გიორგი მელაშვილი - დაუშვებელია, რომ საქართველო გახდეს გამტარი, რომლითაც რუსი ოლიგარქები მოახერხებენ სანქციებისთვის გვერდის ავლას, ამორალურობის გარდა ეს არარაციონალურია: თუ სანქციებისთვის გვერდის ავლა დადასტურდება, ეს სწრაფად გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თუ როგორი განწყობებია დომინანტური ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, რა კორექტივები შეიტანა რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი სისტემა, ასევე იმაზე, თუ როგორ აფასებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს, “ინტერპრესნიუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ვარშავაში ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეკრება გაიმართა, რომელზეც განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო ევროკავშირის გაფართოების გამოწვევები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონტექსტი და ის გზები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გაღრმავება.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია როგორც არასდროს კონსოლიდირებულია, ევროპის რიგი ქვეყნების პოლიტიკურ წრეებსა და პარლამენტებში ხშირად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთთან მიმართებაში ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა გაუმართლებელია და ევროპამ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.

სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიტანა უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროკავშირის გამოწვევებში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონტექსტის გათვალისწინებით დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა?

- უკრაინის ომი არის ისტორიული მასშტაბის უდიდესი ტრაგედია და მოვლენა, რომელმაც სრულიად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების პოზიცია ომთან დაკავშირებით ცალსახაა - კოლექტიური დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს არამარტო რუსეთის შესაჩერებლად, არამედ ამ ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად - ამაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაცოცხლებული ლენდ-ლიზის პროგრამა და უზარმაზარი ფინანსური დახმარებაც მეტყველებს.

ამ ყველაფრის ფონზე ევროპის ქვეყნების პოზიციაც ერთიანია, მაგრამ არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროპას. ევროპის ქვეყნების ნაწილი დამოკიდებულია რუსულ გაზზე - ისინი ამ დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ, მაგრამ ამ დამოკიდებულების შესამცირებლად აუცილებელია დრო.

მიუხედავად ამისა, ბუჩასა და ირპენში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, ვერავინ, ვერც-ერთი პოლიტიკოსი ევროპაში, რომელსაც არ სურს პოლიტიკური სუიციდი, რუსეთს ღიად მხარს ვერ დაუჭერს.

ბუჩასა და ირპენში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, ვერავინ, ვერც-ერთი პოლიტიკოსი ევროპაში, რომელსაც არ სურს პოლიტიკური სუიციდი, რუსეთს ღიად მხარს ვერ დაუჭერს

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში განიხილება ორი რეგიონი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, და დასავლეთ ბალკანეთი.

ევროკავშირმა უკვე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდება კავშირის წევრი. მან დააჩქარა მთელი რიგი პროცედურები, მათ შორის კითხვარის გადმოცემა, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჯერ, უახლოეს პერიოდში, საუბარია არა სრულუფლებიან წევრობაზე, არამედ ევროპული პერსპექტივის აღიარებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

ისიც უნდა გავიაზროთ, რომ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე საკმაოდ გრძელია და დამოკიდებულია არამარტო გარეგან პოლიტიკურ ფაქტორებზე, არამედ ასევე ქვეყნის შიგნით ჩატარებულ რეფორმებსა და ევროკავშირის ფასეულობების გაზიარებასთან.

ევროკავშირმა უკვე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდება კავშირის წევრი... უახლოეს პერიოდში, საუბარია არა სრულუფლებიან წევრობაზე, არამედ ევროპული პერსპექტივის აღიარებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროკავშირის წინა გაფართოებების შედეგად კავშირმა მიიღო ახალი ქვეყნები და ახალი პრობლემები, და, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს გარკვეული გადაღლა გაფართოების პროცესით - ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ორმხრივი მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ყოყმანობენ.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი - არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და ჩვენი ერების ურყევი ნების შედეგად.

- ვარშავაში თქვენ ასევე მიიღეთ მონაწილეობა ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრ ELF-ის ყოველწლიურ ასამბლეაში.

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. უკვე კარგად ჩანს, რომ მსოფლიო და მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემა, ვერანაირად ვერ იქნება ისეთი, როგორიც ის 24 თებერვლამდე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე იყო.

ახლა ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი იქნება უსაფრთხოების ახალი სისტემა ბევრადაა დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე. ეს თემა იმის გამოცაა აქტუალური, რომ კოლექტიური დასავლეთს ცალსახად განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინის ომში რუსეთის გამარჯვებას.

უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ახალ სისტემის მომავალთან დაკავშირებით როგორი მოსაზრებებია დომინანტური?

- ჯერ კიდევ უკრაინის ომის დაწყებამდე ევროკავშირი აქტიურად საუბრობდა „ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე“. კონფლიქტამდე ეს კონცეფცია ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დამუშავებული, თუმცა მასთან დაკავშირებით ორი მიდგომა არსებობდა: პირველი, რომელსაც განსაკუთრებით ALDE უჭერდა მხარს, გულისხმობდა NATO-ს ქოლგის ქვეშ ევროკავშირის საერთო ჯარის შექმნასა, მეორე მოსაზრება უფრო რადიკალური იყო და განიხილავდა ევროპის ერთიან ჯარს როგორც NATO-სა და ამერიკული გავლენის ერთგვარ დამბალანსებელს.

უკრაინის ომის შედეგად NATO-ს ქოლგის აუცილებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - როგორც ჩანს, რამშტაინის ბაზაზე შეკრებილი 40 მოკავშირე ქვეყანა - და ძალიან სამწუხაროდ, ამ შეხვედრას არ ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი - გახდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მთავარი ბირთვი.

კითხვარზე პასუხების გასაიდუმლოება კითხვის ნიშნებს ნამდვილად ბადებს... როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არ სურს საკუთარი კონსერვატიული და ულტრაკონსერვატიული ელექტორატის გაღიზიანება და შესაძლო პოლიტიკურ უკმაყოფილებას ამჯობინა კითხვარის სრულიად გასაიდუმლოება

ჩვენ ასევე ვხედავთ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის - გერმანიის - თავდაცვის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას: წლების განმავლობაში გერმანია ცდილობდა ე.წ. „Entspannungspolitik“-ის გატარებას, რაც ეფუძნებოდა „ურთიერთდამოკიდებულების“ გაზრდის იდეას.

გერმანელებს სჯეროდათ, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ამ ურთიერთობების ჩამოშლის საფრთხე საკმარისი ბერკეტი იქნებოდა რუსეთის აგრესიულობის შესაკავებლად. ამ მიდგომას აქტიურად ვაკრიტიკებდით ჩვენ, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, თუმცა, სამწუხაროდ, გერმანიის გადასარწმუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა შეძლო ამ მიდგომის შეცვლა, თუმცა ამასაც დრო დაჭირდება. საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე უფრო დასაბუთებულ მსჯელობას ჩვენ შევძლებთ დონბასისთვის ბრძოლის დასრულების შემდეგ, თუმცა ის, რომ დასავლეთის ქვეყნებისა და მოკავშირეების კონსოლიდაცია გაგრძელდება, მათ შორის არამარტო რუსეთის, არამედ სამომავლოდ ჩინეთის გავლენის საპირწონედ, თითქოს გამოიკვეთა.

- უკრაინაში მიმდინარე ომმა გადამწყვეტი როლი შეიტანა იმაში, რომ ევროკავშირმა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარი გადასცა.

მომხდარი ნიშანი იყო იმისა, რომ თავად ევროკავშირია დაინტერესებული რომ რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს სამივე ქვეყნების განაცხადები.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ ხელისუფლებას ჯერ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დასაძრავად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გვამცნო რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო. მან ასევე თქვა, რომ ბრიუსელში გასაგზავნი პასუხები კითხვარზე არ გასაჯაროვდება.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, რადგან კითხვარი და მასზე პასუხები არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას, იგი ღია საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება და ხელისუფლების მიერ იმის თქმა, რომ პასუხები არ გასაჯაროვდება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების თავნებობა.

პასუხების არგასაჯაროებასთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით მთავრობის გადაწყვეტილებას და თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა მთავრობამ რომ ბრიუსელში გასაგზავნი პასუხები არ უნდა გაესაჯაროებინა?

- ევროპაში ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის რუსული რევიზიონიზმის გამოხატულება, რომელსაც სურს დროში მოგზაურობა და საბჭოთა კავშირის აღდგენა. ევროპელებს ისიც ესმით, რომ მოლდოვა და საქართველო ამ რევიზიონისტული აგრესიის პირველი მსხვერპლები ვიყავით - და ისიც, რომ რეაქცია რუსეთის წაქეზებულ კონფლიქტებზე არ იყო საკმარისი.

ამ გააზრებამ, უკრაინელთა გმირულ და თავგანწირულ ბრძოლასთან ერთად, გამოიწვია ახალი პოლიტიკური რეალობისა და „შესაძლებლობების ფანჯრის“ გახსნა ჩვენი ქვეყნებისთვის.

წლების განმავლობაში საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა რეფორმების ჩატარების კუთხით, რომელიც წინ უსწრებდა უკრაინასაც და მოლდოვასაც, მაგრამ ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა რამდენიმე უაღრესად უსიამოვნო პრეცედენტს, რამაც საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა - უპირველეს ყოვლისა შარლ მიშელის შეთანხმება, და ჩვენი ქვეყნის მარადიული სისუსტეები - სასამართლო და საარჩევნო სისტემები, რისი გაუმჯობესების გარეშე ევროკავშირში შესვლაზე საუბარი ზედმეტია.

კითხვარზე პასუხების გასაიდუმლოება კითხვის ნიშნებს ნამდვილად ბადებს. საქართველოს კანონმდებლობა ძალიან კონკრეტულად მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას. მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი, თუ რატომ მოხდა გასაიდუმლოება.

სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ობიექტურ მიზეზებზე მეტად აქ უფრო პოლიტიკურ თამაშს აქვს ადგილი - არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ კითხვარი შეიცავდა გარკვეულ საკითხებს, რომელიც უმრავლესობაში მყოფი პარტიის ელექტორატის ნაწილისთვის საკმაოდ სენსიტიურია.

როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არ სურს საკუთარი კონსერვატიული და ულტრაკონსერვატიული ელექტორატის გაღიზიანება და შესაძლო პოლიტიკურ უკმაყოფილებას ამჯობინა კითხვარის სრულიად გასაიდუმლოება.

კანდიდატის სტატუსიდან სრულუფლებიან წევრობამდე დიდი გზაა... საქართველოს ინტეგრაცია შეუქცევადია - მაგრამ მხოლოდ ჩვენზე და ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული, რამდენად კარგად მოახერხებს აუცილებელი რეფორმების ჩატარებასა და ჭარბი ძალაუფლების დათმობას

- 24-25 ივნისს გაიმართება ევროკავშირის სამიტი, ანუ ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ ევროკავშირის კითხვარზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის დასკვნას.

ამ დასკვნებზეა დამოკიდებული ეს ქვეყნები მიიღებენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსს. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე ინსტიტუციური.

რა შანსები აქვს საქართველოს 24-25 ივნისისათვის დაგეგმილ სამიტზე მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

- გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იქნება. ევროკავშირმა უკვე დააჩქარა საკუთარი პროცედურები შეიცავდა გარკვეულ საკითხებს, თუმცა ეს სამიტი ნამდვილად არ იქნება მარტივი. არავისთვისაა საიდუმლო, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს აქტიურად უჭერენ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, თუმცა არსებობენ სკეპტიკოსებიც - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ შალენბერგის პოზიციაც ყველასთვის ცნობილია და ამ მიდგომის კარგი ილუსტრაციაა, თუმცა, არსებული პოლიტიკური და სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

მაგრამ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსიდან სრულუფლებიან წევრობამდე დიდი გზაა - ევროკავშირი აქტიურად განიხილავს ე.წ. ეტაპობრივი ინტეგრაციის გზას, რაც გულისხმობს ინტეგრაციის გაღრმავებას წარმატებული რეფორმების ჩატარების სანაცვლოდ, და ამ რეფორმების ჩატარება უკვე საქართველოზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ინტეგრაცია შეუქცევადია - მაგრამ მხოლოდ ჩვენზე და ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული, რამდენად კარგად მოახერხებს აუცილებელი რეფორმების ჩატარებასა და ჭარბი ძალაუფლების დათმობას.

საქართველოს თავდაცვა იმდენად უნდა გავაძლიეროთ, რომ რუსეთს თავდასხმა აღარ და ვეღარ უღირდეს - ამას ძალიან კარგად ხვდებიან ჩვენი მეგობრები ნატოში და ყველანაირად მოგვეხმარებიან, თუმცა ჩვენც კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რა გვჭირდება და რა უნდა მოვითხოვოთ

- ცხადია, რომ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში არსებული პრობლემების მიუხედავად ევროკავშირი და აშშ არ აპირებენ

ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა - „საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი, ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა არა ერთხელ გამოთქვა საქართველოსთან დაკავშირებით ვაშინგტონის დამოკიდებულება. აშშ-ს თავდაცვის მდივანმაც რამდენიმეჯერ თქვა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად აშშ და ნატო ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

ნატოელი და ამერიკელი დელეგაციების გახშირებული ვიზიტები იმაზე მეტყველებს, რომ თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად პარტნიორები დაგვეხმარებიან. მეტიც, ითქვა რომ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რჩება შთაბეჭდილება დღეს ქვეყანას აქვს შანსი მნიშვნელოვნად გაძლიერდეს სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ამ კუთხით ბევრი კეთდება თუ ცოტა უცნობია.

თქვენი აზრით ამ თვალსაზრისით რა ხდება და თქვენი ვარაუდით რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატო საქართველოსთან დაკავშირებით?

- ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისათვის დახმარების აუცილებლობას. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს ძალებს შორის უკვე არსებობს ძალიან ღრმა ინსტიტუციური თანამშრომლობა, ჩვენი ჯარისკაცები ნატოს კოლეგებთან ერთად მსახურობდნენ ავღანეთში და ბევრმა გაიარა ისეთივე წვრთნა, რომელიც გაიარა ნატოს ჯარებმა. ამავე დროს აუცილებლად უნდა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ თავდაცვის ძალების, და ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა - განსაკუთრებით, დედაქალაქის, კიევის, აღების წარუმატებელმა მცდელობამ, ნათლად დაგვანახა, რომ ერთადერთი, რასაც შეუძლია რუსეთის შეჩერება არის სამხედრო წარუმატებლობა, ან ამ წარუმატებლობის შიში.

რუსეთის შეჩერებაში მე ვგულისხმობ არამარტო უშუალოდ უკვე გაჩაღებულ სამხედრო კონფლიქტში მის დამარცხებას, არამედ ასევე პრევენციას.

ფინეთზე თავდასხმა, რომლის მოსახლეობა მიახლოებით 5.5 მილიონია, წარმოუდგენელია, რადგანაც ქვეყანაში არსებობს ძლიერი თავდაცვა, მტკიცე ინსტიტუტები, და ქვეყნის თავდაცვა სრულიად სინქრონიზებულია ნატოსთან. იმავეს თქმა შეიძლება შვედეთზე. ეს არის ის იდეალი, ის მიზანი, რომელსაც ჩვენც უნდა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ.

მისთვის კი აუცილებელია თავდაცვის კონცეფციის გადააზრება, მისი გაშლა ყველა - განსაკუთრებით, მუნიციპალურ - დონეზე და იმ ადამიანების სრული მხარდაჭერა, ვისაც სურს სამშობლო დაიცვას, იქნება ეს მოხალისეები, ტერიტორიული რეზერვი, თუ უბრალოდ ადამიანები, ვინც იცის იარაღის გამოყენება. ჩვენ ასევე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ 2008 წლის ომის შემდეგ დაწესებული მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე დე-ფაქტო ემბარგოს სრულ გაუქმებაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს თავდაცვა იმდენად უნდა გავაძლიეროთ, რომ რუსეთს თავდასხმა აღარ და ვეღარ უღირდეს - ამას ძალიან კარგად ხვდებიან ჩვენი მეგობრები ნატოში და ყველანაირად მოგვეხმარებიან, თუმცა ჩვენც კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რა გვჭირდება და რა უნდა მოვითხოვოთ.

ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მავნებლურია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგანაც სპობს ინსტიტუციურ მედეგობას, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, რადგანაც ეს ინსტიტუტები ისედაც სუსტი გვაქვს

რუსეთისგან მომავალი საფრთხე რეალურია - მისი არ დანახვა, მასზე თვალების დახუჭვა სისულელე და სიბეცეა. დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში თუ ქვეყანას განსაკუთრებით თუ მას რუსეთი ესაზღვრება, უნდა მშვიდობა, მაგრამ მას რუსეთი ესაზღვრება, ის ომისთვის უნდა იყოს მზად.

რუსეთისგან მომავალი საფრთხე რეალურია, მისი არ დანახვა, მასზე თვალების დახუჭვა სიბეცეა, თუ ქვეყანას უნდა მშვიდობა, მაგრამ მას რუსეთი ესაზღვრება, ის ომისთვის უნდა იყოს მზად

რუსეთი და მისი ჯარი არ არის უძლეველი - უკრაინამ ეს უკვე დაამტკიცა. ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა - ამ რეალობაში ჩვენი როლი თავიდან არის გადასააზრებელი და ამას, ჩვენ გარდა, არც ნატო და არც ბრიუსელი არ და ვერ იზამს.

ამიტომაც ის გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო მიიღებს, ასევე ჩვენზეა დამოკიდებული - ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და ვეუბნებოდეთ მოკავშირეებს, რა გვჭირდება და რისთვის.

სამწუხაროდ, ამ აქტიურობას მართლაც, რომ ვერ ვხედავთ - არადა, ამ ისტორიულ მომენტში ასეთ პასიურობას არანაირი ახსნა არ აქვს.

- დარწმუნებული ვარ ვარშავაში გამართულ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე და ასევე ევროპარლამენტის კვლევითი ცენტრ ELF-ის ყოველწლიურ ასამბლეაზე ამ ფორუმების კულუარებში პარტნიორებს ექნებოდათ ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

გასაგებია, რომ ახლა ყველაზე განხილვადი თემა ევროპის დედაქალაქებში უკრაინაში ომია და მისი სავარაუდო შედეგების შემდეგ როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი, მაგრამ საინტერესოა როგორია ევროპაში ჩვენი პარტნიორების მიერ დანახული საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები?

- ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში. ბრიუსელსა და ვაშინგტონში სრულიად ფლობენ სიტუაციას ადგილზე და კარგად იციან ყველა ის პრობლემა, რაც ადგილზე გვაქვს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. ეს კონცენტრაცია მავნებლურია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგანაც სპობს ინსტიტუციურ მედეგობას, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, რადგანაც ეს ინსტიტუტები ისედაც სუსტი გვაქვს.

დიდია უკმაყოფილება მიშელის შეთანხმების გაუგებარი მომავლით. ევროკავშირმა სცადა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საკუთარი პოლიტიკური წონისა და გავლენის გამოყენება, თუმცა მთავარმა პოლიტიკურმა აქტორებმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს

კარგად არის ცნობილი ჩვენი მუდმივი პრობლემა სასამართლოში და ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მუდმივად იყო მმართველი პოლიტიკური ძალის დაქვემდებარებაში. ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება არის კანონის უზენაესობა და, რა თქმა უნდა, სასამართლოს გამოყვანა პოლიტიკური გავლენიდან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

დიდია უკმაყოფილება მიშელის შეთანხმების გაუგებარი მომავლით. ევროკავშირმა სცადა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საკუთარი პოლიტიკური წონისა და გავლენის გამოყენება, თუმცა მთავარმა პოლიტიკურმა აქტორებმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს.

ბრიუსელი აკვირდება საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინაში ომთან მიმართებაში, და მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს. ახლა, ამ მომენტში, კინკლაობა უკრაინის მთავრობასთან ყველასთვის გაუგებარი და სრულიად უადგილოა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სანქციების საკითხი - დაუშვებელია, რომ საქართველო გახდეს გამტარი, რომლითაც რუსი ოლიგარქები მოახერხებენ სანქციებისთვის გვერდის ავლას. ამორალურობის გარდა ეს არარაციონალურია: თუ სანქციებისთვის გვერდის ავლა დადასტურდება, ეს სწრაფად გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას - რაც საქართველოს ეკონომიკას სრულიად დაანგრევს და თითოეულ ჩვენგანზე საშინელ გავლენას იქონიებს.

საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც კარგად ესმით, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა დღეს არის ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და მის მიერ ინსტიტუტების სრული დაქვემდებარება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს