როდესაც ბოლოს ვიყავი კიევში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოროდიანკაში ჩავედი დაახლოებით ათი დღის წინ, კარგად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ, ლოდინის გარეშე სიგნალის გაგზავნა, რომ დავიწყებთ მუშაობას ქვეყნის აღმშენებლობისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Interfax-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მიშელმა ვარშავაში დღეს დაგეგმილ დონორთა კონფერენციის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფერენცია უკრაინის ევროპული „მარშალის გეგმის“ ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს.
„არსებობს სამი მიზანი: ჩვენ გვინდა ფულის მობილიზება, გვინდა დავარწმუნოთ უკრაინის ყველა მეგობარი მთელს მსოფლიოში, გამოავლინონ თავიანთი სოლიდარობა და გვსურს ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც არის ნდობის ფონდი, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უკრაინის მეგობრებისთვის შესაძლებლობის შექმნას, რომ მათ უკრაინისთვის თანხის მობილიზება, ფინანსური სახსრების მობილიზება შეძლონ. ჩემი აზრით, ეს კონფერენცია უნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკრაინის ევროპული „მარშალის გეგმისთვის.“ ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს უკრაინას,“- აღნიშნა შარლ მიშელმა.