გიორგი კაჭარავა - მალე გამოჩნდება უსაფრთხოების რეგიონული სისტემის ახალი კონტურები, ამიტომ გაუგებარი იქნება ამ პროცესში საქართველომ, როგორც ქვეყანამ მონაწილეობა აუცილებლად და აქტიურად თუ არ მიიღო

უკრაინისა და კოლექტიური დასავლეთის მიმართ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმზე გაკეთებულ განცხადებებზე, როგორ გამოიყურება უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის მიზეზები, სავარაუდოდ, როგორი იქნება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემა, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ სისტემაში უკრაინის როლი და რა უნდა გააკეთოს საქართველომ რომ ამ სისტემაში მან მისი ადგილი დაიმკვიდროს, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მოსკოვში 9 მაისს ტრადიციისამებრ წელსაც გაიმართა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებდა და საყოველთაო მობილიზაციასაც გამოაცხადებდა, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლს დაქვემდებარებული ტელევიზიები შეეცადნენ აღლუმისა და ზეიმის ისეთი სურათი შეექმნათ, თითქოს მას შემდეგ რაც რუსეთმა 24 თებერვალს ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, არც არაფერი მომხდარა.

თითქოს ევროპის ქვეყნები და აშშ დღეს არ თვლიან რუსეთს აგრესორ ქვეყნად, რომელიც მეზობელ უკრაინას დაესხა თავს და ორ თვეზე მეტია უმოწყალოდ არ ბომბავს ამ ქვეყნის ტერიტორიას, ქალაქებსა და სოფლებს.

რატომ არ გამოაცხადა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი და საყოველთაო მობილიზაცია? როგორ შეაფასებდით იმ გზავნილებს, რომელიც პუტინმა ერთი მხრივ უკრაინის, ხოლო მეორე მხრივ ევროპისა და აშშ-ს გასაგონად გააკეთა?

- ყველას მოგვეხსენება, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამარჯვების დღეს თანამედროვე რუსეთის რეალობაში. ამ თარიღის საკრალურობის გამო გაჩნდა მოლოდინი პრეზიდენტ პუტინის გარკვეული განცხადებებისა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების კონტექსტიდან გამომდინარე.

აღნიშნული უპირველეს ყოვლისა ეხება ომის ოფიციალურად გამოცხადებასა და მობილიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. თუმცა არა მარტო. აგრეთვე ისმოდა ხმები რომ ამ დღეს გამოცხადდებოდა დონბასის „რესპუბლიკების“ და ხერსონის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე. ეს მოლოდინები არ გამართლდა.

ამის მიზეზები ბევრი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ, მე მაინც ვთვლი რომ, საომარი მოქმედებების სცენარი და ყველაფერი რაც უკრაინაში შეჭრასთან იყო დაკავშირებული დაუგეგმავი მიმართულებით წარიმართა. გარდა ამისა, გაჩნდა სირთულეები ბრძოლის ველზე, რამაც გამოიწვია სამხედრო თვალსაზრისით რთული ვითარების შექმნა.

ამავდროულად, მსოფლიოს რეაქცია, თავისი სიმკაცრით პოლიტიკური განცხადებების და ქმედებების სახით, უკრაინისათვის ღია სამხედრო მხარდაჭერითა და ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების პირობებში, ზემოხსენებული განცხადებების გაკეთების ალბათობა მინიმუმამდე დაწია.

საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილების გამოწვევაც შეეძლო. ამიტომ, შიდა პოლიტიკაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, და წინასწარ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმისგან კრემლის მესვეურებმა თავის შეკავება არჩიეს.

საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილების გამოწვევაც შეეძლო. ამიტომ, შიდა პოლიტიკაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, და წინასწარ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმისგან კრემლის მესვეურებმა თავის შეკავება არჩიეს

ამავდროულად უნდა აღინიშნოს რომ პრეზიდენტ პუტინის გამოსვლაში მკაფიოდ გაჟღერდა რამდენიმე გზავნილი მოსახლეობისადმი, სადაც ის ხაზს უსვამს ძველი დროის სამშობლოს დამცველებსა და დღევანდელი რუსეთის ჯარისკაცებს შორის. ამ ტიპის გზავნილებით პუტინი შეეცადა რუსეთისათვის, როგორც ე.წ. ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნის ისტორიულ როლის შენარჩუნებას.

იგივე კონტექსტში პუტინმა მოიხსენია დეკემბრის თვეში გაკეთებული შეთავაზებების შესახებ, რომელიც დასავლეთის მიერ უარყოფილი იყო. ამით პრეზიდენტ პუტინმა შეეცადა კიდევ ერთხელ აეხსნა შიდა აუდიტორიისათვის უკრაინაში შეჭრის აუცილებლობა, როგორც პრევენციული ნაბიჯი, „დედა რუსეთის“ დასაცავად.

- ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა კიევშიც. კიევს 9 მაისამდე და 9 მაისს დასავლეთის ქვეყნების ლიდერები სტუმრობდნენ. 9 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის ლენდ-ლიზის პროგრამას.

ცხადია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერის დღედ 9 მაისის ჩანიშვნა ვაშინგტონის მიერ შემთხვევით არ მომხდარა. მეტიც, კიევში გაკეთებული განცხადებები გახლდათ მოსკოვში უკრაინაში მიმდინარე ომზე პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე რეაქცია და გამოხმაურება.

როგორ შეაფასებდით იმას, რაც 9 მაისს კიევსა და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებში ხდებოდა და იმ განცხადებებს, რაც მეორე მსოფლიო ომის თემასა და პუტინის განცხადებებზე კიევში გაკეთდა?

- მართალი ბრძანდებით. კიევი გახდა პოლიტიკური მიზიდულობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. ეს არცაა გასაკვირი, გამომდინარე უკრაინაში განვითარებული მოვლენების მნიშვნელობის, მასშტაბებისა და მომავალზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ასეთ დროს არ არსებობს უმნიშვნელო დეტალები და შემთხვევითობა.

რა თქმა უნდა, ლენდ-ლიზზე 9 მაისს ხელმოწერასაც დიდი სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია, ისევე როგორც აშშ-ს პირველი ლედის ვიზიტს დასავლეთ უკრაინაში. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ევროკომისიის პრეზიდენტ შარლმ მიშელის 9 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ვიზიტი ოდესაში, სადაც ის პრემიერ მინისტრ შმიგალს შეხვდა.

აქვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვახსენოთ კანადის პრემიერის ჯასტინ ტრუდოს ვიზიტი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივად მისი მონაწილეობა დიდი შვიდეულის შეხვედრაში, სადაც უკრაინის საკითხები იხილებოდა. ყოველივე ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება, რაც ომში მყოფი უკრაინისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტ ზელენსკის 9 მაისისადმი მიძღვნილ გამოსვლაში რასაკვირველია დღევანდელ დღეს მიმდინარე ომს ეჭირა უდიდესი ადგილი. ზელენსკი არ მოერიდა შეედარებინა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ ომთან, და ღია პარალელების გასმით მიანიშნა დღევანდელი მომხდურის და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაცისტებს შორის მსგავსებებზე. ახსენა აგრეთვე დიდი მსხვერპლი, რაც უკრაინამ გაიღო მსოფლიო ომის დროს და დასძინა რომ „ამიერიდან მის ქვეყანას და ხალხს ექნება ორი გამარჯვების დღე. სხვას კი არც ერთი“. ცხადია, ზელენსკიმ „სხვაში“ რუსეთი იგულისხმა.

ზელენსკი არ მოერიდა შეედარებინა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ ომთან, და ღია პარალელების გასმით მიანიშნა დღევანდელი მომხდურის და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაცისტებს შორის მსგავსებებზე. ახსენა აგრეთვე დიდი მსხვერპლი, რაც უკრაინამ გაიღო მსოფლიო ომის დროს და დასძინა რომ „ამიერიდან მის ქვეყანას და ხალხს ექნება ორი გამარჯვების დღე. სხვას კი არც ერთი“. ცხადია, რომ ზელენსკიმ „სხვაში“ რუსეთი იგულისხმა

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ რომ ის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბოროტებას და დღევანდელი რუსეთიდან მომდინარე მტრულ დამოკიდებულებას ერთმანეთს ადარებს.

- უკრაინის ომმა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად აქტორებს შორის აშკარად დაარღვია ძალთა თანაფარდობა.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გლობალური თვალსაზრისით რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

- არც მეტი არც ნაკლები საქმე გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობების, მისი უსაფრთხოების სისტემისა და სტრუქტურის შეცვლის პროცესთან. ეს პროცესი არაა იოლი და როგორც ჩანს, მტკივნეულია ბევრი მიმართულებით. ამგვარი ცვლილებები თანამედროვე ისტორიაში რამდენიმეჯერ მომხდარა.

ყველასთვის ცნობილია ვესტფალიის ხელშეკრულების შემდგომში ჩამოყალიბებული სისტემა სამყარო, რომელმაც მანამდე არსებული რომის პაპის ძალაუფლება შეზღუდა. შემდეგ იყო ნაპოლეონის დროინდელი ომების შედეგად ჩამოყალიბებული ეროვნული სახელმწიფოების სისტემა, რომელმაც პირველ მსოფლიო ომამდე გასტანა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ერთა ლიგა, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, მანამ სანამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ისევ არ გამოიწვია არსებული წყობის ნგრევა.

არც მეტი არც ნაკლები საქმე გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობების, მისი უსაფრთხოების სისტემისა და სტრუქტურის შეცვლის პროცესთან. ეს პროცესი არაა იოლი და როგორც ჩანს, მტკივნეულია ბევრი მიმართულებით. ამგვარი ცვლილებები თანამედროვე ისტორიაში რამდენიმეჯერ მომხდარა

მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბდა ის სისტემა, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით. თუმცა, უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა გამოააშკარავა აღნიშნული სისტემის ხარვეზები, რომლის კორექტირება, დარწმუნებული ვარ, მოხდება ამ ომის შედეგების კვალობაზე.

რეტროსპექტიულად რომ შევხედოთ, ზოგადად უნდა ითქვას, საერთაშორისო სისტემას, მეტ-ნაკლებად შეუძლია წინ აღუდგეს ე.წ. სპოილერს. ეს მოხდა ნაპოლეონისა, და ჰიტლერის შემთხვევაში, რომლებიც შეეცადნენ არსებული საერთაშორისო წყობის ერთი ხელის მოსმით შეცვა. ამან ორივე შემთხვევაში გამოიწვია ფართო უკურეაქცია და კოალიციების შექმნა.

აღნიშნულმა კოალიციებმა შეძლეს ხსენებული ქმედებების წინააღმდეგ კონცენტრირებული ქმედებები, რაც სპოილერების დამარცხებით მთავრდებოდა. მარტივად, ძალთა ბალანსის ბუნებრივი კანონის მიხედვით, როცა არსებულ წესრიგს ემუქრები, საერთაშორისო ასპარეზზე მოთამაშე ყველა სუბიექტი შენს წინააღმდეგ ერთიანდება.

ძალთა ბალანსის ბუნებრივი კანონის მიხედვით, როცა არსებულ წესრიგს ემუქრები, საერთაშორისო ასპარეზზე მოთამაშე ყველა სუბიექტი შენს წინააღმდეგ ერთიანდება

მოცემულ ვითარებაში, რუსეთის ფედერაცია, პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით წარმოადგენს სპოილერს, რომელსაც სურს თავისთვის სასურველი პოზიციებით დღეს არსებული სისტემის შეცვლა.

აღნიშნულმა ქმედებებმა, ფართო კოალიციური ძალისხმევა შეკრიბა, რომელიც მხარს უჭერს რა უკრაინის წინააღმდეგობას და ამით არ აძლევს რუსეთს თავის ნებაზე მოირგოს არსებული საერთაშორისო სისტემა.

- რა ფაქტორებმა განაპირობეს ის პროცესი, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს? მხედველობაში მაქვს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი და რუსეთს დაპირისპირებული ევროპა, აშშ და ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო?

- ამ კითხვაზე საპასუხოდ ცოტა უნდა ჩაუღრმავდეთ დღევანდელი მოვლენების წინაისტორიას. პრეზიდენტ პუტინის მრავალწლიან მოქმედებებს, არსებული საერთაშორისო სისტემაში თავისთვის მისაღები ცვლილებების შესატანად, დასავლეთი ცდილობდა დაეპირისპირებინა სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმი.

ეს გამოიხატებოდა დიპლომატიური გზების ძიებაში, არსებული საერთაშორისო ფორუმების მეშვეობით, ისეთები როგორიცაა გაერო და ეუთო, დიდი შვიდეული თუ დიდი ოცეული. გარდა ამისა სპეციფიკური პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა რამდენიმე ფორმატი, როგორიცაა „ჟენევის ფორმატი,“ საქართველოსთან მიმართებაში და „მინსკის ფორმატი“ უკრაინასთან მიმართებაში.

მანამდე ჩამოყალიბდა რუსეთ-ნატოს ურთიერთობების კომისია სადაც უსაფრთხოების საკითხები უნდა განხილულიყო, და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ამ ფორმატების წარუმატებლობა დიდწილად რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციით იყო განპირობებული. ეს თავის მხრივ მიუთითებდა რუსეთის რევიზიონისტული ბუნების გამოვლინებაზე, რომელსაც არ აწყობს საერთაშორისო სისტემაში ჩამოყალიბებული სტატუს-კვო.

ასეთი რევიზიონიზმის გამოვლინებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არაფერ ახალს არ სთავაზობს სამყაროს. უკანასკნელი, თითქმის 20 წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო პოლიტიკა იყო და არის რევიზიონისტული, რაც მსოფლიო ცივილიზაციის მიერ საფრთხედ აღიქმება. ამით რუსეთი აჩვენებს მიდრეკილებას ძველი დიდებისკენ და არ ცდილობს რაიმე ახლებური, პროგრესული მიდგომები შესთავაზოს მსოფლიოს.

უკანასკნელი, თითქმის 20 წლის განმავლობაში პუტინის საგარეო პოლიტიკა იყო და არის რევიზიონისტული, რაც მსოფლიო ცივილიზაციის მიერ საფრთხედ აღიქმება. ამით რუსეთი აჩვენებს მიდრეკილებას ძველი დიდებისკენ და არ ცდილობს რაიმე ახლებური, პროგრესული მიდგომები შესთავაზოს სამყაროს

აღნიშნულმა არაკონსტრუქციულობამ აიძულა საერთაშორისო სისტემა გადასულიყო მის ხელთ არსებული შემდეგი მექანიზმის გამოყენებაზე სანქციების სახით. ხსენებული რეაქციის აუცილებლობა განსაკუთრებით გამოაშკარავდა 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და დონბასის რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილისა და არსებული ეკონომიკური ზეგავლენის გამო, განსაკუთრებით ენერგო რესურსების ბაზრებზე დაწესებულმა სანქციებმა ვერ იქონია მკვეთრი ზეგავლენა რუსეთის პოლიტიკურ ამბიციებზე. რუსეთის მიერ წარმოებულმა ასეთმა აგრესიულმა პოლიტიკა საბოლოო ჯამში უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე მიიყვანა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებები მიგვანიშნებს არსებული სისტემის ცვლილების პროცესის დასაწყისზე. ვიმეორებ, ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, ღრმა და მრავლისმომცველი იქნება.

- ბრძანეთ, ცვლილებები სავარაუდოდ მრავლისმომცველი იქნება. რა იძლევა იმის თქმის საფუძველსა და საშუალებას, რომ ცვლილებები იქნება ყოვლისმომცველი? რომ უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემაში სტატუს-კვო არ და ვერ შენარჩუნდება და რა შეიძლება ჩაითვალოს ამგვარი ცვლილებების მექანიზმად?

- როცა ამაზე ვმსჯელობთ, უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრა. პრაქტიკულად ეს იყო ახალი კოალიციის შექმნა გლობალური მასშტაბებით, რომელშიც 43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.

რასაკვირველია, მოცემულ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს უკრაინისათვის საბრძოლო საშუალებების მიწოდების საკითხების ირგვლივ, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ, დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგება ომის შედეგად მიღებული ახალი რეალობის სისტემატიზაცია.

ეს პროცესი გარდაუვალია და მისი კონტურები ახლო მომავალში გამოჩნდება. დასავლეთი ღიად საუბრობს უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის გამარჯვებაზე და ამის შედეგად ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე, ანუ ახალი სტატუს-კვოს ჩამოყალიბებაზე.

დასავლეთი ღიად საუბრობს უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის გამარჯვებაზე და ამის შედეგად ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე, ანუ ახალი სტატუს-კვოს ჩამოყალიბებაზე

ცხადია, უკრაინას, როგორც ომში გამარჯვებულ ქვეყანას, უსაფრთხოების ახალ სისტემაში მიენიჭება ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის, ასევე მთლიანად ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების კონტექსტში.

მისი აღდგენის პროცესი, სავარაუდოდ მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან. ასეთი პირობების გათვალისწინებით, ჩვენ მომსწრენი გავხდებით უკრაინის სწრაფი აღორძინებისა და ქვეყნის საერთო მოდერნიზაციისა.

ამავდროულად, საერთაშორისო ასპარეზზე დღეს არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო ნათლად ჩანს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის პერსპექტივები. პრაქტიკულად საერთაშორისო საზოგადოებრიობა აყენებს რუსეთის დემილიტარიზაციის საკითხს.

უკრაინას, როგორც ომში გამარჯვებულ ქვეყანას, უსაფრთხოების ახალ სისტემაში მიენიჭება ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის, ასევე მთლიანად ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების კონტექსტში

რამდენიმე ფაქტი ამყარებს ხსენებულ მოსაზრებას. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ ენტონი ბლინკენისა და ლოიდ ოსტინის ვიზიტი კიევში, რომლის შემდეგაც რუსეთის მიმართ რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა და შეიძლება ითქვას გამკაცრდა. ამის ნათელი გამოხატულება გახლდათ აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადება, რომ აშშ-ს მიზანია სამომავლოდ რუსეთს არ ჰქონდეს მეზობლების, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ ომის წარმოების საშუალება.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ინფორმაცია გენერალ მილის რუსეთის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებთან სავარაუდო საუბრის შესახებ. საერთაშორისო საექსპერტო წრეების ინფორმაციით, ამ საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა მკაცრად გააფრთხილა რუსეთის მხარე ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე, და აცნობა, რომ ასეთ ქმედებას მოჰყვება მყისიერი და სათანადო რეაქცია.

აშშ-ს მიზანია სამომავლოდ რუსეთს არ ჰქონდეს მეზობლების, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ ომის წარმოების საშუალება... აშშ-ს წარმომადგენელმა მკაცრად გააფრთხილა რუსეთის მხარე ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე, და აცნობა, რომ ასეთ ქმედებას მოჰყვება მყისიერი და სათანადო რეაქცია

გარდა ამისა, ვიქტორია ნულანდმა პირდაპირ გააფრთხილა მოსკოვი, რომ თუ ის უკრაინის მიმართ გამოიყენებს ატომურ იარაღს, რუსეთი და პუტინი პირადად მიიღებენ შესაბამის პასუხს. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ამუშავდა პერსონიფიცირებულმა მუქარამ, რაც ძალზედ ქმედითი ბერკეტია, რადგან მოგეხსენებათ ყველა პოლიტიკა ხშირად პერსონიფიცირებულია, მით უმეტეს რუსეთისნაირ ქვეყანაში.

პარალელურად ჩვენ მოწმენი ვართ რამშტაინის შეხვედრის მონაწილე ქვეყნების მხრიდან უკრაინისადმი სამხედრო შეიარაღების მიწოდების მკვეთრი ზრდის ფაქტთან. ამავდროულად ლენდ-ლიზის პროგრამის ამუშავების პერსპექტივისა და დამატებითი ფინანსური, თუ მატერიალური საშუალებების გამოყოფის, უკრაინის ყოველმხრივი და უპრეცედენტო მხარდაჭერის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლენდ-ლიზი უკრაინისათვის ძალიან მომგებიან პირობებს გულისხმობს, ანუ უკრაინას არ მოუწევს მოწოდებულ იარაღზე საფასურის გადახდა, და ის პრაქტიკულად დახმარების სახით იქნება მიწოდებული.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლენდ-ლიზი უკრაინისათვის ძალიან მომგებიან პირობებს გულისხმობს, ანუ უკრაინას არ მოუწევს მოწოდებულ იარაღზე საფასურის გადახდა, და ის პრაქტიკულად დახმარების სახით იქნება მიწოდებული

ყოველივე ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, დასავლური მოკავშირეების დიდი ძალისხმევა უკრაინის სასარგებლოდ. აღნიშნული ძალისხმევის შედეგი კი, უნდა გახდეს უკრაინის გამარჯვება ბრძოლის ველზე. რა კონტურები იგულისხმება უკრაინის გამარჯვებაში, ამას სავარაუდოდ თვით საომარი მოქმედებები გვიჩვენებს.

თავის მხრივ რუსეთი უყურებს დღევანდელ საერთაშორისო სისტემას და მასში არსებულ სტატუს-კვოს, როგორც დიდწილად დასავლეთის მხრიდან მართულ კონცეფციას, რაც მისთვის მიუღებელია. ასეთი დამოკიდებულება არსებული ვითარების მიმართ, ჩემი აზრით, წამგებიანია პირველ რიგში რუსეთისთვის.

თუმცა, ისტორიიდან ჩვენ გვახსოვს დადებითი მაგალითები რევიზიონისტული დიდი სახელმწიფოების პოზიტიური ტრანსფორმაცია. ასეთი ქვეყნები იყვნენ გერმანია და იაპონია მეორე მსოფლიო ომში სამხედრო მარცხის შემდეგ, როდესაც შიდა ცვლილებების მეშვეობით, და დემოკრატიული წყობის ჩამოყალიბებით, მათ დასძლიეს სირთულეები და ახლადჩამოყალიბებული სტატუს-კვო გახდა მათთვის ძალზე მომგებიანი.

ამას მოგეხსენებათ მოჰყვა ორივე ქვეყნის ეკონომიკური აღზევება და შედეგად არსებულ საერთაშორისო სისტემაში მყარი პოზიციების დამკვიდრება.

- იმის გათვალისწინებით თუ როგორ ეხმარება კოლექტიური დასავლეთი უკრაინას, ცხადია, რომ უკრაინას საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ სისტემაში საკმაოდ განსაკუთრებული როლიც კი შეიძლება ჰქონდეს.

გასაგებია, რომ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ უკრაინას ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო უმაგრებს ზურგს, ჩინეთმაც კი თქვა უარი დაუჭიროს მხარი რუსეთს, დაეხმაროს მას სამხედრო ტექნიკით და იმაში, რომ მოსკოვმა შეძლოს სანქციების გვერდის ავლით თავისი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, ომის სავარაუდო შედეგებზე მეტ-ნაკლებად საუბარი შესაძლებელია.

დღევანდელი გადმოსახედიდან სავარაუდოდ, რა ჩანს - რა როლი ექნება უკრაინას საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ სისტემაში?

- როგორც უკვე ვახსენე, გამარჯვების შემთხვევაში უკრაინა გახდება საკვანძო ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით ყოველდღე ძლიერდება და გამომდინარე მისი მდებარეობიდან, და რუსეთთან საზღვრის გამო, მომავალშიც იძულებული იქნება არა მარტო შეინარჩუნოს თავისი სამხედრო პოტენციალი, არა მედ მუდმივად განავითაროს ის და მოახდინოს დროული მოდერნიზაცია.

გარდა ამისა, როგორც ახლა უკრაინაში მიმდინარე ომი და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები გვიჩვენებს, უკრაინას ექნება ევროპის აღმოსავლეთის და სამხრეთის ფლანგების დაცვის ფუნქცია, რაც განაპირობებს უკრაინაზე დასავლეთ ევროპის დამოკიდებულების გაზრდას. ეს კი, დიდი ალბათობით, განაპირობებს უკრაინისა და დასავლეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.

როგორც ახლა უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები გვიჩვენებს, უკრაინას ექნება ევროპის აღმოსავლეთის და სამხრეთის ფლანგების დაცვის ფუნქცია, რაც განაპირობებს უკრაინაზე დასავლეთ ევროპის დამოკიდებულების გაზრდას. ეს კი, დიდი ალბათობით, განაპირობებს უკრაინისა და დასავლეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში

სავარაუდოდ, ასე იქნება მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ასეთ ვითარებაში, რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ხელახლა ჩამოყალიბება უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით ლოგიკური და გარდაუვალია.

ცხადია, რომ აღნიშნული კონცეფციით აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით რუსეთის საფრთხის განეიტრალება ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება. სამხრეთის მიმართულებაში იგულისხმება შავი ზღვის რეგიონი. ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონის მიმართ, ყურადღება და ინტერესი მკვეთრად იზრდება.

სავარაუდოდ, დასავლური სამყაროდან, ეს ინტერესი მკვეთრად გამოხატულია დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და პოლონეთის მხრიდან. აგრეთვე თურქეთის ინტერესები ბუნებრივი და მძლავრია.

დიდი მოთამაშეების მხრიდან შავი ზღვის მიმართ ინტერესების არსებობა, სავარაუდოდ, შექმნის შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

დიდი მოთამაშეების მხრიდან შავი ზღვის მიმართ ინტერესების არსებობა, სავარაუდოდ, შექმნის შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას

რით არის განპირობებული ამის აუცილებლობა? გადავხედოთ დღეს არსებულ ვითარებას - უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, მისი საზღვაო პორტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფლოტის მიერ ბლოკირების გამო, გლობალური სასურსათო ბაზრები და ზოგადად საერთაშორისო ლოჯისტიკა დიდად დაზარალდა. აღნიშნული პრობლემები, იძულებულს გახდის საერთაშორისო აქტორებს შეიმუშაონ ქმედითი და ადეკვატური პასუხი ასეთი გამოწვევების გასანეიტრალებლად.

ხსენებული პროცესების ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს გაყინული და მოუგვარებელი კონფლიქტები მოლდოვასა და საქართველოში, ასევე ყარაბაღის პრობლემა. მოგეხსენებათ, ბოლო დროს მოლდოვის დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ჯარის პრობლემამ გამოააშკარავა ის, თუ რამდენად სახიფათოა მოცემულ ვითარებაში მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობა. შექმნილი სიტუაცია, დნესტრისპირეთის პრობლემის მყისიერ გადაწყვეტას მოითხოვს.

იგივე შეიძლება ითქვას სხვა კონფლიქტებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში. არსებული სტატუს-კვოს ცვლილებასთან ერთად, სავარაუდოდ შეიცვლება რუსეთის გავლენის ხარისხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებზე. ეს უდავოდ გახსნის შესაძლებლობების ფანჯარას მათი მოგვარებისათვის.

არსებული სტატუს-კვოს ცვლილებასთან ერთად, სავარაუდოდ შეიცვლება რუსეთის გავლენის ხარისხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებზე. ეს უდავოდ გახსნის შესაძლებლობების ფანჯარას მათი მოგვარებისათვის

მალე გამოჩნდება უსაფრთხოების რეგიონული სისტემის ახალი კონტურები, ამიტომ ამ პროცესში საქართველომ, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა.

- აქტუალური თემაა საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემა და საქართველო. ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ საქართველო ისე აქტიურად არა ჩართული უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირების პროცესში.

ამის დასტურად სახელდება რაინშტაინის ბაზაზე საქართველოს დელეგაციის არ ყოფნა, რომელზეც ფაქტობრივად ანტიპუტინური კოალიცია შეიქმნა. ასევე ის, რომ უკრაინის თემაზე სხვა დაგეგმილ საერთაშორისო აქტივობებში საქართველო არ მიუწვევიათ.

ასეთი აზრი ჩვენში დომინირებს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი ამ თემებზე, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თემებზე ოფიციალურ თბილისთან აქტიურად თანამშრომლობენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესებში საქართველოს მთავრობის მონაწილეობას? რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ჩაეწეროს ახალი უსაფრთხოების სისტემაში, რომლის კონტურები ახლა უკვე მეტ-ნაკლებად მკაფიოდაც კი ჩანს?

- ძნელია შეაფასო ის, რაც შესაძლებელია დახურულ კარს მიღმა პროცესებს ეხება. თუმცა, როგორც ვთქვით, ბევრმა აქტორმა სახელმწიფომ ღიად გამოთქვა მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ადრე თუ გვიან საქართველოს პოზიციაც უნდა გასაჯაროვდეს, და ამაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარების მომავალი და მისი როლი რეგიონში. ჯერ ჯერობით, ასეთი პოზიციების თაობაზე საზოგადოებას არ გააჩნია ინფორმაცია.

მიმდინარე პროცესები, და მათთან დაკავშირებული ცვლილებების ტენდენციები ფართო გაგებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. აღნიშნულ ცვლილებების აღქმა და მათზე რეაგირება უნდა იყოს მყისიერი, ისევე როგორც ახალი პოტენციური გამოწვევების მიმართ.

ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, მოცემულ ეტაპზე უნდა განიხილებოდეს უსაფრთხოების ახალ რეგიონულ სისტემაში საქართველოს ჩართვისა და აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობები. ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით საქართველოს უდავოდ აქვს პოტენციალი მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ სისტემაში. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ პოტენციალს, ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებს.

მოცემულ ეტაპზე უნდა განიხილებოდეს უსაფრთხოების ახალ რეგიონულ სისტემაში საქართველოს ჩართვისა და აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობები. ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით საქართველოს უდავოდ აქვს პოტენციალი მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ სისტემაში. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ პოტენციალს, ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სისტემებს

ეს კი შესაძლებელია მიმდინარე პროცესში ყველაზე მეტად დაინტერესებულ აქტორებთან წინასწარი კონსულტაციების გამართვის გზით. გარდა ამისა, აუცილებლად მიმაჩნია უფრო დიდი ყურადღება მიექცეს ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალის ასამაღლებლად.

ასეთი ნაბიჯების განხორციელება მოგვცემს საშუალებას უფრო ქმედითად ჩავერთოთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის კონტურებში. ამგვარი ვითარება კი თავის მხრივ მოგვცემს საშუალებას გადავწყვიტოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

აღნიშნული უდავოდ დადებითად აისახება საქართველოს შემდგომი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ტრაექტორიაზე, ასევე ხელს შეუწყობს განახლებულ საერთაშორისო სისტემაში უფრო თვალსაჩინო ადგილის დამკვიდრებას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა