ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კონფერენციას „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ეროვნულ კონფერენციას „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მუნიციპალიტეტების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი.
კონფერენციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სახალხო დამცველისა და ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ღონისძიებაზე ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე არსებული გამოწვევებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე ხაზი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერას გაესვა. შეხვედრაზე ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიმართულებით მიღწევებზე ისაუბრეს.
ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა პროექტის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ნაწილია, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.
თანამშრომლობა 64 მუნიციპალიტეტისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერას, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპის ქარტიის ადვოკატირებასა და გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას მოიცავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























