კომპანია „ბორჯომის“ დასაქმებულები აქციას მართავენ

კომპანია „ბორჯომის“ დასაქმებულები აქციას მართავენ

კომპანია „ბორჯომის“ დასაქმებულები ბორჯომში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანიის გენერალურ დირექტორთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, კომპანიის თანამშრომლები მზად არიან წავიდნენ გარკვეული სახის კომპრომისზე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზაზა გელაშვილი აცხადებს, რომ საწარმოს თანამშრომლები „ითხოვენ გარანტიებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამუშავდება საწარმო, თანამშრომლები სრული დატვირთვით დაუბრუნდნენ იმ სახელფასო ნიშნულს, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი“.

ამასთან ერთად, ქარხნის თანამშრომლებს სურთ, რომ პროცესებში ჩაერთოს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

„კომპანიის მენეჯმენტი დასაქმებულებს ახალ კონტრაქტებს სთავაზობს, რომელშიც სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია. შესაბამისად, თანამშრომლები მზად არიან მიიღონ ეს შემოთავაზება, თუმცა გარკვეული სახის გარანტიებით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს გარანტიები მათთვის მიცემული არ არის.

ისინი ითხოვენ შეხვედრას გენერალურ დირექტორთან და საქართველოს პრემიერ -მინისტრთან, შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს შეხვედრა უნდა შედგეს, რაც განმუხტავს სიტუაციას. დასაქმებულებმა აიღეს კორპორატიული პასუხისმგებლობა და მზად არიან დათმობებისთვის“, - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ.

ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.