ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022

სანდრო თვალჭრელიძე - “მსოფლიოს გადარჩენაზეა ლაპარაკი და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს...”

იწყება თუ არა ომში გარდატეხა - უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს

თორნიკე შარაშენიძე - “პუტინს მხოლოდ ის რომ გაეთვალა, ამ ომს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოჰყვებოდა, არ წამოიწყებდა”

რეფერენდუმი ცხინვალში - რამდენად აწყობს რუსეთს ოკუპირებული რეგიონის მიერთება და რატომ “მოიქნია კუდი” ბიბილოვმა“

რამაზ საყვარელიძე - “სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მსოფლიოს გადარჩენაზეა ლაპარაკი და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს...”

“სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უკრაინაში საომარი ვითარება წლის ბოლომდე მაინც გაგრძელდება. თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდოდა. ომის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთს მცირე წარმატებაც კი უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება. რაც უფრო გაგრძელდება ომი, მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინა კი, ვხედავთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით სულ უფრო ძლიერდება და უდიდეს ფინანსურ დახმარებასაც იღებს. ჩემი აზრით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. აუცილებელია რუსეთის მმართველი რეჟიმის სრული დემონტაჟი. ევროპა და მსოფლიო აღარ აპირებენ მსგავსი რეჟიმის ატანას. მხოლოდ პუტინის შეცვლა, სისტემის დემონტაჟის გარეშე, აბსოლუტურად არასწორი იქნება, რადგან ცოტა ხანში იგივე განმეორდება _ დაახლოებით 10 წელიწადში რუსეთი ისევ გაძლიერდება და მსოფლიოც იმავე პრობლემების წინაშე დადგება. გორდიას კვანძი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას და დღეს უკრაინა, მთელი მსოფლიოს დახმარებით, ამას აკეთებს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მსოფლიოს გადარჩენაზეა ლაპარაკი და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს”...

“არა მგონია, რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო გეგმები ჰქონდეს, მით უფრო, რაც დავინახეთ, რომ ამ ქვეყანას სერიოზული სამხედრო სტრატეგია არ ჰქონია. აკეთებს რაღაც ტაქტიკურ სვლებს, რაც უკვე ხავსმოკიდებულია და, პრაქტიკულად, ისეთივე ტექნოლოგიებით იბრძვიან, როგორითაც მეორე მსოფლიო ომის დროს... სრულიად იცვლება მსოფლიოს წესრიგი, უსაფრთხოების სისტემები. მსოფლიო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომის შემდეგ გაეროს მნიშვნელოვანი რეფორმირება მოხდება, გაძლიერდება მისი სამშვიდობო ძალები, შეიცვლება უსაფრთხოების საბჭოს პრინციპი და ა.შ. ამისთვის ახლავე უნდა ვემზადებოდეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება საქართველოში? მთავარ თემად ისევ მიხეილ სააკაშვილი აქციეს. ერთნი გაიძახიან, გავათავისუფლოთ მიშა და გავუშვათ საზღვარგარეთო. მეორენი ამტკიცებენ, რომ მიშა დამნაშავეა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი და ა.შ. ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა...”, - აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“უკვე აღვნიშნე ჩვენი პოლიტიკური ელიტის სრულიად არასწორი მიდგომები და განცხადებები, რაც შესამჩნევია როგორც შიდა, ასევ გარე პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ამ ელიტის პოლიტიკური სიბრმავის მოწმე ვართ, მაგრამ ალტერნატივას ხედავთ? ჩვენ გვყავს ის მთავრობა, რაც დავიმსახურეთ. ხომ ნახეთ ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები? “ქართული ოცნების” რეიტინგი კია შემცირებული, მაგრამ ოპოზიციისა მთლად მიწასთან არის გასწორებული. ჩვენში ხალხს ყველაზე მეტად ერთმანეთის გინება მოსწონს, რის ცოცხალ მაგალითებსაც აჩვენებენ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. გვყავს ეს ორი გახლეჩილი ბანაკი და ვერავინ გამოჩნდა, ვინც მათ შორის არსებულ სიცარიელეს შეავსებს. ჩვენი პოლიტიკური ძალების პრობლემა რა არის, იცით? პიროვნებებს მუდმივად ლიდერობა სურთ, იმის ნაცვლად, რომ იდეა გახდეს ლიდერი და ახალ სახეებს გასაქანი მისცენ... უბედურება ისიც არის, რომ თუ ახალი ძალა არ გამოჩნდა, 2024 წელსაც იგივე შედეგი გვექნება, ოღონდ არჩევნებზე, ალბათ, ელექტორატის 5%-ზე მეტი არ მივა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება სკანდალს შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს აღვირახსნილ ტყუილთან და აქ პოლიტიკის გარევა სრულიად უადგილო მგონია. კაცს მოჰპარეს ფული; ის ტიპი, ვინც მოჰპარა, ზის ციხეში და ახლა კორპორაციასაც არ სურს ფულის სრულად დაბრუნება - აი, ამას უკავშირდება სარჩელები. თან ეს დავა გუშინ არ დაწყებულა, კარგა ხნის დაწყებულია. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია ვიქტორ ყიფიანი. მას ვიცნობ, პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. აი, ირაკლი კობახიძე რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ, ალბათ. სულ ცდილობს, რაღაც კონსპირაციული სიუჟეტები გამოაცხოს. ვურჩევ, დენ ბრაუნის “და ვინჩის კოდი” წაიკითხოს. ან შეიძლება წაიკითხა კიდეც და ამის მიხედვით თხზავს რაღაცებს. მისი განცხადებები, ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილია ისევე, როგორც ივანიშვილის სანქცირების თემა. მე როგორც ვითარებას ვაკვირდები და უცხოელების განცხადებებსაც ვიცნობ, სანქციებზე ლაპარაკიც არ არის”, - განმარტავს ექსპერტი.

“ალბათ, შვეიცარიულ ბანკს ეს ძალიანაც გაუხარდებოდა, რადგან ფულს აღარ დააბრუნებდა (დიდი ალბათობით, თავიანთ განცხადებაში გეოპოლიტიკური ვითარებაც ამიტომ ახსენეს), მაგრამ ეს უფრო ამ ბანკის სურვილია, ვიდრე - რეალობა. რის გამოც სანქციები წესდება, ივანიშვილის შემთხვევაში იმის ნატამალი საფუძველიც კი არ არსებობს. თითიდან გამოწოვილი და სისულელე მგონია იმის მტკიცებაც, რომ ის რუსულ პოლიტიკას ატარებს. მას ეს არ სჭირდება. ამით საკუთარ თავს მიაყენებდა ზიანს, მაგრამ აქ ხომ პრორუსულობის დაბრალება პოლიტიკური ძალების საბრძოლო იარაღია! ასე აქვთ თავიანთი პოლიტდისკურსი აგებული. “ქართული ოცნებისთვის” მიშაა რუსეთის აგენტი, “ნაციონალური მოძრაობისთვის” კი - ბიძინა ივანიშვილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი საკითხიც: უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თაობაზე ჩვენი პრემიერ-მინისტრის “ოსტატური” განცხადებების შემდეგ ახსნა-განმარტებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა თუ დიდი ბრიტანეთის ელჩს დასჭირდათ. წარმოგიდგენიათ?! ამ ხალხმა უკეთესად განმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდა!”, - ამტკიცებს სანდრო თვალჭრელიძე.

“ეს სანქციები საკუთარ თავზე ვიგემე, რადგან ჩვენ თურქეთში ვგზავნით სინჯებს ქიმიურ ანალიზზე დასამუშავებლად და აქამდე თუ ერთ დღეში ჩადიოდა, ახლა ლამის 10 დღე სჭირდება, რადგან საბაჟოზე ისეთი რიგებია, ისეა გამკაცრებული კონტროლი, თითო მანქანას, სულ ცოტა, საათ-ნახევარი ამოწმებენ, რათა რაიმე არადეკლარირებული ტვირთი არ გაეპაროთ. ანუ სანქციები მუშაობს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად სრულიად გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით. მართალია, არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი კარგი მესმის ჩვენს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ვითარებას მეტ-ნაკლებად დაალაგებს. ჯერჯერობით მისი გამონათქვამები აბსოლუტურად აწონ-დაწონილია. ჩვენს პრემიერ-მინისტრს კი, თუ არ შეუძლია თვითონ “სპიჩის” მომზადება, იქირაოს ერთი ნორმალური “სპიჩვრაითერი”! რა არის ეს, ყველას თავი გენიოსი როგორ ჰგონია ამ ქვეყანაში?! გინახავთ, აშშ-ის პრეზიდენტს თვითონ დაეწეროს “სპიჩი”? ამაზე მთელი გუნდი მუშაობს. თუ რაღაცას არასწორად იტყვის, მერე ასევე მთელი გუნდი ფიქრობს ამის გამოსწორებაზე, ჩვენთან კი ოფისებში დასხეს ლამაზ-ლამაზი გოგონები, რომელთაც არავითარი განათლება არ აქვთ და პიარი დაარქვეს...” - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ჩვენი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ამავდროულად, ოპოზიციას მუდმივად ქვეყნის ომში ჩათრევის ცდაში ადანაშაულებენ...” - პასუხობს:

“საქმე ის არის, რომ ოპოზიცია თავისი განცხადებებით ამ ვითარებას აქეზებს. ამას ემატებიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად, პოდოლიაკი, არესტოვიჩი, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რა კარგი იქნებოდა, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყოო. ეს ხომ ამორალური განცხადებებია! 1991 წელს, როცა აფხაზეთში ქართველებს თავებს ჭრიდნენ, ჩაება ამ ომში უკრაინა? ან 2008 წელს გახსნეს მეორე ფრონტი? კი ბატონო, გვეხმარებოდნენ და ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენც ვეხმარებით... მაგრამ ერთია, რომ მათი მოწოდებები არასწორია, მაგრამ მეორეა, რას პასუხობენ ამას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები... ნებისმიერი ვითარება ნორმალურად უნდა გამოიყენო და არა ისე, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ირაკლი კობახიძე. ყველაფერზე შეიძლება ადეკვატურად და კრიტიკულად რეაგირება, ყველაფრის თქმა შეიძლება, ოღონდ - ზრდილობიანად და დედის გინების გარეშე. გინების გარეშე სიტყვას გაცილებით დიდი ძალა აქვს”.

“თავიდანვე ძალიან ცუდად იყო ყველაფერი ნათქვამი და ახსნილი. მაგალითად, როდესაც მოხალისეებს ჩარტერული რეისით გაფრენის საშუალება არ მისცეს, ამას სკანდალი მოჰყვა! არადა, იგივე გააკეთა დიდმა ბრიტანეთმაც, მაგრამ ბორის ჯონსონმა ორ წუთში, ძალიან მარტივად აუხსნა უკრაინელებს, რატომ არ დაუჭერდა ბრიტანეთი მხარს მოხალისეებს. მოკლედ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ადამიანს თავისი კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობა უნდა ჰქონდეს, რაც ჩვენთან სერიოზული პრობლემაა... რაც შეეხება შვედეთის და ფინეთის ნატოში შესვლას, რუსეთი უარესს რომ მიიღებდა, თებერვალშივე ვთქვი. ეს მოსალოდნელი იყო. პუტინი შეიძლება კარგი ტაქტიკოსია, მაგრამ მისი სტრატეგია ნულის ტოლია, ამიტომაც ყოველთვის უკუეფექტს იღებს. ვფიქრობ, ამ ომის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ძვრები მოხდება, ფაქტობრივად, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია. ეს შეუქცევადი ცვლილებები იქნება. თითქოს იუმორისტული იყო რუსეთის დაშლის რუკა, რომელიც ჩინელებმა გამოაქვეყნეს, მაგრამ ვფიქრობ, აქაც საკმარისად იყო სიმართლე, როგორც ყველა სხვა ხუმრობაში... რუსეთი დაშლისკენ მიდის, ყველა იმპერიის ბოლო ასეთია...” - დასძენს თვალჭრელიძე.

იწყება თუ არა ომში გარდატეხა - უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს

“უკრაინის კონტრშეტევამ რუსეთის გეგმები ომის მეორე ფაზაშიც აურ-დაურია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსის ოლქის იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყეს. მტერი ზოგიერთი მიმართულებით უკან იხევს. ბრიტანული დაზვერვაც ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალების შეტევამ დონბასზე “იმპულსი დაკარგა” და მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან განრიგს. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მხრიდან ეს ის მასობრივი კონტრშეტევა არაა, რითაც ვითარებას უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად გარდატეხს, თუმცა თუ იფრთხილებენ და ამის შედეგად იზიუმის ირგვლივ ყველაფერს გაწმენდენ, ამით სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა შეფასებით, კონტრშეტევა ლუგანსის რაიონში უკრაინელთა ხანგრძლივი მომზადების შედეგია და ძალები, რომლებიც ამ მიმართულებით არიან გამაგრებული, ამ ეტაპზე ყველაზე ბრძოლისუნარიანია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იწყება თუ არა ომში გარდატეხა - უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს.

“უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსები აძლიერებენ თავდასხმებს აღმოსავლეთში, მაგრამ უკან იხევენ ჩრდილოეთში. კონკრეტულად კი უკრაინამ ლუგანსის რეგიონში კონტრშეტევის შედეგად მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრისკენ. უკრაინის შეტევის მთავარი მიზანია რუსული ძალებისთვის მიწოდების ხაზების გადაჭრა, რომლებიც დონეცკის რეგიონში წინსვლას ცდილობენ. ლუგანსის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსის ოლქის იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყეს. ამასთან, მისი თქმით, ჩუგუევი, დერგაჩი, ლოზოვაია და ოლქის სხვა დასახლებები მტრის სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას განიცდიან. რუსების მიერ დატოვებული ნაღმების გამო, ჯერჯერობით ძალიან საშიშია ოკუპანტებისგან ახლახან გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში დაბრუნება. სარაკეტო იერიში განხორციელდა ლვოვში, ოთხი რაკეტა რეგიონის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს მოხვდა, რომელიც მთლიანად განადგურებულია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. რაც შეეხება მარიუპოლს, ოკუპანტებმა “აზოვსტალზე” ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა ან ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს. მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა გასული თვის განმავლობაში ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატების მიღწევა. ბრიტანული სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის დანაკარგი, სავარაუდოდ, სახმელეთო ძალების მესამედს შეადგენს და ამჟამინდელ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დრამატულად დააჩქარებს წინსვლის ტემპს მომდევნო 30 დღის განმავლობაში. ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ფართო კონტრშეტევა უკრაინის არმიას ჯერ არ წამოუწყია, თუმცა იზიუმი ბევრად უფრო რთულად საომარი ტერიტორიაა, აქ ბრძოლა გადამწყვეტი იქნება და თუ უკრაინელებმა გაიმარჯვეს, მოგვიანებით უკრაინული ქვეითი ნაწილები ნელ-ნელა წინ წაიწევენ”, - დასძენს გამოცემა.

“ერთიანი ფართო კონტრშეტევა და გარდამტეხი მომენტი ჯერ არ დაწყებულა, რომელსაც ველოდით. ესაა ლოკალური კონტრშეტევა, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე მასობრივი, რომელიც ალბათ მარიუპოლის მიმართულებამდე არ დაიწყება. კონტრშეტევა ლუგანსის რაიონში უკრაინელთა ხანგრძლივი მომზადების შედეგია, ის 113-ე და 92-ე ბრიგადები, ამასთანავე ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი დაცვის რაზმები, მოხალისე კორპუსები და “აზოვის” პოლკის ნაწილები, რომლებიც ლუგანსის მიმართულებით არიან გამაგრებულები, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ყველაზე ბრძოლისუნარიანები არიან. მათ ლუგანსის შემოგარენიდან რუსული ნაწილების განდევნა შეძლეს. იზიუმი ბევრად უფრო რთულად საომარი ტერიტორია იქნება. აქ რუსებს ძალიან დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილები ჰყავთ თავმოყრილი. სავარაუდოა, რომ აქ უფრო მეტად ორგანიზებული საარტილერიო დუელები იქნება და თუ უკრაინელებმა გაიმარჯვეს, მოგვიანებით უკრაინული ქვეითი ნაწილები ნელ-ნელა წინ წაიწევენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“რუსული ბირთვი, რომელიც იზიუმის შემოიგარენშია ბაზირებული, ერთიანი დიდი შეტევით რთულად განადგურდება და თუ განადგურდება, უკრაინელებიც ძალიან დიდ დანაკარგს მიიღებენ. ამიტომაც უკრაინელები იფრთხილებენ და ამის შედეგად იზიუმის ირგვლივ ყველაფერს გაწმენდენ. რაც შეეხება უშუალოდ დონეცკისა და ლუგანსკის რაიონს, აქ სიტუაცია განსხვავებულია, უკრაინელებმა მასობრივი კონტრშეტევის მოგერიება შეძლეს, მაგრამ ლუგანსკის რაიონში კვლავ ძალიან მძიმე ვითარებაა. განსაკუთრებით ქალაქ სევეროდონეცკის მიმართულებით, სადაც უკრაინელებმა რუსების ყველა შეტევა კი მოიგერიეს, მაგრამ უშუალოდ საქალაქო ურბანულ ბრძოლებში რუსებს მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვთ - ისინი ქალაქს მიწასთან იმდენად ასწორებენ, რომ მისი დაცვა შეუძლებელი ხდება. ამით რუსები ქალაქს ვერ იღებენ. მარიუპოლის დაკავებაც ვერ შეძლეს, მაგრამ ისინი მიწასთან სრულიად ასწორებენ და მისი დაცვა არათუ შეუძლებელი გახდა, უკრაინელი სამხედრობის მხრიდან უაზრობაც იყო, რადგან იქ არაფერი დასაცავი აღარ იყო. აქედან გამომდიარე, ეს ტაქტიკა, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან, ძალიან საშიშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დრო უკრაინელებზე დადებითად მოქმედებს. ამასობაში მსხვეპლი, რომელსაც რუსები იღებენ, ძალიან დიდია. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინელები ეტაპობრივად კონტშეტევას ლუგანსის რაიონის გასათავისუფლებლად განახორციელებენ და შემდგომ, როგორც რუსებს ჰქონდათ დიდი კონტრშეტევა, ასევე შეიძლება უკრაინელების მიერაც იქნას წამოწყებული. დონბასში რუსების გეგმა აბსოლუტურად ჩავარდა. მათი გეგმა იყო მოკლე ხანში უშუალოდ დონეცკის რაიონიდან, ჩრდილოეთით ლუგანსკის რაიონში მდებარე უკრაინული პოზიციები ალყაში მოექციათ. თუკი რუსები კრამატორსკს დაიკავებდნენ და უკრაინის მებრძოლების ზურგს გადაჭრიდნენ, აღმოჩნდებოდა, რომ ლუგანსკის და დონეცკის რაიონის უკრაინის ძალების ნარჩენებიც ალყაში მოექცეოდნენ, მაგრამ ახლა ამის საფრთხე არ არსებობს. უკრაინელებმა შეძლეს და აღკვეთეს რუსების ყველა მცდელობა, რომ იზიუმის მიმართულებიდან დონეცკის რაიონის სიღრმეში გადასულიყვნენ”, - განმარტავს კობერიძე.

“მაგრამ რუსებმა ლუგანსკის რაიონის მიმართულებით მაინც მოახერხეს და მცირე გარღვევა შეძლეს. პოპასნაია მაღლობია და მისი დაცვა უფრო რთულია, ვიდრე დაბლობის. ესაა მცირე სირთულე, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან, რადგან რუსები ცდილობენ, რომ პოპასნაიადან ჩრდილოეთით, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებით შეტევა აწარმოონ. ასე უკრაინის ნაწილები შესაძლოა ალყაში მოექცნენ. უკრაინელებმა უკვე ნახევარ მილიონამდე სამხედროს მობილიზაცია მოახერხეს. უბრალოდ მათი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა ვერ ხერხდება, რადგან მომზადებაა საჭირო. ორკვირიანი მომზადება უფრო ბაზისურია და სავარაუდოა, რომ ერთთვიანზე იქნება საუბარი, რადგან უკრაინელები თავისი სამხედროების სიცოცხლეს ძალიან უფრთხილდებიან. ეს მხოლოდ ტერიტორიული დაცვის რაზმები არაა, რეალურად ის ნაწილებია, რომლებსაც აღებული ქალაქების კონტროლი, ზურგისა და ფლანგების დაცვა შეეძლებათ. ამ მიმართულებით უკრაინელებს საკმაო უპირატესობა აქვთ, დრო მათზე მუშაობს. რუსებიც ახერხებენ მობილიზაციას უშუალოდ დონეცკისა და ლუგანსკის რაიონში. საკუთარი დანაკარგების შევსებას კერძო დაქირავებული მებრძოლებით ახერხებენ. მაგრამ აქ მოტივაციაა მთავარი - უკრაინელები საკუთარ სამშობლოს იცავენ, რუსები კი ფულზე მუშაობენ და მაღალი მოტივაცია საერთოდ არ აქვთ”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევით ბრძოლის ველზე ვითარება გამოასწორეს, თუმცა ჯერჯერობით ისეთი მასობრივი კონტრშეტევა არ ყოფილა, რომ ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა მოეხდინა. “კარგია, რომ უკრაინელებმა გეოსტრატეგიული ვითარება გამოსაწორეს და კონტრშეტევაზე გადადიან, თუმცა სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინიციატივა გააჩნიათ. უკრაინელები აპირებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ და პოზიციები გაამაგრონ, რაც ერთგვარი წარმატება იქნება, რადგან ისინი იმ სიტუაციას აღადგენენ, რაც 24 თებერვლამდე იყო. რუსებმა ომში პირველი დარტყმა სწორედ ლუგანსის მიმართულებიდან განახორცილეს. ლუგანსის მიმართულება რუსებისთვის კულმინაციის წერტილი იყო და ახლა წარუმატებლობას სწორედ ამ მიმართულებით განიცდიან”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, "თუმცაღა რუსები გარკვეულ პოზიციებს ისევ ინარჩუნებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“დონბასთან მიმართებაში ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ რუსებს შეტევა ჩაუვარდათ, თანმიმდევრულ შეტევების ციკლს ახორციელებენ და გარკვეულწილად წინ მიიწევენ, მაგრამ ლუგანსში უკრაინელების კონტრშეტევა თუ წარმატებული გამოვიდა, მაშინ რუსებს დონბასში შტევის ტემპების შენელება და სახელმწიფო საზღვრისკენ ძალების კონცენტრაცია მოუწევთ და შეეცდებიან, რომ ლუგანსიდან ხელახალი კონტრშეტევა წამოიწყონ. დაველოდოთ უკრაინელების ეს ოპერატიულ-ტაქტიკური ხასიათის კონტრშეტევა რამდენად წარმატებული გამოვა. რამდენადაც ვიცი, აქ მიმართულია ორი ბრიგადა, პლიუს სამასამდე ჯავშანმანქანაა მობილიზირებული, სავარაუდოდ ასამდე საარტილერიო სისტემა, ასევე “მ-777” თვითმავალი ჰაუბიცებიც მოქმედებაშია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჯერჯერობით ერთ-ერთი კულმინაციის წერტილი ლუგანსი იქნება, რადგან რუსები ამ მიმართულებას ასე არ დატოვებენ. როგორც ჩანს, დამხმარე ძალები გადაისროლეს და გადაჯგუფებას ახორციელებენ. ამიტომაცაა, რომ იგივე სამხრეთის მიმართულებით ოპერატიული პაუზა აიღეს, იგივე ხერსონი-ნიკოლაევი-ოდესის მიმართულებით. ასევე ოპერატიული პაუზა აღებულია კრივოი როგის მიმართუილებით. რუსებს დონბასის მიმართულებით შეტევის ტემპის შენელება მოუწევთ, მთავარი კულმინაციური წერტილები ლუგანსის მიმართულებით იქნება. როგორც ჩანს, რუსები ცდილობენ ძალები გადააჯგუფონ. ლუგანსის მიმართულებამ მათ დიდი “სიურპრიზი” მოუწყო, უკრაინის კონტრშეტევამ რუსეთის გენშტაბს მეორე ფაზის გეგმებიც აურ-დაურია. მასობრივი კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა და ვნახოთ რა იქნება”, - მიიჩნევს მაისაია.

თორნიკე შარაშენიძე - “პუტინს მხოლოდ ის რომ გაეთვალა, ამ ომს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოჰყვებოდა, არ წამოიწყებდა”

“ვფიქრობ, თურქეთს სურს “გამოივაჭროს” რაღაც, რადგან მას აქვს კითხვები შვედეთსა და ფინეთთან, სხვა საკითხია რამდენად ლეგიტიმური, მაგრამ ფაქტია, აქვს და ეს ეხება ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს, ანუ ქურთებს, რომლებიც ებრძვიან თურქეთის ხელისუფლებას. თუ საქმე უფრო რთულადაა და ელემენტარულად ბლოკავს მათ გაწევრებას რუსეთის ხათრით, ეს გამოჩნდება. ჯერ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, კი, პრაგმატულად იქცევა და უარს არ ამბობს რუს ტურისტებზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც უკრაინას ეხმარება. თუ თურქეთი მიაღწევს, რომ ფინეთი და შვედეთი აღარ დაეხმარებიან ქურთისტანის მუშათა პარტიას, ალბათ, ეს შეღავათი იქნება მისთვის. თუმცა თურქეთს კითხვები აქვს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოსთანაც, ამერიკასთანაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. ოფიციალური ანკარა ეჭვობს, რომ ზოგიერთი მისი პარტნიორი დასავლეთში გადატრიალებას ხელს უწყობდა და ეს დღემდე პრობლემად მიჰყვება თურქეთის ურთიერთობას ნატოს წევრ ქვეყნებთან”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინს მხოლოდ ის რომ გაეთვალა, ამ ომს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოჰყვებოდა, არ წამოიწყებდა”.

“ამ ორი ძლიერი ქვეყნის გაწევრება გაცილებით მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ვიდრე, მაგალითად, მონტენეგროს მიღება იყო. ეს ნატოს გაძლიერებას ნიშნავს. ორივე ძლიერი სახელმწიფოა, განვითარებული, მდიდარი, ძლიერი შეიარაღებული ძალებით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ტექნოლოგიური განვითარებაც. ფინეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც უშვებს სამხედრო ავიაციას. მსოფლიოში ამით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. შესაბამისად, ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ნატოს წევრობა, სხვა თუ არაფერი, უკვე ნიშნავს ამერიკის სამხედრო გავლენის ზრდას. ეს კი არაფრით არ შედის რუსეთის ინტერესებში. პუტინმა შეცდომა დაუშვა, არ ელოდა, რა მოჰყვებოდა უკრაინაში ომს, თუნდაც მხოლოდ ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა რომ გაეთვალა, არ წამოიწყებდა. თავი რომ დავანებოთ უზარმაზარ ზარალს, რასაც განიცდის” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“რუსეთის არგუმენტი, რომ მის საზღვართან ნატო საფრთხის შემცველია, ვფიქრობ, მუქარაა და მეტი არაფერი, რადგან რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებს ვერ ეხება. სულ ასე იყო, თუმცა ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა და დონბასში დაიწყო პირველი პროქსი-ომი. ამიტომაც იყო, რომ ბალტიის ქვეყნებში სასწრაფოდ განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები, რადგან პუტინი ძალიან გათამამდა და აღარ იყვნენ დარწმუნებული, რომ რუსეთი ნატოს წევრებს არ შეეხებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა ცხადყო, რომ რუსეთი აღარ ჩანს ისეთი ძლიერი, უკვე ნაკლებად ეშინიათ მისი განცხადებების. შესაბამისად, ნატოს გაფართოებაც უფრო მშვიდად მიდის, ოღონდ ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე და არა ჩვენს ხარჯზე. ჩვენ სხვა სიტუაცია გვაქვს - თურქეთის განცხადება კითხვებს კი აჩენს, მაგრამ იმედია, მოგვარდება და გაწევრდებიან. რაც შეეხება საქართველოს, ეს ჩვენთვის ბევრს არაფერს ცვლის. ჯერ არავის გაუუქმებია რუსული ბაზა ცხინვალთან. ჩვენი გაწევრების მთავარი დამაბრკოლებელი ეს არის და არა სხვა რამ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რამშტაინის ბაზაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო რომ არ მიიწვიეს არ ვიცი, შესაძლოა ეს ჩვენი ე.წ. ფრთხილი საგარეო პოლიტიკის შედეგია და ნაწილობრივ იმისაც, რომ საქართველოს უკრაინის ომით გამოწვეული საფრთხეები ამ ეტაპზე ნაკლებად ეხება. უფრო ნაკლებად ეხება, ვიდრე მოლდოვასაც კი, რადგან მოლდოვის ტერიტორიასთან იყო შეტაკებები უკრაინელებსა და რუსებს შორის, ჩვენთან კი მსგავსი რამ, მადლობა ღმერთს, არ ხდება. შესაბამისად, ეს ამ ორივე ფაქტორის შედეგი მგონია. საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებს, როგორც თქვენ თქვით - ფიქრობს, რომ აქტიურობა მაინც არ მოიტანს ნატოში გაწევრებას, რუსეთს კი ძალიან გააღიზიანებს”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.

“ოსტინისა და შოიგუს ტელეფონით საუბარი ნიშნავს იმას, რომ რუსებიც აცნობიერებენ, რომ სახიფათო ზღვარს არ უნდა გადასცდნენ. თუ დაიწყო მსოფლიო ომი, ამას მთელი მსოფლიოს დაღუპვა მოჰყვება და ეს არც მათ აწყობთ. ამას ყველა სხვა სცენარი სჯობს. შესაბამისად, კარგია, რომ მათი საუბარი შედგა... ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ რუსეთი მარტივად დაიხევს უკან და ცუდს აღარაფერს გააკეთებს, ძალიან ცდება. შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს, არც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაა გამორიცხული. ასეთი კომუნიკაციები საჭიროა - ორივე მხარეს ესმის, რომ წითელი ხაზი არ უნდა გადაიკვეთოს. წითელი ხაზია რუსეთისთვის ის, რომ ამერიკის ჯარი არ გამოჩნდეს უკრაინის ტერიტორიაზე, ამერიკის წითელი ხაზი კი სწორედ ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება. ალბათ, ამაზე იქნებოდა საუბარი”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, არის შანსი, რომ წითელი ხაზები გადაიკვეთოს?” - პასუხობს:

“არის, მაგრამ, წესით, არ უნდა გადაიკვეთოს. იმ სახელმწიფოს, რომელსაც დიდი ბირთვული არსენალი აქვს, უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. ამას უნდა აცნობიერებდეს”.

რეფერენდუმი ცხინვალში - რამდენად აწყობს რუსეთს ოკუპირებული რეგიონის მიერთება და რატომ “მოიქნია კუდი” ბიბილოვმა“

"საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან ანექსიამდე - მარიონეტულმა რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების პროცედურა დაიწყო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი 17 ივლისს ჩაატარებს. ამ ინიციატივას ასევე მხარს უჭერს ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი. რაში სჭირდება ახლა რუსეთს ცხინვალის რეგიონის ანექსია, რას მისცემს ეს მას და რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ე.წ. რეფერენდუმს არ აღიარებს და მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით რუსეთზე ზეწოლა ხდებოდეს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას ამბობს ბიბლოვი და ახლა ე.წ. ახალი პრეზიდენტი გაგლოევი. ორივე მათგანი იმას გააკეთებს, რასაც რუსეთი ეტყვის.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რეფერენდუმი ცხინვალში - რამდენად აწყობს რუსეთს ოკუპირებული რეგიონის მიერთება და რატომ “მოიქნია კუდი” ბიბილოვმა.

“ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვთქვათ, რომ ჩვენმა ფრთხილმა პოლიტიკამ არ გაამართლა და რუსეთი საქართველოს ანექსიას ახორციელებს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ფრთხილი და ყურადღებიან იყოს. ახლა მაინც უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო მსოფლიო დღის წესრიგში დავაბრუნოთ. რუსეთს უნდა, რომ საქართველო ამ ტიპის გადაწყვეტილებების მძევლად აქციოს და ბოლომდე დააჩოქოს. ჩვენი სიჩუმის მეტი გარანტიები სჭირდება. ბიბილოვის განცხადებაც ეს არის. ის მარტო მსგავს რამეს ვერ გაბედავდა. კი, ბატონო, შესაძლოა უშუალოდ პუტინთან არაა ეს შეთანხმებული, მაგრამ იქ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც კავკასიაზე მუშაობს და მათთან შეთანხმებული ნამდვილად იქნება. ბიბილოვმა თავიდან რეფერენდუმის თემა ე.წ. არჩევნებში გასამარჯვებლად შემოიტანა, მაგრამ ეს ადამიანი მოსახლეობისთვის უკვე იმდენად აუტანელი იყო, რომ მასზე ხელი რუსეთმაც კი ჩაიქნია. თუმცა ეს თემა დარჩა და ის ახლა რაღაცა ქულების დაწერას ბოლომდე შეეცდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთი ხედავს, რომ “ოცნება” პოპულარული დიდად არ არის. შესაძლოა ცვლილებები მოხდეს, ამიტომ ანექსიაზე ფიქრს მაინც განაგრძობს. “ოცნებას” არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას თავს არ ანებებს. პრიციპულ პოლიტიკაზე უნდა გადავიდეს. სტრატეგიულად ჩვენი ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანი დროა, რათა მთლიანად დასავლეთის მხარეს გადვიდეს. მკაფიოდ თქვას, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. სირცხვილია, რომ დღეს მოლდოვა “დიდი შვიდიანის” დღის წესრიგშია ჩართული და ჩვენ იქ არ ვართ. მოლდოვა ამბობს, რომ უკრაინასთან ერთად ვართ დაზარალებულებიო და ჩვენ ხმას არ ვიღებთ. არადა, პირველ რიგში დაზარალებულები ჩვენ ვართ. ჩვენი ვიყავით ის ქვეყანა, რომელმაც პუტინის ეს ახალი იმპერიალისტური აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა. მეტი ხმაური და მეტი ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ გადავრჩეთ“, - თვლის ზაქარეიშვილი.

“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ბიბილოვის განცხადება წაგებული და უთავმოყვარეო კაცის ქცევას ჰგავს. მისივე თქმით, ამ რეფერენდუმის ჩატარებას თანხები სჭირდება, რომელიც ცხინვალში არ არის. ამიტომ ფული ისევ რუსეთს უნდა სთხოვონ. ხოლო კრემლმა ახლა ფული რატომ უნდა მისცეს იმ საქმეში, რომელიც მას დამატებითი თავის ტკივილის მეტს არაფერს აძლევს, გაუგებარია. ამიტომ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს რეფერენდუმი არ ჩატარდება. “ბიბილოვი პოსტიდან სამარცხვინოდ გააგდეს. ამიტომ კუდს იქნევს და ვიღაცეებს აჩვენებს რისი გამკეთებელია. ეს არის მხოლოდ ბიბილოვის პირადი ინიციატივა და არ მჯერა ახლა, რომ პუტინს საქართველოსთვის სცხელოდეს. ბიბილოვი ახლა ამით რაღაც ქულების დაწერას ცდილობს”, - მიიჩნევს კონფლიტოლოგი, რომლის თქმით, “თავისი თავი უნდა ინიციატორად გამოიყვანოს და ისტორიაში დარჩენა სურს. ესაა ძალიან უსუსური და მდაბიური ინიციატივა“, - აღნიშნავს გამოცემა.

“მეორეც, გამარჯვებულ კანდიდატ ალან გაგლოევს ბოლომდე ფეხს უდებს - თუ ის ამ რეფერენდუმის წინააღმდეგი გამოვა, ანტირუსულია. ამ რეფერენდუმის ჩატარებას დღეს შინაარსი არ გააჩნია, რაღაც ვირეშმაკობას ცდილობს ბიბილოვი და ვიღაცას რაღაცებს უმტკიცებს... ეს რეფერენდუმი არ ჩატარდება, რადგანაც მისთვის ახლა არავის არ სცხელა. მეორეც, ბიბილოვი პოსტზე აღარ იქნება და გაგლოევი ამ რეფერენდუმს ჩაშლის... რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, განცხადებების გაკეთების მეტი სხვა რა უნდა ქნას? ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის მეხოტბე და დამცველი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში კითხვა მაქვს - რა უნდა ქნას? კი, ბატონო, განცხადებებს გააკეთებს, ატეხს აჟიოტაჟს და ეს იქნება სულ. უკრაინამ რა ქნა, როცა ყირიმის ანექსია მოხდა? ვერაფერი. იგივე გველის ჩვენც. ამიტომ არის ჩვენთვის უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანი. უნდა ველოდოთ და ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ იგივეს ჩვენც გვიზამენ. ამიტომ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ლანძღვა და გინება არ გვიშველის. მოვემზადოთ ჩვენც, რუსეთს თუ მოუნდა, სამხრეთ ოსეთის ანექსიასაც მოახდენს, აფხაზეთისაც და ჩვენც უკრაინასავით ზედ მიგვაყოლებს. ამიტომ მხოლოდ ხელისუფლებაზე ჯოხის გადატეხვა არ გამოდის, ყველამ რაღაცა უნდა ვქნათ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.

რამაზ საყვარელიძე - “სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს”

“არა მგონია, რასაც სააკაშვილის მომხრეები ლაპარაკობენ, ყველაფერი სიმართლე იყოს. ადამიანი სუბიექტური არსებაა და ანდაზა ამბობს, რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. არ არის გამორიცხული, რაღაც ლაპარაკი იყოს, მაგრამ მეეჭვება, რაიმე გაკეთდეს. რატომ უნდა უნდოდეს მისი გადაყვანა ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს სააკაშვილის ციხიდან გასვლას? ეს თუ მოხდა, “ოცნების” მხარდამჭერებში ძალიან ბევრი უკმაყოფილო იქნება. ისედაც ბევრია მმართველ პარტიაზე განაწყენებული სწორედ იმის გამო, რომ “ოცნება” ბევრს უთმობს “ნაციონალებს”. რატომ უნდა დაკარგონ მხარდამჭერები? რომ იყოს დიდი ზეწოლა ქუჩიდან, ქვეყანაში რომ დესტაბილიზაციის საფრთხე იყოს, შეიძლება იფიქრო, რომ ამის თავიდან აცილების გამო გააკეთებენ, მაგრამ არც ეს საფრთხე არ არის. აქციაზე იმდენი ადამიანი იკრიბება, რამდენიც პლაკატის დაჭერას სჭირდება - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს” / “რევოლუცია და ე.წ. მეორე ფრონტი ახლა რუსეთის ინტერესშია”.

“დასავლეთს რომ აინტერესებდეს სააკაშვილის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანაში ამას ვერ ვხედავ - ოფიციალური პირების რომელი განცხადება გახსენდებათ, სადაც სააკაშვილის გადაყვანაზე იქნებოდა საუბარი? ამაზე უკვე ისინიც აღარ ლაპარაკობენ, ვინც “ნაცმოძრაობის” აშკარა მხარდამჭერები იყვნენ. ისინი ითხოვენ დაცული იყოს ადამიანური პირობები. ეს მიუთითებს, რომ სააკაშვილის საკითხის აქტუალურობა მოიხსნა დასავლეთის დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უდავოდ მნიშვნელოვანი იყო, როდესაც რევოლუცია მოახდინა და რევოლუციის მსურველი ჯორჯ ბუში საქართველოში ჩამოვიდა კიდეც. დღეს რევოლუციები აღარავის სურს. სააკაშვილი სწორედ რევოლუციის სიმბოლოა და თავადაც ამბობს, რომ უნდა მოხდეს რევოლუცია. მისი და მისი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ უკრაინაში ომის გამო ის რევოლუციური პოლიტიკური ფორმულა, რომლის ავტორადაც აღიქმება, აღარ არის აქტუალური და მით უმეტეს, საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აღმოსავლეთიდან პრაქტიკულად მთელი სატრანსპორტო გადაზიდვების გადატანა მოჰყვა - ანუ აზიის დიდმა ქვეყნებმა, ჩინეთმა და ინდოეთმა, გადაზიდვები დაიწყეს რუსეთის გვერდის ავლით და ეს ნიშნავს, რომ ტვირთები ევროპაში კავკასიისა და უპირველესად საქართველოს გავლით უნდა მოხვდეს. შესაბამისად, კავკასიური ხაზის შენარჩუნება უკვე აზიის ინტერესშიც არის და მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიოსთვის აზია ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. აღარაფერს ვამბობ ენერგომატარებლებზე, რომლებიც საქართველოზე გადის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება აქ რევოლუცია ვინმეს სურდეს? რევოლუცია ხომ იმას ნიშნავს, რომ აქაც ვეღარ გაატარებენ დიდ ტვირთებს და ისევ რუსეთთან მიბრუნება მოუწევთ. რევოლუცია და ე.წ. მეორე ფრონტი ახლა სრულად რუსეთის ინტერესშია, რადგან მას სურს არ დაკარგოს შემოსავალი და ბერკეტები. რევოლუციები და ომები სხვას არავის აინტერესებს. ამიტომ არის, რომ სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ნაცმოძრაობაში” ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან “ოცნება”. ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა. პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, “ნაცმოძრაობაში” კი ეს არ იკვეთება. ამიტომ, თუკი გუნდში დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით. რაც შეეხება ნიკა გვარამიას სასამართლოს, რა მოხდება, ვერ იწინასწარმეტყველებ, მაგრამ ფაქტია, ასეთი დაკავების გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მხოლოდ პრობლემების მომტანი იქნება. თუმცა არა კატასტროფული, რადგან “ნაცმოძრაობის” სხვა წევრების პატიმრობა ვაჟკაცურად გადაიტანეს. ეს ითქმის თითქმის ყველაზე, სააკაშვილის გარდა, და არც ახლა დაიქცევა ქვეყანა. თუმცა, ცხადია, გახდება დამატებითი დაძაბულობის საბაბი. რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ ისევ დაიწყება ლაპარაკი იმაზე, რომ თავისუფალ სიტყვას ახშობენ. ამ ხაზს გამოიყენებს “ნაცმოძრაობა~” და ცხადია, ეს იქნება პრობლემური”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “საქართველოში გააქტიურდა საუბარი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისშესახებ...” - პასუხობს:

“აშკარაა, რომ ეს თემა ოპოზიციის მხარდაჭერით არის წამოწეული. ეს ოპოზიციისგან გასაკვირი არც არის, მაგრამ იმასაც დავაკვირდეთ, კიდევ ვის ინტერესშია ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საქართველოსთვის დარტყმის მიყენება რუსეთის ინტერესებშია. ოპოზიციაც ძალიან ხშირად აკეთებს იმას, რაც რუსეთის ინტერესშია და ეს ნუ გაგვიკვირდება. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც თავის დროზე რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა. ამიტომ რეალურად შევხედოთ, რა ხდება. ივანიშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ ის არ არის რუსეთის მოქალაქე, არც ბიზნესი აქვს რუსეთში. სანქციებს კი რუსეთის მოქალაქეებს უწესებენ და რა ნიშნით შეიძლება ეს ივანიშვილს შეეხოს, გარდა იმისა, რომ “ნაცმოძრაობას” სურს. რაც შეეხება დავას, ეს კერძო დავაა და წლებია, გრძელდება. თუ ეს დავა ადრე არ იძლეოდა მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციის საფუძველს, ახლა რატომ იძლევა? ეს უკვე ღიმილისმომგვრელია, რადგან საყრდენი არ გააჩნია”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა