პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - პერსონალურ მონაცემთა დაცვა საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 1-ელი მარტიდან - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებიდან დღემდე 10 სამართალდარღვევა გამოავლინა. დარღვევების უმეტესობა მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დამუშავებას და მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევას შეეხებოდა. ასევე, გამოვლინდა მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის კანონდარღვევით დამუშავების ფაქტი, სადაც დამმუშავებელს ჯარიმა შეეფარდა.

აღნიშნული სტატისტიკის შესახებ და ზოგადად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე „ინტერპრესნიუსი“ სამსახურის უფროსს ლელა ჯანაშვილს გაესაუბრა.

- უპირველესად რომ გვითხრათ, რა შეიცვალა და რა სიახლეები დაინერგა 1-ელი მარტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების დღიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში?

- საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო 2013 წლიდან არსებობს. 2013-2019 წლებში საზედამხედველო ორგანოს მანდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, ხოლო 2019-2022 წლებში — სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებდა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების კონტროლს, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უზრუნველყოფს. დამოუკიდებელი ინსტიტუციური მოწყობის მქონე სამსახურის მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის იმპლემენტაცია.

1-ელი მარტის შემდეგ დამტკიცებულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმების (ინსპექტირება) 2022 წლის გეგმა, რომელიც სექტორულად და თემატიკის გათვალისწინებით ფარავს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მნიშვნელოვან საკითხებს. გეგმური შემოწმებები ხელს შეუწყობს მონაცემთა დამუშავების სტანდარტის ამაღლებას და მისი დაცვის კულტურის სიმყარეს.

წელს, სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ამოცანასა და პრიორიტეტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება წარმოადგენს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტის მიღებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის საკითხზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის გასაძლიერებლად, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატსა და პლატფორმაში. მიმდინარე წლის მაისში სამსახური წარმოდგენილი იქნება ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების რიგით 30-ე საგაზაფხულო კონფერენციაზე. ღონისძიების ერთ-ერთ პლენარულ სესიაზე, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარებას, ტრანსსასაზღვრო შემთხვევების განხილვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას შეეხება, მოხსენებას წარვადგენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიებაზე გაიმართება რიგით 30-ე საგაზაფხულო კონფერენციის მასპინძელ საზედამხედველო ორგანოს — ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ერთობლივ აქტივობათა, მათ შორის, შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზებას.

სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეგა საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთანაც. მიმდინარე პერიოდში სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ინსპექტირების მეთოდოლოგიის შესახებ სამდღიანი ტრენინგი. ექსპერტული მისია ევროპის კომისიის პროექტის, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, გერმანელ ექსპერტთა ხელმძღვანელობით განხორციელდა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წლის ბოლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უმასპინძლებს ევროპის საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას (ECHW), რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს დაეთმობა.

- ზოგადად, როგორ შეაფასებთ საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების მიმართულებით არსებულ ვითარებას და რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე?

- საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება სამსახურის მისიის შემადგენელი ნაწილია. გლობალიზაციისა და მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვა საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო დაარსების დღიდან სხვადასხვა ტიპის კამპანიასა თუ ღონისძიებას ატარებს. თუმცა მოგეხსენებათ, აღნიშნული ხანგრძლივი და საკმაოდ რთული პროცესია. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამუშაო საკმაოდ ბევრია. მნიშვნელოვანია, უპირველესად, საზოგადოების ინფორმირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მათი უფლებების განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობისა და მისი მიზნების შესახებ - სამსახური წარმოადგენს უწყებას, რომელიც მუდმივად ზრუნავს ადამიანის ძირითად უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვაზე, განსაკუთრებით კი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე. ამ მიზნით, სამსახური პერმანენტულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, ასევე ტრენინგებს, საჯარო ლექციებს საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელ უწყებებთან/ორგანიზაციებთან, მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად იმართება საჯარო ლექციების ციკლი და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ დაესწრონ მას როგორც ფიზიკურად, ისე დისტანციურ, ონლაინ ფორმატში. სამსახურის საქმიანობისა და ზოგადად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფორმირების მიზნით, პერიოდულად იმართება გასვლითი შეხვედრები რეგიონებშიც. გარდა საინფორმაციო კამპანიებისა, ვგეგმავთ მასშტაბური პროექტების გამართვას, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით.

- 1-ელი მარტის შემდეგ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურში რამდენი მოქალაქის განცხადება შემოვიდა?

- 1-ელი მარტიდან დღეის მდგომარეობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში შემოვიდა ჯამში 63 განცხადება (უფრო კონკრეტულად, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტში — 25, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტში — 23 განცხადება და 3 შეტყობინება, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტში კი — მოქალაქეების 15 განცხადება). ასევე, მარტი-აპრილის პერიოდში გაცემულია ჯამში 629 კონსულტაცია (კერძოდ, 117 კონსულტაცია — კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 429 კონსულტაცია — საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ხოლო 83 კონსულტაცია სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასცა).

- აღნიშნულ პერიოდში რამდენი საჯარო და კერძო დაწესებულება შეამოწმა სამსახურმა როგორც მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით?

- კერძო და საჯარო სექტორებზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტები აქტიურად ატარებენ ინსპექტირებებს. ამჟამად მიმდინარეობს 16 შემოწმება, აქედან 7 სამსახურის ინიციატივით, დანარჩენი კი მოქალაქეების მომართვის საფუძველზე.

ლიკა რუაძე

"ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა