რამაზ საყვარელიძე - ხელისუფლებაში ბევრმა არ იცის, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა. უკვე ცხადად ჩანს, რომ ევროპა და მსოფლიოში აქამდე არსებული უსაფრთხოების სისტემა ისეთი ვეღარ იქნება, როგორც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო.

ფაქტია, რომ რაიმშტაინის ბაზაზე ფაქტობრივად ანტირუსული კოალიცია შეიქმნა, რომელიც თავისი რესურსებით დაეხმარება უკრაინას გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსული ჯარის ნაწილებისგან. ყოველ შემთხვევაში, ამგვარ გეგმებზე ამერიკელი და დასავლელი ლიდერები კარგა ხანია საუბრობენ.

ყველას ესმის, რომ უკრაინაში ომისა და მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემის მომავალი როგორი იქნება, ახლა უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისათვის ბრძოლის ველზე წყდება.

უკრაინის გამო აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის რუსეთთან ღია კონფრონტაციის საუკეთესო მაგალითი გახლდათ ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის ლენდ-ლიზის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელი სწორედ 9 მაისს მოაწერა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხდება?

- გმადლობთ, რომ რამდენიმე შტრიხით ასე სრულად დახატეთ ეს რთული სურათი. პასუხისთვის გამოვიყენებ თქვენს მიერ შენიშნულ იმ ფაქტს, რომ ბაიდენი 9 მაისს აწერს ხელს ლენდ-ლიზს. ამ სიმბოლური ჟესტით ბაიდენმა რუსეთს შეახსენა, რომ დღეს დასავლეთის ბრძოლა რუსეთთან იგივეა, რაც ნაციზმთან კოალიციის ბრძოლა წინა საუკუნეში. ამ ანალოგიაში დევს მიმდინარე ომის შეფასების გასაღებიც.

ჰიტლერის გერმანიამ, ისევე, როგორც პუტინის რუსეთმა, ბევრი საერთაშორისო ნორმა დაარღვია და იძალადა მეზობელ ქვეყნებზე. მაშინ ანტიჰიტლერული კოალიციის მიზანი ორ ნაწილიანი იყო. საწყისი მიზანი იყო ქვეყნების განთავისუფლება ოკუპაციისგან. მეორე და უმთავრესი მიზანი იყო ნაციზმის, როგორც ასეთის, განადგურება გერმანისა და მის პარტნიორ ქვეყნებში, რათა ნაციზმი აღარასოდეს დამუქრებოდა ქვეყნებს.

დღევანდელი ანტიპუტინური კოალიციის მიზანიც ორნაწილიანია - უკრაინის განთავისუფლება ერთის მხრივ, და მეორე მხრივ - პუტინის მმართველობის სისტემის მოშლა ეკონომიკური სანქციებით, რათა, როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთმა ვერ შეძლოს ძალადობა სხვა ქვეყნებზე.

დღევანდელი ანტიპუტინური კოალიციის მიზანიც ორნაწილიანია - უკრაინის განთავისუფლება ერთის მხრივ, და მეორე მხრივ - პუტინის მმართველობის სისტემის მოშლა ეკონომიკური სანქციებით, რათა, როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთმა ვერ შეძლოს ძალადობა სხვა ქვეყნებზე

ეს ორი მიზანი ერთმანეთს ავსებს - სანქციების სრული ამოქმედება უკრაინის ომში რუსეთს ძალას გამოაცლის. მეორე მხრივ, რაც უფრო გაგრძელდება ომი, მით უფრო გაიზრდება სანქციები. სანქციების შედეგები ჯერ არ დგება, რუსეთი ჯერჯერობით ხარჯავს მარაგებს. ვარაუდობენ, რომ მარაგები შემოდგომისთვის შემოელევა და სანქციები გახდება საგრძნობი - შემოსავლების გარეშე დარჩენილ რუსეთში ყველასთვის გაძნელდება ცხოვრება.

რუსეთის სახელმწიფოს გაუჭირდება რეგიონების, სამართალდამცავების თუ ჯარის დაფინანსება. შედეგად - შემცირდება ცენტრის გავლენა და რეგიონები ეცდებიან რუსეთისგან გაქცევას ისევე, როგორც ახლა გარბიან ცალკეული მოქალაქეები. რუსეთის დაშლის ეს პროცესი ლოგიკურად გამომდინარეობს სანქციებიდან.

დაშლის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება. დაშლილ რუსეთს ხასიათი შეეცვლება, აღარც ენდომება და აღარც შეეძლება სხვისი ტერიტორიების ოკუპაცია. ასეთია ანტიპუტინური კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი სცენარი, რომელზეც დაუფარავად არის მსჯელობა.

ამ სცენარში ცვლილებები შეიძლება შევიდეს ან იმიტომ რომ თავად დასავლეთმა ვერ გაუძლოს სანქციებს, ან იმიტომ, რომ პუტინმა ჯარები უკრაინიდან გაიყვანოს, ან ბირთვული იარაღის გამოყენებისას ჩაერთვება მისი გაუვნებელყოფის სცენარი, ან რუსეთში ელიტის მიერ სახელისუფლო გადატრიალების შემთხვევაში. პუტინთან დათმობაზე წასვლა არც კი განიხილება.

სხვათა შორის, ხშირად ისმის კითხვა - რატომ დააგვიანა დასავლეთმა, რატომ არ ჰქონდა მას რუსეთის აგრესიაზე რეაქცია 90-იანებში, 2008-ში, 2014-ში? სავარაუდოა, რომ დასავლეთის დაგვიანების მიზეზი მის მენტალიტეტშია. წლების განმავლობაში დასავლეთს მიაჩნდა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთში მოსულ ლიდერებს, ელცინს, პუტინს, გეოპოლიტიკურად დასავლეთზე ჰქონდათ ორიენტაცია და მათზე ეთქმოდათ „ჩვენი ძაღლისშვილიაო“ რაც, გადმოცემის მიხედვით დიქტატორ ანასტასიო სამოსაზე თქვა ფრანკლინ რუზველტმა.

დასავლეთს რუსეთის ბარიერის იმედიც კი ჰქონდა ევროპისკენ ისლამური ან ჩინური აგრესიის შემთხვევაში, რადგან მათგან თავდაცვა რუსეთის სტრატეგიული ინტერესი უნდა ყოფილიყო. დასავლეთში ვარაუდობდნენ რუსეთი ბუნებრივი პარტნიორი იქნებაო.

ის ვერ დაინახეს, რომ პუტინი სტრატეგიით არ ხელმძღვანელობს. ზოგადად, უშიშროების სამსახურის ხალხს ტაქტიკა კიდევ გამოსდით, ხოლო სტრატეგია არ უვარგათ, ბერიაც კი ვერ აღმოჩნდა სტრატეგი.

პუტინი ვერ იტანს დასავლეთს და დასავლეთის ჯინაზე ავტორიტარული სახელმწიფოთა კოალიციასაც კი შექმნის იმ სახელმწიფოებთან, ვისაც მის მიწებზე უჭირავს თვალი. დასავლეთთან ჯიბრი არის პუტინის იდეოლოგია და არა სსრკ-ს აღდგენა, ამ ჯიბრის გამო შევარდა საქართველოშიც და უკრაინაშიც, თორემ პოლიტიკურად რა მოიგო?! იგი მიჰყვება თავის აგრესიულ ემოციებს და არა - რაციონალობას.

ამიტომ, დასავლეთს კარგა ხანს არ ესმოდა მისი და აგვიანებდა ადეკვატურ რეაქციას. არც ახლა ესმით რა უნდა უკრაინაში, მაგრამ ის მაინც დაიჯერეს, რომ მისი თავისუფლად მიშვება სახიფათოა ყველასთვის - დასავლეთისთვის, აღმოსავლეთისთვის და თავად რუსეთისთვისაც. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.

უკრაინისთვის იარაღის აქტიური მიწოდებით, რუსეთზე ეკონომიკური სანქციებით და მისი პოლიტიკური მარგინალიზაციით პუტინიზმის დანგრევა თუ მოხერხდა, ეს მარტო უკრაინის კი არა, მთელი მსოფლიოს გადარჩენა იქნება შუა საუკუნეების აგრესიულობასთან დაბრუნებისგან.

უკრაინისთვის იარაღის აქტიური მიწოდებით, რუსეთზე ეკონომიკური სანქციებით და მისი პოლიტიკური მარგინალიზაციით პუტინიზმის დანგრევა თუ მოხერხდა, ეს მარტო უკრაინის კი არა, მთელი მსოფლიოს გადარჩენა იქნება შუა საუკუნეების აგრესიულობასთან დაბრუნებისგან

მიმაჩნია, რომ ცივილიზაციის გადარჩენის ამ მისიით არის მნიშვნელოვანი ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში.

- აღარავინ დავობს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონიკური ძვრების მსგავსი პროცესებია დაწყებული. გვახსოვს, თუ როგორ შეეცადა ჩვენი ხელისუფლება უკრაინაში დაწყებული ომი არ შეემჩნია. ვგულისხმობ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას - „ომი უკრაინაშია და მე საქმე მაქვს“. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება“, „უკრაინა ისჯება“ და კიდევ ბევრი სხვა.

უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე გააქტიურდნენ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ცხადი გახდა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარესაა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ რუსეთის მიმართ სენტიმენტების დამალვა ვერ შეძლო ადამიანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა.

უცნაური ამ პროცესში აღმოჩნდა ის, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები თითქმის ყოველ დღე უკრაინის თემაზე იმდენად ორაზროვან გაცხადებებს აკეთებდნენ, ბევრმა ჩათვალა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ლიდერებს სსრკ-სადმი ნოსტალგია აქვთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში დაწყებულ ომზე ერთი მხრივ მთავრობისა და მმართველი გუნდის ქმედებებსა და განცხადებებს, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების აქტივობას?

- ბრძანეთ, რომ უკრაინის პროცესები ტექტონიკურ ძვრებს უტოლდებაო. მეც გეთანხმებით და ვცადე დამენახა, რატომ აქვს უკრაინის პროცესებს მნიშვნელობა მთელი თანამედროვე ცივილიზაციისთვის.

ამ მნიშვნელობის ილუსტრაციაა ჩინეთის პოზიცია. ქართველმა მკითხველმაც ნახა, რომ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაქვეყნა ომის შემდგომი სიტუაციის რუკა, სადაც რუსეთი აღარ არსებობს, დანაწილებულია მეზობლებში.

რუკის ეს შინაარსი მნიშვნელოვანი არაა. რუკა მნიშვნელოვანია როგორც იმის ილუსტრაცია, რომ რუსეთს ზურგი შეაქცია ჩინეთმაც კი. ბაიდენის შეფასებებში და ბევრ სხვა ფაქტებში ჩანს, რომ ჩინეთმა უგანა რუსეთს. ...და ამ ფონზე დამაჯერებლად გამოიყურება, რომ მარტოდ დარჩენილ რუსეთს ეს ცეროდენა საქართველო იცავს თავგამოდებით, განსაკუთრებით ოცნების ოლიგარქი?

ხელისუფლებამ რომ ლაპარაკი არ იცის, ესეც ფაქტია. მარტო უკრაინის თემაში კი არა, ვერცერთ თემაში ვერ ახერხებენ ადეკვატური განცხადებების გაკეთებას

ჩემთვის ეს ვარიანტი არაა დამაჯერებელი და მასზე სერიოზულად ვერ ვიმსჯელებ. ამ ვერსიის გაჩენის ძირითადი მიზეზი პარტიების ერთმანეთთან კინკლაობაა. საერთოდ, მსოფლიოში დღეს მიმდინარე რთული პროცესების გვერდით ქართული კინკლაობის განხილვა ნაკლებად საინტერესოა.

მეორე მხრივ, ხელისუფლებამ რომ ლაპარაკი არ იცის, ესეც ფაქტია. მარტო უკრაინის თემაში კი არა, ვერცერთ თემაში ვერ ახერხებენ ადეკვატური განცხადებების გაკეთებას, რაც ორივეს ხშირად აღგვინიშნია.

- როგორც ჩანს, უკრაინაში მიმდინარე ომი მალე არ დასრულდება, მაგრამ უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ კიევი და უკრაინის დასავლელი პარტნიორები ამ ომს დასრულებულად მხოლოდ მაშინ ჩათვლიან, როცა უკრაინის ტერიტორიას ბოლო რუსული ტანკი დატოვებს დონბასის რეგიონში, ხოლო რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს, როგორც ითქვა, კიევი ამ კუნძულის მშვიდობიანად დეოკუპაციის სხვადასხვა ფორმებს შესთავაზებს მოსკოვს.

ყირიმთან დაკავშირებით კიევის გეგმები ახლა ფანტასტიკურადაც კი გამოიყურება, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა გააჩინა ახალი შესაძლებლობები როგორც აშშ-სა და ევროპისთვის, ისე რუსეთის მეზობლებისთვის, რომლებშიც საქართველოც იგულისხმება.

ფაქტია, რომ 24 თებერვლის შემდეგ დამდგარი რეალობიდან გამომდინარე ქვეყანას ახალი გამოწვევები გაუჩნდა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ამ ვითარებას ბევრი „შესაძლებლობების ფანჯარასაც“ უწოდებს.

დამკვირვებელთა ნაწილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელისუფლება შესაძლებლობების ამ ფანჯარას ჯეროვნად არ იყენებს. რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უსაფრთხოების საკითხები ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია, ხშირად გაიგონებთ ხელისუფლების მისამართით კრიტიკას თუ რატომ არ ითხოვს საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან ისეთ იარაღს, რომელსაც ახლა უკრაინა იღებს.

რატომ ხდება ასე? არ გვჭირდება თანამედროვე ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ტექნიკა? უკრაინის მსგავსი საფრთხეები არ აქვს ქვეყანას თუ რა ხდება?

- წამოჭრილი საკითხი გასაგებია, მაგრამ მაინც უნდა შეგეკამათოთ - მადლობა ღმერთს, უკრაინის მსგავსი საფრთხე ამჟამად არა აქვს საქართველოს. სწორი ბრძანდებით, რომ არაა გამორიცხული დაგვიდგეს მისი საჭიროება, მაგრამ ახლა არ გვაქვს.

შეიარაღების წინასწარ მოთხოვნამ შეიძლება რუსეთს მისცეს საბაბი, რომ აგრესია აქეთ დაგაბრალოს - ხომ ვხედავთ, რომ ლოგიკა არ გააჩნია. დავფიქრდეთ, იქნებ საქართველოს ზედმეტი აქტიურობა არცაა საჭირო.

შეიარაღების წინასწარ მოთხოვნამ შეიძლება რუსეთს მისცეს საბაბი, რომ აგრესია აქეთ დაგაბრალოს - ხომ ვხედავთ, რომ ლოგიკა არ გააჩნია. დავფიქრდეთ, იქნებ საქართველოს ზედმეტი აქტიურობა არცაა საჭირო

ალბათ იმიტომ, რომ რუსეთის აგრესიულობას დამატებითი მოტივი არ მიეცეს, დასავლეთი თავად აპირებს პრევენციულად გააძლიეროს საქართველოს და მოლდოვას შეიარაღება, არ ელოდება მათგან მოთხოვნით მიმართვას.

- გასაგებია, რომ მთავრობა პასუხისმგებელია ქვეყნის სტაბილურობაზე, იმაზე, რომ ქვეყანას აარიდოს საფრთხეები, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ახლა უკრაინაში, ბრძოლის ველზე წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მომავალი, ასევე ის, უსაფრთხოების თუ როგორი სისტემა ჩამოყალიბდება ომის შემდეგ.

საუბარია ისეთ სისტემაზე, რომლის ფარგლებშიც დაცული იქნება ცივილიზებული სამყარო რუსეთის ნებისმიერი აგრესიისაგან. საუბარია იმ ცივილიზებულ სამყაროზე, რომლისკენაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიისწრაფვის.

ასეთ ფონზე, აშკარად ამოვარდნილია დიდი სურათიდან საქართველოში ხელისუფლების მცდელობა შიშით მართოს როგორც ქვეყანა, ისე საზოგადოებრივი აზრი.

მმართველი გუნდის მთავარ და „საფირმო“ გზავნილს - „ომი გინდათ“, გასულ კვირას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გზავნილიც დაემატა - „ვერასდროს შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას“.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არ მახსენდება რომელი ქვეყნის მთავარსარდალი ჯარსა და საზოგადოებას ეუბნებოდეს - „ვერ შევძლებთ ომის მოგებას“. ალბათ ასეთი მაგალითებიც ბევრია, მაგრამ იმ ხალხებს დღეს სახელმწიფო არ აქვთ.

სულაც არა გასაკვირი, რომ ჩვენს საზოგადოება, რომელსაც გამოვლილი აქვს ომის მწარე გამოცდილება, ომის შიში ჰქონდეს, მაგრამ, ახლა როცა მსოფლიოში უდიდესი მნიშვნელობის ცვლილებები ხდება, ფაქტია, მხოლოდ შიშებით ხელმძღვანელობა გამართლებულად ნამდვილად არ გამოიყურება.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს ქვეყნისა და საზოგადოებრივი აზრის შიშის დანერგვით მართვას?

- მტრის შიშით ადამიანები ადვილად სამართავი არ ხდებიან, პირიქით. პანიკის შედეგად ადამიანების ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ და მათ კარგავს სახელმწიფო. მეორე მხრივ, უშიშრობის ზედმეტმა დემონსტრაციამ შეიძლება ომისკენ გვიბიძგოს. გავიხსენოთ 2008 წელი. ცხადია, აქაც ზომიერებაა საჭირო.

გეთანხმებით, მთავარსარდალმა არ უნდა თქვას „დავმარცხდებიო“. მიმაჩნია, რომ ეს ისევ ის პრობლემაა, რაც ზემოთ აღვნიშნე - ხელისუფლებაში ბევრმა არ იცის, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.

მთავარსარდალმა არ უნდა თქვას „დავმარცხდებიო“

- ამ თემაზე „ინტერპრესნიუსთან საუბრისას სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა - „მშვიდობა ძალიან კარგია, მაგრამ რის ფასად? არ შეიძლება საქართველოს მშვიდობა დაუჯდეს - დასავლეთისგან იზოლაციად, ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების დაკარგვად, რუსული იმპერიალიზმის მსახურებად და ოკუპაციის ანექსიის ფორმით გამყარებად“.

რამდენად აქტუალურად გამოიყურება მშვიდობის ფასად ის საფრთხეები, რაზეც სოციოლოგი კაჭკაჭიშვილი საუბრობს?

- საფრთხეების შეხსენება ყოველთვის კარგია, მაგრამ, მგონია, რომ დღეს არაა აქტუალური.

სავარაუდოა, რომ ანალოგიურ საფრთხეებს ვერ ხედავს დასავლეთი, თორემ არ დაეხმარებოდა საქართველოს არც იარაღით და არც პოლიტიკურად.

- პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ზემოთ მოყვანილი აზრი ასე გრძელდება - „რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ“.

ნატოსკენ სწრაფვა რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბატონ ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო, კარგა ხანია ვიცით. არ ვიცით შეიცვალა თუ არა მან ამ საკითხზე დამოკიდებულება, მაგრამ, ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების ნაბიჯები დამაჯერებლობას მოკლებულია.

ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ევროკავშირის კითხვარზე პასუხები არ გაუსაჯაროებიათ, არც გვპირდებიან. მეტიც, მმართველი გუნდიდან არც არავის უთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას აპირებს.

გასულ კვირას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO- გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინა ნაცხადა - „ალიანსი და მოკავშირეები საქართველოში რეფორმების განხორციელების დონით შეშფოთებულები არიან,”

გაქვთ განცდა, რომ ხელისუფლებას მართლაც სურს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება?

- თუ არ ვცდები, ევროკავშირის კითხვარი 15 აპრილს გამოქვეყნდა, მაგრამ არც ესაა მთავარი. ჩემთვის მთავარია მივხვდე რას გულისხმობენ თქვენს მიერ გახსენებული კითხვის ქართველი თუ უცხოელი ავტორები.

კითხვა დასმულია იმ პოზიციიდან, რომ საქართველოს არ უნდა დასავლეთი იმიტომ, რომ ორიენტაცია აქვს რუსეთზე, რაც ხშირად ცხადდება ხოლმე. ჩემთვის ამ პოზიციის ლოგიკაა გაუგებარი.

გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს რუსეთისკენ წასვლა „ოცნების“ ოლიგარქს, როცა ბიზნესიც გარბის რუსეთიდან. სანამ ამ გაუგებრობებს არ ამიხსნიან, მაპატიეთ და, ვერ ვუპასუხებ დასმულ კითხვას, რადგან მისი ლოგიკაა გაუგებარი

გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს რუსეთისკენ წასვლა საქართველოს, როცა რუსეთს ზურგს აქცევს ჩინეთიც კი. გაუგებარია, რატომ უნდა დაიძრან რუსეთისკენ ქართველები, როცა რუსეთიდან რუსებიც კი გამორბიან.

გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს რუსეთისკენ წასვლა „ოცნების“ ოლიგარქს, როცა ბიზნესიც გარბის რუსეთიდან. სანამ ამ გაუგებრობებს არ ამიხსნიან, მაპატიეთ და, ვერ ვუპასუხებ დასმულ კითხვას, რადგან მისი ლოგიკაა გაუგებარი.

- მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტუალურად განხილვადი თემაა. როგორც ჩანს, საკმაოდ საფუძვლიანადაც. ამაზე უკვე მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც საუბრობენ.

უცნაური ისაა, რომ ისინი ამ თემაზე თან საუბრობენ, მაგრამ თან ამ თემაზე ცინიკურ კომენტარებს აკეთებენ. როგორც ჩანს, ამ ტიპის განცხადებებით მათ არ სურთ თავისი მხარდამჭერების დაკარგვა და დამშვიდება.

იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებდა გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის ჩასატარებლად ქვეყნის შიგნით და მისი კონტროლს ქვეშ. მაგრამ, ამის მსგავსი არაფერი ხდება. თქვენი აზრით, რატომ?

- რა დასამალია, რომ ექიმებში ბევრია სააკაშვილის თავდადებული მომხრე. ზოგიერთი ჰიპოკრატეს ფიცსაც არღვევდა, იმუქრებოდა ავადმყოფებს არ ვუმკურნალებ, თუ სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებაო.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩემთვის ხელისუფლების უმოქმედობაც გაუგებარია

ამის გამოა, რომ გაჩნდა უნდობლობა სააკაშვილთან დაკავშირებული ექიმების მიმართ. ეს უნდობლობა გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული კონსილიუმის მოწვევა და დიაგნოზის საბოლოოდ დადგენა.

მკურნალობის საკითხი შემდეგ დაისმის. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩემთვის ხელისუფლების უმოქმედობაც გაუგებარია.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს