"საქართველოს ბანკმა" სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი აპლიკაცია დააანონსა

"საქართველოს ბანკმა" გადაწყვიტა მისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის, ყველაზე ციფრული თაობისთვის ახალი ციფრული პროდუქტი შეექმნა. აპლიკაცია მორგებული იქნება მოზარდების ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სურვილებს. ეს იქნება მარტივი, სახალისო აპლიკაცია დატვირთული მცირე ფინანსური ელემენტებით. აპლიკაცია გააერთიანებს შემდეგ ინტერესებს: გართობა, გემიფიკაცია, სოციალიზაცია, განათლება.
„საქართველოს ბანკი" უამრავ სიახლეს გეგმავს და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აპლიკაციას სკოლის მოსწავლეებისთვის. ისინი დღევანდელი სამყაროს ყველაზე ციფრული ნაწილი არიან. აღმოვაჩინეთ, რომ მათთვის არ გვქონდა ციფრული სივრცე. დღეს კი ის უკვე გზაშია და სულ მალე გვექნება ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის. ის სრულიად ახალ საბანკო გამოცდილებას შექმნის სკოლის მოსწავლეებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შექმნის პროცესში მოსწავლეებისგანაც ვიღებთ ინფორმაციას“, - აღნიშნავს ნინო ხორგუანი, "საქართველოს ბანკის" საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
აპლიკაცია საწყის ეტაპზე მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მართონ საკუთარი ჯიბის ფული, შეივსონ ბალანსი, გააკეთონ გადარიცხვები, ისარგებლონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო შეთავაზებებით. მომდევნო ეტაპზე კი მოსწავლეები შეძლებენ დაისახონ მიზანი და ისწავლონ დაგროვება, ისწავლონ საკუთარი ფულის მართვა, მიიღონ დავალებები და წახალისებები.
მოზარდები აპლიკაციის იდეის გაჩენიდან ჩართულები იყვნენ პროცესში, მთავარი კითხვა იყო, როგორი აპლიკაცია უნდოდათ ბავშვებს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული იყოს აპლიკაცია, მოზარდები ჩართულები იქნებიან როგორც აპლიკაციის ტესტირების, ისე ფუნქციების დამატების ყველა მომდევნო ეტაპზე.
აპლიკაციის დახურული ბეტა ვერსია ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი. გატესტილი ღია ბეტა ვერსიით კი სკოლის ყველა მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებს.
„საქართველოს ბანკმა“ Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღე” გამართა, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განვითარებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ სიახლეებსა და ინოვაციებს ეხება.
ღონისძიების ფარგლებში, დაანონსდა სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

























