ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე

ინტერვიუ ესტონეთის ელჩთან საქართველოში რიინა კალიურანდთან.

-მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის დროის გამონახვისთვის. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ესტონეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინას დახმარებოდა როგორც შეიარაღებითა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ასევე საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერით. ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრას ესტონეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს დახმარება საკმარისი და კიდევ რა შეიძლება დასჭირდეს უკრაინას ესტონეთისგან?

-მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, ესტონეთი არის პატარა ქვეყანა, რომელიც თანაუგრძნობს უკრაინას. ჩვენს საზოგადოებას აქვს მობილიზაციის საოცარი უნარი კრიზისული სიტუაციების დროს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ, ესტონეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. რაც ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ შთამბეჭდავია. უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარებისა და შეიარაღების კუთხით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. საერთო ჯამში ეს ყველაფერი შეადგენს ესტონეთის მშპ-ის 0.8%-ს და ეს არის ჩვენი სამხედრო ბიუჯეტის 1/3. ამასთან, ესტონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას სამხედრო შეიარაღება გადასცა იმ კრიტიკისა და სკეპტიციზმის მიუხედავად, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მივიღეთ, თავდაპირველად კონსენსუსის არარსებობის პირობებში, რადგან ესტონეთმა გადაწყვიტა უკრაინისთვის გადაეცა ანტისატანკო იარაღი და „ჯაველინები“. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ის რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მომავალში არის ის, რომ ვიყოთ ყურადღებით თუ რა სახის დახმარება დასჭირდება უკრაინას ყოველდღიურ დღის წესრიგში. მათ შორისაა უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოკავშირეებისა და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას. იმის მიუხედავად, რომ ომი შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდეს და იყოს დამღლელი, ჩვენ გაჩერება არ შეგვიძლია.

-ცოტა ხნის წინ, უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს აქვს სამხედრო გეგმები ჩვენს წინააღმდეგ. მათ აქვთ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, რომლის ჩატარებაც სურთ“. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა სახის საფრთხეების წინაშე დგას ესტონეთი დღეს? არის თუ არა ესტონეთში რუსეთის შემოჭრის შანსი?

-რუსეთს ჩვენი და ჩვენი რეგიონის მიმართ სამხედრო გეგმები უკვე დიდი ხანია აქვს. ეს სიახლე არ არის. რუსეთი ჩვენს რეგიონში სამხედრო წვრთნებს ყოველ 4 წელში ერთხელ მართავს. ამ წვრთნების მიზანი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისთვის პასუხების გაცემაა. ეს მხოლოდ სამხედრო შეჭრას არ მოიცავს. არსებობს სხვა სახის საფრთხეებიც, მაგალითად კიბერთავდასხმა. ამასთან, ათწლეულების მანძილზე ჩვენ გამოვცადეთ ენერგეტიკული რესურსების მიწოდების შეწყვეტა. ამასთან იყო გარკვეულის სპეკულაციები ესტონეთის რუსულენოვან მოსახლეობასთან დაკავშირებითაც. ვფიქრობ, რომ დღის წესრიგში არ დგას ესტონეთში რუსეთის სამხედრო შეჭრა, რადგან ეს იქნება ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა. ამ შემთხვევაში ავტომატურად ამოქმედდება ნატოს მე-5 პუნქტი, რაც რუსეთმა ძალიან კარგად იცის.

-უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბალტიის ზღვის გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. შვედეთმა და ფინეთმა, ქვეყნებმა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ოფიციალურად ნეიტრალურები იყვნენ, ახლა გადაწყვიტეს ნატოში გაწევრიანდნენ. ნატოს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ისინი მიესალმებიან შვედეთისა და ფინეთ ალიანსში გაწევრიანებას, რუსეთი კი ამ პროცესს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს. რა მოლოდინი გაქვთ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება შეიცვალოს ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოება?

-ჩვენ მოხარულები ვართ შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებით. ეს რა თქმა უნდა, გაზრდის ესტონეთისა და მთლიანად ბალტიის ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებას. ჩვენ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუცდიდით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ნორდიკულ და ბალტიელ მეზობლებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, ნატო არასოდეს ესხმის თავს პირველი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთი აღიქვამს ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას როგორც საფრთხეს, ეს მათი პრობლემაა. ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ვკითხოთ რუსეთს რა გავაკეთოთ. შვედეთმა და ფინეთმა არ უნდა ჰკითხონ რუსეთს ან სხვა ვინმეს, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს. ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე. ნატოს წევრობა ამ ქვეყნებს მისცემს ერთიანი პასუხის გაცემის საშუალებას რა სახის საფრთხეც არ უნდა მოდიოდეს რუსეთიდან. თუ ბალტიის ზღვა გახდება ნატოს შიდა ზღვა ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას.

-რამდენიმე კვირის წინ აფეთქება მოხდა დნესტრისპირეთში, მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში. ასევე რუსეთის ჯარები განლაგებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი სამხედრო რესურსი უკრაინის გარდა სხვა მეზობელ ქვეყნებში ფრონტის სხვა ხაზის გასახსნელად?

-იმედი მაქვს, რომ რუსეთს არ ექნება საკმარისი რესურსები ერთდროულად რამდენიმე ფრონტის გასახსნელად. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მათ შესაძლოა რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. თუნდაც ეს აფეთქება მოლდოვაში პროვოკაცია იყო. რაღაც ამის მსგავსი შეიძლება მოხდეს აქაც. იმედი მაქვს ეს ასე არ იქნება და საქართველოს სამხედრო თავდასხმის საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, როდესაც საქმე გაქვს რუსეთთან, ყველაფერი მოსალოდნელია და ყოველთვის უმჯობესია რომ მომზადებული იყო.

-2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად გააკეთეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ცოტა ხნის წინ, სამივე ქვეყანამ შეავსო ევროკავშირის კითხვარი. შეგიძლიათ გვითხრათ, რა შანსები აქვთ ამ ქვეყნებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები უახლოეს მომავალში და შეიძლება თუ არა ევროპაში დღეს არსებულმა ვითარებამ გავლენა იქონიოს ამ პროცესზე?

-ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ ეს ვიცით, რადგან იგივე გზა გავიარეთ. თუმცა მაშინ განსხვავებული ვითარება იყო და საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ესტონეთის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებას 10 წელზე მეტი დასჭირდა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ სამი ქვეყნისთვის ევროკავშირში სრულად გაწევრიანება ძალიან სწრაფად მოხდება. თუმცა ნათელია, რომ წევრობაზე განაცხადის გაკეთება არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება 1-2 წელში. მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უფრო ინტენსიური გახდება. ვერ გეტყვით, ეს იქნება თუ არა ერთიანი გადაწყვეტილება სამივე ქვეყნისთვის. ახლა უკრაინა განსაკუთრებულ სიტუაციაში იმყოფება. ისინი ევროკავშირის ღირებულებების ფრონტის ხაზზე იმყოფებიან და იმისთვის იბრძვიან, რაც ღირებულია ევროპული გაერთიანებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა, უკრაინამ უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე საქართველომ და მოლდოვამ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი. ამ გადაწყვეტილებას იღებენ ევროკომისია და ევროსაბჭო. ესტონეთის მთავრობა მხარს უჭერს პოზიტიურ გადაწყვეტილებებს სამივე ქვეყნის შემთხვევაში.

-მინდა გკითხოთ თქვენი აზრი საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „მთავრის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2“-ის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონების მითვისებაში. მას პატიმრობა 3 წელსა და 6 თვის ვადით მიუსაჯეს. მმართველი პარტია ამას სამართლებრივ პროცესად მიიჩნევს, ოპოზიცია კი მას პოლიტიკურად მოტივირებუუწოდა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან მუდმივ დაპირისპირებაში არიან. ფიქრობთ, რომ ამ პროცესებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე?

-რა თქმა უნდა, სამწუხაროა, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. მე არ ვფიქრობ, რომ ერთი რომელიმე სამართლებრივი შემთხვევა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა ის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არის სასამართლოს რეფორმა და მისი დამოუკიდებლობა. როდესაც ვხედავთ, რომ ბოლო დროს განვითარებული სასამართლო პროცესები დაკავშირებულია ოპოზიციური პარტიების წევრებთან, ეს შეკითხვებს აჩენს. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოხატა შეშფოთება ამ ფაქტის მიმართ და ჩვენც ამ მოვლენებს სერიოზულად ვეკიდებით. თუ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ძალიან სამწუხარო იქნება.

-12 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სახიფათოა. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა სააკაშვილის ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გაგზავნა გონივრული გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში?

-ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს. ვფიქრობ, რომ მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომია საქართველოში, მის სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირების საჭიროებას ვერ ვხედავ.

თუ სამედიცინო საბჭო გადაწყვეტს, რომ მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში, მე არ გამოვრიცხავდი მისი გადაყვანის საჭიროებას. სამწუხაროა, რომ თქვენი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებული პროცესები ასეთ ნეგატიურ გავლენას ახდებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არასტაბილურობას იწვევს. ეს საზოგადოების პოლარიზებასაც იწვევს. იმედი მაქვს, რომ მალე მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს