ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელს ლევან ცუცქირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, რადგან ახლა აქტუალური თემაა მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ალბათ უპრიანი იქნება თუ საუბარს ჩვენ ამ თემით დავიწყებთ.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სულაც არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირი უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. თუმცა, გამოითქმის მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ამჯერად, უკრაინას მიენიჭოს უპირატესობა, ან უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს საკითხი გადავადდეს.

მაგრამ, ახლა სამივე ქვეყანას რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთავარი ისაა, თუ რა ამოცანების წინაშე აღმოჩნდება საქართველო თუ მას სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რადგან კანდიდატობიდან წევრობამდე საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი.

ეს თემა აქტუალურია თუნდაც იმას გამო, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვების არც პირველი და არც მეორე ნაწილი არ გაასაჯაროვა, არც ის უთქვამს, რომ შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმებას უბრუნდება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს?

- სამწუხაროა, რომ მთავრობის მიერ ევროკომისიისთვის გაცემული პასუხები არ გახდა საჯარო. არ ვეთანხმები იმას, რომ პრობლემურ საკითხებზე საჯარო დებატებმა ახლა, შესაძლოა დააზარალოს ჩვენი აპლიკაციის პროგრესი ევროკავშირში.

ჩვენს ევროპულ გზას დებატები კი არ დააზარალებს, არამედ ის პრობლემები, რომლებიც სერიოზულია და რომელთა შესახებ კომისია ისედაც კარგად არის ინფორმირებული.

პრობლემა დებატებში კი არ არის, სინამდვილეში ის ამ დებატების ნაკლებობაშია, იმაში, რომ ჩვენ არ გვაქვს კარგი პასუხები სერიოზულ შეკითხვებზე, რომლებიც მაგალითად, სასამართლოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას, ფარული მიყურადების შესახებ კანონსა და მის პრაქტიკას, ან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობას შეეხება.

დებატები პრობლემებს კი არ ქმნის, არამედ აგვარებს მათ. სამწუხაროა, რომ სირთულეების რეალურად გადალახვის ან ამისათვის მზაობის ჩვენების ნაცვლად, მთავრობამ მათი „ხალიჩის ქვეშ შეხვეტის,“ მიდგომა არჩია, ოღონდ ისიც მხოლოდ დროებით. ჩვენ დისკუსიის შესუსტება კი არა, დიალოგის კულტურის დაბრუნება გვჭირდება საქართველოში, ეს იქნებოდა სწორი და კარგი ნაბიჯი.

ასეა თუ ისე, ბურთი ახლა ევროკომისიის მოედანზეა, მაგრამ ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი საქართველოზე, ჩემთვის რთული სათქმელია. ერთი მხრივ, არსებობს ახალი გეოპოლიტიკური გარემოებები, რომლებიც ევროპას მისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაფასებისკენ უბიძგებს, მათ შორის წევრობის მსურველ ქვეყნებთან მიმართებაში. მეორე მხრივ, ბოლო დროის საქართველო, როგორც წევრობის მსურველი ქვეყანა, არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

პარადოქსულია, გსურდეს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მისი უმაღლესი წარმომადგენლების მედიატორობით მიღწეულ შეთანხმებებს არღვევდე, ევროპარლამენტარებს დასცინოდე, ევროპის მთავარ საზრუნავ და გავლენიან უკრაინასთან ურთიერთობას დღითი დღე აფუჭებდე, ხოლო საკუთარ ამომრჩეველს შეთქმულების თეორიებით ასაზრდოებდე. ეს არ არის, ევროპული გზის ერთგული ქვეყნის საქციელი.

ჩრდილოვანი მმართველობით, პარტიული სასამართლოთი, ოპოზიციონერების მოთვალთვალე უსაფრთხოების სამსახურებით და კანონების საკუთარ თარგზე გამოჭრით ევროკავშირში ვერ შევალთ. ტანგოს წყვილი სჭირდება, მაგრამ ასე ევროპასთან ვერ ვიცეკვებთ.

რაც შეეხება „შარლ მიშელის“ შეთანხმებას - მართალია ამ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია, მაგრამ ევროკავშირისათვის ის პრობლემები, რომელთა გადაჭრისკენაც იყო ეს შეთანხმება შექმნილი, კვლავ ღირებულია.

ჩვენი ურთიერთობის რაღაც ეტაპზე მათი მოგვარება აუცილებელი იქნება იმის მიუხედავად, „შარლ მიშელის შეთანხმება“ დაერქმევა ამას, კანდიდატობის შემდგომი სამოქმედო გეგმა, კანდიდატობამდე შესასრულებელი პირობების სია, თუ კიდევ რაიმე სხვა.

საქართველო შესაძლოა გახდეს წევრობის კანდიდატი, მაგრამ ეს უფრო დღევანდელი გეოპოლიტიკის დამსახურება იქნება, ვიდრე ჩვენი შიდა მზადყოფნის. მაგრამ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ბოლო ევროპული ბარიერი იქნება, რომელსაც საქართველო აიღებს, თუკი ევროპული პოლიტიკისკენ რეალური შემობრუნება არ დაიწყება.

პარადოქსულია, გსურდეს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მისი უმაღლესი წარმომადგენლების მედიატორობით მიღწეულ შეთანხმებებს არღვევდე, ევროპარლამენტარებს დასცინოდე, ევროპის მთავარ საზრუნავ და გავლენიან უკრაინასთან ურთიერთობას დღითი დღე აფუჭებდე, ხოლო საკუთარ ამომრჩეველს შეთქმულების თეორიებით ასაზრდოებდე. ეს არ არის, ევროპული გზის ერთგული ქვეყნის საქციელი

ეს ნიშნავს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლის - სინამდვილეში ჩვენ ხომ ევროკავშირში წევრობა ჩვენი მოქალაქეების დაცულობისა და კეთილდღეობისთვის გვინდა და არა როგორც ბეჭედი ფურცელზე?

ევროკავშირში გაწევრიანების გზას სახელმწიფოებრივი ხედვა და რეალური დემოკრატიის შენება სჭირდება, მაგრამ, ორივე დეფიციტური პროდუქტია, რომელსაც დღევანდელი ქართული პოლიტიკა ვერ აწარმოებს. თუ არ გვექნება ნამდვილი დემოკრატია, არ გვექნება არც ევროკავშირის წევრობა - ასე მარტივადაა საქმე.

საქართველო შესაძლოა გახდეს წევრობის კანდიდატი, მაგრამ ეს უფრო დღევანდელი გეოპოლიტიკის დამსახურება იქნება, ვიდრე ჩვენი შიდა მზადყოფნის. მაგრამ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ბოლო ევროპული ბარიერი იქნება, რომელსაც საქართველო აიღებს, თუკი ევროპული პოლიტიკისკენ რეალური შემობრუნება არ დაიწყება

- ფაქტია, არაა კარგი, რომ ევროკავშირის კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროებულა, მაგრამ იმედია ადრე თუ გვიან გასაჯაროვდება. თუ ასე არ მოხდა, ევროკავშირის კითხვარზე ჩვენს პასუხებზე ევროკომისიის დასკვნა მაინც იქნება საჯარო და ამ დასკვნაში კარგად გამოჩნდება ის, თუ რა აქვს გასაკეთებელი საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას.

გვახსოვს, თუ როგორ თქვა უარი მთავრობამ ევროკავშირისგან შეღავათიანი სესხზე მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გასატარებლად. ისიც გვახსოვს, რომ მმართველმა გუნდმა თუ როგორ თქვა უარი „ლელოს“ ინიციატივაზე პარლამენტში შექმნილიყო ევროკავშირის რეკომენდაციების განსახორციელებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

გაქვთ განცდა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამის შემდეგ მმართველი გუნდი არ იტყვის უარს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე?

- პოლიტიკური თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გარდაუვალი იქნება, თუკი ჩვენი პარტიები გაიაზრებენ, რომ საქმე მორიგ პარტიულ გარჩევასთან კი არა, ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისიის მნიშვნელოვან, შეიძლება გადაწყვეტ ეტაპთან გვაქვს.

ფართო, წარმომადგენლობითი და თანაც საქმიანი დიალოგი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის, ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე გადაწყობის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს. ევროკავშირში წევრობის მიღწევას მარტო ვერც ერთი პარტია შეძლებს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს, დღევანდელი მდგომარეობით, მრავალწლიანი პროცესი იქნება.

ევროკავშირში გაწევრიანების გზას სახელმწიფოებრივი ხედვა და რეალური დემოკრატიის შენება სჭირდება, მაგრამ, ორივე დეფიციტური პროდუქტია, რომელსაც დღევანდელი ქართული პოლიტიკა ვერ აწარმოებს. თუ არ გვექნება ნამდვილი დემოკრატია, არ გვექნება არც ევროკავშირის წევრობა - ასე მარტივადაა საქმე

ამ პერიოდში კი, ქართული პოლიტიკური ტრადიციის გათვალისწინებით, არც ერთ დღეს არსებულ პოლიტიკურ ჯგუფს არათუ ხელისუფლებაში ყოფნის, არამედ პოლიტიკური სიცოცხლის უნარიანობის გარანტიაც ვერ ექნება.

სხვათა შორის, ესეც უნდა იყოს პრაგმატული მიზეზი სწორედ ახლა, ამ ისტორიულ ეტაპზე, თანხმობისა და თანამშრომლობის ძიებისთვის - პოლიტიკური და სახელმწიფო სისტემა ისე კი არ უნდა ააწყო, როგორც მაშინ „გაწყობს,“ როცა ძალაუფლებაში ხარ. არა, პოლიტიკა ისე უნდა მოეწყოს, თუ როგორი სისტემა იქნებოდა კარგი უმცირესობაში მყოფი, არჩევნებში დამარცხებული პარტიისთვის.

ასე შენდება დემოკრატიული სახელმწიფოები, განსხვავებით მოკლევადიანი ძალაუფლების პროექტებისგან, რომლებიც მერე აუცილებლად მთავრდება, ოღონდ თან სახელმწიფოს მნიშვნელოვან ნაწილსაც გადაიყოლებს ხოლმე.

ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი თანაბრად ეხება როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს. ყველამ საკუთარი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რისკიც უნდა აიღოს მაშინ, როდესაც საერთო ამოცანებია მისაღწევი.

- გვერდს ვერ აუვლით ჯერ მმართველი გუნდის მხარდამჭერი „,მოლაპარაკე თავების“ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თითქოს შვეიცარიული ბანკი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან კერძო დავა წააგო და მას უნდა გადაუხადოს 500 მილიონი დოლარი, ახლა სპეციალურად არ ურიცხავს მას ფულს იმის გამო, რომ ამ საქმეში ჩაერია აშშ, რომელსაც სურს საქართველომ მეორე ფრონტი გაუხსნას რუსეთს.

ამ თემაზე განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მართალია, მას აშშ პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, მაგრამ გარკვეული მინიშნებები გააკეთა იმაზე, რომ გარე ძალები ცდილობდნენ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ამ თემაზე „ოცნების“ სხვა ლიდერებმაც აკეთეს კომენტარები იმაზე, რომ ივანიშვილის გადარიცხვებთან დაკავშირებული შეფერხებები აშშ-ს უკავშირდებოდა.

ვითარებაში, როცა აშშ-ში კარგად იციან საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, ისიც, რომ თუ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯები გადადგა, საქართველო აშშ-ს თავის ტკივილი და დასაცავი გახდება, გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს ვაშინგტონს თავისივე თავისთვის პრობლემების შექმნა.

ახლა საინტერესო სხვა რამაა - ამ განცხადების ინიციატორები „ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, თუ ბატონი ივანიშვილი. პასუხის ორივე ვარიანტი რომ ქვეყნისთვის კარგს არაფერს ნიშნავს, ფაქტია.

თქვენ როგორ აღიქვით ამ თემაზე ჯერ მმართველი გუნდის მხარდამჭერების, ხოლო შემდეგ კობახიძის განცხადებები, და თქვენი აზრით სავარაუდოდ, როგორ წაიკითხავენ მათ ვაშინგტონში და ევროპაში?

- ელჩი დეგნანის განცხადებამ ამ საკითხზე აშშ-ის დამოკიდულება უკვე განმარტა. ბიძინა ივანიშვილის სასამართლო საქმეებს რაც შეეხება, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ვიცით, იგი ქართულ პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია აღარ მონაწილეობს.

შესაბამისად, შვეიცარიული ბანკთან ივანიშვილისთვის პრობლემები კერძო პირის დავაა, რომლის განხილვაში მონაწილეობა პოლიტიკოსების საქმე უკვე დიდი ხანია წესით აღარ უნდა იყოს. ვფიქრობ, მათი გონება უფრო მნიშვნელოვანი აზრებით უნდა იყოს ახლა დაკავებული.

პოლიტიკური თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გარდაუვალი იქნება, თუკი ჩვენი პარტიები გაიაზრებენ, რომ საქმე მორიგ პარტიულ გარჩევასთან კი არა, ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისიის მნიშვნელოვან, შეიძლება გადაწყვეტ ეტაპთან გვაქვს

- დამკვირვებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ კობახიძის ეს განცხადება შიდა აუდიტორიაზე და იმათზე იყო გათვლილი, ვინც თვლის, რომ არა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საქართველო ახლა ომში იქნებოდა ჩართული.

საუბარია ჩვენს იმ მოქალაქეებზე, ვისაც ანტიამერიკული, ანტიევროპული განცხადებები ახარებს. ვინც ღიად თუ არა, ლატენტურად მაინც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ამართლებს და პუტინის რუსეთს გულშემატკივრობს.

მეტიც, მმართველი გუნდი შეეცადა ანტიდასავლური განწყობების ადამიანების კონსოლიდაციას „ოცნების“ გარშემო. მაგრამ, უცნაური ისაა, რომ ამომრჩევლის კონსოლიდაცია არჩევნების წინ ხდება ხოლმე, ახლა კი არჩევნები საკმაოდ შორსაა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ აშშ კი არ აშანტაჟებს ივანიშვილს, ივანიშვილი აშანტაჟებს ვაშინგტონს მისი პერსონისა და მისი პოლიტიკური გუნდისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად.

სავარაუდოდ, აშანტაჟებს თუ არა „ოცნება“ დასავლეთს? თუ არა, რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ მის ირგვლივ ანტიამერიკული და ანტიდასავლური ძალების კონსოლიდაცია?

- არც ბიძინა ივანიშვილს და მით უმეტეს, არც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის ძალა ან უნარი, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს. სხვა საქმეა ანტიამერიკული თუ ანტიდასავლური, მე ვიტყოდი ანტიდემოკრატიული ძალების კონსოლიდაციის მცდელობა საქართველოში.

ასეთი ძალების კოალიციას ჩემი აზრით დიდი საარჩევნო და პოლიტიკური მომავალი არ აქვს, მათი რეალური საარჩევნო შესაძლებლობები თითქმის ნულის ტოლია. მათ არ აქვთ პოზიტიური პოტენციალი და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ეს პრობლემების შექმნაა, მაგალითად ქუჩაში ძალადობა პროვოკაციები და ცალკეულ აქტივისტებზე ან პოლიტიკოსებზე ზეწოლა.

შვეიცარული ბანკთან ივანიშვილისთვის პრობლემები კერძო პირის დავაა, რომლის განხილვაში მონაწილეობა პოლიტიკოსების საქმე უკვე დიდი ხანია წესით აღარ უნდა იყოს. ვფიქრობ, მათი გონება უფრო მნიშვნელოვანი აზრებით უნდა იყოს ახლა დაკავებული

ეს საყურადღებო და საშიშია, მაგრამ აქაც ვფიქრობ, რომ ისინი შესაბამის პასუხს მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებისგან, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ ძლიერია ამ ქვეყანაში.

ასეთი ჯგუფების უგულებელყოფა არ ღირს და მათ თვალი უნდა ვადევნოთ, მაგრამ არც ბუზისგან სპილოს შექმნა იქნება სწორი. ისინი სწორედ საჯარო ყურადღების ცენტრში მოქცევას და დებატების სერიოზული თემებიდან გადატანას ცდილობენ. ქვეყნისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორი სკოლები, ქუჩები და შემოსავლები გვაქვს, ვიდრე ის, რაზე ლაპარაკობს „ერი“ ან „ალტ-ინფო.“

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩვენი ხელისუფლება ირწმუნება, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. საჯაროდ, არც იმაზეა საუბარი, რა კეთდება ქვეყნის ჯარის უკეთ შესაიარაღებლად და რეალურად ვითხოვთ თუ არა ჩვენო პარტნიორებისაგან თავდაცვის მეტ საშუალებებს.

არადა, ვხედავთ, რომ ნატოში მალე შევლენ ფინეთი და შვედეთი. ნატოში ფინეთის გაწევრიანებით რუსეთს ნატოსთან საზღვარი 1000 კილომეტრით გაეზრდება. მეტიც,

თურქეთმა და ყაზახეთმა სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ყაზახეთი პუტინის "ოდეკაბეს", კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა, რომელიც ჩინეთის მსგავსად რუსეთისგან დისტანცირების გზას დაადგა.

ამ ფონზე საქართველოსთვის იარაღით დახმარებაზე შეხვედრები დახურულ კარს მიღმა კი იმართება, მაგრამ ამ შეხვედრების შედეგებზე საჯარო სივრცეში არც არაფერი ვრცელდება. არადა, უკრაინაში ომის გამო ახლა ისეთი ვითარებაა, საქართველოს აქვს შანსი ბევრად გაიუმჯობესოს თავდაცვისუნარიანობა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რატომ არ ითხოვს საქართველო პარტნიორებისგან მეტი სამხედრო იარაღის მოწოდებას?

- უპირველესად, არ უნდა გამოვრიცხოთ შეიარაღების საკითხებზე კონფიდენციალური დისკუსიები და გარკვეული სამუშაოც. მე აქაც მეტი საჯაროობის მომხრე ვიქნებოდი, თუნდაც საპარლამენტო ფორმატებში. მაგრამ ზოგადად, ასეთი პოლიტიკა ნაწილია რუსეთის „არგაღიზიანების“ მიდგომისა, რომელიც მცდარ მოსაზრებებს ეფუძნება და არ აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას.

არც ბიძინა ივანიშვილს და მით უმეტეს, არც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის ძალა ან უნარი, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს. სხვა საქმეა ანტიამერიკული თუ ანტიდასავლური, მე ვიტყოდი ანტიდემოკრატიული ძალების კონსოლიდაციის მცდელობა საქართველოში

არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთს თანაუგრძნობენ ან უბრალოდ არ სჯერათ უკრაინის წარმატების შანსისა. ამის ვარაუდის საფუძველს წარსული დაკვირვებაც მაძლევს - ვიცით, თუ როგორ მფარველობენ, თანამშრომლობენ და ზოგჯერ მეგობრობენ კიდეც მოძალადე პრო-რუსულ ჯგუფებთან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგიერთი მათგანი მაღალ საჯარო თანამდებობებსაც იკავებდა თავის დროზე.

- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

ფაქტია, კარგი იქნებოდა ამ თემაზე გადაწყვეტილება ხელისუფლებას გაცილებით ადრე, 2-3 კვირის წინ მიეღო რითაც იგი თავიდან აიცილებდა ოპოზიციის ბრალდებებს, მაგრამ ასე არ მოხდა.

იმედია, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილს კვალიფიციურ გამოკვლევასა და მკურნალობას აღმოუჩენენ. გაქვთ იმედია, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდება თუ ეს თემა ისევ გახდება კამათის საგანი?

- არ შეიძლება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს, თანაც მაშინ, როდესაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის ცნობილია, თუ რამდენად პოლიტიზებულია მართლმსაჯულება საქართველოში. საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება.

ქვეყანა დგას როგორც სერიოზული რისკების წინ, ისე ისტორიული შესაძლებლობების მიჯნასთან. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ეს რისკები რეალიზდება თუ შესაძლებლობების ტალღას მოვექცევით თავზე.

ახლა დროს და ენერგიას პოლიტიკურ ურთიერთგანადგურებაზე კი არა, პოზიტიური პოლიტიკური ამოცანების გარშემო კონსოლიდაციაზე უნდა ვხარჯავთ. სამწუხაროდ არ ვფიქრობ, რომ ამისათვის საჭირო ამბიცია, სახელმწიფოებრივი ხედვა და პოლიტიკური ალღო აქვს ჩვენს პოლიტიკურ ელიტას.

უპირველესად, არ უნდა გამოვრიცხოთ შეიარაღების საკითხებზე კონფიდენციალური დისკუსიები და გარკვეული სამუშაოც... მაგრამ, ზოგადად, ასეთი პოლიტიკა ნაწილია რუსეთის „არგაღიზიანების“ მიდგომისა, რომელიც მცდარ მოსაზრებებს ეფუძნება და არ აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას

დაპირისპირების დასრულება და ნამდვილი საქმის კეთებაზე გადასვლის მოთხოვნა ისევ საზოგადოების იმ ჯგუფებიდან შეიქმნება, რომლებიც არც არჩევნებზე არიან ჩამოკიდებულები და არც ფუნდამენტალისტურ პოლიტიკურ მოსაზრებებს იზიარებენ.

ასეთები ჯგუფები უფრო ნათლად ხედავენ პროდემოკრატიული კონსოლიდაციის მნიშვნელობას და ამისათვის შესაძლოა ნაგვიანებ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებსაც იღებენ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით