ვიტალი ბალა - როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევდნენ როგორც უკრაინა-ყირიმის გადასასვლელის ომის წინ განაღმვასთან, ისე საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში

უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, სავარაუდოდ, როდის დადგება უკრაინა-რუსეთის ომში გარდამტეხი მომენტი, ასევე იმაზე, პრეზიდენტ ზელენკის მისი გარემოცვიდან ვინ შეიძლება აძლევდეს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, ორ თვეზე მეტია ჩვენ და მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს უკრაინის გმირულ ბრძოლას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ.

გასაგებია, რომ ფრონტებზე ვითარება მუდმივად ცვალებადია, მაგრამ კითხვას მაინც ასე დავსვამ - როგორ შეაფასებდით უკრაინის ფრონტებზე ვითარებას ომის მიმდინარეობის 68-ე დღეს?

- უდავოა, რომ სიტუაცია როგორც უკრაინის აღმოსავლეთში, ისე სამხრეთში, მარტივი არაა. არ ვიტყოდი, რომ იგი ისეთი მძიმეა, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ორივე მიმართულებაზე საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

არის მონაკვეთები, სადაც რუსეთის ძალები წინაც მიიწევენ, მაგრამ ისინი ვერ ასრულებენ იმ გეგმებსა და ჩანაფიქრებს, რომელიც მათ ომის მეორე ფაზის დაწყების წინ თავად დასახეს. ჩემი დაკვირვებით, ფრონტის ხაზებზე უახლოეს მომავალში საინტერესოდ განვითარდება პროცესები. ვფიქრობ, ამ ომში მალე დადგება გარდამტეხი მომენტი.

ორ კვირაში ზუსტად გვეცოდინება რეალურად როგორი შესაძლებლობები ექნება უკრაინას ბრძოლის ველზე ქვეყანაში რუსული ოკუპაციის დასასრულებლად

ამის თქმის საშუალებას იძლევა ის, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისაგან უკვე მიიღო ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც აქამდე გვპირდებოდნენ. საუბარია მძიმე ტექნიკაზე, არა მარტო შეტევით იარაღზე, არამედ ჰაუბიცებზე, 200-ზე მეტ ტანკზე, რომელიც ჩვენ პოლონელებმა გადმოგვცეს, ზალპური ცეცხლის სისტემებზე, და სხვა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის შეტევა იქნას ჯერ მოგერიებული იქ, სადაც ახლა მათ პოზიციები აქვთ და შემდეგ გადავიდეთ კონტრშეტევაზე, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან განვდევნოთ ისინი.

ჩემი აზრით უახლოეს ორ კვირაში ზუსტად გვეცოდინება რეალურად როგორი შესაძლებლობები ექნება უკრაინას ბრძოლის ველზე ქვეყანაში რუსული ოკუპაციის დასასრულებლად.

- ბრძანეთ, რომ რუსებს რიგ მონაკვეთებზე აქვთ მცირე წინსვლა. თქვენთან დაკავშირებამდე ბრიტანული დაზვერვის რუკას ჩავხედე. ამ რუკაზე მკაფიოდ ჩანს, რომ გარკვეული წარმატებები და წინსვლა აქვთ ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ხერსონისა და ხარკოვის მისადგომებთან საკმაოდ გაუმჯობესებულია ვითარება...

- დიახ, ამ მიმართულებაზე უკრაინამ განახორციელა კონტრშეტევები, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები სრულად იქნას გათავისუფლებული, ასეთი მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. რუსებს გარკვეული წარმატებები აქვთ იზიუმის მიმართულებაზე. ახლა ისინი ცდილობენ ქალაქ სლავიანსკის აღებას, ამისთვის მოაწყვეს პონტონის გადასასვლელი, ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოუვათ.

რუსებს გარკვეული წარმატებები აქვთ იზიუმის მიმართულებაზე. ახლა ისინი ცდილობენ ქალაქ სლავიანსკის აღებას, ამისთვის მოაწყვეს პონტონის გადასასვლელი, ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოუვათ

დასტურდება ხმები იმის თაობაზე, რომ სწორედ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე შეტევის ორგანიზებისთვის იმყოფებოდა საბრძოლო ზონაში რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი გერასიმოვი.

- დონბასში უკრაინული ძალები დღესაც იმ პოზიციაზე დგანან, როგორც ომის დაწყებამდე, ანუ 24 თებერვლამდე და საკმაოდ წარმატებითაც იცავენ თავის პოზიციებს...

- დიახ, ასეა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინას ამ მონაკვეთებზე ყველაზე კარგად გაწვრთნილი ძალების ჰყავს. ისიც ფაქტია, რომ ამ პოზიციებზე უკრაინული ძალები 2014 წლიდან იცავენ. ასეა მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ მონაკვეთზე რუსეთმა მნიშვნელოვნად, შეძლო რამდენჯერმე გაზარდა ცოცხალი ძალის რაოდენობა. ამ მონაკვეთზე მათ გაზარდეს ტექნიკის რაოდენობაც.

მას შემდეგ, რაც უკრაინა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული ტექნიკით შეავსებს დონბასში განლაგებულ უკრაინულ ძალებს, მხარეებს შორის ძალთა ბალანსი მეტ-ნაკლებად თანაბარი იქნება.

მალე დადგება ომის მესამე ეტაპი. ამ ეტაპზე უკრაინა გაათავისუფლებს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეოთხე ეტაპი იქნება ყირიმის დაბრუნება, რომლის დაბრუნება იქნება მოგვიანებით და დიდი ალბათობით უბრძოლველად

პირველ ეტაპზე უკრაინამ შეძლო არ მიეცა საშუალება რუსებს აეღოთ კიევი, სხვა დიდი ქალაქები და ამ ქალაქებს კაპიტულაცია გამოეცხადებინათ. ახლა ომის მეორე ეტაპია. რუსეთი ცდილობს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში წინ წაწევას და რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების დაკავებას. მათ უნდოდათ ხერსონის ოლქისა და ზაპოროჟიეს ოლქის სრულად დაკავება. აქედან საკმაოდ ახლოსაა ოდესა, რომლის აღება ასევე შედის კრემლის გეგმებში.

მალე დადგება ომის მესამე ეტაპი. ამ ეტაპზე უკრაინა გაათავისუფლებს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეოთხე ეტაპი იქნება ყირიმის დაბრუნება, რომლის დაბრუნება იქნება მოგვიანებით და დიდი ალბათობით უბრძოლველად.

- რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება - „მოვითხოვთ პრეზიდენტ ზელენსკისაგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვან წინააღმდეგობის გაწევაზე. კი არ დაგვნებდნენ, არამედ შეწყვიტონ წინააღმდეგობის გაწევა“?

- პირდაპირ გეტყვით - საკმაოდ ძნელია იმ განცხადებების კომენტირება, რომელსაც რუსეთის პირველი პირები უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებენ. ეს ეხება ლავროვის განცხადებებსაც.

ვითარებაში, როცა ლავროვზე არაფერია დამოკიდებული, მის განცხადებებზე კომენტარების კეთება არც ღირს. ამ თვალსაზრისით ყურადღების მიქცევა ღირს იმაზე, თუ რას ამბობს პრეზიდენტი პუტინი. ვრცელდება ხმები, რომ 9 მაისს პუტინი საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით.

- სი-ენ-ენის მტკიცებით რუსეთი 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომს ოფიციალურად გამოაცხადებს და ასევე გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას...

- უკრაინის დაზვერვამაც გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა სწორედ ეს მოხდეს მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე. ვნახოთ, დაველოდოთ, 9 მაისამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

- უკრაინული წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე, ანალიტიკოსი იური შვეცი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ანალიზებს დებს YouTube-ზე, გუშინდელ გამოშვებაში პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, ერმაკს, ბრალი დასდო იმაში, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების წინ უკრაინა-ყირიმის მიმდებარე ტერიტორია რომელიც დანაღმული იყო, სწორედ თებერვლის პირველ რიცხვებში განნაღმა უკრაინულმა მხარემ.

მისივე თქმით, სწორედ ეს აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ რუსებმა საკმაოდ იოლად დაიკავეს ის ტერიტორიები.

რამდენად სამართლიანია ანალიტიკოს იური შვეცის ბრალდებები ერმაკის წინააღმდეგ და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- ფაქტია, რომ სწორედ ომის დაწყების წინ აღმოჩნდა ეს ტერიტორიები უკრაინის მხარის მიერ განაღმული. ომის დაწყებიდან ერთ თვეში ხერსონის მერმა პირველმა გამოთქვა ამის შესახებ საჯარო სივრცეში წუხილი. იგი კითხვას ასე სვამდა - ვითარებაში როცა უკრაინის მხრიდან ყირიმთან დამაკავშირებელი გზები დანაღმული იყო, როგორ აღმოჩნდნენ უმოკლეს დროში რუსები ხერსონთან?

ამ თემაზე მართლაც არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. ამ საქმეში დამნაშავეა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი, ეს გასარკვევია. მაგრამ ის, რომ სამხრეთ მიმართულებაზე არსებულ ვითარებაში ბევრი რამაა გასარკვევი, ფაქტია.

ამ საქმეში დამნაშავეა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი, ეს გასარკვევია. მაგრამ ის, რომ სამხრეთ მიმართულებაზე არსებულ ვითარებაში ბევრი რამაა გასარკვევი, ფაქტია

- შვეცი ამ თემაზე საუბრისას კითხვასაც მეტი და არც ნაკლები ასე სვამს - „განაღმვა გააზრებული გადაწყვეტილება იყო, თუ ჩვეულებრივი ბედოვლათობა? ერმაკ თქვენ ვისზე მუშაობთ?

- ამ თემაზე საჯარო სივრცეში ბევრი აზრი გამოითქვა, მათ შორის ერმაკთან და კიდევ სხვა პიროვნებებთან დაკავშირებითაც. ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრი რამ მართლაც გასარკვევია და ხალხმა უნდა იცოდეს რეალურად რა მოხდა ამ ტერიტორიაზე განაღმვასთან დაკავშირებით, რამაც აგრესორს გაუადვილა უკრაინის ტერიტორიების დაკავება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს დაახლოებით ისე, როგორც ერთი რუსული გამოთქმა გვეუბნება - „ომი ყველაფერს ჩამოწერს.“ სინამდვილეში ასე არაა, უკრაინას ექნება დრო და ძალა იმის, რომ გაარკვიოს რა ხდებოდა უკრაინაში ომამდე და ომის დაწყების შემდეგ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს დაახლოებით ისე, როგორც ერთი რუსული გამოთქმა გვეუბნება - „ომი ყველაფერს ჩამოწერს.“ სინამდვილეში ასე არაა, უკრაინას ექნება დრო და ძალა იმის, რომ გაარკვიოს რა ხდებოდა უკრაინაში ომამდე და ომის დაწყების შემდეგ

გერმანიის კანცლერმა შოლცმა ამას წინათ განაცხადა რომ იგი უკრაინაში იმის გამო არ ჩადის, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში ჩასვლაზე უარი უთხრა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს. მან ასევე თქვა, რომ ვიდრე კიევი პრეზიდენტ შტაინმაიერს არ მიიღებს, იგი უკრაინაში არ გაემგზავრება.

ყველა ხვდებოდა, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში შეფერხებები ბერლინის სწორედ ამ წყენას უკავშირდებოდა. კანცლერმა შოლცმა თავის უკანასკნელი განცხადებებით უკრაინის თემაზე პრაქტიკულად ეს დაადასტურა.

ეს კი იმას ნიშნავს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი იყო კიევის პოზიცია, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში ჩასვლაზე უარი უთხრა პრეზიდენტ შტაინმაიერს. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის, რბილად რომ ვთქვათ ასეთ რჩევებს აძლევენ.

როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს გაუმართლებელ და უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევენ. სახელდებოდა არა ერთი გვარი, რომელსაც ბრალად ედებოდა უკრაინის წინააღმდეგ მუშაობა. ფაქტია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია რიგ შემთხვევაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ხშირად გაკვირვებას იწვევს. ფაქტია, რომ პრეზიდენტ ასეთ რჩევებს ვიღაც აძლევს.

ფაქტია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია რიგ შემთხვევაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ხშირად გაკვირვებას იწვევს. ფაქტია, რომ პრეზიდენტს ასეთ რჩევებს ვიღაც აძლევს

უკრაინა-ყირიმის დამაკავშირებელი გადასასვლელი განაღმული რომ არ ყოფილიყო, რუსულ ძალებს ძალიან გაუჭირდებოდათ ყირიმიდან უკრაინაში იოლად შემოჭრა და დიდი წინააღმდეგობის გარეშე ხერსონამდე მისვლა და ამ ქალაქის დაკავება.

სხვათა შორის, როცა გენერალი ვრანგელი ყირიმში იყო გამაგრებული, უკრაინა-ყირიმის დამაკავშირებელი გადასასვლელი მას დანაღმული ჰქონდა და წითელი არმიის ძალები ყირიმში ზღვიდან შევიდნენ. არ ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი იყო თუ არა უკრაინა-ყირიმის დამაკავშირებელი გადასასვლელის განაღმვის ინიციატორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს თემა და კიდევ სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხები გამოუძიებელი არ დარჩება.

არ ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი იყო თუ არა უკრაინა-ყირიმის დამაკავშირებელი გადასასვლელის განაღმვის ინიციატორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს თემა და კიდევ სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხები გამოუძიებელი არ დარჩება

- გითხრათ სიმართლე, იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელმძღვანელების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული რბილად რომ ვთქვათ უსიამოვნო განცხადებები სწორედ ამ კატეგორიიდანაა...

- დიახ, როცა მე პრეზიდენტისთვის არასწორი რჩევების მიღებაზე ვსაუბრობ, მათ შორის საქართველოსთან გაკეთებულ განცხადებებსაც ვგულისხმობ. რადგან ჩვენ არ გვაქვს ფაქტები იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, ვინც უკრაინის სასარგებლო რჩევებს აძლევენ პრეზიდენტ ზელენსკის, მე არ და ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მის გარემოცვაშია.

თანამდებობიდან განთავისუფლებულმა უკრაინის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა ბურბამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისში არიან ჯაშუშები, რომლებიც მტერზე მუშაობენ.

ვიმეორებ, როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევდნენ როგორც უკრაინა-ყირიმის გადასასვლელის ომის წინ განაღმვასთან, ისე საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში.

- სამხედრო ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინა-რუსეთის ომში გადამწყვეტი მაის-ივნისის თვეები იქნება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- უახლოესი ორი კვირა უკრაინა-რუსეთის ომში გადამწყვეტი იქნება. ასე ვარაუდობენ სამხედრო სფეროში კარგად გარკვეული დასავლელი სამხედრო ექსპერტები და ვფიქრობ, რომ ისინი არ ცდებიან.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს