ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ზე - სამწუხაროა, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან - ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უცნაურია დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ვლადიმერ პუტინის ფოტო წარწერით : “ჩემი მეგობარი”.
„რა თქმა უნდა, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ... უცნაურია. ის აგრესორი და მკვლელია. ვერ იქნება მეგობარი. უბრალოდ, ვერ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს იგივეა, ვინმე ამბობდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერთან მეგობრობდა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ამერიკული მხარე Patriot-ის სისტემების მიწოდებას აყოვნებს. ამასთან, მისი ინფორმაციით, უკრაინას ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად საჭირო ჩამჭრელი რაკეტების „ძალიან, ძალიან დიდი“ დეფიციტი აქვს და აშშ-ის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შეფერხებას უკრაინელთა სიცოცხლეს ეწირება.
„სამწუხაროა, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან. სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს. ამ რაკეტების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლის ფასად ჯდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის სატელიტური კომუნიკაციების სისტემა Starlink-ი - და მისი სამხედრო ვერსია Starshield-ი - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდულია.
კითხვაზე, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს, ზელენსკიმ უპასუხა:
„ტექნიკურად - SpaceX-ის, პოლიტიკურად კი არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ეს ჰგავს პინგ-პონგს. ერთ მხარეს ვეკითხებით - ისინი ამბობენ, რომ მეორე მხარეა“.

























