უკრაინა ჩინეთს წინადადებით მიმართავს, მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კულებამ აღნიშნა, ბუტაპეშტის მემორანდუმმა უკრაინა უსაფრთხოებით არ უზრუნველყო და შესაბამისად ოფიციალური კიევი ალტერნატიულ გზებს ეძებს.
"ამჟამად უკრაინა სწავლობს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისგან, მათ შორის ჩინეთისგან და სხვა მსხვილი სახელმწიფოებისგან. ჩვენი წინადადებაა ჩინეთისთვის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი - ეს ჩვენი პატივისცემისა და ნდობის გამომხატველი ნიშანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი", - განაცხადა კულებამ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა იმედოვნებს, რომ ჩინეთი რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ესკალაციის არდაშვების თვალსაზრისით.
"ეს იქნება მნიშვნელოვანი ზომა მშვიდობის ხელშეწყობისთვის და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფის ხელის შეშლისთვის", - განაცხადა კულებამ.