ომბუდსმენის მოადგილე - იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ კითხვებში რამე განსაკუთრებული საიდუმლო არ არის - გაუგებარი და ამოუხსნელია რატომ სურთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ეს საკითხი გაასაჯაროოს

იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ კითხვებში რამე განსაკუთრებული საიდუმლო არ არის - სრულიად გაუგებარი და ამოუხსნელია რატომ სურთ, რატი ბრეგაძეს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ეს საკითხი გაასაჯაროოს - თუ ისინი თვლიან, რომ საჯარო ინტერესი არსებობს, მათ ამის გასაჯაროება შეუძლიათ, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ე.წ. კონსილიუმის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, სახალხო დამცველის აპარატი მათ საკითხის ზეპირ ფორმატში განხილვას სთავაზობს.

„რაც შეეხება იმას, თუ სახალხო დამცველი რას გაასაჯაროებს - ეს ბუნებრივია ჩვენი გადასაწყვეტია. როდესაც მათ მიერ კითხვების მოწოდება მოხდა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ და იქიდან გამომდინარე, რომ ამ კითხვებში რაიმე განსაკუთრებული ვერ ვნახეთ და იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეს კითხვები წარმოეშვათ და ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ კიდევ დამატებითი კითხვები წარმოიშვას, ჩვენ უფრო გახსნილ კარგ ფორმატს ვთავაზობთ, სადაც თუკი რაიმე დამაზუსტებელი იქნება, ჩვენ მზად ვართ რომ ზეპირ ფორმატში, ჩვენი კვალიფიციურ ექიმებს მიერ მათ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ყველანაირი ინფორმაცია დეტალურად მიეწოდოთ. ეს ჩვენთვის ცოტა უჩვეულო ფორმა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ე.წ. კონსილიუმს არაერთი დასკვნა მოუმზადებია. აქამდე ამასთან დაკავშირებით კითხვების დასმა არ მომხდარა და ვერც ახლა ვხედავთ რამე განსაკუთრებულ გარემოებას, რის გამოც დამატებით მაინცდამაინც წერილობით კითხვებზეა საუბარი,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული სამედიცინო დახმარების მიღება ესაჭიროება, რომლის უზრუნველყოფაზეც სახალხო დამცველი პენიტენციურ სისტემას მოუწოდებს. ამასთან, მისივე თქმით, თუკი ამის უზრუნველყოფა ადგილზე არ არის შესაძლებელი, მაშინ „სამედიცინო სერვისის მიწოდება უნდა განვიხილოთ, მათ შორის, სხვა ქვეყნის სამედიცინო სერვისების გათვალისწინებით“.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც პენიტენციური სამსახურისგან იქნება გადადგმული, პატიმრის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ჩვენი მოწოდება არის სწორედ ის, რომ პატიმარს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა მიეწოდოს და მიმღებლობა ბუნებრივია, პატიმრის მხრიდანაც“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია. მინისტრმა სახალხო დამცველს აღნიშნული კითხვების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა