„საქართველოს ბანკი“ ქართული მეტყველების ტექნოლოგიებში განვითარებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის წამყვანმა მონაცემთა მეცნიერმა ნიკოლოზ მამისაშვილმა „საქართველოს ბანკი“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეზე“ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.
ნიკოლოზ მამისაშვილის თქმით, ტექნოლოგიების გარეშე ენა ციფრულ სამყაროში ვერ განვითარდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოყენება მნიშვნელოვანია.
მეტყველების ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მიზანიც არის, გაიგოს და დაამუშაოს ადამიანის მიერ ნათქვამი. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, „ამაზონ ალექსა“, „ეფლ სირი“ და „გუგლ ასისტენტი“.
ხმოვანი ასისტენტების ათვისება იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ეს ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება ახალგაზრდა მომხმარებლებში. ამ საინტერესო ეპოქაში ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და ვსაუბრობთ ენაზე, რომელსაც აქვს უნიკალური დამწერლობა. თუმცა ქართულად მოსაუბრე მსოფლიოში მხოლოდ 4 მილიონი ადამიანია და ციფრული ტექსტების რაოდენობა ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე პოპულარული ენების შემთხვევაში. ამიტომ ტექნოლოგიური გიგანტებისთვის არ არის მიმზიდველი ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარება, თუმცა ტექნოლოგიების გარეშე ენა ციფრულ სამყაროში არათუ ვერ განვითარდება, არამედ ვერც გადარჩება.
როგორც ნიკოლოზ მამისაშვილმა განაცხადა, „საქართველოს ბანკმა“ მიზნად დაისახა ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნა, რისთვისაც რამდენიმე კომპონენტია საჭირო:
„ამისათვის ბევრი რამ არის საჭირო, თუმცა ჩამოვთვლი 4 ძირითად კომპონენტს: Speech to Text - ხმოვანი ჩანაწერის გარდაქმნა, Natural Language Understanding - ტექსტიდან შინაარსის გამოტანა, Question Answering - კითხვაზე პასუხის გაცემა და Text to Speech - ტექსტის ხმოვან ფორმატში გადაყვანა. „საქართველოს ბანკში“ პირველ 3 კომპონენტში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და ვიყენებთ ჩვენს ციფრულ პროდუქტებში. მაგალითად, Natural Language Understanding-ს ვიყენებთ ჩვენს ჩატბოტში, რომელიც დანერგილია ციფრულ არხებში. გარდა ამისა, ის გამოიყენება სხვა პროდუქტებშიც“, - აღნიშნა მან.
მონაცემთა მეცნიერმა ისაუბრა აღნიშნული Natural Language Understanding-თან არსებულ სირთულეებსა და გადაჭრის გზებზე.
„საქართველოს ბანკში“ გვსურს, ავტომატური სერვისები რაც შეიძლება ადამიანზე მორგებული გავხადოთ, ეს კი დღეს შეუძლებელია მანქანური სწავლების გარეშე. ხოლო მანქანური სწავლების განვითარება შეუძლებელია დიდი მონაცემების გარეშე. „საქართველოს ბანკში“ გვყავს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი, რომელიც წლიურად 100 მილიონზე მეტ ტრანზაქციას აგენერირებს. ეს კი მონაცემთა მეცნიერისთვის არის ძალიან დიდი რესურსი, რათა განავითაროს მანქანური სწავლების ალგორითმები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანები. სწორედ ამით ვართ დაკავებული და გპირდებით, რომ შემდეგ წელს კიდევ უფრო მეტი სიახლეებით დაგიბრუნდებით“, - განაცხადა ნიკოლოზ მამისაშვილმა.
„საქართველოს ბანკმა“ „Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღე” გამართა, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განვითარებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებსა და ინოვაციებს ეხებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, დაანონსდა სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.