ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022

ომი შესაძლოა გრძელვადიან კამპანიაში გადაიზარდოს - “რუსები იწყებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს”

რას მოუტანს ოპოზიციას მეორე ბოიკოტი

რა ვადაში გაწევრიანდებიან შვედეთი და ფინეთი ნატოში - მზად არის თუ არა ალიანსი ისტორიული ნაბიჯის გადასადგმელად

* * *

ომი შესაძლოა გრძელვადიან კამპანიაში გადაიზარდოს - “რუსები იწყებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს”

“ყოველი დღე ახალი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის მეორე ფაზის გეგმებიც მიუღწეველი რჩება, თუმცა, საოკუპაციო ძალები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში წინ წაწევას მაინც ცდილობენ. სამხედრო ანალიტიკოსებიც და თავად უკრაინის ხელისუფლებაც ამბობს, რომ ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი ახალ სტარტეგიაზე გადავა და შეეცდება, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს, რათა სახე და ძალაუფლება შეინარჩუნოს. ექსპერტების განმარტებითვე, თუ ომი ახლო პერიოდში დამთავრდა, პუტინი ყველა ვარიანტში დამარცხებული გამოვა, რაც მის ძალაუფლებას წამიერად დაამხობს, ზუსტად ამას უფრთხის და სანამ ქვეყანას რესურსი ექნება, ომს გაწელავს. თუმცა, მათივე შეფასებებით, ამის პარალელურად გლობალურად რისკები შეიქმნება იმისა, რომ ახალი კონფლიქტები გაღვივდეს, ასევე, შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება. მისი თქმით, გაჭიანურებული ომი გლობალურ სასურსათო კრიზისს შექმნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომი შესაძლოა გრძელვადიან კამპანიაში გადაიზარდოს - “რუსები იწყებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს”

“არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იწყებენ რუსი ოკუპანტები საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს ხერსონის რაიონში, ზაპორიჟიაში, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ. გაჭიანურებული ომი ქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისის, ისევე როგორც კიდევ ერთი მიგრაციული კრიზისის რისკს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გახანგრძლივების უფლებას. ამიტომ ვართ ძალიან დაინტერესებული მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით. ჩვენ გვჭირდება ტანკები, ჯავშანტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემები (მძიმე არტილერია, თვითმფრინავი, რაკეტები). ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე”, - აღნიშნა რეზნიკოვმა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ჯერჯერობით მეორე ფაზის დასრულებას პირი არ უჩანს და ზოგადად კონფლიქტმა შესაძლოა ერთ წელზე მეტხანსაც გასტანოს, რაც მსოფლიო დონეზე კრიზისებს გამოიწვევს და ახალი კონფლიქტების გამომწვევიც შესაძლოა გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერჯერობით მეორე ფაზის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია, სიტუაცია გარკვეულწილად შენელებულია, მაგრამ, რუსები მაინც ცდილობენ, რომ დონბასთან მიმართებაში გეგმები განახორციელონ. ის პირი უჩანს, რომ ეს კონფლიქტი შესაძლოა გაჭიანურდეს. თუ დროში გაიწელა, შესაძლოა ერთ წელზე მეტს გასტანოს, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტად ამის გათვლა რთულია. თუ ომი გაჭიანურდა, ეს პირველ რიგში მსოფლიო დონეზე სერიოზულ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევს, სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით იქნება სერიოზული პრობლემები, უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ხორბლის მარაგები იწურება. დროში გაწელილმა კონფლიქტმა შესაძლოა გეოსტრატეგიულ ძალთა ბალანსზე რეგიონალურ და მსოფლიო დონეზე გავლენა იქონიოს. კონფლიქტმა ევროპის შუაგულში შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და სხვა კონფლიქტების გაღვივებას ხელი შეუწყოს. დავუშვათ, იგივე ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული სიტუაცია გართულდეს, ასევე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაც. ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა, ცენტრალურ აზიაში სიტუაცია უკვე სერიოზულად ირევა, ტაჯიკეთ-ავღანეთს შორის შეტაკებებია. პალესტინა-ისრაელს შორის სიტუაცია როგორ განვითარდება, ეს არავინ არ იცის, იქაც საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებების ქარიშხალია. ასევე, აფრიკის კონტინენტი, კავკასიის რეგიონი - მთიანი ყარაბაღი თითქოს მიჩუმათებულია, მაგრამ ვულკანივითაა და უკვე პრეტენზიები აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული სიტუაციით შესაძლოა მივიღოთ ის, რომ თურქეთი ნატოდან გაირიცხოს, ან წევრობა შეუჩერონ. მსგავსი შინაარსით “სიენენმა” დაწერა. თურქეთი ყველა მიმართულებით დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებს და ეს ნატოს ქვეყნებისთვის სირთულეებს ქმნის, თუნდაც თუ ფინეთი და შვედეთი თურქეთის გამო ნატოში ვერ გაწევრიანდნენ, ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მანამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ ქვეყანა ნატოდან გაერიცხათ და როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი, თუმცა, ესეც არაა გამორიცხული. თურქეთს ერთხელ ნატოს წევრობა შეუჩერეს, რადგან 1974 წელს ჩრდილოეთ კვიპროსში შეიჭრა და ოკუპაცია განახორციელა... არც ის არაა გამორიცხული, თუ კონფლიქტი გაიწელა, ომმა გლობალური ხასიათი მიიღოს, რადგან რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც გადავიდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსებმა პოლონეთის წინააღმდეგ გარკვეული ფსიქოლოგიური ოპერაცია წამოიწყეს, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პოლონეთი უკრაინასთან შეთანხმებით აპირებს, რომ დასავლეთ უკრაინაში თავის სამხედრო კონტინგენტი შეიყვანოს და იქ ერთობლივი პარტულირება განახორციელოს. ეს აბსოლუტიური ჭორია. მე პოლონეთის სამხედრო საექსპერტო წრეებთან კომუნიკაცია მქონდა და მთხოვეს, რომ სიმართლე გამეხმოვანებინა. რუსეთი იმასაც კი ამზადებს, რომ რამე რომ იყოს, პოლონეთშიც კი შეიჭრას. რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შენელებული ომი შესაძლოა ტრანსრეგიონალურ ომში გადაზარდოს. რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა, პუტინს არ სურს, რომ უკრაინის ომიდან წაგებული გამოვიდეს და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს გამოიყენებს და კონფლიქტს გაწელავს, ამ პერიოდში კი პუტინისგან არც ისაა გამოსარიცხი, რომ არსებული კონფლიქტი მსოფლიო ომში გადაზარდოს”, - განმარტავს ექსპერტი.

“მარიუპოლის ოპერაციაც რუსეთის წისქვილზე სამწუხაროდ გარკვეულწილად წყალს ასხამს, ახლა გადაჯგუფდნენ და ჯერჯერობით ცდილობენ, რომ დონბასის რეგიონი დაიკავონ. დასავლეთი უკრაინის დახმარებას დიდი შემართებით აგრძელებს, ყველა კუთხით ეხმარება. პუტინს კი აწყობს გაჭიანურებული ომი, მაგრამ, ამ ეტაპზე უკრაინამ რომ სიტუაცია უცებ მოაგვაროს და მასობრივ კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ეს ცოტა რთულია, რადგან რუსები ნელ-ნელა მობილიზდნენ და მათი საერთო რაოდენობა ახლა 200 ათას ადამიანამდეა, პლიუს ამას ემატება სეპარატისტული ძალები”, - მიიჩნევს მაისაია. შავი ზღვის უნივერსოიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ პუტინს ომის გაწელვა მის ძალაუფლებაში ყოფნას ხელს უწყობს და ამიტომაც ყველა რესურსს იმაზე მიმართავს, რომ გააჭიანუროს”, - დასძენს გამოცემა.

“პუტინს ურჩევნია, რომ ომი გაწელოს, რადგან გაჭიანურებული კონფლიქტი მის ძალაუფლებაში ყოფნას ხელს უწყობს. ახლა მან რომ ომი დაასრულოს, ეს რუსეთის სასარგებლოდ ვერ იქნება გადაწყვეტილი, აქედან გამომდინარე, რუსეთის მოსახლეობა, თუნდაც პოლიტიკური ელიტა და ოლიგარქები პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილები იქნებიან, ეს კი მის ძალაუფლებას შეარყევს. ახლა პუტინი ცდილობს, რომ ომი როგორმე გაწელოს და ძალაუფლება ამით შეინარჩუნოს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12% შემცირდეს. დღეს რუსეთის კოზირი ისაა, რომ ის ნავთობს ჯერ კიდევ ჰყიდის და ფასებიც გაიზარდა. სანამ რუსეთს ეკონომიკური პოტენციალი და ბერკეტები ჯერ კიდევ დარჩა, ამას იმაში იყენებს რომ ომი დააფინანსოს, სხვადასხვა მონაცემებით რუსეთს ომი დღეში 800 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე უჯდება. გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია უკვე დაიწყო”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“რუსეთს ამ რესურსით შეუძლია, რომ ომი მაქსიმალურად სადღაც ერთი წელი კიდევ გაწელოს. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით რუსეთის სამხედრო პოტენციალის ერთი მესამედი განადგურებულია. ახალ სამხედრო პროდუქციას ვერ აწარმოებს, მაგრამ ის ჯერ კიდევ 10 ათას ერთეულამდე ტანკს ფლობს, ასევე 5 ათასზე მეტ ჯავშანმანქანას, 3 ათასზე მეტ სამხედრო თვითმფრინავს და ამით პუტინს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ რაღაცას გააკეთებს. პუტინი ახლა ცდილობს, რომ ომი რაც შეიძლება გაწელოს, თან წაგებული არ გამოვიდეს, თან ამასობაში უკრაინაც გამოფიტოს, თან ფიქრობს, რომ ევროპა რუსული ნავთობისა და გაზისგან ასე უცებ ვერ გათავისუფლდება. ამიტომაც ამით სარგებლობს”, - თვლის ჩიტაძე.

რას მოუტანს ოპოზიციას მეორე ბოიკოტი

“ოპოზიცია დაანონსებულ ცხელ გაზაფხულს ბრძოლის უცვლელი სტრატეგიით იწყებს, ისევ გაერთიანების მცდელობა და პარლამენტის ბოიკოტი. მათი დევიზია ყველა მექანიზმი გამოიყენონ, იქნება ეს ქუჩის აქციები, საპარლამენტო კრიზისი, თუ საკრებულოში კრიზისი. “როცა ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება, აპატიმრებენ მედიამენეჯერს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა. ოპოზიცია აქტიური უნდა იყოს ყველა დონეზე, ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ, ეს იქნება ქუჩის აქციები, საპარლამენტო კრიზისი, თუ საკრებულოში კრიზისი”, - მოუწოდებს “ნაცმოძრაობის” წევრი ანა წითლიძე დანარჩენ ოპოზიციას. ბოიკოტის გეგმას საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას მოუტანს ოპოზიციას მეორე ბოიკოტი.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ “მანდატების დახევა” სუსტი სტრატეგიაა. “მანდატებზე დახამებული არავინაა, მაგრამ, ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან სამწუხარო იქნება თუ პარლამენტის წევრებს მეტი გზა აღარ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დავხიოთ მანდატები. არა მგონია, რომ ეს იყოს ძლიერი სტრატეგია. რა თქმა უნდა, განვიხილოთ, მაგრამ ამ ხალხისგან არ მომისმენია რა ხდება შემდეგ, მანდატებს ვტოვებთ, ქუჩაში აზვირთებულია ხალხი და ვცვლით ხელისუფლებას, თუ ბიძინა ივანიშვილს ვუქმნით ახალ კომფორტულ ზონას”, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ნაცმოძრაობის” იდეას ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით იზიარებს, თუმცა, გარკვეული წინაპირობებით. მისი აზრით, აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეწყვიტოს პარლამენტის წევრობა; ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე; ასევე შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი პარტიებისგან და დეპუტატებისგან, რომლებიც მოამზადებენ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნათელაშვილის თქმით, პარლამენტი უნდა გახდეს უუნარო. პარლამენტის წევრთა რაოდენობა უნდა ჩამოვიდეს 112-მდე, რის შემდეგაც ეს ორგანო აღარ ჩაითვლება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ. “ოცნება” პარლამენტიდან “ნაცმოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის გასვლას ტრაგედიად არ აღიქვამს და ოპოზიციის მხრიდან მორიგი კეკლუცობისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობად აფასებს. მმართველი გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია ბოიკოტითა და საბოტაჟით ამჯერადაც ვერაფერს მიაღწევს, რადგან ყველა მათი ინიციატივა მორგებული იყო ქაოსზე, ჩაშლაზე, პიკეტირებაზე და არასდროს საზოგადოების საჭიროებებზე. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე სკეპტიკურად უყურებს “ნაცმოძრაობის” ინიციატივას ბოიკოტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსახლეობაში არ არის საპროტეტსო მუხტი და არც იმის განწყობა, რომ შეიქმნას კრიზისი. ხოლო პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის მორიგ მცდელობას ბოიკოტთან დაკავშირებით არ ამართლებს და აცხადებს, რომ ბოიკოტი ნიშნავს დესტაბილიზაციას”, - დასძენს გამოცემა.

“ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ელექტორატზე არის სამუშაო და არა იმაზე, რომ პარლამენტი დატოვონ და შექმნან საპარლამენტო კრიზისი. ჯერ ერთი საპარლამენტო კრიზისი რომ შექმნა 76 დეპუტატი უნდა დარჩეს, რომ ვერ შეძლონ აღმასრულებლი ხელისუფლების ფორმირება და ცვლილებები. რაც შეეხება საკრებულოს, შეუძლიათ კრიზისი შექმნან მხოლოდ წალენჯიხაში, მაგრამ არც იქ გამოვა, არ შეიკრიბებიან და დაინიშნება ახალი არჩევნები და გაიმარჯვებს “ოცნება”. კი ბატონო, დატოვონ პარლამენტი, მერე რა ხდება, ამაზე პასუხი აქვს ოპოზიციას? არა მგონია, რომ ეს ნაბიჯი მათ ჩვენმა პარტნიორებმა მოუწონონ. ოპოზიცია, რომელსაც ისედაც არ აქვს მხარდაჭერა მოსახლეობაში, ამ ნაბიჯით მას კიდევ უფრო დაკარგავს. მხარდამჭერები უნდა მოიზიდოს, ეს უნდა იყოს მათი გეგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციას მხოლოდ ორი თემა აქვს - სააკშვილი და ივანიშვილი არის რუსი. მოსახლეობას კი არც ერთი აინტერესებს და არც მეორე” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კარგად გვახსვოს სულ რამდენიმე თვეების წინ ოპოზიციის ბოიკოტი და მცდელობა ქვეყანაში შექმნილიყო დესტაბილიზაცია, ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბოიკოტი ნიშნავს დესტაბილიზაციას, რომელიც შეიძლება რუსეთის ინტერესში იყოს, რადგან უკრაინის ომის პერიოდში გამოიკვეთა, რომ საქართველო არის ერთადერთი დერეფანი რუსეთის დერეფნის საწინაღმდეგოდ; ენერგორესურსების მიწოდების, ტვირთბრუნვის, თუნდაც ჩინეთიდან. საქართველოს მეშვეობით შეიძლება ეს განხორციელდეს, თუ არა გინდა რუსეთის ტერიტორიის გამოყენება. ანუ რუსეთის ინტერესშია საქართველო დერეფნად არ იქცეს. ტვირთები თუ არ შემოვა, არ იქნება შემოსავალი და დაზარალდება ქვეყანა და ხალხი. რატომ არ ფიქრობს ოპოზიცია რომ მომავალ არჩევნებში ვინ მისცემს ხმას ისეთ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის ინტერსებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რა ვადაში გაწევრიანდებიან შვედეთი და ფინეთი ნატოში - მზად არის თუ არა ალიანსი ისტორიული ნაბიჯის გადასადგმელად

“ფინეთმა და შვედეთმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსის წევრობის განაცხადი ოფიციალურად გადასცეს. ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია თურქეთი, რაზედაც ნაწილი ექსპერტებისა ამბობს, რომ პრობლემა მოგვარებადია, რადგან მათთვის ეგზისტენციალური საფრთხე ახლა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ანკარას მიერ წამოყენებული საკითხები და სავარაუდოდ სამ თვეში ნატოს სრულფასოვან წევრობას მიიღებენ. თუმცაღა, მეორე ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა თურქეთმა სხვა ქვეყნებიც აიყოლიოს და გაწევრიანების დრო გაწელონ. რაც შეეხება საკითხს, თუ ნატოს რეალური გაფართოება საქართველოსთვის რა მნიშვნელობისაა, ანალიტიკოსთა შეფასებით, ესაა რეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს მზად ქვეყანა ალიანსის წევრობისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ვადაში გაწევრიანდებიან შვედეთი და ფინეთი ნატოში - მზად არის თუ არა ალიანსი ისტორიული ნაბიჯის გადასადგმელად.

“თბილად მივესალმები ფინეთისა და შვედეთის თხოვნას ნატოში გაწევრიანების შესახებ. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და ნატოში თქვენი გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. განაცხადები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატოსკენ თქვენს გზებთან დაკავშირებით. ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები გასათვალისწინებელია და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ დასკვნებს", - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა. შვედეთისა და ფინეთის განაცხადების შეტანას ისტორიულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, წერს, რომ პუტინის ამბიციებმა გეოპოლიტიკური კონტურები სრულიად შეცვალა. “ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ალიანსისა და მსოფლიოსთვის. არც ისე დიდი ხნის წინ, ამ ნაბიჯის შესახებ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ, პუტინის შემზარავმა ამბიციებმა ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკური კონტურები შეცვალა. მოუთმენლად ველი, ფინეთისა და შვედეთის, მალე ნატოს ოჯახში დახვედრას”, - წერს ჯონსონი. აღნიშნულს ეხმიანებიან ბალტიის ქვეყნებიც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ფინეთი და შვედეთი იზიარებენ იმავე ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს ნატო-ს მოკავშირეებს და იზიარებენ მათ ერთგულებას იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ფინეთისა და შვედეთის “ისტორიულ გადაწყვეტილებებს” ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. “რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატოს, როგორც თავდაცვითი ალიანსის როლი, რომელიც ისწრაფვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მოუთმენლად ველით ალიანსის ფარგლებში ფინეთთან და შვედეთთან ერთად მუშაობას ამ მიზნების მისაღწევად”, - ნათქვამია განცხადებაში. ამის პარალელურად, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის სახალხო თავდაცვის შენაერთის მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოში სავარაუდოდ სამი თვეში გაწევრიანდებიან, ალიანსის შიგნით თანხმობა კი დიდწილად მიღწეულია. “ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სავარაუდოდ სამი თვის ვადაში მოხდება. ამ ომის პირობებში რუსეთი ვერაფერს იზამს და სურვილი რომც ჰქონდეს, მას საკმარისი შესაძლებლობა არ გააჩნია, რადგან, საუბარია ფინეთზე, რომლის სამხედრო ძალების ზედმეტი სახელი “ჩრდილოეთის ლომია” და მას ძალიან დიდი უნარი გააჩნია, რომ რუსეთს წიონააღმდეგობა გაუწიოს. ამასთანავე ბრიტანეთის მიერ შვედეთთან და ფინეთთან დადებული შეთანხმებაა, რომელიც გარკვეულ ვალდებულებას იღებს ეს ორი ქვეყანა დაიცვას, რაც როგორც ბრიტანეთის, ისე ფინეთის პოზიციებს უსაფრთხოს ხდის და ამყარებს”, - ამბობს კობერიძე, რომლის თქმით, “რაც შეეხება ნატოს შიგნით უშუალო თანხმობას, ეს დიდწილად მიღწეულია, თუკი თურქეთს არ ჩავთვლით...”, - დასძენს გამოცემა.

“თურქეთი ვაჭრობს იმით, რომ მას სურს, რომ F-35-ების პროექტში ბლოკი მოეხსნას, ამასთანავე ჩაებას უფრო დიდ “პეტრიოტების” დაცვის ქსელში, რომლიდანაც მას შემდეგ მოიხსნა, რაც თურქეთმა რუსეული S-400-ები შეიძინა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ქურთისტანის საკითხის მოგვარებაა, ანუ ის ქურთული ძალები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არიან თავმოყრილები, მათ შორის შვედეთსა და ფინეთში, ეს საკითხი გადაჭრილი იყოს ისე, როგორც ანკარას სურს. ამას შვედეთი და ფინეთი, რა თქმა უნდა, მოაგვარებს, რადგან მათთვის ეგზისტენციალური საფრთხე ახლა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქურთების პრობლემის მოგვარებაა” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - “რა ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს რეალური გაფართოების მაგალითი?” - პასუხობს:

“საქართველოსთვის ესაა ძალიან ნათელი მაგალითი... უნდა იყოს შიდა სტაბილურობა, დემოკრატიზაციის მაღალი მაჩვენებელი და რაც ყველაზე მთავარია საქართველოს უსაფრთხოების მიმართებით ისეთი მზაობა უნდა ჰქონდეს, რომ დროებით მაინც შეძლოს რუსეთის პოტენციური აგრესიის შეკავების უნარი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი და ოფიციალური ჰელსინკიც კი ბოლომდე დაცული ვერ იქნება, მათ თუ არ ექნებათ (ბოლო 3-6 თუ რამდენი თვეც შეიძლება დასჭირდეს) ერთგვარი საშუალება, რომ რუსეთს პოტენციურ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიონ, რა თქმა უნდა, მათი გაწევრიანებაც ვერ მოხდებოდა”.

“აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის აუცილებელია აღნიშნული უსაფრთხოება და ასევე იპოვოს ის სწორი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც თუკი გარანტორები არა, ყოველ შემთხვევაში გვერდით იმდენი ხანი მაინც დაუდგნენ, რომ მისი უსაფრთხოება გარკვეულ სიმაღლეზე ასწიონ და ამ უსაფრთხოების დაცვა უზრუნველჰყონ. პირველ რიგში საუბარი მაქვს პოლონეთზე და დიდ ბრიტანეთზე - ესაა საკვანძო ის ორი ევროპული სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში უსაფრთხოების კუთხით სიტყვა ეთქმის და საქართველოს ინტენსიური დახმარება შეუძლია, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის მიღმა, რადგან ის ამ შემთხვევაში წამყვანი ძალაა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში მაპი საჭირო არაა, ალბათ დაჩქარებული პროცესი იქნება, როცა წევრობის თანხმობის მიღება პირდაპირ შეიძლება. უმეტესი ქვეყნების გაწევრიანება მაპით არ მომხდარა. ის ისეთ გარდამავალ რეჟიმებს ეძლევათ, რომლებიც ჯერჯერობით ბოლომდე დემოკრატიულები არ არიან და მცირე რიგი რეფორმები სჭირდებათ სამხედრო და პოლიტიკური კუთხით. ფინეთსა და შვედეთს ეს რეფორმები ნამდვილად არ სჭირდებათ, რადგან მათი მაჩვენებელი ძალიან მაღალ დონეზეა ასული”, - მიიჩნევს კობერიძე. განხვავებული მოსაზრებისაა სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. ის “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თურქეთის პოზიციამ შესაძლოა ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების ვადები გაწელოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფინეთისა და შვედეტის ნატოში არშეშვება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და არაა გამორიცხული, რომ თურქეთმა სხვა ქვეყნებიც დაიყოლიოს. უნგრეთმა უკვე თურქეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა დაიწყო, იქ იტალიის მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით გაურკევევლია და შესაალოა სხვა ქვეყნებიც აჰყვნენ, რომლებმაც შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი რაღაცნაირად გააჭიანურონ. განაცხადის შეტანა ერთია, მაგრამ, მეორეა სიტუაცია როგორ წავა, გაივლიან თუ არა მაპს. აქ ორმაგი სტანდარტები გამოვა, თუ უთხრეს, რომ მაპი საჭირო არააო და ჩვენთვის დააწესეს. ევროპული უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში საქართველომ უფრო მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე ფინეთმა. ხოლო ჩვენზე ნაკლები დემოკრატია კი ალბანეთში და მაკედონიაშია, მონტენეგროში გაცილებით უარესი სიტუაციაა”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საიბრისას ვახტანგ მაისაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა