ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2022

გახსნის თუ არა რუსეთი მეორე ფრონტს და რომელი ქვეყნებია საფრთხეში

ევროპამ რუსეთის სანქცირების მე-6 ტალღა ააგორა - ევროკავშირი აპირებს საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ნავთობზე

რას უპასუხებს საქართველოს მთავრობა უკრაინის ბრალდებებს

* * *

გახსნის თუ არა რუსეთი მეორე ფრონტს და რომელი ქვეყნებია საფრთხეში

“ბოლო პერიოდში დასავლელი ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და სხვა ქვეყნებსაც ელით საფრთხე. როგორც კონფლიქტლოგები და სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, წარუმატებელი მეორე ფაზისა და უმძიმესი სანქციების ფონზე, ორი-სამი ფრონტის გახსნა რუსეთს უდაოდ გაუჭირდება, თუმცა, რადგან მოლდოვა უკრაინის საზღვართანაა, საფრთხე შედარებით დიდია. რაც შეეხება საქართველოს, ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე შემოჭრის ალბათობა ნაკლებია. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. “ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს. მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით დარღვევა. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში, რომელიც შეიცვალა”, - განაცხადა შოლცმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახსნის თუ არა რუსეთი მეორე ფრონტს და რომელი ქვეყნებია საფრთხეში.

“უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება. ამიტომ, სხვა ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ პუტინის მოახლოებული თავდასხმისთვის. ამბობს, რომ დასკვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მორიგი განცხადების შემდეგ გააკეთა. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო”, - განაცხადა დანილოვმა. წარუმატებელი მეორე ფაზის ფონზე აშშ აცხადებს, რომ დიქტატურას ძალით უნდა შეეწინააღმდეგო და იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს. “თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათი მადა იზრდება”, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელების წინააღმდეგობის შესახებ საუბრისას ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ “ლოკჰიდ მარტინის” ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა. აქ ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს აწარმოებენ, რომლებიც ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი ორ თვეზე მეტი ხნის წინ უკრაინაში შეიჭრა, მარტო ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას. ეს არ ითვალისწინებს ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად”, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, იმის გამო, რომ მოლდოვა უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა და რუსეთს მეორე ფრონტის გახსნა თითქმის არ უწევს, შედარებით მეტი საფრთხე ამ ქვეყნისკენაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოლდოვას ვარიანტი სავსებით რეალურია. სერიოზული პროვოკაციები იქნება და ქვეყანა ფაქტიურად წინასაფრონტო საბრძოლო მგომარეობაშია გადასული, დნესტრისპირეთის პროვოკაციები მართლაც საშიში მოვლენაა. რუსების ეს ქმედება რას ემსახურება, რთულად გამოსაცნობი არაა, უნდათ, რომ მეორე ფრონტი გახსნან და ოდესის მიმართულებით დაარტყან. ნიკოლაევიდან, როგორც ჩანს, უკვე უჭირთ და ეცდებიან, რომ უფრო ოდესიდან შეუტიონ - აქედან კი მოლდოვაზე შეტევა გაუადვილდებათ. რაც შეეხება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და საფრთხე შესაძლოა ყოველ წამს წამოვიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მოლდოვას კონფლიქტის უფრო მეტი შანსებია, ვიდრე საქართველოზე. უკვე ამდენი შანსი არა მგონია ჰქონდეთ, რომ ორ-სამ ფრონტზე ერთდროულად იომონ” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც რუსეთისთვის მაინცდამაინც გამაღიზიანებელი არაა, ეს ჯერჯერობით მუშაობს. სამხედრო კუთხითაც, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ბრძოლისუნარიანი შენაერთები დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანილია და ბუნებრივია, რომ ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ეს ძალები რუსეთისთვის დონბასშია საჭირო, მაშინ იქიდან უნდა მოხსნას და აქეთ გამოუშვას. ის ვარიანტიც გამოსარიცხი არაა, რომ უკრაინაში წაგების შემთხვევაში შედარებით პატარა ქვეყნებს შეუტიოს რევანში რომ დააფიქსირონ. ამ ეტაპზე რუსეთს ამის საჭიროება არ აქვს, რომ საქართველოს მიმართულებით რაიმე ქმედება განახორციელოს, შესაძლოა მაშინ წამოიწყოს თუ კავკასიაში სიტუაცია აერევა, ან ჩვენ თუ დავიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალის გამოყენებაზე ფიქრს. ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთია კავკკასიის რეგიონში გეოსტრატეგიული სიტუაციის გამწვავება, თუკი ჩვენი ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდით დაკავებაზე იფიქრებს და მესამე, თუკი უკრაინასთან სამხედრო ალიანსში შესვლას დააპირებს”, - განმარტავს მაისაია.

“ახლა მოლდოვა უკრაინას საწვავ-საპოხი მასალით ამარაგებს და შეიარაღებაც მოლოდოვადან გადის. რუსეთმა ჯერ მოლდოვის საზღვართან არსებული ხიდი აუფეთქა და მერე რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ სიტუაციას ავურევთო” - თქვა მაისაიამ. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ძალების არანაირი მობილიზაცია არ შეიმჩნევა და ახლა საფრთხე უფრო მოლდოვასკენაა, თუმცა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ოდესას შეუტევს და აიღებს, რაც დღეის მდგომარეობით რუსეთისთვის ურთულესი ამოცანაა”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენს ტერიტორიებზე ნამდვილად არა, მაგრამ მოლდოვაში შეიმჩნევა. ის უკრაინას ეკვრის და დღეს რუსეთისთვის ოდესა ერთ-ერთი მთავარი პოზიციაა. დღეს რუსეთს ორი მთავარი ამოცანა აქვს, პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი. მინიმუმია როგორმე მარიუპოლი აიღოს და დონეცკსა და ლუგანსკში გამყარდეს. თუ მერე მიხვდება, რომ ოდესაზე გასვლა შეუძლია, მაშინ დნესტერისპირეთი მართლა დასჭირდება და იქ რუსული ჯარები განლაგდებიან. ამიტომაც ახლა თავს იბევებს და მოლდოვის მიმართულებით გარკვეული აქტივობები აქვს. საქართველოს ტერიტორია ამ მომენტში შესაძლოა შავი ზღვის კონტექსტში მოიაზრებოდეს, მაგრამ, არა უკრაინის. ამიტომაც დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არანაირი მოძრაობები არ ჩანს, პირიქით, რუსი და ზოგადად სამხედროებისგან ეს ორი რეგიონი დაცლილია და როგორც ჩანს, ტექნიკითვე უკრაინის ფრონტებზეა გადაყვანილი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ასეთი დამოკიდებულება, რომ მერე იქნება მოლდოვა და საქართველო, ზერელეა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რუსეთ-უკრაინის ომი როგორ დასრულდება. თუ რუსეთი იმარჯვებს, წარმატებული იქნება და მსოფლიო აპატიებს, უკრაინა კი დამარცხებას იტანს, მაშინ კი ბატონო, შესაძლოა საქართველოსა და მოლდოვის საფრთხეზეც ვისაუბროთ, მაგრამ ჩანს, რომ რუსეთი მარცხდება. ეჭვი მეპარება, რომ უკრაინამ რამე დათმოს და გაჩერდეს. მგონია, რომ გაგრძელდება და გაგრძელდება საქნციებიც, რუსეთს კი არანაირი ენერგია და ძალა არ ექნება, რომ დამატებითი აგრესია განახორციელოს, რომელიც დასავლეთის აღშფოთებას კიდევ მეტად გამოიწვევს, ამიტომ, ვინც ამ წინდაუხედავ და გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის, რომ მერე საქართველოა, უნდა იფიქრონ როგორ რუსეთზე ლაპარაკობენ, გამარჯვებულ რუსეთზე? თუ გამარჯვებულ რუსეთზე ლაპარაკობენ, მაშინ მისი გამარჯვება სად ჩანს? ის დამარცხების გზას ადგას, როგორ შეიძლება მან დამატებითი აგრესია სხვა ქვეყნების მიმართ განახორციელოს? ესაა ლაჩრული და პრორუსული დამოკიდებულება და ქართული საზოგადოების მუდმივი დაშინება, რომ მერე ჩვენ ვიქნებითო, არანაირად არ ჩანს, რომ მერე ჩვენ ვიქნებით, რუსეთი მარცხდება” - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“არ ჩანს არანაირი საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მოუბრუნდება. საქართველოს ხელისუფლება დღეს დაბნეულია და თავის პოზიციას ვერ აჟღერებს, არ იცის ფსონი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკაზე დადოს თუ კობახიძის. ევროპა არგაღიზიანების პოლიტიკით მუშაობს, აზერბაიჯანიც, თურქეთიც, ჩვენთან კი ის პრობლემაა, რომ პოლიტიკა არა არის და თუ პოლიტიკა არ არის, ვერც გაღიზიანების და ვერც არგაღიზიანების ვერ იქნება... მაგალიუთად ენმ-ს გაღიზიანების პოლიტიკა ჰქონდა, მაგრამ, პოლიტიკა იყო. ახლა პოლიტიკა არაა და შესაბამისად არც გაღიზიანება არ იქნება. ხომ არის ცნება, რომ ჩუმად ილაპარაკე, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ილაპარაკო, ოღონდ ჩუმად, მაგრამ გაჩუმებას არ ნიშნავს. ჩუმად იმოძრავეც ნიშნავს, რომ ა-დან ბ პუნქტში აუცილებლად უნდა მიხვიდე, ოღონდ ფრთხილად და არ უნდა გაჩერდე. არსად არ ვჩანვართ, საქართველოს ინტერესების რეალიზებაც კი არ ხდება, ხელისუფლება დღემდე ნერვიულობს იმაზე თუ რუსეთი იმარჯვებს თუ მარცხდება, როგორც კი დარწმუნდება, რომ რუსეთი მარცხდება, რაც ასეა, მერე ალბათ სალომე ზურაბიშვილის ფრთას გააძლიერებს”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

ევროპამ რუსეთის სანქცირების მე-6 ტალღა ააგორა - ევროკავშირი აპირებს საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ნავთობზე

“ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ სერიას აანონსებს - მეექვსე პაკეტის სამიზნე გახდება ბუჩის ტრაგედიაში მონაწილე რუსი მაღალი თანამდებობის სამხედრო ოფიცრები, ბანკები, ტელევიზიები. ამ ტალღაში კი ყველაზე მთავარი ისაა, რომ ევროკავშირი აპირებს საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ნავთობზე, რაც ეტაპობრივ მოხდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს რთულია, მაგრამ, შესრულებადი, რაც რუსეთს სერიოზულად დაარტყამს. კონკრეტულად რას მოიცავს მეექვსე პაკეტი - უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, თუმცა, ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას 4 სხვადასხვა ტიპის სანქციაზე ისაუბრა, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული. ევროკავშირი აპირებს საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ნავთობზე, ლაიეინის თქმით ეს ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე ევროკავშირი 6 თვეში გაუფილტრავი ნავთობის რუსეთიდან მიღებას შეწყვეტს, 2022 წლის ბოლოსთვის კი რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე იტყვის უარს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპამ რუსეთის სანქცირების მე-6 ტალღა ააგორა - ევროკავშირი აპირებს საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ნავთობზე.

“ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მორიგი ტაღღის სამიზნე გახდება ის რუსი მაღალი თანამდებობის სამხედრო ოფიცრები, ვინც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს და ვინც მარიუპოლის ბლოკადაზეა პასუხისმგებელი. მისი განმარტებით, ისინი იდენტიფიცირებულები არიან და აუცილებლად დაისჯებიან. საქნციებში შედის “სბერბანკი”, რომელიც რუსეთის უდიდესი ბანკია და მთლიანი საბანკო სექტორის დაახლოებით 37%-ს მართავს, ის “სვიფტის” სისტემიდან გაითიშება. ამავე საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გაითიშება 2 სხვა დიდი სახელმწიფო ბანკიც. ამავე პაკეტის ფარგლებში 3 დიდ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არანაირი ფორმით მაუწყებლობის უფლება აღარ ექნება. ეს მედიასაშუალებები ევროკავშირის სატელიტებიდან მოიხსნება და არც საკაბელო ტელევიზიითა და ინტერნეტით იქნებიან ხელმისაწვდომი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ახალი სანქციები რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, განსაკუთრებით ის, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე საბოლოოდ უარს იტყვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სანქციები, რომელიც აქამდე დაწესდა, ისეთი ეფექტური არ გამოდგა, როგორსაც ელოდნენ. რუსეთმა განსაკუთრებით ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით უფრო მეტი მედეგობა გამოავლინა, ვიდრე ელოდნენ. იგივე რუბლის გამყარება და სხვა, ანუ როგორც ჩანს, რუსეთი ფინანსური ნაწილისთვის მზად იყო. თუმცაღა, ახალი სანქციები ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან რუსეთის შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი ნავთობიდან და გაზიდან მოდის. ის ყოველდღიურად ასობით მილიონს იღებს. ახლა მთელი მიზანი ისაა, რომ რუსეთს ეს ფინანსური შესაძლებლობები გადაეკეტოს, რომ მან ვერც თავდაცვითი და სოციალური სფეროები დააფინანსოს და ვერც ეკონომიკა. ამის თანხმობა ევროკავშირში უკვე არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთულია, რადგან გერმანია, ავსტრია და სხვები წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ, მიხვდნენ, რომ მეორე ალტერნატივა რუსეთის გამარჯვება და უკრაინის დამარცხება, ამ ომს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანს გახდის და სხვა ქვეყნებზე გადაიწევს, მაგალითად პოლონეთზე. ევროკავშირის ქვეყნები ამაზე შეთანხმდნენ და უკვე საუბარია იმაზე, რომ ალტერნატივებიც მოიძიეს. სხვადასხვა ქვეყნებს ელაპარაკებიან, მათ შორის ვენესუელას, არაბულ ქვეყნებს და სხვებს. თუმცაღა, ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება, რადგან რუსულ ნავთობზე ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულება ძალიან დიდი იყო, მაგრამ, ამას მაინც მოახერხებენ. გეგმა შედგენილია და მომდევნო ტალღაში ეს ყველაფერი შევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“უფრო რთულადაა საქმე გაზთან დაკავშირებით - აქ ასე ადვილად რუსეთიდან ჩახსნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუმცა, აქაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იგივე ალჟირთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც გაზს აწარმოებენ, მაგრამ ამას უბრალოდ დრო სჭირდება და ნავთობის შემდეგ ამასაც თუ მოახერხებენ, ეს უკვე რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. შეიძლება ისე წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაშიც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირი იყო, რამაც ჩამოანგრია კიდეც. მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება თუ, დასავლეთის ეს პოლიტიკა წლების განმავლობაში შენარჩუნებული იქნება. მგონია, რომ ეს ასეც იქნება, რადგან რუსეთი შეცვლას არ აპირებს და თავის დამოკიდებულებას არც საერთაშორისო თანამეგობრობა შეცვლის”, - მიიჩნევს კაკაჩია.

“პროცესი ახლა დაიწყება, თვის ბოლომდე ამის გაკეთება ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე მომავალი თვიდან თითქმის ყველა სახელმწიფო რუსულ ნავთობზე უკვე უარს იტყვის. ისინი უკვე ამაზე მუშაობენ, თუ საიდან უნდა ჩანაცვლდეს და როგორ მოხდეს. მილიონობით ევრო, რომელიც რუსეთის ბიუჯეტში მიდის, ეს რა თქმა უნდა ომს ხმარდება, ეს ევროპელებმა კარგად იციან და ეს გადაწყვეტილება მაგიტომაც მიიღეს”, - დაასკვნის კაკაჩია. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან”აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 30% ნავთობის ექსპორტით ივსება, ამით კი სერიოზული ზიანი მიადგება... როგორც გამოცემა “პოლიტიკო” წერს, ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ დააწესოს, ჩიტაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან ის ქვეყანაში ომის ერთ-ერთი აგიტატორია”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთის სახელმწიფო ბიუჯტის დაახლოებით 30%-ის ფორმირება სწორედ ნავთობის ექსპორტის ხარჯზე ხდება. რუსეთი თავის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობის დაახლოებით 60%-ის რეალიზაციას სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ახორციელებდა, ბუნებრივია, ნავთობზე ემბარგო შესაძლოა დიდი დარტყმა აღმოჩნდეს. რუსულ გაზზე უარის თქმა, შედარებით რთული ამოცანაა, ნავთობის ტრანსპორტირება ტანკერის მეშვეობითაც შეიძლება და გაცილებით უფრო ადვილია. ნავთობის აკრძალვის შემთხვევაში რუსეთის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. საერთაშორისო ფასიდან გამომდინარე, ის ნავთობიდან ყოველდღიურად 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე იღებს. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებსა და ბანკების სვიფტიდან ჩახსნას, შედეგი არის ის, რომ მსოფლიო ბანკის სხვადასხცვა მონაცემებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლებელია წლის ბოლომდე 8%-ით შემცირდეს და რუსეთი დაკარგავს გარკვეულ შემოსავალს იმისთვის, რომ შემდგომში სხვადასხვა სამხედრო პროგრამები დააფინანსოს. ის სამხედრო პროგრამებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს გამოყოფს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“პერსონალური სანქციები ოლიგარქებისა და რუსი ბიზნესმებნებისთვის დიდი ზეწოლა აღმოჩნდა, მაგალითად, “ლუკოილის” პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი თანამდებობიდან გადადგა, მისი შემოსავალი დაახლოებით 10 მილიარდით შემცირდა. ენერგეტიკის სფეროს მაგნატი მიხელსონი დაახლოებით 5 მილიარდი დოლარით დაზიანდა, ანუ საერთო ჯამში უკვე დაწესებული სანქციები იგრძნობა... შესაძლოა, რუსეთის პატრიარქი კირილიც დაასანქცირონ. შესაძლებელია რუსეთის მართლმადიებლური ეკლესია მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან გაირიცხოს, ან სხვა სახის შეზღუდვები დაუწესონ, რადგან, თავად კირილი ომს ქადაგებს და ქვეყანაში ომის ერთ-ერთი აგიტატორია”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

რას უპასუხებს საქართველოს მთავრობა უკრაინის ბრალდებებს

“მორიგი ბრალდებები უკრაინიდან, ამჯრად საქართველოს მთავრობას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდილიაკი აკრიტიკებს. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პოდილიაკი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. ხოლო აქვს თუ არა უკრაინას მტკიცებულებები დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს სანქციების გვერდის ავლის მიზნით აწარმოებს, პოდილიაკი განმარტავს, რომ თუ კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ, კომპანიებთან დაკავშირებით, მათ სახელებს აუცილებლად გამოაქვეყნებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უპასუხებს საქართველოს მთავრობა უკრაინის ბრალდებებს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია, სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას, შესანიშნავი ხალხია, ჩემთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია” - აცხადებს მიხაილო პოდილიაკი, რომლის თქმით, "სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან", - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, როდესაც გავიგებთ, რომ სანქციებზე გვერდის ასავლელად, საქართველოს და რუსეთს შორის საქმე უკვე საუბრიდან კონკრეტულად იურიდიულ ჩრდილოვან ურთიერთობებზე გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებით, რომ რუსეთ- საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლის მენევრი ხორციელდება”, - ასეთია ამონარიდი პოდილიაკის ინტერვიუდან, რომელიც მან “ამერიკის ხმას” მისცა. უკრაინის მხრიდან ბრალდებები უკვე შეფასდა საქართველოში, როგორც ხელისუფლებში ისე ექსპერტთა წრეებში. “ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ასეთი რიტორიკა და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ განპირობებელი უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ინტერესით და არ გამორიცხავენ, რომ ცალკეული თანამდებობის პირებს უკრაინის ხელისუფლებაში, რომელთაც გააჩნიათ რუსეთთან ძალიან აქტიური, საქმიანი ურთიერთობები, შეიძლება დღემდე შენარჩუნებული აქვთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“თბილისის მერი კახა კალაძე პოდილიაკის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. “უკრიანასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი დ იქ ვთამაშობდი. ასეთი არსებები, როგორც პოდილიაკია, არის სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება ნახოთ, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენს პოდილიაკი?” - ასე უპასუხა ჟურნალისტებს კახი კალაძემ. უკრაინის პრეზიდენტის ადამინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი, რომელმაც უკრაინის მთავრობას მიმართა, რომ ”მოზომონ ბრალდებები”. ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოდილიაკი არასდროს მალავდა, რომ მზადაა იმუშაოს ყველასთან, კარგი საფასურის სანაცვლოდ და ახალ თანამდებობაზეც მუშაობის სტილი არ შეუცვლია. ძველი დამკვეთების მითითებით აქტიურად ჩართულია უკრაინის მიერ საქართველოსთან მიმდინარე საინფორმაციო ომში”, - დასძენს გამოცემა.

“მიხაილო პოდილიაკი 2010 წელს რუსეთის ტელვიზიაში “ენვ”-ს ჟურნალისტია. ერთ- ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ “სიამოვნებით ვაკეთებ ფულს საინფორმაციო ომებზე, პოლიტიკურ დაკვეთებზე რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან. ხშირად ვომობ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ, ხანდახან პირიქით. ჩემთვის მთავარია იყოს სარფიანი დამკვეთი”, - წერს დავით ქართველიშვილი. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიუხედავად თბილისში გაკეთებული არაერთი განცხადებისა, უკრაინის მთავრობისთვის ამ დრომდე გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც გმობს რუსულ აგრესიას და განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩემთვის გაუგებარია, ასე ხელაღებით ქვეყნის მიმართ ბრალდებები, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინის ელიტის პოზიციას აკონტროლებს ქართველების ჯგუფი. ეს ხერხი, რომ გარედან მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრჯერ გვინახავს და “ნაციონალების” შეგნებული სტარტეგიაა. თუ ქვეყნის ომში ჩართვას ვერ მოახერხებენ, მოახდინონ მთავრობის დისკრედიტაცია. ძირითადი შეტევა მიდის ივანიშვილზე, რომ დაუწესონ სანქციები. ამიტომ, “ნაცმოძრაობა” ცდილობს, უკრაინას ათქმევინოს ის, რაც თვითონ სურთ და რასაც აქამდე ვერ აგვარებენ. მესმის, რომ საქართველოს მთავრობა ცუდ მდგომარეობაშია, ელჩს უკრაინიდან ვერ გამოიწვევს, დღეს ეს ქვეყანა ომის მდგომარეობაში და ელჩის გამოწვევა აღქმული იქნება, როგორც რუსეთისკენ გადაგმული ნაბიჯი. ამიტომ დიპლომატიურ ენაზე უნდა გაეცეს პასუხი ყველა იმ ბრალდებას, რომელსაც უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობას უყენებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ვხედავთ, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოს ელჩს უკრაინაში არ იბარებს და მას არ უყენებს პრეტენზიებს. განცხადებებს აკეთებენ არა მაღალი თანამდებობის პირები, არამედ მრჩევლები, რადგან მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას სხვა დატვირთვა აქვს. ამიტომ საქართველოდანაც გაიშალოს მრჩევლებისა და ანალიტიკოსების ფრონტი და მათ გასცენ პასუხი ყველა ბრალდებას” - დაასკვნის რამაზ საყვარალიძე. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობებში “ცივი ომის”ელემენტებს ხედავს. მისი თქმით, ბრალდებებს, რომელსაც უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიმართ აყენებს, დროზე უნდა გაეცეს პასუხი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოსა და უკრაინის მთავრობების ურთიერთობეში “ცივი ომის” ელემენტები ჩანს. ძალიან საშიში განცხადებებია და საჭიროა რომ პასუხი გაეცეს. უკრაინის მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. სანამ ზელენსკი არ გააკეთებს განცხადებას, მანამდე არ უნდა გაეცეს პასუხი? ბოლოს და ბოლოს ეს კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს. ხომ უნდა გავიგოთ რას ითხოვენ ჩვენგან, თუ ეს უკავშირდება სააკაშვილის გაშვებას, პირდაპირ თქვან - მოგვეცითო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღრიბაშვილმა არა, მაგრამ მთავრობის სპიკერმა უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, უკრაინამ კი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს