მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა იმის კვლევა, თუ როგორ აისახება სკოლის მოსწავლეთა სტრესის დონე და ბედნიერების ხარისხი მათ აკადემიურ წარმატებაზე. მითუმეტეს, სავარაუდოა, რომ ნაკლები სტრესი, ბედნიერების განცდა და აკადემიური წარმატება ზრდასრულ ასაკში წარმატებულობის განმსაზღვრელად და განმაპირობებლად შეიძლება იქცეს. ალბათ ყველა მშობელი ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს შვილებს სტრესის დონის შემცირებაში. როგორ შევუწყოთ ხელი, რომ გახდნენ ლაღები და ბედნიერები? იქნებ არსებობს რაიმე ჩარევის გზა, ხერხი და თერაპია?

სად თუ არა ხელოვნებაში უნდა ვეძებოთ „ბედნიერების სავარჯიშოები“. გაკვირვებას არ იწვევს და ფაქტია, რომ არა თუ პროფესიონალის მიერ მიზანმიმართულად გამოყენებული მუსიკა, უბრალოდ მუსიკის მოსმენაც კი დიდი გავლენის მომხდენია ჩვენს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. საგულისხმოა ის, რომ ვიწრო კონტექსტში შესაძლოა ეს გავლენა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიურიც იყოს, თუმცა, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში, მუსიკა გვეხმარება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ საქართველოში და მთელ ამიერ კავკასიაში პირველი მუსიკათერაპიული ცენტრის დამაარსებელს, მუსიკათერაპევტს ქ-ნ მარინა რაიდტ-ალთუნაშვილს, რომლის ცენტრის „ბეკარი“ მთავარი მესიჯიც სწორედ ბედნიერებასა და სილაღეს უკავშირდება.

-ნო მარინა, რატომ მოიხსენიებთ მუსიკათერაპიას, როგორც ბედნიერებისა და სილაღის თერაპიას?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია მუსიკათერაპიის ამ კონტექსტში ხაზგასმა, ვინაიდან ვიცი, რომ სწორად გამოყენებულ მუსიკას ძლიერი პოზიტიური ზემოქმედების უნარი აქვს როგორც ბავშვებისა და მოზარდების, ასევე ზრდასრულების ყოველდღიურობაზე.

რაც შეეხება ბედნიერებას, ბედნიერება ფართო კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს, სხვადასხვა კომპონენტებს - როგორც კოგნიტურს, ისე ემოციურს, ქცევითს და პიროვნულ-სოციალურს.

ბედნიერების ფენომენის კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ადამიანს ბედნიერად აგრძნობინებს თავს არის საკუთარი თავის აღქმა, ასე ვთქვათ საკუთარი თავის შეცნობა და გაცნობიერება, როდესაც ადამიანი პოულობს თავის შინაგან ბირთვს და აცნობიერებს თავის ძალას, შესაძლებლობებსა და რესურსს. სწორედ ამას აკეთებს მუსიკათერაპია. მუსიკათერაპევტი ეხმარება თერაპიის მიმღებს საკუთარი უკვე არსებული რესურსის აღმოჩენაში. ზოგადად მუსიკათერაპიულ პროცესში თერაპიის მიმღები ბევრ აღმოჩენას აკეთებს. აღმოჩენებს როგორც საკუთარ თავზე, ასევე გარემოზე. ეს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ფლობით გამოწვეული თავდაჯერებულობა უმნიშვნელოვანესია პრობლემის წინაშე აღმოჩენის შემთხვევაში, რითიც სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა, როდესაც მას შეუძლია საკუთარ რესურსზე და შესაძლებლობებზე დაყრდნობით მოძებნოს გამოსავალი. ამასთან ერთად თერაპიაზე შესული პირი აღმოჩნდება პროგნოზირებად, მიმღებ და კრეატიულ გარემოში, სადაც ხელს უწყობენ, რომ იყოს კრეატიული და შემოქმედებითი, სადაც შეუძლია გამოხატოს თავისი თავი მისთვის სასიამოვნო აქტივობებით, რაზეც შემდგომ ხდება აქცენტირება, პასუხი და განვრცობა. ასეთ გარემოში თერაპიის მიმღები ახერხებს იყოს თვითაქტუალიზებული და აღიარებული. თავისთავადად და გაუცნობიერებლად აღმოაჩენენ და სწავლობენ, რომ პატარა, სულ მცირე დეტალებში შეიძლება იყოს ბედნიერება. დღევანდელ სამყაროში, როდესაც უამრავი სურვილის დაკმაყოფილება ნორმატიული გახდა და სურვილები აღარ გადადის ოცნებისა და ნატვრის კატეგორიაში, ხშირად ინდიფერენტულები და რიგიდულები ვხდებით მცირე ისეთი ეპიზოდების მიმართ, რომლებიც სიხარულის წყაროდ უნდა ქცეულიყო.

როგორ ფიქრობთ, ანუ შესაძლებელია „ბედნიერებაში“ მეცადინეობა?

მუსიკათერაპია მტკიცებულებებზე დამყარებული პრაქტიკაა, რაც გულისხმობს რომ აქვს მყარი ექსპერიმენტული კვლევები, რითიც ნაჩვენებია და დასტურდება, რომ აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და პოზიტიური ეფექტი.არსებობს უამრავი ნაშრომი, სტატია და წიგნი, რომელიც ადასტურებს მუსიკის დადებით გავლენას ბედნიერების ხარისხზე. მრავალგზის ნაკვლევია მუსიკის ზემოქმედების უნარი გუნებ-განწყობაზე და ემოციურ მდგომარეობაზე. მუსიკათერაპიული პროცესის დროს მუსიკის ელემენტების გამოყენებით ხდება აქტიური, მიზანმიმართული მუშაობა ემოციურ თვითრეგულაციაზე. აღწერილია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე დადებითი ეფექტი, შემცირებული სტრესის დონე და ამაღლებული გუნებ-განწყობა. თვითცნობიერებისა და თვითპატივისცემის სტიმულირება, თვითშეფასების და თვითრწმენის გაუმჯობესება.მუსიკა ავტონომიური ნერვული სისტემის სტიმულირებით გადის ემოციური და გუნებ-განწყობის ცვლილებებზე. ემოციებზე სხეულებრივი პასუხი დაკავშირებულია დოფამინის, სეროტონინის, კორტიზოლის, ენდორფინის და ოქსიტოცინის დონის ცვლილებებთან. ვინაიდან ამ ყველაფერს და არა მხოლოდ ამას აკეთებს მუსიკათერაპია, დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერებაში მუსიკათერაპიით მეცადინეობა შესაძლებელია.

როგორ მოქმედებს ბედნიერების ხარისხი წარმატებულობაზე? შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებიდან მაგალითის მოყვანა.

მე როგორც მუსიკათრაპევტი ვთვლი, რომ წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა - იცნობდე საკუთარ თავს, შეგეძლოს გარემოს მიმანიშნებლების ამოკითხვა, შესაბამისი რეაგირება, შეგეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა, იყო მიღებული, შეგეძლოს სხვისი მიღებაც და ა.შ. ვფიქრობ, რომ ბავშვების შემთხვევაში შესაძლოა ბედნიერებისა და სილაღის დეფიციტმა მთელ მათ მომავალზე იქონიოს გავლენა, ვინაიდან სტრესის, შფოთვისა და წუხილის ფონზე იმ ტემპებით ვერ განვითარდებიან რა ტემპითაც მათი ფსიქო-ფიზიკა შეძლებდა განვითარებას. ერთ-ერთ შემთხვევას მოვიყვან ჩემი გამოცდილებიდან. პატარა ბიჭუნა მოვიდა ჩვენთან თერაპიაზე. რადგან მან წინასასკოლო მზაობის ტესტი ვერ ჩააბარა. მას ჰქონდა როგორც მოტორული, ასევე ქცევისა და ემოციის სფეროსთან დაკავშირებული სირთულეები, მისი თვითშეფასება და თვითკომპეტენციის განცდა იყო ძალიან დაბალი, შედეგად კი იმ ძლიერ მხარეებსაც ვერ ამჟღავნებდა, რაც ჰქონდა. მუსიკათერაპიამ შესძინა მას თავდაჯერებულობა, გაუუმჯობესდა როგორც მსხვილი, ასევე ნატიფი მოტორიკა. გაუმჯობესდა მეტყველება. სხეულის მოძრაობა გახდა ბევრად მოქნილი და თავისუფალი. მან შეძლო ინიციატივების გამოხატვა, საკუთარ თავში შემოქმედებითი პოტენციალი აღმოაჩინა, აუმაღლდა თვითშეფასება. საბოლოო ჯამში მან განმეორებითი სკოლამდელი უნარების შესაფასებელი ტესტი წარმატებით ჩააბარა. კიდევ ერთს მოგიყვებით, 11 წლის გოგონა, დაუნის სინდრომით იღებდა მუსიკალური თერაპიის კურსს. მიიღო 32 ჯგუფური თერაპია. თერაპიების მიმდინარეობისას ვიყენებდით სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ შორის ვიოლინოს და მონოკორდს, რომელზეც ხემით უკრავდა. თერაპიებმა მას აღმოაჩენინა ახალი ინტერესი და მუსიკალური თერაპიების შემდეგ გააგრძელა მუსიკის შესწავლა ჩელოს კლასში. ამჟამად გოგონა კითხულობს ნოტებს და უკრავს მუსიკალური სკოლის მოზარდთა ორკესტრში ჩელოზე. ჩვენს ცენტრში არაერთი მოზარდი გვყოლია, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა წარმომავლობის სირთულეები, რაც მათ აკადემიურ მიღწევებზე ნეგატიურად აისახებოდა. თერაპიულ პროცესში მიღებული ბენეფიტები მათ დაეხმარათ ემოციისა და ქცევის მართვაში, გაუმჯობესდა მოტივაციური სფერო, სოციალური კომპეტენცია, გახდნენ უფრო ლაღები და კომუნიკაბელურები, რაც დადებითად აისახა მათ ყოველდღიურობაზე, მათ შორის აკადემიურ მიღწევებზე. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულების შემთხვევაშიც არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მუსიკათერაპიულმა ჩართულობამ მცირე დროში მნიშვნელოვანი დადებითი ასახვა პოვა მათ ცხოვრებაზე.

აქვს მუსიკათერაპიას ასაკობრივი ზღვარი?

მუსიკათერაპევტი ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისებურად უდგება. ეს ძალიან მოქნილი თერაპიაა. ვმუშაობთ როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ისე ზრდასრულებთან და ასაკოვან ადამიანებთან და ვმუშაობთ იმაზე, რა საჭიროებაც მათ აქვთ. წარმოვიდგინოთ ავტობუსი, მუსიკათერაპევტი მოისაზრება როგორც ავტობუსის მძღოლი, რომელიც აჩერებს იქ, სადაც ელოდებიან, მიჰყავს იმ პუნქტიდან სადაც იმყოფებიან და მიჰყავს დანიშნულების პუნქტამდე.

როგორია მუსიკათერაპიული პროცესი? საჭიროა ინსტრუმენტის ფლობა ამ პროცესში მონაწილეობისთვის?

უნდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს ბექგრაუნდს, აქვთ თუ არა გამოცდილება კონკრეტული ინსტრუმენტის ფლობის, ან აქვს თუ არა მუსიკალური ნიჭი. თერაპიის მიმღებს ეძლევა საშუალება ადვილად დასაკრავი ინსტრუმენტების გამოყენების, ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ვოკალი. ჩვენს ცენტრში მოდიან სრულიად სხვადასხვა მდგომარეობის პირები. მოჰყავთ ბავშვები განვითარების დაყოვნებით, სხვადასხვა ნეირობიოლოგიური დარღვევით, ქცევისა და ემოციური სირთულეებით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე, ტიპური განვითარების ბავშვები სხვადასხვა ფსიქო-ემოციური სირთულეებით. ვმუშაობთ პარეზის მქონე პირებთანაც, მათ შესაძლოა დოლზე დასარტყამი ჯოხის მუშტით დაჭერაც უჭირდეთ, თუმცა მუსიკათერაპიული პროცესი სასწაულებს ახდენს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა