იაგო კაჭკაჭიშვილი - მშვიდობა კარგია, მაგრამ რის ფასად? არ შეიძლება საქართველოს მშვიდობა დაუჯდეს: დასავლეთისგან იზოლაციად, ეროვნული თავმოყვარეობის დაკარგვად, რუსული იმპერიალიზმის მსახურებად და ოკუპაციის ანექსიის ფორმით გამყარებად

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „“ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

- ბატონო იაგო, ორ თვეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ბარბაროსულ აგრესიას. 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა რუსულმა აგრესიამ მსოფლიო ერთბაშად შეცვალა. მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგის უმთავრესი თემა უკრაინისა და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს რუსული აგრესიის დაცვა გახდა.

გერმანულ რამშტაინის სამხედრო ბაზაზე 40 ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, პრაქტიკულად ანტიპუტინური კოალიცია შეიქმნა, რომელმაც თავისი მიზანი ცხადად ჩამოაყალიბა - არ დავუშვებთ უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას.

ამ პროცესებმა საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და ქვეყნის პოლიტიკურ ველზე არსებული ყველა პრობლემა ცხადი გახადა და იმდენად გააშიშვლა რომ შეუძლებელია არ აწუხებდეს ყველას - მმართველ გუნდს, ოპოზიციას და საზოგადოებას.

ამ თემებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ჩვენი საუბარი უნდა დავიწყოთ IRI კვლევის შედეგებზე მსჯელობით. ამგვარ კვლევებზე ბევრჯერ გვისაუბრია, მათ მიმართ უნდობლობაც ბევრჯერ გამოგვითქვამს, მაგრამ იმაზეც შევთანხმებულვართ, რომ კვლევების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ასახავდა საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.

ბოლო კვლევებზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ მის შედეგებზე თქვენ აზრია საინტერესო. სავარაუდოდ, რამდენად ემთხვევა თქვენი დაკვირვებები IRI-ის კვლევის შედეგებს? ყველაზე დამაჯერებლად კვლევის რომელი ნაწილი გამოიყურება?

- IRI-ის გამოკითხვაში განსაკუთრებით ახალი და სპეციფიკური არაფერია. მაინც გამოვყოფდი რამდენიმე შედეგს - მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის განვითარების კურსს უარყოფითად აფასებს, თუმცა, ამავე დროს, ყველაზე მეტ მხარდაჭერას ხელისუფლებას უცხადებს. ეს თითქოს პარადოქსულად გამოიყურება, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ქართული ოცნების რეიტინგი 31%-ია, რაც მმართველი პარტიისთვის შთამბეჭდავად არ გამოიყურება მაშინ, როდესაც ის ერთპიროვნულად აკომპლექტებს მთავრობას.

ისიც აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილონ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრს არ გააჩნია ამომრჩევლებში მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი და მიზიდულობა.

გამოკითხულთა 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილონ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრს არ გააჩნია ამომრჩევლებში მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი და მიზიდულობა

ეს სამწუხარო რეალობაა, რაც მოქალაქეების პოლიტიკური გაუცხოების მკვეთრ ნიშნებს ატარებს.

- რადგან ამავე კვლევებით ოპოზიციაზე ბევრად უკეთესად მთავრობა და მმართველი გუნდი გამოიყურება, საუბარი მთავრობასა და მმართველ გუნდზე მსჯელობით უნდა გავაგრძელოთ.

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე პრემიერმა და მმართველი გუნდის წევრებმა იმდენი ზოგჯერ გაუგებარი, ზოგჯერ კონტექსტიდან აშკარად ამოვარდნილი განცხადებები აკეთეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის კი არა, ჩვენთვისაც კი ძნელია დავიჯეროთ, რამდენად გულწრფელია უკრაინის გულშემატკივრობაში საქართველოს ხელისუფლება.

რაც უფრო ხშირად აცხადებენ ევროპელი ლიდერები - „უკრაინის ომი, ჩვენი ომია,“. „არ მივცემთ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების საშუალებას“, მით მეტად გვახსენდება პრემიერ ღარიბაშვილის ომის დაწყების მეორე დღეს ნათქვამი - „ომი უკრაინაშია,“, „ზელენსკის შეეძლო ომის აცილება“ და ასე შემდეგ.

მიუხედავად ამგვარი განცხადებებისა, ჩვენს პარტნიორებს არ ვავიწყდებით - აშშ კონგრესმა დაამტკიცასაქართველოს მხარდამჭერი აქტიდა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები დაეხმაროს საქართველოს გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და წარმატებით ებრძოლოს რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას.

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე სავარაუდოდ როგორ გამოიყურება საქართველოს მთავრობა და მმართველი გუნდი?

- საქართველოს ხელისუფლებას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მიმართ ოპორტუნისტული პოზიცია აქვს. სხვანაირად თუ ვიტყვით, ესაა ე.წ. „ზიგზაგისებური“ დამოკიდებულება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინას „ალაგ-ალაგ“ უჭერს მხარს და ერთმნიშვნელოვან დამოკიდებულებას არ გამოკვეთს.

ერთი მხრივ, არსებობს მხარდაჭერა საერთაშორისო სტრუქტურებში გაეროში, ჰააგის სასამართლოში, ევროსაბჭოში და სხვ., ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს მთავრობის „ცივი“ რიტორიკა უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რუსეთის მოზომილი კრიტიკა და საერთაშორისო სანქციებთან შეუერთებლობა.

მოკლედ, ყველა ხვდება, რომ ეს არაა უკრაინის მიმართ მხურვალე და უალტერნატივო სოლიდარობა, რასაც პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული მსოფლიო გამოხატავს. ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ რუსეთის ჯარია საქართველოს ტერიტორიაზე, „თოფის ლულა მობჯენილი გვაქვს“ და რუსეთის გაღიზიანება მძიმედ შეიძლება დაგვიჯდეს.

საქართველოს ხელისუფლებას „ავიწყდება“, რომ არ არსებობს ზღვარი, რომლის არგადალახვა საქართველოს მიერ რუსეთს იმის სურვილს გაუღვიძებს, რომ მისი ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ რუსეთის იძულებით, მასზე ზეწოლით, ხოლო ასეთი ზეწოლის დაწყება, და არა პირში წყლის ჩაგუბება, სწორედ ახლაა მიზანშეწონილი, როდესაც რუსეთი დასუსტებულია, როგორც წმინდა სამხედრო, ისე საერთაშორისო გავლენების თვალსაზრისით. რუსეთი არასოდეს ყოფილა ასეთი მოწყვლადი პუტინის მმართველობის პირობებში.

საქართველოს ხელისუფლებას „ავიწყდება“, რომ არ არსებობს ზღვარი, რომლის არგადალახვა საქართველოს მიერ რუსეთს იმის სურვილს გაუღვიძებს, რომ მისი ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ რუსეთის იძულებით, მასზე ზეწოლით, ხოლო ასეთი ზეწოლის დაწყება, და არა პირში წყლის ჩაგუბება, სწორედ ახლაა მიზანშეწონილი, როდესაც რუსეთი დასუსტებულია

ეს, ცხადია, არ ნიშნავს რუსეთთან ომის დაწყებისკენ მოწოდებას, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აცხადებს, არამედ თავის დამკვიდრებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, რომელიც რუსულ ოკუპაციას ებრძვის.

ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს არჩევანი მხოლოდ ომსა და გაჩუმებას შორის არსებობს. არადა, ასე არაა, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, ვერასოდეს აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასოდეს გავიყვანთ რუსეთს საქართველოდან.

ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს არჩევანი მხოლოდ ომსა და გაჩუმებას შორის არსებობს. არადა, ასე არაა, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, ვერასოდეს აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასოდეს გავიყვანთ რუსეთს საქართველოდან

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტ ზელენსკის მისამართით კრიტიკული დამოკიდებულება უკავშირდება იმას, რომ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ნათლად დაანახა ყველას - ევროპას, აშშ-ს რომ 2022-ში უკრაინაში და 2008-ში საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომი რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი და დაწყებული.

ეს კი ის თეზისია, რომლითაც „ქართული ოცნება“ სააკაშვილის წინააღმდეგ დღემდე აქტიურად იყენებს. მხედველობაში მაქვს მტკიცება, თითქოს ომი სააკაშვილმა დაიწყო.

მაგრამ, ახლა თვალშისაცემი სხვა რამაა - ხელისუფლება საზოგადოებას ეუბნება, რომ ახლა საქართველო რომ ომში არაა ჩართული, ეს მთავრობის დამსახურებაა. ამის დასტურია პრემიერის ეს განცხადებაც - სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“.

ამ ტიპის განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ მთავრობა ცდილობს საზოგადოება ომის დაწყების შიშის რეჟიმში ამყოფოს, მეორე მხრივ იგი ხან პირდაპირ, ხანაც ირიბად აგრძელებს საუბარს იმაზე, მარიუპოლი რომ მიწასთანაა გასწორებული პრეზიდენტ ზელენსკის ბრალია.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპონენტებთან ურთიერთობების გარკვევისას ომის დაწყების შიშებსა და საფრთხეებს მთავრობა საშინაო პოლიტიკაში აქტიურად იყენებს?

- ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე, ახლა დავამატებ იმას, რომ „აბა, ომი გინდათ?“ ტაქტიკა სხვადასხვა მიზანს ემსახურება: ა) უმთავრესი ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნება, მისი მმართველობის უპირატესობაზე ხაზგასმით. ხელისუფლება მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მისი მმართველობის პერიოდში, ყველა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ომი და სამხედრო კონფლიქტი არასოდეს მომხდარა და ამ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი მშვიდობის უზრუნველყოფაა. ხელისუფლებას არ სურს მისი მმართველობის ამ „კოზირის“ ხელიდან გაშვება.

ბ) მეორე მიზანი ეს არის „ნაცმოძრაობის“ და, ზოგადად, ოპოზიციის „გაშავება“. ხელისუფლება ომის თემით ოპოზიციის მარგინალიზაციას ცდილობს, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქართველ ხალხს აქვს რუსეთთან ომის ტრავმული გამოცდილება,

გ) მესამე მიზანი შეიძლება იყოს რუსეთის მიმართ ლოიალურობის შენარჩუნება, რასაც, თავის მხრივ, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური მიბმულობა განაპირობებს.

რა შეიძლება ამაზე ითქვას? დიახ, მშვიდობა ძალიან კარგია, მაგრამ რის ფასად? საქართველოს, როგორ სუვერენულ სახელმწიფოს, არ შეიძლება მშვიდობა ძვირად დაუჯდეს, კერძოდ - დასავლეთისგან იზოლაციად, ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების დაკარგვად, რუსული იმპერიალიზმის მსახურებად, ოკუპაციის ანექსიის ფორმით გამყარებად და ა.შ.

მშვიდობა წამგებიანიც შეიძლება იყოს, თუ ის თვითმიზანი გახდება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას შეიწირავს და დასავლეთთან იზოლაციამდე მიგვიყვანს

ნამდვილად არ გვინდა, რომ ისეთი ვითარება დადგეს, რომელიც ასე აღწერა ბრეხტმა „ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“.

ანუ, მშვიდობა წამგებიანიც შეიძლება იყოს, თუ ის თვითმიზანი გახდება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას შეიწირავს და დასავლეთთან იზოლაციამდე მიგვიყვანს.

- ზოგადად, როგორც იციან ხოლმე თქმა - „შიში ოხერია“. შეშინებული ხალხის მართვა ბევრად იოლი რომაა ცხადია, მაგრამ, ახლა როცა მსოფლიოში ეპოქალური მნიშვნელობის პროცესებია დაწყებული, აქტუალურია საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშე კონსოლიდირებული იყოს და მისი მედეგობის დონე მაღალი იყოს.

კარგია, რომ რუსეთთან მიმართებაში მთავრობა სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ ახლა როცა გერმანიის რამშატაინის სამხედრო ბაზაზე მსოფლიოში რეალურად ჩამოყალიბდა ანტიპუტინური კოალიცია, არ იყო კარგი, რომ ამ შეკრებას საქართველოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

ამ თემაზე ბევრი ითქვა, მე კი მაქვს იმედი, რომ მომავალში ნაკლებად მოგვიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ თქვენი აზრით დღეს საქართველოს მთავრობა არის თუ არა ანტიპუტინური კოალიციის წევრი? თუ კი, რატომ არ გვესმის მათი მხრიდან შესაბამისი რიტორიკა?

- დღეს საქართველოს მთავრობა კიდეც არის და არც არის ანტიპუტინური კოალიციის წევრი. ანუ მას აქვს პოზიცია „არც მწვადი დაწვას და არც შამფური“, ორ სკამზე ზის.

ჯერჯერობით, ამ პოზიციით საქართველოს ხელისუფლება ფონს გადის. მეტიც, თავის აქტივში იწერს ქულებს, მაგრამ, ჩემი აზრით, მალე დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო და ცალსახა არჩევანის გაკეთება და მას ოპორტუნიზმი ვეღარ გამოუვა.

მალე დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო და ცალსახა არჩევანის გაკეთება და მას ოპორტუნიზმი ვეღარ გამოუვა

- მთავრობასა და ხელისუფლებაზე საუბარს ვერ დავასრულებთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ერთი მეტად საყურადღებო განცხადებით. მან თქვა - „დაგეგმილი იყო სცენარი - სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო - „ომის პარტიას“ ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ.“

ამ განცხადებაში უცნაური ისაა, რომ თუ მართლაც ასეა, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რადგან ამგვარი მცდელობები სს სამართლის კოდექსით დასჯადია, გაუგებარია, პროკურატურა რატომ არ იძიებს ამ საქმეს.

თქვენი აზრით ამ საქმეზე გენერალურ პროკურატურას გამოძიება რატომ არ აქვს დაწყებული?

- ხელისუფლებას სულ უფრო და უფრო უცვდება არგუმენტები, რათა თავისი ერთგვარად კაპიტულანტური პოზიცია |გააპრავოს“. „აბა, ომი გინდათ?“ ტაქტიკა ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ თანდათან ეს უკვე საკმარისი აღარ არის - ხელისუფლებას სჭირდება ცინცხალი ბრალდებების „შეკერვა“, თავისი პოზიციის გასამყარებლად.

კობახიძის ეს განცხადება სწორედ ასეთი კომპრომატის შეთხზვის მცდელობაა, რათა ბრალეულობის ტვირთი ოპოზიციაზე გადაიტანოს. აშკარაა, რომ ხელისუფლებას, კობახიძის პირით, სულ უფრო და უფრო უჭირს ზომიერების და რაციონალურობის შენარჩუნება და აკოწიწებს ფალსიფიცირებულ სქემებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

ხელისუფლებას, კობახიძის პირით, სულ უფრო და უფრო უჭირს ზომიერების და რაციონალურობის შენარჩუნება და აკოწიწებს ფალსიფიცირებულ სქემებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე

შეუძლებელია, ამას საზოგადოება ვერ ხედავდეს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც აწყობთ ასეთი ფალსიფიცირებული პროდუქტი მოიხმარონ, რათა სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ.

- კვლევით, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია ოპოზიცია. ეს ეხება იმათ, ვინც პარლამენტშია, და იმათაც ვისაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ჰქვია.

დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ ოპოზიციას პულსი პრაქტიკულად არ ესინჯება. ხელისუფლებასთან ირიბად თუ პირდაპირ აფილირებული შემფასებლები იმეორებენ „ქართული ოცნების“ კარგა ხსნის წინანდელ პოზიცია-მოსაზრებას, რომ დღევანდელი ოპოზიცია პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები სულ ამბობდნენ, რომ „ასრულებდნენ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ და მათი ლიდერი მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი საშინაო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად რჩება. ეს რომ ასეა, ამაზე ბოლო კვლევაც მიანიშნებს.

რა ხდება ოპოზიციაში? ოპოზიციის ყველა იმ ფლანგებში, რომლებიც აგრძელებენ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე აქტიურობას?

- აქ ოპოზიცია პირობითად ორ ნაწილად უნდა გავყოთ - „ნაცმოძრაობად“ და დანარჩენ ოპოზიციად. „ნაცმოძრაობა,“ უკვე კარგა ხანია, წრეში ტრიალებს და ვერ ვითარდება. პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას მოსვლა იყო იმის მცდელობა, რომ „ნაცმოძრაობა“ განახლებულიყო, ახალი სისხლი გადაესხა. ამ მიმართულებით დასაწყისში იყო სერიოზული აქტიურობა, თუმცა ეს მოძრაობა არათუ შესუსტდა, არამედ გაჩერდა.

ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სააკაშვილის ფაქტორია - პარტიის თავმჯდომარეობა „ნაცმოძრაობაში“ მაინც ფორმალური და ნომინალურია, რეალურად სააკაშვილია გამწევი ძალა და „ნაცმოძრაობაც“ ვერ გაექცა მისი კარნახით მოქმედების ვალდებულებას. მეორე მხრივ, სააკაშვილის, განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის „კარნახი“ სულ უფრო აცდენილია რეალობას და სულ უფრო ილუზორულია.

პარტიის თავმჯდომარეობა „ნაცმოძრაობაში“ მაინც ფორმალური და ნომინალურია, რეალურად სააკაშვილია გამწევი ძალა და „ნაცმოძრაობაც“ ვერ გაექცა მისი კარნახით მოქმედების ვალდებულებას. მეორე მხრივ, სააკაშვილის, განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის „კარნახი“ სულ უფრო აცდენილია რეალობას და სულ უფრო ილუზორულია

ამ ილუზორულობის ზეწოლის ქვეშ „ნაცმოძრაობის“ ნომინალური მენეჯმენტი ხელფეხშეკრულია და ვერავითარ შინაარსობრივ რებრეინდიგს ვერ ახორციელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ის „იჭყლიტება“ „ნაც-ქოცურ“ პოლარიზაციაში - ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი ამომრჩევლის უმრავლესობა ცდილობს „ნაცმოძრაობას“ მისცეს ხმა, რათა ეს ხმა არ დაიკარგოს.

მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობაზე“ საშვილიშვილოდ გაბრაზებული ამომრჩეველი ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, რადგან ეშინია და ცდილობს, რომ არ დაუშვას „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება.

ასე რჩება „თამაშგარე მდგომარეობაში“ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ძალიან უჭირთ ამომრჩევლებს საკუთარი ხმა გააგონონ. მეტიც - ზოგიერთი მათგანი ცდუნებას ვერ უძლებს და ცდილობს „ნაცმოძრაობის“ „მინდორზე“ შევიდეს, რათა ამ გზით დაიმკვიდროს თავი.

თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი კომპრომისი პატარა ოპოზიციურ პარტიებს ძვირად უჯდება და, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ასუსტებს. ფაქტია, რომ სააკაშვილის ფიგურა ვერ იქცა ოპოზიციის გამაერთიანებლად და მისი ინტეგრაციული წვლილი და პოტენცია მაღალი არ არის.

ამასთან, არანაცი ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც დაახლოებით ამომრჩეველთა მეხუთედს შეადგენს, უკეთეს შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ კოალიციურ ფორმატში წარმოიდგენს და არა ერთპიროვნულ ძალაუფლებაში.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში 2020 წლიდან უკვე არსებობს დაკვეთა კოალიციურ მმართველობაზე და ეს ყველაზე პერსპექტიული პოლიტიკური მოდელია უახლოეს არჩევნებში.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება - მოსახლეობაში არ არის რევოლუციური განწყობები და დემოკრატიული და მდგრადი განვითარებისა და ამგვარი პოლიტიკის წარმოების მოლოდინებს აყენებს ქვემოდან. მხოლოდ გეოპოლიტიკის თემაზე პოლიტიკური არჩევანის გასწორება და ძალის შენება ოპოზიციას არ გამოსდის უკვე 10 წელია.

მიუხედავად ამისა, „ნაცმოძრაობა“ აცხადებს, რომ გეგმავს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების მოთხოვნით ქუჩის აქციების დაწყებას. სავარაუდოდ, რამდენად ძლიერი და ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციები სააკაშვილის სამკურნალოდ გამგზავრების მოთხოვნით?

- მე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებენ და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნიან. ასეთი რამის არდაშვება ხელისუფლებას ისევ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება - „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის დასჯის და მისი ამომრჩეველი აღარ იქნება.

სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებენ და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნიან. ასეთი რამის არდაშვება ხელისუფლებას ისევ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება - „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის დასჯის და მისი ამომრჩეველი აღარ იქნება

ამას დავუმატოთ ის, რომ ივანიშვილ-სააკაშვილის წყვილი ერთმანეთის მიმართ შურისძიებითაა გაჯერებული და თანაგრძნობის ელემენტსაც არ შეიცავს. ამიტომ არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ასეთ „ძვირად ღირებულ“ პატიმარზე კონტროლი დაკარგოს.

მეორე მხრივ, ცხადია, ხელისუფლებას ბუმერანგივით მოუბრუნდება ის, რომ მან ვერ უზრუნველყო პატიმრის, მით უფრო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, რომლის რეფორმებზე საუბარი მსოფლიოს არასოდეს მოსწყინდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ეს ხელისუფლების და ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯს ძალიან დააზარალებს.

ამდენად, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის ჩატარების გადაწყვეტილებას, ოღონდ ქვეყნის შიგნით და მისი კონტროლის ქვეშ.

ფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის ჩატარების გადაწყვეტილებას, ოღონდ ქვეყნის შიგნით და მისი კონტროლის ქვეშ

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ომის შიშსა და სწორ დასავლურ საგარეო პოლიტიკას შორის წითელი ხაზები სად და როგორ გადის ვერავინ ვერ აჩვენა - ვერც ხელისუფლებამ, ვერც ოპოზიციამ, ვერც სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ, სწორი ანალიზისა და დისკუსიის მხარდაჭერით.

საზოგადოებაში ძალიან დაბალია ოპტიმიზმი და მხოლოდ 31 % ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ღრმა უნდობლობისა და პოლიტიკურ ელიტისა და ხალხის ინტერესებს შორის აცდენის პირობებში საზოგადოების თვითორგანიზება უფრო რთული ხდება და საკუთარ პოლიტიკურ სუბიექტობაში ეჭვის შეტანის, ანუ ნიჰილიზმის საფრთხეც მაღალია.

საშინაო პოლიტიკაში ამგვარი ვითარება პოლიტიკის ძირითად აქტორებს უბიძგებს რადიკალურად გადაახალისონ თავისი პრიორიტეტები და დღის წესრიგი, მაგრამ ამის მსგავსი რომ არაფერი ხდება, ვხედავთ.

ვხედავთ იმასაც, რომ ოპოზიცია იმის იმედადაა, როდის დამარცხდება რუსეთი, დაინგრევა რუსეთის სამხედრო მანქანა და მოხდება კრემლის დეპუტინიზაცია და ამის ფონზე დაეცემა „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს ჩვენს საშინაო პოლიტიკაში უკრაინაში რუსეთის დამარცხებამ?

- უკრაინაში რუსეთის დამარცხება, რასაც, დიდი ალბათობით, პუტინის ავტორიტარული მმართველობის გაუქმება უნდა მოჰყვეს, არა მხოლოდ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში შეიტანს კორექტივებს, არამედ გლობალური ცვლილებების გამომწვევი იქნება მსოფლიოში წესრიგის ახალი პარადიგმის დამკვიდრების თვალსაზრისით.

რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის მარცხი აღნიშნულ ომში ხელს შეუწყობს იმას, რომ ა) საქართველოს ექნება შესაძლებლობა უშუალო კომუნიკაცია დაამყაროს სეპარატისტულ რეგიონებთან და მათთან თანამშრომლობით გადაჭრას დეოკუპაციის საკითხი,

ბ) ჩამოიშლება რუსეთის მხრიდან წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, გ) საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის ქვეყნების ინტერესი და გავლენა, რაც, თავის მხრივ, დაასუსტებს და შეკვეცავს მმართველობის ავტორიტარულ ტენდენციებს.

ცვლილებები ავტომატურად არ მოხდება - იმისათვის, რათა მათ ხორცი შეესხას, აუცილებელია საქართველოს საზოგადოების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მუხლჩაუხრელი შრომა და აქტიურობა. რუსეთის მარცხის ფონზე, ასეთი აქტიურობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება

დ) ქვეყანაში გაქრება ან ღრმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს ე.წ. „მეხუთე კოლონა“ ალტ-ინფოსა და მათი მოძმეების სახით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომ მხოლოდ წაადგება საქართველოს წინსვლასა და განვითარებას.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილებები ავტომატურად არ მოხდება - იმისათვის, რათა მათ ხორცი შეესხას, აუცილებელია საქართველოს საზოგადოების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მუხლჩაუხრელი შრომა და აქტიურობა. რუსეთის მარცხის ფონზე, ასეთი აქტიურობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა