კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები

ახალი შესაძლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით დაინტერესებულ პირებს - კავკასიის უნივერსიტეტი TH Wildau-ს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტთან (გერმანია) პარტნიორობით ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ორი უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს გასცემს.

პროგრამა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით ხორციელდება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ტვირთების გატარება შეაფერხა, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა გადაზიდვებისთვის ალტერნატიული დერეფანი გახდეს და განავითაროს დამატებითი ღირებულების ლოგისტიკური სერვისები. ამის ფონზე, დარგის წარმომადგენლები კვალიფიციური კადრების სიმცირეზე საუბრობენ, რაც გამოწვევას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ისე რეგიონის მასშტაბით. ლოგისტიკური დერეფნის პოტენციალის გამოსაყენებლად მნიშვნელოვანია პროფესიონალების მომზადება, რა პროცესშიც კავკასიის უნივერსიტეტმა TH Wildau-ის უნივერსიტეტთან ერთად საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა.

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, განმარტებით, ერთობლივი პროგრამა სწრაფად მოახდენს ეფექტს დარგის განვითარებაზე და უზრუნველყოფს გამოცდილი კადრების მიწოდებას ლოგისტიკური ბაზრისთვის.

„რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონში ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით ახალ პოტენციალს ქმნის. ვფიქრობთ, ხუთი წლის თავზე შეგვეძლება ვთქვათ, რომ დარგზე დიდი ეფექტი მოვახდინეთ, შემდეგ კი – დარგის კონტრიბუციაზე ქვეყნის მშპ-ში. ბოლო წლების განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და დასავლეთ ევროპაშიც მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა ლოგისტიკის მენეჯერებზე, საუბარია მაღალი დონის აკადემიური განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებზე. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური პანდემიამ და უკრაინაში მიმდინარე ომმა გახადა. ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვში რისკების მართვა უმნიშვნელოვანესია და ამას სპეციალური განათლება სჭირდება, კერძოდ, იმ თანამედროვე ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფების ცოდნა, რაც ამ დარგში გამოიყენება“, - განაცხადა კახა შენგელიამ.

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, უახლეს ლიტერატურასა და პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც სტუდენტებს შრომის ბაზრისთვის მოამზადებს და მათ ლოგისტიკის სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

სასწავლო პროგრამის მე-3 სემესტრში სტუდენტები სწავლას გერმანიაში გააგრძელებენ და შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება გაიარონ TH Wildau-ის ისეთ პარტნიორ კომპანიებში, როგორიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.

„ლექციების 80% წარიმართება გერმანელი სპეციალისტების მიერ, რომლებსაც კერძო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეს კი ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, არა მარტო მაღალი ხარისხის აკადემიური განათლება მიიღონ, არამედ პრაქტიკული ცოდნა, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაიფართოონ პროფესიული სანაცნობო წრე. სტუდენტებს, რომლებიც ამ პროგრამას დაასრულებენ, კარი ღია აქვთ საქართველოსა და ნებისმიერ ქვეყანაში, რათა მაღალ პოზიციაზე დასაქმდნენ.“

კახა შენგელიას თქმით, კავკასიის უნივერსიტეტს 15-ზე მეტ კომპანიასთან აქვს გაფორმებული მემორანდუმი, რაც პროგრამის ნაწილში კვლევითი და პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერებას ემსახურება.

„ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კვლევა და პროექტების ფარგლებში პრაქტიკული მუშაობაა. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად შევარჩევთ საინტერესო კვლევით პროექტებს, დავამუშავებთ მაღალ დონეზე, შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებები დაამუშაონ და კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან იმუშაონ. აქ, ერთის მხრივ, კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ტალანტები აღმოაჩინონ, ხოლო მეორე მხრივ სტუდენტები შეძლებენ, კომუნიკაცია ჰქონდეთ ტოპ-მენეჯმენტთან და იპოვონ საინტერესო დამსაქმებლები, რომლებიც მათ შესაბამის კარიერულ პერსპექტივას შესთავაზებენ“, - განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

პროგრამის ფარგლებში, TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით საქართველოს, კერძოდ კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორმა უნივერსიტეტებმა პანელური დისკუსია გამართეს, რომელიც ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვში მიმდინარე გამოწვევებსა და შესაძლო გადაწყვეტილებებს ეხებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი საერთაშორისო დონის კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Logistics Solutions, PepsiCo, Diplomat.

დისკუსიაზე განიხილეს რეგიონული და პოსტპანდემიური გამოწვევები, საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე მდებარეობს. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს და მთელი გერმანიის მასშტაბით სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულშია დასახელებული.

კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მიღება 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით