიულ ინტერესს ეწირება

ყოვლად მიუღებელია ვითარება, როდესაც მტრული ქვეყნისადმი აშკარად ლოიალურად განწყობილი პარტია ათეულობით ოფისს აარსებს, მაუწყებლობს და ზოგჯერ სადამსჯელო რაზმებსაც კი აგზავნის ალტერნატიული განწყობების ჩასახშობად.

„ალტ-ინფო“ ახლა სწორედ იმ ინფრასტრუქტურის შექმნითაა დაკავებული, რომელსაც რუსეთი ხელახალი ოკუპაციის პირობებში კოლაბორაციონისტული მთავრობის შესაქმნელად გამოიყენებს. მეჩვენება, რომ აქაც, სახელმწიფო სამსახურების მხრიდან სწორი მოქმედებების შესაძლებლობა ვიწროპარტიულ ინტერესს ეწირება.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რას მიიჩნევდით ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ყველაზე დიდ პრობლემას?

- საშინაო პოლიტიკის ყველაზე დიდი პრობლემა პოლარიზაციაა და ის ქვეყნის საგარეო ვექტორზეც დავაკვირდეთ, რამდენად ცდილობს რუსეთი პოლარიზაციის გაღრმავებას გამხლეჩი პროპაგანდით, კიბეროპერაციებით, ანტაგონისტური ჯგუფების ჩამოყალიბებით, და რამდენად ხშირად გვირჩევენ დასავლელი პარტნიორები ამ მდგომარეობის დასრულებას.

საქმე ის არის, რომ პოლარიზებული საზოგადოება დაყოფილია ანტაგონისტურ ჯგუფებად, რომლებიც ვერ ახერხებენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაციას. პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში უკრაინის საკითხის გარშემო გაერთიანებაც კი ვერ მოახერხა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ აღარაფერი ვთქვათ დეოკუპაციის, დროებით უკონტროლო ტერიტორიების დაბრუნების, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარების მრავალპარტიულ ინიციატივებსა თუ სცენარებზე, რასაც გამუდმებით უნდა ვთავაზობდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.

პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში უკრაინის საკითხის გარშემო გაერთიანებაც კი ვერ მოახერხა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ აღარაფერი ვთქვათ დეოკუპაციის, დროებით უკონტროლო ტერიტორიების დაბრუნების, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარების მრავალპარტიულ ინიციატივებსა თუ სცენარებზე, რასაც გამუდმებით უნდა ვთავაზობდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს

პოლარიზაცია სხვა რისკებსაც შეიცავს- პოლიტიკური მოწინააღმდეგისაგან მტრის ხატის არსებობის გამო ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილია. შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის დიდი ნაწილი პარტიულ ინტერესებს ემსახურება და დრო აღარ რჩება იმ გამოწვევებსა და რისკებზე პასუხის გასაცემად, რომელიც ჩვენ რეგიონში მრავლადაა და ზოგიერთ მათგანი საქართველოსთვის სასიცოცხლო ინტერესების მიმართ საფრთხის შემცველია.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო