უკრაინის გენშტაბი - რუსეთი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე - მტერმა გააძლიერა ჯარისკაცების ჯგუფი და საჰაერო დაზვერვა

მტერი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში მიზნით, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, მტერმა რაკეტები ესროლა დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვოვის, ვინიცის, კიევის, ზაკარპატიის, ოდესისა და დონეცკის ოლქებში მდებარე ობიექტებს,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით ჭურვები ესროლა ქალაქ ხარკოვსა და სოფელ პროტოპოპივკას, ჩაატარა საჰაერო დაზვერვა ხარკოვის ოლქის ბარვინკოვსკის რაიონის კუტუზივკასა და ალექსანდრივკას დასახლებებში და შეეცადა შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დოვგენკეს დასახლების მიმართულებით, მაგრამ უშედეგოდ.

მათივე ცნობით, დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით ოკუპანტები უკრაინის ჯარების ნაწილებს ბომბავდნენ.

„ლიმანის მიმართულებით მტერი მიიწევს სოფელ შანდრიგოლოვის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება. მტერმა გააძლიერა ჯარისკაცების ჯგუფი და გააძლიერა საჰაერო დაზვერვა. რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს პოპასნაიას მიდამოებში, ბრძოლა გრძელდება. მარიუპოლში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს და ცეცხლს უხსნიან ჩვენს პოზიციებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსულმა ძალებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელა ორიხივის დასახლების მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად. გენშტაბში აცხადებენ, რომ ბესარაბიის მიმართულებით, ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა მტრის 7 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 12 თავდასხმა მოიგერიეს, განადგურდა 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 ერთეული მანქანა. მტერს დანაკარგები აქვს სხვა ტერიტორიებზეც,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა