ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში

პარტია“ ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს.

- რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე?

- თითქმის ყველასათვის ცხადი ხდება, რომ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ისეთი კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობს, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მათ მხარი აუბას და თავისი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის სერიოზული შეცვლით და განახლებით უპასუხოს. ისტორიის ახალ ფურცელს ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული უნდა დახვდეს. თითქმის ყველასათვის, ასევე ცხადია, რომ არსებული ხელისუფლება ამ ამოცანას თავს ვერ და არ გაართმევს. უფრო მეტიც, ის არის დღეს ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტის გზაზე მდგარი მთავარი დაბრკოლება. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ თუ ოპოზიციურ ველში რამე მნიშვნელოვანი არ მოხდა, ხელისუფლებას აქვს ყველა შანსი მოიგოს მომდევნო არჩევნები და შეინარჩუნოს საკუთარი თავი განუსაზღვრელი ვადით. ამ ხელისუფლების ბუნებიდან და მისი ქვეყნის მართვის სტილიდან გამომდინარე, მისი შენარჩუნება განახლებული და უმწვავესი გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო და რეგიონული მდგომარეობის პირობებში, ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

- რა უნდა მოხდეს ქართულ პოლიტიკაში ისეთი, რამაც შეიძლება მისცეს ქართულ საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლის საშუალება?

- ამ მიმართულებით ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი არის სამი ფაქტორი. ოპოზიციურ ველში ახალი და მძლავრი პოლიტიკური გზავნილის და ნარატივის გაჩენა, რომელიც ცოცხალ გამოძახილს ჰპოვებს მოსახლეობაში. აუცილებელია, ეს გზავნილი პასუხობდეს დროის მოთხოვნას, დაცლილი იყოს სიყალბისგან და შეიცავდეს კონსოლიდაციის პოტენციალს.

უნდა მოხერხდეს არჩევნების პროცესში საქართველოს დიასპორის აქტიური ჩართვა. საიდუმლო არაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი და ყველაზე აქტიური ნაწილი გასულია საზღვარგარეთ და მოკლებულია პოლიტიკურ პროცესში რეალური ჩართულობის საშუალებას. უაღრესად უსამართლო და არასწორია, როცა იმ ადამიანებს, ვინც თავისი შრომით და ფულადი გზავნილებით ასაზრდოვებს საქართველოს ეკონომიკას, წართმეული აქვთ საშუალება ზემოქმედება იქონიონ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და შეცვალონ ის პირობები, რომლებმაც აიძულა ისინი ქვეყნიდან გასულიყვნენ. ნაცვლად ამისა, ამ ზემოქმედების საშუალება ეძლევა, მაგალითად, იმ ქუჩის სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პარაზიტირებენ დიასპორის შრომაზე და ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი წვლილი არ შეაქვთ.

აუცილებელია ახალგაზრდობის აქტიურად და ორგანიზებულად ჩართვა პოლიტიკურ პროცესში და არჩევნებში. უკრაინის მხარდასაჭერად ახალგაზრდობის მიერ გამართულმა უპრეცედენტოდ მასობრივმა აქციებმა დაგვანახა, რომ ეს დიდი ძალაა და გადამწყვეტ პოლიტიკურ ფაქტორად გადასაქცევად მას მხოლოდ შესაბამისი პირობები სჭირდება. უკრაინის ომმა დაგვანახა, როგორ გაწირა ძველმა პოლიტიკურმა თაობამ სასაკლაოსთვის ათიათასობით ახალგაზრდა მათი პოლიტიკური პასიურობის პირობებში. ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ, რომ, თუ მათ პროცესები საკუთარ ხელში არ აიღეს, დროს ჩამორჩენილი და მოძველებული, მცდარი პრინციპებით მოქმედი ძველი თაობის პოლიტიკოსები მას მომავალს მოუსპობენ, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა