ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022

რა შემთხვევაში გადავა ომი მე-3 ფაზაზე და რა არის მოსალოდნელი შემდეგ ეტაპზე

“აზოვსტალის” რკინის ციხესიმაგრე - უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის რა გზები არსებობს

“სააკაშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხე აღარ არის” - სააკაშვილის ულტიმატუმი და ხელისუფლების პასუხი.

* * *

რა შემთხვევაში გადავა ომი მე-3 ფაზაზე და რა არის მოსალოდნელი შემდეგ ეტაპზე

“რუსეთი უკრაინას ორთვენახევარზე მეტია უწყვეტად ბომბავს, თუმცა, მეორე ფაზაშიც გეგმას ვერ ახორციელებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ ოპერაციული წარუმატებლობა გამოიწვია, რამაც 9 მაისს პუტინს სამხედრო წარმატების გამოცხადებაში ხელი შეუშალა. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას აღლუმამდე აპირებდა, თუმცა, უშედეგოდ, რამაც კრემლი აიძულა ეთქვა, რომ შედეგები კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტებისვე შეფასებით, შესაძლოა მეორე ფაზა დიდხანს შუა ზაფხულამდეც კი გაიწელოს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი არც ისაა გამორიცხული, რომ მესამე ფაზის ფარგლებში პუტინმა მასობრივი განადგურების იარაღს მიმართოს, ან დასავლეთი ჩაითრიოს ომში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში გადავა ომი მე-3 ფაზაზე და რა არის მოსალოდნელი შემდეგ ეტაპზე.

“ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეზე - თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით იმუშავეს. რაკეტა საოლქო ცენტრთან ახლოს მდებარე დასახლებაში ინფრასტრუქტურის ობიექტის თავზე აფეთქდა. თუმცა, ობიექტი კი ძლიერ დაზიანდა. გასულ დღე-ღამის განმავლობაში, სლოვიანსკის მერის, ვადიმ ლიახის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკში რუსულმა ჯარებმა ორ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყვა, ნგრევის მასშტაბები დგინდება. 11 მაისს, უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონს რუსეთის ტერიტორიიდან ნაღმმტყორცნებით ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა სარაკეტო დარტყმის შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, რომ საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი არ უგულებელყონ. სარაკეტო თავდასხმა მოხდა სუმის ოლქზეც, ვორონეჟის ურბანული ტიპის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები მტრის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. რუსულმა ძალებმა დასახლებას ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე სახლი და შენობა დაზიანდა მსხვერპლი არ არის. რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ, ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურას ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რის შედეგადაც სევეროდონეცკში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასთან, მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია. თავდასხმის შედეგად ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. რუბეჟნოეში - სამი მაღალსართულიანი შენობა, ლისიჩანსკში - ორი. სევეროდონეცკში - სასტუმროს შენობა და ერთი მაღალსართულიანი შენობა. რუსეთის ამჟამინდელი მცდელობები ზმეინის კუნძულზე ძალების გასაზრდელად, უკრაინას რუსული ჯარებისა და ტექნიკის შესამცირებლად მეტ შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მორიგ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსული ძალების მიერ ზმეინის კუნძულზე თავდასხმები გრძელდება, სადაც უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვას წარმატებული დარტყმა მიაყენა. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთი მეორე ფაზაშიც წარუმატებელია და თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ წარუმატებელმა და გამწარებულმა პუტინმა მასობრივი განადგურების იარაღს მიმართოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას 9 მაისამდე აპირებდა, თუმცა, როცა რუსეთმა საბედნიეროდ წარუმატებლობა განიცადა, ლავროვმა თქვა, რომ სამხედრო ოპერაცია და მისი შედეგები კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდებაო. ამიტომაც პირველ რიგში კონცენტრაცია ისევ და ისევ დონეცკისა და ლუგანსის ოლქებზე იქნება. ამის პარალელურად ოდესის დაბომბვა აქტიურდება და რუსეთი ცდილობს, რომ შავი ზღვის აკვატორიაშიც უკრაინა დაბლოკოს. მაგრამ, ოკუპანტებს წარუმატებელი ნაბიჯები აქვთ იგივე ხარკოვის მიმართულებით. უკრაინის ჯარებმა აქ წინ წაიწიეს და რუსეთის საზღვრამდეც გავიდნენ. რაც შეეხება მესამე ფაზას - რუსეთისგან არაფერია გამორიცხული. არის იმის შესაძლებლობა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია. უკრაინის ტერიტორიაზე თეთრი ფოსფორი უკვე გამოყენებულ იქნა კიდეც. რუსეთი ყველაფრის მკადრებელია და არაა გამორიცხული, რომ მეორე ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა მასობრივი განადგურების იარაღს მიმართოს. რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევაში ესეც არაა გამორიცხული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“რუსეთმა ერთი პერიოდი ბირთვული შანტაჟი შეწყვიტა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა როგოზინმაც განაცხადა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებით, სხვა ბირთული სახელმწიფოების განადგურება შეუძლია, თუმცა, ესეც შანტაჟს ჰგავს. რუსეთი საერთო ჯამში 1500-მდე ბირთულ ქობინს ფლობს. ასევე, სტრატეგიულ ბომბდამშენებს, წყალქვეშა ნავებს, საერთო ჯამში 6000-მდე ბირთვულ ერთეულს, მაგრამ, იმავე მოცულობის ბირთვულ შეიარაღებას აშშ-ც ფლობს, ამ ორ ქვეყანაზე მსოფლიო ბირთული შეიარაღების 90%-ზე მეტი მოდის, ამიტომაც აშშ-ის ბირთვული შეიარაღება რუსეთისას აკომპენსირებს. მგონია, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას მოერიდება, თუმცა, გამორიცხული არაფერია. ფაქტია, რომ პუტინი მეორე ფაზის ფარგლებშიც წარმატებას ვერ აღწევს”, - დაასკვნის ჩიტაძე. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ მეორე ფაზა შესაძლოა ივლისამდეც კი გაიწელოს, რადგან ამ დრომდე რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია”, - დასძენს გამოცემა.

“მგონია, რომ მეორე ფაზა მალე არ დასრულდება და გაგრძელდება. უკრაინულ მედიაში ჩართვა მქონდა, უკრაინელ კოლეგებთან და მაღალი დონის სპეციალისტებთან ერთად, სამხედრო თვალსაზრისით სიტუაცია დეტალურად გავაანალიზეთ და უკრაინელებმა თავადაც აღნიშნეს, რომ ჯერ მეორე ფაზის საწყისი ეტაპია. პუტინს მეორე ფაზაშიც ჰქონდა ის გათვლა, რომ დონბასის ე.წ. გათავისუფლება და უკრაინელთა ოპერატიული ჯგუფის “თავისუფლების” ალყაში მოქცევა მალევე მოხდებოდა, მაგრამ ეს მიმართულება ჩავარდა. პუტინი უკვე ფარულ მობილიზაციას ახორციელებს. მობილიზაცია ოთხი ტიპისაა - ნაწილობრივი, ფარული, მასობრივი და ტოტალური. რუსეთმა აქედან ნაწილობრივი და ფარული გამოიყენა. ფარული მობილიზაციისას იმ სამხედრო პირებს იწვევს, რომლებიც სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და მეორე რიგის თადარიგის რეზერვისტებს, რომლებსაც ელემენტარული სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსეთმა ახლა საბჭოთა კავშირის ავღანეთის 1981-84 წლების კამპანიის მაგალითი გამოიყენა. ესეც პუტინს წარმატებულ ნაბიჯად არ ჩაეთვლება. ნაწილობრივი და ფარული მობილიზაციის დროს ომის გამოცხადება პუტინისთვის სავალდებულო არაა, ტოტალური და მასობრივი მობილიზაციისას, - კი ბატონო. პუტინის ფარული მობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ მეორე კამპანიასაც ერთგვარი შეფერხება ჰქონდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაჩერდება. უკრაინაში კი მასობრივი მობილიზაციის მეოთხე ტალღა იწყება. პუტინი მეორე ფაზას წარმატებულად ჩათვლის თუ დონბასს ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მთლიანად აიღებს და უკრაინას შავი ზღვის სანაპიროებიდან მოჰკვეთს. სურს დაიკავოს ნიკოლაევი-ოდესა და ზაპოროჟიე-დნეპრზე გავიდეს, ამ ქალაქების დაკავება თუ არ მოხერხდა, მესამე ფაზაზე წავა. თუმცა მგონია, რომ მეორე ფაზა დიდხანს გაიწელება, შესაძლოა ივნის-ივლისამდეც კი, რადგან უკრაინელები სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ”, - ამბობს ექსპერტი.

“ხარკოვთან რუსეთს უკვე სერიოზულად უჭირს, რადგან უკრაინელები უკვე კონტრშეტევაზე გადავიდნენ, წარმატებებს მიაღწიეს და ტერიტორიები გაათავისუფლეს. ამას თავად რუსებიც აღიარებენ, რაც ფსიქოლოგიური ომის პირობებში ძალიან გასაკვირია. თუ რუსეთმა ასეთი ტემპებით გააგრძელა და პუტინმა სხვა რაიმე ზომები არ მიიღო, იმის ალბათობა მაღალია, რომ ეს ფაზაც ჩაუვარდეს. თუმცა, თუ მესამე ფაზა დაიწყო, ამაზე საუბარი რთულია, თუ პუტინს რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს, მისი ლოგიკიდან გამომდინარე ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ისიც, რომ დასავლეთი ჩაითრიოს. კუნძული ზმეინი ერთგვარი კარიბჭეა, სადაც სიტუაცია კონტროლდება, ეს გეოსტრატეგიული საკვანძო წერილია, აქედან გამომდინარე, ნატოს სახელმწიფოების ჩარევა თუ მოუწია, ამან შესაძლოა გლობალური დაპირისპირება გამოიწვიოს. ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდული ომი უკვე მიდის”, - დასძენს მაისაია.

“აზოვსტალის” რკინის ციხესიმაგრე - უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის რა გზები არსებობს

“ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეული “აზოვსტალი” განუწყვეტლივ იბომბება, ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი დაჭრილია, რომლებიც ევაკუაციას საჭიროებენ. ბრძოლების შედეგად იქ არსებული ჯგუფი ყოველდღიურად დანაკარგებს განიცდის, აქვთ შეზღუდული რესურსები და შესაბამისად, აცხადებენ, რომ ყოველი დღე მათთვის შეიძლება ბოლო იყოს, მსოფლიოს კი უკრაინელი სამხედროების “ექსტრაქციის” პროცედურაში დახმარებისკენ მოუწოდებენ. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რთულად დასაშვებია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფოს ჩართულობით სამხედროების ევაკუაცია განხორციელდეს, რუსეთის ხელისუფლება ახლა ამაზე არ წავა. ერთადერთი გამოსავალი კი თავად უკრაინელების მხრიდან რაიმე სახის სპეცოპარაცია, ან მასობრივი კონტრშეტევაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აზოვსტალის” რკინის ციხესიმაგრე - უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის რა გზები არსებობს.

“მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშენკო აცხადებდა, რომ “აზოვსტალის” ფოლადის საწარმოში, სულ მცირე, 100 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, თუმცა, მოგვიანებით ლეგიონ “აზოვის” დაზვერვის ოფიცერმა ილია სამოილენკომ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირები არ იმყოფებიან. “აზოვსტალში”100 მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია არ არის დადასტურებული. ამ დროისთვის, როგორც ვიცი, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებულია”, - განაცხადა სამოილენკომ. ამასთან, სამოილენკომ აღნიშნა, რომ ქარხანაში ჯერ კიდევ ბევრი დაჭრილია, რომლებიც ევაკუაციას საჭიროებენ. მის თქმით, ისინი ყოველდღიურად განიცდიან დანაკარგებს, აქვთ ძალიან შეზღუდული რესურსები და შესაბამისად, ყოველი დღე მათთვის შეიძლება, ბოლო იყოს. “გასული 24 საათის განმავლობაში “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც მარიუპოლის მცველები იცავენ, 38 თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 4 იერიში სტრატეგიული ბომბდამშენის მიერ. მტერი არ წყვეტს უკრაინის ციხე-სიმაგრის აღების მცდელობას და ქვეითი ჯარის მხარდაჭერით ყოველდღიურ თავდასხმებს ახორციელებს”, - ნათქვამია “აზოვის” პოლკის მიერ „ტელეგრამში" გავრცელებულ განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ალყაშემორტყმული ფოლადის ქარხანაში მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა “ფეისბუქზე” მსოფლიოს უკრაინელი სამხედროების “ექსტრაქციის” პროცედურაში დახმარებისკენ მოუწოდებს. “მე საზღვაო ქვეითი ვარ. საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს, როგორ მიყვარდეს უკრაინა გულწრფელად. მიყვარდეს ვაჟკაცურად და უშიშრად, იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტებში, მიყვარდეს მამაცურად და უკომპრომისოდ! და სანამ გული მიცემს, ვიგრძნობ წმინდა და უპირობო სიყვარულს სამშობლოს მიმართ. სამშობლო ისაა, სადაც შვილს უყვარს დედა, ძმას უყვარს და, მამას კი შვილი! ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს!საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ესენი არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს დაუყოვნებლივ გასწირავენ სამშობლოსთვის. ესენი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად იზიარებენ იმას, რაც დარჩათ, დახმარების ხელს უწვდიან ერთანეთს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საერთო სიყვარული დედა უკრაინის მიმართ! ჩვენ ვიბრძვით...თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების თხოვნა გვაიძულებს ვიმოქმედოთ, მაშინ მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, უკრაინელი სამხედროების “ექსტრაქციის” პროცედურის დაწყებაში დახმარებისკენ”, - წერს სერგეი ვოლინა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, რომ სამხედროების გაყვანაზე დათანხმდეს, თუნდაც ეს მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფოს ჩართულობით იყოს. გამოსავალი თავად უკრაინელების მიერ წამოწყებული კონტრშტევა, ან რაიმე სახის სპეცოპერაციაა, თუმცა, მიიჩნევს, რომ უახლოეს დღეებში ეს შესაძლოა ვერ მოხერხდეს. “ძალიან რთულად მეჩვენება, რომ ეს რომელიმე სახელმწიფოს დახმარებით მოხერხდეს, რადგან რუსული პროპაგანდა თავად იმაზეა აგებული, რომ “აზოვსტალიდან” “აზოვის” ნაწილების გაყვანას ხელი მაქსიმალურად შეუშალოს და ეს რუსეთისთვის ერთგვარი პროპაგანდისტული მარცხი იქნება. შესაძლებელია რუსეთმა დანარჩენ მსოფლიოს შეასყიდოს, რომ იგი თითქოს დათმობაზე წავიდა, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებას ეს ადარდებდეს და რეპუტაციის შენარჩუნებისთვის მსგავსი ნაბიჯი გადადგას”, - ამბობს კობერიძე, რომლის განმარტებით, რუსეთი წლების განმავლობაში უშუალოდ “აზოვის” წინააღმდეგ პროპაგანდას ახორცელებდა და ამიტომ ნაკლებად შესაძლებლად მიაჩნია, რომ ეს რეალურად განხორციელდეს”, - დასძენს გამოცემა.

“უფრო მეჩვენება, რომ ეს შესაძლოა იყოს უკრაინელთა რაიმე სპეცოპარაცია, ან უშუალოდ მასობრივი კონტრშეტევა, მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისიც მომდევნო რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში მოხერხდეს. რუსეთს ახლა მარიუპოლიდან თავისი სამხედროების დიდი ნაწილი სხვა ფრონტის მიმართულებით ჰყავს გაყვანილი. მეორეს მხრივ კი, როცა რაიმე ობიექტზე იერიში მიდის, იმ ობიექტის სიახლოვეს შემტევი ნაწილები ვერ ცერთ შემთხვევაში ვერ იქნებიან, რადგან თავად ისინი დაზარალდებიან. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ რუსების დიდი ნაწილი იქ იყოს, ძალიან ნაკლებია. სამაგიეროდ რუსები მარიუპოლის საქალაქო ნაწილებში გარკვეულწილად მობილიზებულები არინ. სადაც მოსახეობას აიძულებენ, რომ დაბრუნდნენ, რათა მოაჩვენონ სიტუაცია, რომ ირგვლივ ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. საბოლოო ჯამში ახლა რუსები აქცენტს მარიუპოლზე აღარ აკეთებენ, ისე აჩვენებენ, რომ თითქოს უკვე აღებული აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, ასე არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ფაქტია, რომ აზოვსტალი ავიაიერიშებს ჯერჯერობით უძლებს. საჭოთა კავშირის დროს, როცა “აზოვსტალი” განახლდა, მას ატომური დაბომბვისთვის უნდა გაეძლო. შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “აზოვსტალს” კვლავ აქვს რესურსი, რომ კიდევ რამდენიმე კვირიან საჰაერო თუ საარტილერიო იერიშს გაუძლოს. უკრაინელებს შიგნით რა პოზიციები აქვთ, ანუ რამდენი სამხედროა დარჩენილი, ეს არ ვიცით, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი რაოდენობა 500 სამხედროს ყველა ვარიანტში აღემატება. ომის დაწყების პერიოდში უშუალოდ მარიუპოლში “აზოვის” ნაწილები დაახლოებით ათას კაცამდე იყო, რასაც ემატებოდა ადგილობრივი პოლიცია და 36-ე ბრიგადა, საერთო ჯამში 3 ათას სამხედრომდე. რომ ვივარაუდოთ, ყველაზე უარეს შემთხვევაში დაჭრილები და დაღუპულები შესაძლოა ორი ათასი სამხედრო იყოს, ამას ყველაზე დიდ რაოდენობას ვასახელებ, რომლის ალბათობაც ძალიან ნაკლებია. სამხედროების საშუალო რაოდენობა აზოვსტალში ათასი მაინც იქნება, და ყველაზე უარეს შემთხვევაში 500. აქედან გამომდინარე, მათ საშუალება აქვთ, რომ რუსების შეტევას წინააღმდეგობა გაუწიონ. იმ ძალების შეტევას, რომელბიც ყველაზე ნაკლებად არიან გამოცდილები არა მხოლოდ ურბანულ, არამედ გვირაბების ბრძოლაში, რისი გამოცდილებაც მსოფლიოში თითქმის არავის არ გააჩნია”, - დასძენს კობერიძე.

“სააკაშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხე აღარ არის” - სააკაშვილის ულტიმატუმი და ხელისუფლების პასუხი

“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმის გარეშე. სამინისტრო ასევე მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისაგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში. “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესთავაზა - მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა, რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმის გარეშე”, - ნაქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სააკაშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხე აღარ არის” - სააკაშვილის ულტიმატუმი და ხელისუფლების პასუხი.

“იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკა “ვივამედში” გადაყვანა შესთავზა, სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას დათნახმდა, ოღონდ გარკვეული პირობებით. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ მისი ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ალეტრანატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემაპათიიდან”, ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს. ყველა გამოკვლევის, დიაგნოსტიკის და დანიშნულების დადგენაში ჩართული უნდა იყვნენ “ემპათიის” ექიმები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. სააკაშვილის თანხმობა მმართველ გუნდში უკვე შეფასდა როგორ ულტიმატუმი, “ოცნებაში” აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაციია. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “ნაცმოძრაობას” სურს სააკაშვილის ცუდად ყოფნა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაითრიოს, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“სააკაშვილთან მიმართებაში ოპოზიციაში არ არის ერთიანობა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი არ უერთდება “ნაცმოძრაობის” ინიციატივას, თავდებში დაუდგნენ სააკაშვილს, რათა იგი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ. “ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მტერი არ უნდა გაახაროს, მაგრამ არც პრეზიდენტი არ უნდა იქცეოდეს ასე. “პრეზიდენტი ცოტა ისე უნდა იქცეოდეს, მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად; ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მარტო იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ სად ვიმკურნალოთ, რა ვჭამოთ, როგორი სისხლის ანალიზი გვაქვს, ხელისუფლებაში როგორ მოვიდეთ”, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ჩიხში არის შესული. მისი თქმით, ჩიხიდან გამოავალი არის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის თემამ საზოგადოებაში და თავად ოპოზიციაში აქტუალობა დაკარგა და ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენას ვეღარ ახდენს”, - დასძენს გამოცემა.

“სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს რა თქმა უნდა ურჩევნიათ, რომ პარტიის ლიდერი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ, რაც ერთგვარი თავისუფლებაა, მაგრამ ეს ჯერ მიუღწეველია. ამიტომ, შეთავაზება სამინისტროს მიერ ალბათ უნდა იქნას გათვალისწინებული და აქ ულტიმატუმებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც დაბრუნდა საქართველოში, ჯერ ეგონა რომ მისი ჩამოსვლით სასწაული მოხდებოდა, მაგრამ მოხდა საპარისპირო. მისი დაპატიმრება იყო ერთადერთი ლაკმუსი თუ რა გავლენა აქვს სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებზე, მის დაპატიმრებას არ მოჰყვა სპონტანურად დიდი საპროტეტსო ტალღა. შემდეგ იყო სასამართლო პროცესი, მოლოდინი, რომ ფურორს მოახდენდა გამოსვლით. პირველ სხდომაზე იყო ხალხი, შემდეგ სხდომებზე კანტი-კუნტად შეიმჩნევა. “ნაცმოძრაობა” ფართმასშტაბიან აქციებს ვერ ატარებს, ხალხი მიშას გულისთვის ქუჩაში არ გამოდის. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტ გულგრილობას იწვევს თავის ამომრჩეველში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება ხელისუფლებას, მისთვის სააკაშვილი საფრთხე აღარ არის, რადგან პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ სააკაშვილის თემა სჭირდება ეკონომიკური და სოციალური თემების გადასაფარად. დღე და ღამე ოპოზიციური არხები მხოლოდ იმას აშუქებენ, რა წერილი დაწერა მიშამ ციხეში და ხვალ როგორი გეგმები აქვს სააკაშვილს და ოპოზიციას. თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. მოკლედ ხელისუფლება ოპოზიციას კატა-თაგვობანას ეთამაშება და ოპოზიციაც ამ თამაშს იღებს” , - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს