მეუფე გრიგოლი სააკაშვილის შესახებ - ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს

ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი პროფილის კლინიკაში მის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს. მისი თქმით, რაც ქვეყანაში ხდება კიდევ უფრო მეტ ურთიერთმიუღებლობას ბადებს.

"მე ვფიქრობ, რომ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როცა საკითხი ეხება საქართველოს პრეზიდენტს. არ მინდა რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ. ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში, საზოგადოებში, ყველა სიმაღლეზე, ბადებს კიდევ უფრო მეტს ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს და მოლოდინებს აჩენს, რომ როცა კიდევ შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც მძიმე წარმოსადგენია. ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს.

ჩემი აზრით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს არის თემა ჰუმანურობის და ანტიჰუმანურობის, ვისაც ეხება, თვითონ გაიგებს და თუ ვინმეზეა დამოკიდებული, პიროვნებებზე, ჯგუფებზე, როგორც ჩანს, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მწვავედ დგას.

ჰეროდემ როცა ნახა, რომ იოანე ნათლისმცემლის დასჯა ხალხს მოეწონა და თავი მოკვეთა მას, ხალხის მოწონების შემხედვარემ გადაწყვიტა, პეტრეც დაეჭირა და დაესაჯა, ამით ხალხს მოაწონებდა თავს. დამაფიქრებელი საკითხია და სადამდე მივიდა ჰეროდე ამ გზაზე, ვნახეთ. ვფიქრობ, ისტორიას უნდა გავუსწოროთ თვალი, მომავლით ვიცხოვროთ და არა წარსულით", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, მეუფე გრიგოლის განცხადებით, ეჭვი ეპარება იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას. მისივე თქმით, „აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე“.

მეუფე გრიგოლი ასევე გამოეხმაურა რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი თავს არასოდეს არავის დასხმია.

„ეს რომ ეთქვა სასულიერო პირს, იერარქიის წარმომადგენელს, ვიტყოდი, რომ უბირი ადამიანია, ხეპრეა, გაუნათლებელია. როცა ეკლესიის მეთაური ამბობს ამას, ვხედავთ, უსაზღვრო ცინიზმს და რუსული იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა