მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება ტოტალიტარული, კლასიკური დიქტატურული მეთოდია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, ასეთი ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებები ზრდის უნდობლობის ხარისხს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართ.
„ჩვენ დღეს ვუყურებთ ჩვეულებრივ, ტოტალიტარულ, კლასიკურ დიქტატურულ მეთოდს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იყენებს. ამ შეფასების გაკეთება სულ არ მეხალისება იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი საზოგადოებაა. მე აქ მინდა ვიცხოვრო და აქ მინდა დემოკრატიული პროცესები განვითარდეს, მაგრამ სხვას ვერაფერს ვარქმევ ამას, თუ არა დიქტატურას. ეს არის დიქტატურა. ეს თვისობრივად დაავიწროებს არეალს იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს შიში გაუჩნდება“, - განაცხადა ქორიძემ.
მისი შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„ქვეყანაში კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დადასტურდა ის, რომ მართლმსაჯულება არის მთლიანად პოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ და პრაქტიკულად, ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ის არ იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს და გამოდის იმ პრინციპებიდან, რომ აამოს პოლიტიკურ მმართველობას. ასეთი ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებები ზრდის უნდობლობის ხარისხს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართ. ეს არის ხელისუფლების მრავალგზის გაცხადებული პოლიტიკური ხაზი, რომელსაც განსხვავებული, კრიტიკული, თავისუფალი აზრი არ მოსწონს და ნებისმიერი ფორმატით შეიძლება მის წინააღმდეგ გაილაშქროს“,- განაცხადა ქორიძემ.
ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"