ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2022

ხათუნა ლაგაზიძე - “აშშ რუსეთის დასამარცხებლად ახალი მსოფლიო კოალიციის დაფუძნებას ცდილობს”

რა მოხდა იზიუმში - “თუ ეს დადასტურდა, რუსულ არმიაში შესაძლოა პანიკა და ქაოსური უკანდახევა დაიწყოს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?”

ახალი ბრალდება და ისევ მტკიცებულების გარეშე - იგეგმება თუ არა რუსული პროდუქციის საქართველოს სახელით გატანა საერთაშორისო ბაზრებზე

ლაშა ბერიძე - “ტვინგამორეცხილ რუსებსაც ესმით, რომ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, მას უპასუხოდ არ დატოვებენ”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “აშშ რუსეთის დასამარცხებლად ახალი მსოფლიო კოალიციის დაფუძნებას ცდილობს”

“გარდამტეხი ცვლილება, რაზეც ომის ე.წ. მეორე ფაზის მიმდინარეობისას შეგვიძლია ვილაპარაკოთ, არის დასავლეთის მიერ რუსეთის როლის რეალურად შეფასება და საკუთარი უსაფრთხოების რაციონალური აღქმა, რამაც განაპირობა დასავლეთის დროული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სულ ბოლო ნაბიჯით რომ დავიწყოთ, ეს არის გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის ბაზაზე 44 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეკრება. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ნატოს წევრი ან მოკავშირე ქვეყნები, არამედ იყო სამხრეთ კორეა, ისრაელი, ყატარი, კენია, ტუნისი და ა.შ. აქ იყვნენ ქვეყნები, რომლებთანაც აშშ-ს თავდაცვის საკითხებზე ორმხრივი ხელშეკრულებები აკავშირებს და რომელთა მიხედვით აშშ ვალდებულია, მათ სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს გარე აგრესიის შემთხვევაში”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშშ რუსეთის დასამარცხებლად ახალი მსოფლიო კოალიციის დაფუძნებას ცდილობს” / “ამერიკის მიზანია რუსეთის არა მხოლოდ უკრაინიდან განდევნა, არამედ მისი ისეთ სახელმწიფოდ ქცევა, რომელიც მსოფლიო წესრიგს ვეღარასდროს შეუქმნის პრობლემებს.

“შეიძლება ითქვას, რომ აშშ რუსეთის დასამარცხებლად ახალი მსოფლიო კოალიციის დაფუძნებას ცდილობს. ეს არის ამ კოალიციის შესაქმნელად გადადგმული პირველი ნაბიჯი და მოსალოდნელია, რომ ამ ერთიანობას კიდევ არაერთი ქვეყანა შეემატება. იქმნება სურათი, როდესაც ერთ მხარეს, პირობითად, არის 44 ქვეყანა, მეორე მხარეს - რუსეთი, რომელსაც მოკავშირედ ჰყავს ბელარუსი, მაგრამ ამას ხომ მოკავშირეობას ვერც დავარქმევთ! თუ ვლაპარაკობთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე, მაშინ ორივე მხარეს თანაბარი ძალის კოალიციები თუ არ იქნებიან, რუსეთის გარშემო რამდენიმე ქვეყანა მაინც უნდა იყოს, დღეს კი ჩვენ სრულიად სხვა ვითარებას ვხედავთ: რუსეთი მარტოა, მის მიერ, ფაქტობრივად, უომრად დაპყრობილ ბელარუსთან ერთად, მეორე მხარეს კი არის 44 ქვეყანა. მე ამას ასეთი ფორმულირება მოვუძებნე: ცივილიზებული სამყაროს გაერთიანებული სამხედრო ოპერაცია რუსეთის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, ანუ რუსეთის განიარაღებისთვის. ეს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმაც, რომელმაც ბრძანა, ჩვენი მიზანია, რუსეთი იმგვარად დასუსტდეს, რომ მან ვეღარასდროს შეძლოს საკუთარი მეზობლებისა თუ სხვათა წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედებაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“როდესაც ომის მეორე ფაზაზე ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით, ეს არის ამ ეტაპის საკვანძო ფრაზა, რომლის მიხედვითაც ჩნდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურები, ისეთის, როგორსაც ახალი რეალობა უკარნახებს მსოფლიოს. ამ ფაზას კარგად ახასიათებს ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებაც, უკრაინას აქვს ლეგიტიმური საფუძველი, შეუტიოს რუსეთში არსებულ სამხედრო სამიზნეებსო... მან არ გამორიცხა, რომ ამ მიზნისთვის უკრაინამ ბრიტანული შეიარაღებაც გამოიყენოს. მოგეხსენებათ, აშშ-მა მიიღო ლენდ-ლიზის აქტიც, რომლითაც უკრაინას შეუზღუდავად მიეწოდება ამერიკული შეიარაღება და სხვა საჭირო დახმარება, რაც, შესაძლოა, ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მიზანია რუსეთის არა მხოლოდ უკრაინის საზღვრებიდან განდევნა, არამედ მისი ისეთ სახელმწიფოდ ქცევა, რომელიც მსოფლიო წესრიგს ვეღარასდროს შეუქმნის პრობლემებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ მეორე ფაზის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი არის ის, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უკრაინის რადა არ აპირებს, გადახედოს ნატოს თაობაზე საკონსტიტუციო ჩანაწერსო. მოგეხსენებათ, რუსეთი თავიდანვე ითხოვდა ნატოზე უარის თქმას და უკრაინაც თითქოს მზად იყო, ნეიტრალიტეტს დასთანხმებოდა, ახლა კი ეს თემა, თუ არ მოიხსნა დღის წესრიგიდან, სულ ცოტა, აქტუალურობა მაინც დაკარგა. საინტერესო იყო სტოლტენბერგის განცხადებაც, ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ომის შემდეგ ვილაპარაკებთო, რაც არ გამორიცხავს ნატოში გაწევრებას ანუ სწორედ ომის მეორე ფაზაში ირკვევა, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრების პერსპექტივა დაკარგული არ არის, მით უფრო, რომ ომის შემდეგ უკრაინა ნატოს ბევრ წევრზე უკეთ შეიარაღებული და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე გამოცდილი სამხედრო ძალების მქონე ქვეყანა იქნება. აქვე გავიხსენოთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის ფრაზაც _ ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და აღარასდროს გავიმეორებთ იმავე შეცდომასო. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი განწყობა საქართველოსთვისაც, რომელსაც, წესით, საქართველოს ხელისუფლებაც უნდა ჩაეჭიდოს და ჩვენთან დაკავშირებით დასავლეთს შეცდომის დაშვების საშუალება აღარ მისცეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჩვენი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა უნდა აიგოს სწორედ ამ გაწყობებზე და იმაზეც, რომ ნატო ეძებს ახალ გზებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. ლიზ ტრასმა ისიც ბრძანა, ახლა გამბედაობის და სიფრთხილის დროაო. ეს ფორმულაც ჩვენზეა მორგებული. სწორედ გამბედაობა და სიფრთხილე უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის მახასიათებელი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც განაცხადი, უნდა შევძლოთ, რომ უკრაინასთან ერთად, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არიან მოლდოვა და საქართველო, სუვერენიტეტი შეინარჩუნონო. ეს არის საპროგრამო განაცხადი, რომელიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და, ზოგადად, დასავლეთის განწყობას გამოხატავს. მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზის მიმდინარეობისას ცხადად გამოჩნდა დასავლური ერთიანობის მიზანი - რუსეთის დამარცხება, რაც, პირობითად, ორნაწილიანია. პირველი ნაწილი მოიცავს რუსეთის განდევნას უკრაინის ტერიტორიიდან, რაშიც უკრაინელებს დასავლეთი დაეხმარება, მეორე კი არის რუსეთის განიარაღება იმ დონემდე, რომ მას აღარ ჰქონდეს ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება პირველი ნაწილი და დაიწყება მეორე, მაგრამ მიზანი რომ ეს არის და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების მოხსნა არ განიხილება, ეს დაუფარავად ითქვა”, - განმარტავს ხათუნა ლაგაზიძე.

“უკრაინაში რუსეთის მარცხი იქნება პუტინის უდიდესი მარცხი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომ მოსალოდნელია, ის რამდენიმე სცენარზე ფიქრობდეს. ერთ-ერთი, ვფიქრობ, არის ის პროცესები, რომელთაც ვხედავთ მოლდოვაში. მოგეხსენებათ, იქ, სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, ვითარება იძაბება. ბოლო ინფორმაციით, სულ უფრო მეტი დასავლური ქვეყანა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დნესტრისპირეთისა და საერთოდ, მოლდოვის ტერიტორიის დატოვებისკენ. რომ არ ჰქონდეთ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია, ვფიქრობ, ამგვარ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ. საინტერესოა, რომ მოლდოვა, უკრაინისა და საქართველოსგან განსხვავებით, ნეიტრალური სტატუსით სარგებლობს. სწორედ ამის გამოა ის უკრაინასა და საქართველოსთან შედარებით სამხედრო თვალსაზრისით სუსტიც. ანუ, დიდი ალბათობით, არც ეს სტატუსი და არც ის, რომ მოლდოვა სანქციებს არ შეუერთდა, რუსეთისთვის დაბრკოლება არ იქნება. მოლდოვაზე თავდასხმის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ პუტინს თავისი მოსახლეობისთვის რაღაც სამხედრო გამარჯვების შეჩეჩება სჭირდება. მას მოლდოვის მშვიდობიანად ჩაბარებაც კი არ აწყობს. თუ პუტინის რეჟიმი ამას მართლაც გადაწყვეტს, შეეცდება, პატარა ომში გამარჯვების ინსცენირება დადგას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლდოვამ წინააღმდეგობა არ გაუწია”, - თვლის ექსპერტი.

“მოლდოვის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ არ არის ომისთვის მზად, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ არ აპირებენ დათმონ სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. აქ უმნიშვნელოვანესი იქნება რუმინეთის ფაქტორი. ამ ორი ქვეყნის მოსახლეობის ერთიანობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, შევნიშნავ, რომ მოლდოვის მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს რუმინეთის მოქალაქეობაც, შესაბამისად, რუმინეთს მათი დაცვის ვალდებულებაც კი დაეკისრება. მოგეხსენებათ, რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და თუ ის სამხედრო მოქმედებებში ჩაებმება, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს კონფლიქტში ნატოს სამხედრო ჩართვაც. არ დაგვავიწყდეს, რომ ნატოს სამხედრო ძალები და შეიარაღება მოლდოვის საზღვრიდან 20 კილომეტრშია თავმოყრილი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მოლდოვაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი ამის პროვოცირებასაც ცდილობდეს, რადგან თუ დამარცხდება, მას ურჩევნია, დამარცხდეს ნატოსთან და არა - უკრაინასთან. თუ ნატოს ომში ჩართვამ მოუწია, რა ელის საქართველოს? ჩვენი მეზობელია თურქეთი, რომლის არმიაც რაოდენობით მეორეა ნატოში, შესაბამისად, ისმის ჰიპოთეზური კითხვა: მოვლენათა ასეთი განვითრების შემთხვევაში რუსი დაძრავს ტანკებს თბილისისკენ თუ ნატო დაასწრებს და თავის ფარს გადაგვაფარებს? ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი ჰიპოთეზური სცენარები აქამდეც უნდა განეხილა და ახლა მით უფრო უნდა განიხილავდეს”, - დაასკვნის ლაგაზიძე.

“ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ნაკლებად სავარაუდო ჩანს, თუმცა არა გამოსარიცხი. აქვე ვიტყვი, როგორი საინტერესო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიძლება გამოიკვეთოს ამ ომის შემდგომ ევროპაში, სადაც მთავარ ღერძს შექმნიან აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები. ამ ახალ რეალობაში, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს როლი აუცილებლად გაიზრდება. უპირველესად იმიტომ, რომ რაც უფრო დამოუკიდებელი გახდება ევროპა რუსული ენერგორესურსებისგან, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება სხვა წყაროების მოძიების საკითხი და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ და გაზსადენები, რაც ალტერნატიული წყაროების ერთ-ერთი ნაწილია, უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. საქართველოს ფუნქციას ასევე გაზრდის ტვირთების მოძრაობის ახალი მარშრუტები. იმისთვის, რომ საქართველო ამ პროცესში მასშტაბურად ჩაერთოს, აუცილებელია დიდი ინვესტიციების ჩადება ლოჯისტიკური სისტემებისა და ახალი საერთაშორისო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ეს შეეხება როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო თუ საავტომობილო მიმართულებებს”, - ამბობს რესპონდენტი.

“იმისთვის, რომ რუსეთის მარცხი ბოლომდე მიიყვანონ და მართლაც მოხდეს ამ ქვეყნის დემილიტარიზაცია, აუცილებელია რუსეთის ეკონომიკის სრული ჩამოქცევა. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ რუსეთზე გამავალმა აზია-ევროპის დამაკავშირებელმა სავაჭრო გზებმა აქტუალურობა დაკარგოს. რუსეთში გამავალ მარშრუტებზე დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ამბობს უარს, შესაბამისად, ალტერნატივის მოძიებაც დაწყებულია. ის დერეფანი, რომელიც საქართველოზეც გადის, არის ყველაზე მოკლე გზა ჩინეთსა და ევროპას შორის, თუმცა ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულად ითვლება, ამიტომ საჭიროა საქართველომ სწრაფად დაიწყოს ზრუნვა თავის ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკურ რესურსებზე. გარდა ამისა, რუსეთში რყევებმა შესაძლოა წარმოშვას ახალი საფრთხეები, მაგალითად, რადიკალური ისლამის მომძლავრება, ამიტომაც ვლაპარაკობ საქართველოს როლის ზრდაზე, განსაკუთრებით - რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროპის უსაფრთხოების ერთიანი სარტყლის ფარგლებში. მოკლედ, მსოფლიო სრულიად ახალ რეალობაში გადადის, სადაც რუსეთის გამარჯვება გამორიცხულია! თუ საქართველოს სურს არსებობა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მას სხვა არჩევანი არ აქვს: ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლური სივრცისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილი”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“გეთანხმებით, რომ საკუთარი ტერიტორიების ომით დაბრუნების მცდელობა დღეს საქართველოსთვის თვითგანადგურება იქნება. საქართველოს პოზიცია ომს უნდა გამორიცხავდეს და ასეც არის. რაც შეეხება მოწოდებებს, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი სამარცხვინო კინკლაობა კი არ უნდა გაეჩაღებინა, არამედ ოფიციალურად უნდა მიემართათ უკრაინის ხელისუფლებისთვის და ეთხოვა, ზოგიერთ ოფიციალურ პირს შეეწყვიტა ამგვარი განცხადებების კეთება; აეხსნათ, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია, დაგვაპირისპიროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რასაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის სამხედრო აგრესია. რა ედგა წინ ამგვარ განცხადებას? საქმე ის არის, რომ მანამდე იმდენი არასწორი რამ თქვეს, ამგვარი მიმართვის უფლება აღარ დაიტოვეს. სამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობის საშუალებას აღარ ტოვებს ვითარება, როდესაც მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებასთან საინფორმაციო ომში ხარ ჩართული. გარდა ამისა, ეს შიდა მოხმარებისთვის ხელს აძლევს კიდეც “ქართულ ოცნებას”, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობის მტრედად წარუდგენს თავს და უკრაინელების რიტორიკასაც ოსტატურად იყენებს საკუთარი მშვიდობისმყოფელი იმიჯის გასამყარებლად”... - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

რა მოხდა იზიუმში - “თუ ეს დადასტურდა, რუსულ არმიაში შესაძლოა პანიკა და ქაოსური უკანდახევა დაიწყოს”

“უკრაინის ომის მეორე ფაზის დაწყებიდან მეორე კვირა გავიდა და რუსებს სერიოზული წინსვლა არც ერთი მიმართულებით არ აქვთ. მეტიც, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ იზიუმთან რუსეთის ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, სადაც ასობით რუსი სამხედრო პირი იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვაში მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ფეხში დაიჭრა. ანალიტიკოსთა ნაწილს გერასიმოვის დაჭრა საეჭვოდ მიაჩნია, მით უმეტეს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ დაუდასტურებია. თუმცა, დამაჯერებლად მიაჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დარტყმის მომენტში ამ სამეთაურო პუნქტებში რუს ოფიცერთა მნიშვნელოვანი რაოდენობა იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა უშუალოდ ფრონტის ხაზზე გადაწყვეტილების მიმღები კვალიფიციური რუსი ოფიცრების ნაწილი მწყობრიდან იყოს გამოსული, ეს კი უახლოეს დღეებში რუსული არმიის ქმედებებზე აისახება. თუ ეს ინფორმაცია რეალური აღმოჩნდა, ანალიტიკოსები რუსულ ნაწილებში კოორდინაციის მოშლასა და პანიკურ უკან დახევასაც არ გამორიცხავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა იზიუმში - “თუ ეს დადასტურდა, რუსულ არმიაში შესაძლოა პანიკა და ქაოსური უკანდახევა დაიწყოს”.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათში 9 რუსული თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს რვა ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, ოცდაოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური მანქანა, ისევე როგორც ხუთი მანქანა, მათ შორის ორი საწვავის ავზი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი “სუ-25”-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს. ამის პარალელურად რუსები ინტენსიურად ბომბავენ ხარკოვს, რის გამოც ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინიეგუბოვმა ოლქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონების, განსაკუთრებით ქალაქ სალტივკას მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავშესაფრები არ დატოვონ... უკრაინული სარდლობის ცნობით, მათ 30 აპრილს ქალაქ იზიუმთან რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმის მომენტში იქ უმაღლესი რანგის რამდენიმე ათეული რუსი ოფიცერი იმყოფებოდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, შედეგად დაიღუპა 20 ოფიცერი, მათ შორის რამდენიმე პოლკოვნიკი და გენერალი, და 100-ზე მეტი ჯარისკაცი. ამასთან უკრაინული მედია მხოლოდ ერთი დაღუპული გენერლის ვინაობას ასახელებს - გენერალ-მაიორი ალექსეი სიმონოვი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზოგიერთი უკრაინული წყაროს ინფორმაციით, იქვე იმყოფებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც, რომელიც დაიჭრა. “66 წლის გერასიმოვი მარჯვენა ფეხშია დაჭრილი ძვლის მოტეხილობის გარეშე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები სამეთაურო პუნქტში ისხდნენ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, 20 ოფიცერი დაიღუპა”, - წერს “უნიანი” სამხედრო ჟურნალისტ ალექსანდრ შულმანზე დაყრდნობით. ტელეგრამ არხი “ვერტიკალი” კი იუწყება, რომ დაჭრილი გერასიმოვის იზიუმიდან ევაკუირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საშტაბო-სამეთაურო ცენტრი მთლიანად დანგრეულია და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, რადგან ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა ახლაც მიმდინარეობს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, იქ შეკრებილი უმაღლესი რანგის ოფიცრების რაოდენობა 40-დან 200-მდე იყო. იზიუმში განხორციელებული დარტყმის დეტალები ოფიციალურად ჯერ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს არ დაუდასტურებია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გამოცდილების თვალსაზრისით რუსეთის სამხედრო ნაწილებს ძალიან უჭირთ და თუკი მათ ამხელა გამოცდილების მქონე გენერლები დაეხოცათ, ეს ომის მიმდინარეობას მთლიანად შეცვლის უკრაინის სასარგებლოდ. “მაღალი რანგის ოფიცრები რომ იყვნენ, ეს ნამდვილად ვიცით. შესაძლებელია ყოფილიყო ის გენერალი, რომელსაც მთლიანად იზიუმის მიმართულება აბარია, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით. ერთი რაც ფაქტია, ისაა, რომ ოფიცერთა კორპუსის დიდი ნაწილი იქ იმყოფებოდა. სავარაუდოდ ამ მიმართულებით საარტილერიო დარტყმა მოხდა. მსგავსი რამ ხერსონის მიმართულებითაც იყო. ეს პირველი შემთხვევა არაა. უბრალოდ, ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, ზუსტად ვინ იყო და ვინ მოკვდა. გერასიმოვი რომ სავარაუდოდ ცოცხალია, მაგის გაგება უფრო ადვილია, რადგან სავარაუდოდ გამოჩნდება. სავარაუდოა, რომ ზოგადად იზიუმის მიმართულების ხელმძღვანელი დაშავებული იყოს, ან ოპერაციული პროცესებიდან გამოთიშული მაინც”, - ამბობს კობერიძე, რომლის თქმით, “ეს რუსული არმიის დიდი დემორალიზებაა”, - დასძენს გამოცემა.

“გამოცდილების თვალსაზრისით, რუსეთის სამხედრო ნაწილებს ისედაც ძალიან უჭირთ და მით უმეტეს თუკი მათ ამხელა გამოცდილების მქონე გენერლები დაეხოცათ, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მათი შეტევის მიმართულება არა მხოლოდ შეჩერებული იქნება, არამედ შესაძლოა საერთოდაც დაიწყოს პანიკა, ქაოსური უკანდახევა, რადგან ეს მათთვის ძალიან ცუდ რამეს მიანიშნებს და შესაძლებელია ეს ყველაფერი უკრაინული კონტრშეტევის წინაპირობაშიც კი გადაიზარდოს. არაა გამორიცხული, რომ დაზარალებული ბევრად მეტი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ამის დადასტურება არ მოხდება. ეს ალბათ ეს უფრო ფრონტის მიმართულებაში გამოჩნდება. თუკი რუსებმა შეტევები ვეღარ განახორციელეს, შესაძლებელია ვთქვათ, რომ მათ ისეთი ფიცრები დაეღუპათ, რომლებიც სამხედრო ოპერაციის პროცესში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ. რუსების მხრიდან შეტევა ძალია ნელია, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ თითოეული კილომეტრის დასაკავებლად შესაძლოა ათობით ტანკისა და ასობით სამხედროს დაკარგვა უღირდეს, რისი რესურსიც მას ახლა არ აქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპოსნდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ამასთანავე უკრაინელებმა მოახერხეს და ორგანიზებული უკანდახევა ძალიან კარგად ისწავლეს. ეს არ ნიშნავს, რომ რამეს კარგავენ. არტილერიას ეფექტურად იყენებენ და როგორც ჩანს, თვითმკვლელი დრონების გამოყენება დაიწყო, რამაც შესაძლოა ომის მიმართულება მომავალში სრულიად შეცვალოს. ასევე შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს თვითმავალმა არტილერიამ. ის ძალიან შორს ისვრის და ყოველგვარი ჩაბმისა და კოლონების გარეშე თავად გადაადგილდება. ჯავშანი აქვს, დაცულია. მასში ბევრად დიდი ტიპის ჭურვები იდება და გასროლის შემდეგ მისი დამალვა და შეფარვა მარტივად ხდება და ისეთი დონის ჭურვებს ისვრის, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. შესაძლოა ათი ჭურვი გაისროლოს და ზალპური ცეცხლის საარტილერიო ტიპის რაკეტას დამანგრეველი ეფექტით ბევრად სჯობდეს. მას ძალიან თავისუფლად შეუძლია, რომ რუსულ არტილერიას აჯობოს. დაპირება იყო, რომ უკრაინისთვის ჰაუბიცებთან ერთად ამ ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე ბრიტანეთი და აშშ მუშაობდნენ. თვითმავალი არტილერიის გასროლის მასშტაბი შესაძლოა 300 კილომერამდეც კი იყოს. ანუ ქერჩის ხიდი დღეს დაცული აღარაა, როგორც ადრე შეიძლებოდა ყოფილიყო”, - განმარტავს კობერიძე.

“უკრაინელების პრობლემა იყო ის, რომ მათი ქალაქები, რომლებშიც ახლა რუსები დგანან საკმაოდ ღრმადაა, უკრაინული არტილერია კი ვერ სწვდება. მაგალითად, მელიტოპოლი და მარიუპოლის ალყა, ან თუნდაც ქალაქი ლუგანსკი და შემოგარენში არსებული პოსტები, აქ მიწვდომა უკრაინაში ჩასულმა დასავლურ არტილერიას შეუძლია... “ფენიქსის მოჩვენება” ზუსტად არ ვიცი რა ტიპის დრონია. ის სრულიად ახალია, თუმცა ვიცით, რომ თვითმკვლელია და ჯავშნის დაზიანება შეუძლია. მასაც აქვს საშუალება, რომ ფრონტის მიმართულებით თამაშის წესები სრულიად შეცვალოს. დასავლური შემტევითი ტიპის იარაღი ჯერ ასე მასშტაბურად არ გამოჩენილა, მაგრამ რაც დაპირება იქნა, ძირითადად ამაზეა საუბარი, რაც თამაშის წესებს მთლიადან შეცვლის”, - დაასკვნის კობერიძე. “რეზონანსთან” სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საეჭვოა რუსეთის გენშტაბის უფროსი იზიუმში ყოფილიყო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყოლოდა. რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, რუსების შეტევებს ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოაქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ გერასიმოვი იმ შეხვედრაზე მისულიყო. მხარეების პოზიციებში კი დიდი არაფერი არ შეცვლილა. რუსები ცდილობენ, რომ იზიუმის პლაცდარმიდან როგორმე კრამატორკსი-სევეროდონეცკის მიმართულებით შეუტიონ, რათა უკრაინელთა ოპერატიული ჯგუფი „თავისუფლების" შტაბი და მისი შენაერთები ალყაში მოიქციონ. უკრაინელები კი ამის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ და ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევებზე გადადიან, რომ იზიუმის მიმართულებიდან დარტყმა შეამცირონ. სამხრეთით კი პოზიციური ბრძოლები მიდის ნიკოლაევის მიდამოებთან და ავდეევკის მიმართულებით. რუსებმა უკრაინული ე.წ. მანერგეიმის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს და ამის მცდელობები აქვთ. მარიუპოლში სიტუაცია არ შეცვლილა, უკრაინული დელეგაცია ჩავიდა, იქ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები არიან. რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას ცილობენ,მაგრამ რუსები ამასაც ხელს უშლიან, ბომბავენ და მშვიდობიან მოსახლეობას არ ინდობენ” , - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - “რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?”

“ჯერ უნდა დადგინდეს, რამდენად ავთენტურია ჩანაწერები. დღეს ძალიან რთული ვითარებაა, შესაბამისად, კავშირები, რომლებიც დღეს შესაძლოა ძალიან მიუღებელი, სახიფათო და წინააღმდეგობრივი იყოს, ძალიან სასარგებლო გამოდგეს... ამიტომ ამ პროცესების სწორხაზოვნად შეფასება ძალიან პრიმიტიულია. ეს ითქმის კონკრეტულად ივანიშვილის კავშირებზეც. ამიტომ, როცა ასეთ რაღაცებზეა საუბარი, პროცესი სცილდება საქართველოს საშინაო საკითხებს და საერთაშორისო მასშტაბის ხდება, ყოველთვის მაინტერესებს არა ქართული პოლიტიკური სპექტრის, არამედ ჩვენი პარტნიორების რეაქცია. ამიტომ ჩემი შეფასება ასეთია - მე პირადად ასეთი კავშირები არ მომწონს, მაგრამ იმისთვის, რომ კატეგორიული ვიყო, დამატებითი არგუმენტები მჭირდება და ეს იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამ თემასა თუ ნებისმიერ ასეთ სხვა საკითხზე”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?”.

“სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ახლანდელი განცხადებები მის სიკვდილ-სიცოცხლის მდგომარეობის შესახებ უკვე არადამაჯერებელია. იმ შეფასებებიდან, რომლებიც ომბუდსმენის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, გამოდის, რომ სააკაშვილი არ იღებს ცილებს, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ეს ყოფილა ნევროზული მდგომარეობა და ამიტომაც აქვს პრობლემები. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია... როდესაც სააკაშვილის სასამართლო პროცესები იწყებოდა, მას ვურჩიე, რომ პროცესზე ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ გამოსვლის შემდეგ თავი დაენებებინა ამისთვის. ეს მისი როგორც სერიოზული პოლიტიკური ფიგურისთვის იქნებოდა დამაზიანებელი. ალბათ, სხვებიც ურჩევდნენ ამას, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა და მიიღო არასერიოზული ვითარება... კიდევ უფრო საოცარია, როდესაც მისი მომხრეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. თუ დააკვირდით, პირველ სასამართლო პროცესზე, სადაც სააკაშვილი გამოვიდა, იქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი, ბოლო პროცესზე კი 15-20 კაცი იყო და ამასაც ხომ შეფასება სჭირდება? რამდენი ხანია, “ნაცმოძრაობა” ერთ წრეზე ტრიალებს და ვერასდროს შეძლო, უფრო უკეთეს გარემოებებშიც კი, მასობრივი საპროტესტო ტალღა აეგორებინა. რა ულტიმატუმზეა ლაპარაკი, როცა საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ვერ შეძლებენ საპროტესტო ტალღის აგორებას, არ არის ამის განწყობა საქართველოში და არც საგარეო მხარდაჭერაა. გიული ალასანია რომ ამბობს, უკრაინიდან ყოველ მეორე დღეს რაღაცას ითხოვენო, ძალიან არადამაჯერებელია, რადგან უკრაინელები ყველაფერზე აკეთებენ განცხადებებს და რაღა ამაზე არიან ჩუმად? ეს ყველაფერი ცოტა უცნაური ხომ არის? პრობლემა ის არის, რომ ხალხი ამას ხედავს და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არ უჭერენ მხარს. ცუდი ის არის, მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი, არანაირად არ მინდა ამ პარტიის რეიტინგი იქამდე დაეცეს, როგორც სხვა წვრილი პარტიების. მაშინ გამოდის, 2024-ში კი არა, 2030 წლამდე იქნება “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, რაც ასევე არ მინდა, რადგან ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ორივე­ ძალიან ცუდი იქნება. ესენი კი ყველაფერს აკეთებენ, რომ “ქართულ ოცნებას” საქმე გაუადვილონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ახალი გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, 5%-იანი ბარიერის პირობებში “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა აქვს, თანაც ლამის კონსტიტუციური, და ამას ხომ უნდა მიხვდეს რომელიმე პარტია? პროცენტებზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ამ გამოკითხვამ ძალიან ნათელი სურათი აჩვენა, თუ მოსახლეობაში რა განწყობაა. მოსახლეობის ფაქტობრივად 2/3 უარს ამბობს პოლიტიკურ პარტიებზე. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებას პოლიტიკური სიმწიფე აკლია, რომ ახალი ძალა წარმოშვას, ამიტომ ვჯერდებით იმ სპექტრს, რომელიც დღეს გვყავს. ეს შედეგები ძალიან რეალურია, რადგან ეს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა დაკავებულია მხოლოდ იმით, თუ ვინ მოიპოვებს და ვინ დაკარგავს ძალაუფლებას. საზოგადოების ინტერესი კი ეს არ არის, მას სხვა პრობლემები და ინტერესები აქვს. როდესაც პოლიტიკური სპექტრი ვიწრო წრეშია ჩაკეტილი, ბუნებრივია, ხალხი ვერ ხედავს ძალას, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს. 30 წელია იმით ვართ დაკავებული, როგორ ჩავანაცვლოთ ერთი ხელისუფლება მეორით. არაფერი კეთდება ან დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ან სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის თუ ნორმალური საბაზრო პირობების ჩამოყალიბებისთვის”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. წინა ხელისუფლება იკვეხნიდა, თითქოს სახელმწიფო ააშენა, მაგრამ სახელმწიფო სამართლის გარეშე წარმოგიდგენიათ? იგივე გრძელდება დღესაც. ახლა ოპოზიციამ ისევ პარლამენტის დატოვებაზე დაიწყო ლაპარაკი და დაამატეს, ზეიმით უნდა ჩავანაცვლოთ ხელისუფლებაო. რა ზეიმი, რა პარლამენტის დატოვება, სად არიან საერთოდ?! ცალკე საკითხია წვრილი პარტიები, რომლებიც ხან ერთ მხარეს მიეხეთქებიან, ხან მეორეს და ვერაფრით მოახერხეს, რომ მესამე ძალის რაღაც შუალედი მაინც დაიჭირონ. პატარა პარტიები ახლა იმას ელოდებიან, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევა თუ არა. თუ დარჩება 1%-იანი ბარიერი, მაშინ თვლიან, რომ ცალკე ყოფნა ურჩევნიათ, თუ იქნება 5%-იანი ბარიერი, მაშინ ან შექმნიან კოალიციას ან წავლენ რომელიმე მხარეს. პრობლემა ის არის, მმართველი პარტია შესწორებებს დღეს არ მიიღებს. თუ კონსტიტუციაში ცვლილებები საერთოდ შევა, იქნება ბოლო მომენტში, რადგან თავად “ქართული ოცნებაც” არ არის ჩამოყალიბებული, რა ურჩევნია. ამიტომაც არის ეს გაუგებრობა და პატარა პარტიებიც ვერ რისკავენ, რაც მგონია, მათთვის ძალიან ცუდია. შანსი ყოველთვის უნდა გამოიყენო და თუ ვერ ხვდები, როდის და სად არის შანსი, შედეგიც შესაბამისია”, -დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“როდესაც სააკაშვილი ჩამოვიდა, ის პოლიტიკური ფიგურა გახლდათ და ნამდვილად მოულოდნელი სვლა გააკეთა, რაც სახიფათო იყო. ახლა კი ის მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს და არ წარმოადგენს საშიშროებას. რომც გამოვიდეს ციხიდან და არსადაც არ წავიდეს, რას იზამს? გვახსოვს, 2003 წელს პროცესები როგორ ვითარდებოდა, რა ბაზა იყო, საზოგადოებაში რა განწყობები არსებობდა, ვინ უჭერდა მხარს და ვინ არა. იქნებ ვინმეს დაავიწყდა, რომ “ვარდების რევოლუციამდე” ჯერ ბეიკერი იყო ჩამოსული და მერე ივანოვი? მართლაც წალენჯიხიდან წამოსულმა ავტოკოლონამ კი არ გადაწყვიტა აქ ბედი, ვიღაცებიც ჩაერივნენ ამ პროცესში, დღეს კი ვიღაცებს ამისთვის არ სცალიათ”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “კობახიძის განცხადება, რომ სააკაშვილმა იცოდა, ომი დაიწყებოდა და იმისთვის ჩამოვიდა, მეორე ფრონტი გაეხსნაო, რას ნიშნავს?” - პასუხობს:

“ცალსახად პიარია და მეტი არაფერი. კობახიძემაც და ხელისუფლებამაც იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცუდის მოლოდინშია. ყველა შიშობს, რომ შეიძლება პუტინმა ხვალ-ზეგ საქართველოს შემოუტიოს. შესაბამისად, მოსახლეობაში არის განწყობა, რომ ომი რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ. ეს ნათლად ჩანს და შესაბამისად, ხელისუფლება მოწინააღმდეგის გასაშავებლად ამბობს, ომის პარტიააო, რომ სააკაშვილმა 7-8 თვის წინ იცოდა, უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ეს განჭვრიტა, ოღონდ ის ვერ განჭვრიტა, რომ ჩამოვიდოდა, დაიჭერდნენო, ეს არის და ეს. წმინდა წყლის გებელსის პიარია და მეტი არაფერი. თუმცა მომგებიანია ხელისუფლებისთვის და იმუშავებს. მიაღწიეს კიდეც მიზანს და ეს ოპოზიციისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაშიც ჩანს”...

ახალი ბრალდება და ისევ მტკიცებულების გარეშე - იგეგმება თუ არა რუსული პროდუქციის საქართველოს სახელით გატანა საერთაშორისო ბაზრებზე

“უკრაინამ საქართველოს ახალი ბრალდება წაუყენა. უკრაინის სადაზვერვოს მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა და ამ შემთხვევაშიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინულ მხარეს მოთხოვნა უნდა გაუგზავნოს, რომ დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ბრალდება და ისევ მტკიცებულების გარეშე - იგეგმება თუ არა რუსული პროდუქციის საქართველოს სახელით გატანა საერთაშორისო ბაზრებზე / “არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არაა... წარმოდგენილი უნდა იყოს ან ფოტოები, ან კონკრეტული დოკუმენტაცია”

“უკრაინის სადაზვერვოს მთავარი სამმართველო იტყობინება, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, დაწესებული სანქციების შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტექნოლოგიებსა და უცხოურ წარმოებაზე დამოკიდებული ინდუსტრიები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (“ოდეკაბე”) ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი. გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გაზრდის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციაზე, რაც ასევე შედის კრემლის ინტერესებში. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სომხეთი რუსული კომპანიების ბიზნესს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. პირველ რიგში, ეს ეხება “აი-ტი” სექტორს. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დაახლოებით 85 ათასი მოქალაქე და 113 “აი-ტი” კომპანია სომხეთში ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან ორი ქვეყნის - სომხეთისა და რუსეთის ბიუჯეტში”, - აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის წამყვანი რუსული მწარმოებელი - “ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა” ყაზახეთს გერმანული წარმოების კომპონენტების მისაღებად იწვევს”, - განაგრძობს გამოცემა.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წინა ბრალდებაზე, რომ საქართველო რუსულ კონტრაბანდას ეხმარება, საქართველოს ხელისუფლებამ კიევისგან ვერ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები და მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. მისი თქმით, კონკრეტული მტკიცებულებები ოფიციალურმა თბილისმა ახლაც უნდა მოითხოვის, თუმცა ამჯერად სიტუაციას გარკვეულწილად ართულებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინის ხელისუფლებას მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს, თუ კონკრეტულად რა კომპანიებზეა საუბარი. ამის გაკეთება ტექნიკურად ძალიან რთულია, მაშინ პროდუქცია უნდა დაფასოვდეს და ეწეროს “დამზადებულია საქართველოში”. პროდუქციის შემოსვლის დამამტკიცებელი საბუთიც უნდა იყოს. სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, რუსი ოლიგარქი ივანიშვილს დაუკავშირდა, მისი წარმომადეგენელი კი საქართველოში იყო ჩამოსული. პრემიერმა მასთან შეხვედრა უარყო და თქვა, რომ ქართველ ბიზნესმენებთან გადავამისამართეო, მაგრამ აქ მთავარია, რომ პირდაპირ თუ ირიბად რაღაც კავშირია. თუნდაც ამ ფაქტის გათვალისწინებით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთმა ახსნა-განმარტება მოსთხოვოს, იგივე ხიდაშელი რატომ ჩამოვიდა და რას საქმიანობს. ეს უკრაინის მხრიდან სერიოზული ბრალდებაა და კონკრეტული არგუმენტები უნდა არსებობდეს. მაშინ უნდა დადგინდეს კონკრეტული გემი, რომელიც საქართველოს ნავსადგურში შემოვიდა და ტერიტორიაზე ნედლი პროდუქცია შემოიტანა, მტკიცებულებები, რომ პროდუქტი ჩამოიტვირთა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ამ შემთხვევაში უკრაინული მხარისგან არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არაა. წარმოდგენილი უნდა იყოს ან ფოტოები, ან კონკრეტული დოკუმენტაცია. თუ კონკრეტული უწყება დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს, მაშინ შესაბამისი დოკუმენტიც უნდა ჰქონდეთ. “ქართუმა ოცნებამ” უკრაინულ მხარეს უნდა მოსთხოვოს, რომ აჩვენოს ის დამამტკიცებელი საბუთი, რის საფუძველზეც ამ ბრალდებას უყენებს. წინა ბრალდებაზე საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მოსთხოვა ახსნა, თუ რა ტიპის სანქცირებული პროდუქცია შედიოდა საქართველოდან რუსულ ბაზარზე, მაგრამ უკრაინის მხრიდან პასუხი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ “ოცნება” მოგებული დარჩა. მაგრამ ახლა სიტუაცია რთულია, როცა ამ ბრალდებას სატელეფონო ჩანაწერები დაერთო. თუმცა მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს. თუ უკრაინის დაზვერვამ სერიოზული მტკიცებულებები წარმოადგინა, მაშინ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებენ. თუ ივანიშვილმა პრემიერს რუსი ოლიგარქი მართლაც შეახვედრა, მაშინ აქ რაღაც კავშირი არის, თუნდაც ბიზნესკავშირები”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

ლაშა ბერიძე - “ტვინგამორეცხილ რუსებსაც ესმით, რომ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, მას უპასუხოდ არ დატოვებენ”

“კიევთან მარცხის შემდგომ რუსეთი აღმოსავლეთში გადმოჯგუფდა და ცდილობს ფართომასშტაბიანი ომი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტად აქციოს. ფართომასშტაბიან ომს დიდი ხარჯი სჭირდება, მას კი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების თავი არა აქვს. ამიტომ აღმოსავლეთ უკრაინაში გაცილებით მცირე ტერიტორიაზე თავდაცვა და ნაწილობრივი შეტევა მისთვის ბევრად მომგებიანი იქნება. მცირე ინტენსივობის კონფლიქტის არაერთი მაგალითი გვაქვს, თუნდაც მთიანი ყარაბაღი - სანამ აზერბაიჯანი გაათავისუფლებდა, სროლა და აფეთქებები იყო, ხალხი იღუპებოდა. წლების განმავლობაში ასე გრძელდებოდა და ფართომასშტაბიან ომში არ გადაზრდილა. კრემლი შეეცდება აღმოსავლეთ უკრაინაშიც იგივე გაიმეოროს - სვლა შეანელოს, მაგრამ დაკავებული ტერიტორიები არ დატოვოს და უკრაინა დააზარალოს”, - აცხადებს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბირთვული მუქარა - დამარცხების შიშით ნაკარნახევი გზა თუ რეალური საფრთხე? / “ტვინგამორეცხილ რუსებსაც ესმით, რომ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, მას უპასუხოდ არ დატოვებენ”.

“ახლა ეს არის პუტინის მიზანი და არა მოგება, იცის, უკვე დამარცხდა. თუმცა მცირე ინტენსივობის კონფლიქტის საფრთხე მისი გაყინვაა. შესაძლოა ამის წინაპირობად უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის საზავო ხელშეკრულებაც კი შესთავაზოს. მსოფლიო რუსეთის არაერთ საზავო შეთანხმებას იცნობს, რომელსაც არასდროს ასრულებს. ომში ვითომ “მშვიდობისმყოფელები” შეჰყავთ და შემდეგ როგორც სჭირდებათ, ისე მანიპულირებენ. უკრაინაში დარჩენილ სამხედრო ნაწილებს “სამშვიდობო ძალებს” ალბათ, ვერ დაარქმევენ. არც ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის ოლქებში ჰყოლიათ ასეთი კონტინგენტი. შეიძლება ადგილობრივ რეჟიმებს დაარქვან სახელები - ანუ შეიძლება კიდევ ერთი დე ფაქტო წარმონაქმნი ჩამოაყალიბონ, რითაც უკრაინელების დაშანტაჟებას შეეცდებიან, ამასობაში კი ახალი კონფლიქტისთვის მოემზადებიან... ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“უკრაინის ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნისა და მიღებული თავდაცვითი სისტემების შემდგომ რუსეთი ძველებურად ვეღარ აყენებს საჰაერო დარტყმებს. დიდი ქალაქების სიღრმეებში ვერ უტევენ, რადგან უკრაინის გაძლიერებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსული ავიაციის შეტევაზე პასუხის გაცემა შეუძლია. თუმცა რუსები ჯერ კიდევ ფლობენ სარაკეტო უპირატესობას და ისვრიან კიდეც უაზროდ. გასულ კვირას კიევს, ხარკოვს, ოდესას ესროდნენ, მაგრამ ამას არავითარი სამხედრო ღირებულება, ტაქტიკა და სტრატეგია არ გააჩნია, მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯას ემსახურება. მაგრამ საჰაერო დაბომბვა მაშინ არის ეფექტური, როდესაც ტერიტორიის დასაკავებლად ქვეითი ძალაც იბრძვის. ახლა უკრაინას უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რათა თავდაცვის ძალების გადაადგილებისას მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო მეტი შეტევითი იარაღიც. ვფიქრობ, მართებული იქნება, თუ ხერსონის მიმართულებას შეუტევენ, რადგან იქ უკრაინას უპირატესობა აქვს”, - მიიჩნევს პოლკოვნიკი.

“იმავდროულად, ძალიან სწრაფად უნდა გადაიჭრას მარიუპოლი-ყირიმის დამაკავშირებელი ხაზის საკითხი და ქალაქის ალყის გარღვევაზე ფიქრი დაიწყონ. ჩემი არჩევანი რომ იყოს, ყირიმს ბოლოსთვის მოვიტოვებდი, ხერსონისა და მარიუპოლის მიმართულებით მოქმედების დაწყება კი შესაძლებელია. გამარჯვება შეუძლია ხარკოვის მიმართულებითაც - შეტევითი ძალისხმევა იქ უნდა დაიხარჯოს, სადაც ამის შანსი არსებობს. უმძიმესი ვითარებაა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაში, რაც უკრაინელების შეუპოვრობის მაგალითია. ეს ცხადყოფს, თუ რამდენად გამოიბრძმედნენ უკრაინელები ამ ომში - ალყაში მოქცეულები ძალიან მცირე რესურსითაც კი რუსებს არაფერს უთმობენ”, - ამბობს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და შეკითხვაზე - “არსებობს მოსაზრება, რომ მოლდოვა რუსეთის შემდეგი სამიზნეა...” - პასუხობს:

“ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დნესტრისპირეთის კონფლიქტი ყველაზე მსუბუქია. იქ არ არის იმხელა დაძაბულობა და ანტაგონიზმი, როგორიც ყარაბაღში, აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში იყო. დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეჟიმის მცხოვრებს შეუძლია კიშინიოვში შევიდეს, ნივთები იყიდოს და შინ მშვიდობიანად დაბრუნდეს... სეპარატისტულ რეჟიმებს ყოველთვის აქვთ შიში, რომ ხვალ-ზეგ ვითარება შეიცვლება. ეს ეტყობოდა კიდეც ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობას - პირველ დღეებში დაინახეს, რომ რუსეთი მარცხდებოდა და თვითგადარჩენისთვის პროვოკაციები დაიწყეს. კონფლიქტის სიმსუბუქიდან გამომდინარე, მოლდოვას დაძაბულობის შექმნა არ სურს. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოსგან განსხვავებით, მას ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების ბევრად დიდი შანსი აქვს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“როდესაც რუსული სამსახურები ავრცელებენ, რომ დნესტრისპირეთში არეულობა უკრაინელებს სურთ, ეს უკვე საეჭვოა, თან მეორე ფრონტის გახსნა კიევში სულაც არ აწყობთ, რადგან მთელი ძალები აღმოსავლეთით უნდა მიმართონ. თუ მოლდოვაში არეულობა დაიწყება, ამაზე რეაგირება მოუწევთ. არადა, მოლდოვაზე ყურადღების გადატანა არ სჭირდებათ. ეს არის დნესტრისპირეთის­ სეპარატისტების ჩანაფიქრი, მათ რეალობის შეცვლის ეშინიათ, რუსული სპეცსამსახურების დახმარებით პროვოკაციებს აწყობენ, რათა ვინმემ მიაქციოს ყურადღება, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მოლდოვამ უომრად არ “გადაყლაპოს”, - განმარტავს პოლკოვნიკი.

“რუსეთს ჯერ იმის ეშინოდა, დასავლეთი და ამერიკა უკრაინას სამხედრო ძალით არ დახმარებოდნენ და ბირთვული იარაღით იმუქრებოდა, ახლა იმის ეშინია, რომ იარაღით ეხმარებიან. ცოტა ხანში რომელიმე ევროპელი ლიდერი რომ უკრაინაში ჩავიდეს, ბირთვული იარაღზე დაიწყებს ლაპარაკს. ევროპასა და ამერიკაში ამ საკითხს არ უყრუებენ, რადგან მართლაც შეიძლება რუსეთმა გარისკოს და ბირთვული ან მასობრივი დაზიანების იარაღი გამოიყენოს. ამიტომაც დასავლეთის სპეცსამსახურების დიდი რესურსი ამ საფრთხის ნეიტრალიზებისკენ არის მიმართული. თუმცა ტვინგამორეცხილ რუსებსაც ესმით, რომ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, მას უპასუხოდ არ დატოვებენ. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტირანს, ადოლფ ჰიტლერს, უამრავი სახეობის ქიმიური იარაღი ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამოუყენებია, რადგან ნაცისტურ რეჟიმსაც კი ესმოდა, რომ ამას პასუხი მოჰყვებოდა. მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას დიდი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ეს ვერ იქნება რუსეთში ხანძრები და აფეთქებები, თუ უკრაინა არ გადავიდა შეტევაზე, ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არსებობს. ამით მანიპულირება პუტინის სისუსტეა. არ შეუძლია ეს პროცესები სხვა რამით დააბალანსოს... ბორის ჯონსონი ამბობს, ბირთვული იარაღით ჩვენც ვუპასუხებთო, ზოგი ამისთვის დასცინის, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასავლეთს საფრთხე გააზრებული აქვს და მოქმედებს კიდეც”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო