ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ზვიად გუბელაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნიკა გვარამიას ტელევიზიის ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება.

რა არგუმენტები აქვთ პროკურორს, რატომ არ ეთანხმება საზოგადოებას და მედიის იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ შურისძიებას აქვს ადგილი, გთავაზობთ ინტერვიუს პროკურორ ზვიად გუბელაძესთან

- სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი საზოგადოების ნაწილისთვის პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან ის ოპოზიციური არხის დამფუძნებელია და მიიჩნევენ, რომ სწორედ ამის გამო მოხდა მის მიმართ შურისძიება. რას უპასუხებდით ამ ადამიანებს, რა საპირისპირო არგუმენტები და მტკიცებულებები გაქვთ?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე გამოძიება 2019 წლის ივლისში, ხოლო ნიკა გვარამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. მოცემული დროისთვის იგი არ იყო ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და არც ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე. შესაბამისად, საუბარი მის მიმართ შურისძიებაზე, როგორც სატელევიზიო არხის დამფუძნებელზე, უსაფუძვლოა. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნებისმიერი პირი, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს აგებს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება 2019 წლის ივლისში, „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო, სადაც მითითებული იყო გენერალური დირექტორის მიერ ტელეკომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე. საქმეზე ჩატარდა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ 2015-2019 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მენეჯმენტს, მათ შორის ნიკა გვარამიას ჩადენილი ჰქონდა არაერთი სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული. კერძოდ: მას შემდეგ, რაც გაჩნდა მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკანონოდ მიტაცებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში კომპანიის წილების დასაბრუნებლად სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ -მა წინა წელი უპრეცედენტო მოგებით დაასრულა, ნიკა გვარამიამ კომპანიის გაკოტრების მიზნით და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ტელეკომპანიის საეთერო დროის გასხვისების ხელშეკრულება ახლად შექმნილ და სრულიად გამოუცდელ კომპანიას - „ინტერმედია პლუსს“ გაუფორმა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებლად ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობარი დარეგისტრირდა. ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის წილებზე დავის სასამართლოში დაწყების შემდგომ, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით „რუსთავი 2“-ს აღარ უხდიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყიდული რეკლამის სანაცვლოდ მისაღებ თანხებს და ამ თანხებს იტოვებენ ნიკა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რითაც მნიშვნელოვნად ზიანდება „რუსთავი 2“-ის ფინანსური ინტერესი. ამ ყველაფრის მიზანს კი წარმოადგენდა ერთი მხრივ, „რუსთავი 2“-სთვის მაქსიმალური ფინანსური ზიანის მიყენება და მეორე მხრივ, მისი მეგობრის კომპანიის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება. აღნიშნული ქმედებით, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ 6 763 509 ლარი გაფლანგეს, რაც მიზნად ისახავდა კომპანიის აქტივების გადატანას მათთან დაკავშირებულ ნიკა გვარამიას მეგობრის კომპანიაში, რათა „რუსთავი 2“ ნამდვილ მესაკუთრესთან დაბრუნების შემთხვევაში, ყოფილიყო სრულიად გაკოტრებული. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ გაფლანგეს „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ, „ინტერ მედია პლიუსის“ დამფუძნებელმა, აღებული დივიდენდის დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას დავალებით გადასცა ამ უკანასკნელთან დაახლოებულ პირებს, რომლებმაც თბილისის პრესტიჟულ უბნებში შეიძინეს ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები. კერძოდ: 2016-2017 წლების პერიოდში, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 153.6 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ღირებულებით 170 000 აშშ დოლარი (387 413 ლარი), ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 71.3 კვ.მ საცხოვრებელი ბინა - ღირებულებით 75 000 აშშ დოლარი (172 252 ლარი), ატენის ქუჩაზე მდებარე 141.2 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ღირებულებით - 95 000 აშშ დოლარი. (236 578 ლარი). გარდა უძრავი ქონებებისა, მითითებულ პერიოდში გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს GRAND CHEROKEE-ის, HONDA-ს, TOYOTA-ს და FIAT-ის მარკის ძვირად ღირებული 4 ავტომობილი, ღირებულებით - 352 260 ლარი. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიამ მილიონობით ლარი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-დან გადაიტანა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში - „ინტერ მედია პლიუსში“, რათა ეს თანხები შემდგომში გამოეყენებინა პირადი და მასთან დაკავშირებული პირების სარგებელისთვის. მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კი მის კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა ფაქტიურად სრულიად გაკოტრებული. რაც შეეხება კიდევ ერთ ეპიზოდს, ესეც გახლავთ კომპანიაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი. კერძოდ, ნიკა გვარამიამ, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად „პორშეს“ ცენტრში პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი Porsche Macan S . ნიკა გვარამია ავტომობილის საფასურს იხდიდა „რუსთავი 2“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულების სანაცვლოდ, ანუ იმის ნაცვლად, რომ რეკლამის ღირებულება შესულიყო „რუსთავი 2“-ში, მან გააფორმა ხელშეკრულება ასევე მასთან დაკავშირებულ კონპანია „პროესკოსთან“, რომელიც ამ რეკლამის საფასურს იხდიდა ნიკა გვარამიას მიერ შერჩეულ „პორშეში“. ამ ოპერაციის შედეგად, „რუსთავი 2-ს“ არ მიუღია არცერთი თეთრი და „რუსთავი 2”-ის მისაღები თანხა „პროესკომ“ გადაიხადა „პორშეს“ შესაძენად და ეს მანქანაც გაფორმდა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული კომპანიის - “პროესკოს” საკუთრებად. შესაბამისად, განცხადებები, თითქოს ამ მანქანას ნიკა გვარამია სამსახურებრივი მიზნებისთვის იყენებდა - არის სიცრუე, ვინაიდან ეს მანქანა არ იყო “რუსთავი 2”-ის საკუთრებაში და ეს თვალთმაქცური გარიგება ისევ და ისევ ემსახურებოდა „რუსთავი 2“-სთვის ფინანსური ზიანის მიყენებას და ნიკა გვარამიასთვის პირადი სარგებლის მიღებას. ეს ყველაფერი არის უტყუარად დადგენილი გამოძიებით, ხსენებული მანქანა დღესაც „პროესკო მედიას“ საკუთრებაა, ხოლო გამოძიების მიერ მის ამოღებამდე ამ მანქანით სარგებლობდა ნიკა გვარამია.

- ნიკა გვარამია სასამართლომ წარდგენილი ბრალდებებიდან ნაწილში გაამართლა, ნაწილს კი კვალიფიკაცია შეუცვალა. „რუსთავი2“-ის კუთვნილ 6 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში მას ჯარიმა დაეკისრა, ხოლო, კომპანიის ბალანსზე არსებული მანქანის - „პორშეთისარგებლობის გამო, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა საზოგადოებისთვის გაუგებარი. გვითხარით, შეეძლო თუ არა, სასამართლოს ავტომანქანის ეპიზოდშიც ჯარიმა გამოეყენებინა?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ვეთანხმებით და კანონით დადგენილ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, ნიკა გვარამიას კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როგორც უკვე გითხარით, ნიკა გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილი პირადი სარგებლობისთვის შეარჩია და უფრო მეტიც, მან ავტომობილი ფიქტიურად გააფორმა მასთან დაკავშირებულ კომპანია „პროესკო მედიაზე“. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დასახელებულ ავტომობილს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან არანაირი შეხება არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მისი ღირებულება „რუსთავი 2“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულებით იფარებოდა და აღნიშნულით კომპანიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი ადგებოდა.

- სასამართლომ ის ბრალდებები, რასაც თითქმის, 3 წლის განმავლობაში პროკურატურა 3 ადამიანს ედავებოდა, პრაქტიკულად მოხსნა, ერთი პირი - ზურაბ იაშვილი საერთოდ, უდანაშაულოდ მიიჩნია. რა გეგმა გაქვთ, აპირებთ თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვოთ, რაც ავტომატურად, ნიშნავს, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას?

-კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ვეთანხმებით და კანონით დადგენილ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სამართლებრივ შეფასებას და ქმედება დააკვალიფიცირა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, შესაბამისად, ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია სრულად ცნო დამნაშავედ ამ ნაწილში. გარდა ამისა, სასამართლომ გაამართლა ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, კომერციული მოსყიდვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩატარებული გამოძიებით დადგენილი გვქონდა, რომ „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ 6 763 509 ლარის გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ კომპანიისგან დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, მიიღო შესაბამისი სარგებელი უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, დაახლოებით 240 კვ.მ.-ის ორი ბინა. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ „ინტერ მედია პლიუსისგან“ უკანონოდ მიიღო დიდი ოდენობით უძრავი ქონებები, მათთვის კანონიერი სახის მიცემა/ლეგალიზაციის მიზნით, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამდენიმე თვეში, ორივე საცხოვრებელი ბინა გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521.8 ლარის შემოსავალი, რომელიც თავის მხრივ გადარიცხა სხვადასხვა პირების საბანკო ანგარიშებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს