ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, „IDS ბორჯომისმფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. კომპანიისვე ცნობით, ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო ევროკავშირმა, აშშ-მ და კიდევ არა ერთმა ქვეყანამ რუსეთს როგორც ქვეყანას და პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. მათ შორის აღმოჩნდა „IDS ბორჯომისმფლობელი ფრიდმანი, რის გამოც კარგა ხანია შეწყვეტილია „ბორჯომის“ ჩამოსხმა, რასაც კომპანია „IDS ბორჯომში დასაქმებული მუშები აპროტესტებენ.

დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით „IDS ბორჯომისმფლობელი კომპანია საქართველოს მთავრობისათვის მისი წილების ნაწილის კი გადასცემს, მაგრამ „ბორჯომთან“ დაკავშირებით ქვეყნისთვის უკეთესი გადაწყვეტილებაც შეიძლებოდა მიღებულიყო.

თქვენ როგორ შეაფასებდით „IDS ბორჯომისმფლობელი კომპანიის გადაწყვეტილებას? „ბორჯომთან“ დაკავშირებით სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება?

- ბუნებათსარგებლობა საქართველოში კი არის მთლიანად ლიბერალიზებული, მაგრამ არსებობს ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრესა და მემკვიდრეობას წარმოადგენს.

მინერალურ წყლებთან მიმართებაში ასეთ წყლებს მიეკუთვნება, მაგალითად „ვიში სენტ იორი“, „პერიე“ და „ბადუა“, საფრანგეთი, „სენტ პელეგრინო“, იტალია, „ევიანი“, შვეცარია, თუნდაც სომხური „ჯერმუკი“ და სხვა. რასაკვირველია, მათ, პირველ რიგში, „ბორჯომიც“ უნდა მივაკუთნოთ.

ასეთი მინერალური წყლები წარმოადგენს ერთგვარი კულტურული ტრადიციების ცენტრებს, მათ ბაზაზე კურორტები (ე.წ. Spa) ფუნქციონირებს, სადაც ქვეყნის სოციალურ-კულტურული ცხოვრება ვითარდება. გავიხსენოთ, თუნდაც, ლიკანის სანატორიუმები, კომპოზიტორთა სახლი ბორჯომის პლატოზე და მრავალი სხვა.

ასეთი მინერალური წყლების საზღვარგარეთ ექსპორტი ქვეყნის იმიჯის შექმნას ემსახურება და ყველა სახელმწიფო, ჩვენის გარდა, ამ იმიჯის შენარჩუნებაზე დაუღალავად შრომობს. მოგიყვანთ ერთ მაგალითს.

ჟაკ შირაკის პირველი პრეზიდენტობის დროს მან 1995-1996 წლებში მურუროას კუნძულზე ბირთვული იარაღის გამოცდა ჩაატარა. პროტესტის ნიშნად აშშ-მ და სხვა ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნებმა „პერიესა“ და ფრანგული ღვინის იმპორტი შეზღუდეს. გამოცდები მყისიერად შეწყდა.

მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე „ბორჯომის“ პრივატიზება მხოლოდ ეკონომიკური და არა მსოფლმხედველურ-კულტურული მაჩვენებლების გათვალისწინებით განხორციელდა, რაც უდიდესი შეცდომა იყო.

ეს ისტორია ზედმიწევნით კარგად ვიცი და ამაზე ერთ დღეს შემიძლია დაწვრილებით მოგიყვეთ. პრობლემის თავი და თავი ზუსტად აქ არის. ამას სხვა ქმედებები მოყვა, მაგალითად, ლიკანის მე-4 სამმართველოს სანატორიუმის პრივატიზება, ლიკანის სასახლისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უდიერი მართვა, რომელი ერთი გითხრათ.

მაგრამ „ბორჯომის“ ისტორია ამით არ სრულდება. არასწორ პრივატიზაციას, რომელმაც სახელმწიფოს მართვის ნებისმიერი შესაძლებლობა ხელიდან გამოაცალა, მოყვა კომპანიის მეპატრონის მრავალჯერადი შეცვლა და საბოლოოდ ბორჯომი ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურის ხელში აღმოჩნდა.

მეჩვენება, რომ ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრებისა და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის. ამას კი „ ბორჯომის“ ნაციონალიზაცია და ჯეროვანი ოპერატორისთვის ისეთი გადაცემა უნდა მოჰყვეს, რომ სახელმწიფოს ეროვნული სიმდიდრის მართვის სადავეები ხელიდან კიდევ ერთხელ არ გამოეცალოს.

როგორც ხედავთ, მე პრობლემა ზოგადი თვალთახედვით გავაშუქე და დამნაშავეებს არ ვეძებ, თუმცა ამ გულდასაწყვეტ ისტორიაში მრავალი ადამიანის ხელი ურევია. თუ გამაბრაზებენ - დავასახელებ.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საერთაშორისო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ხდება. უკრაინაში რუსული აგრესიისა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის რუსულ გეგმებს კოლექტიური დასავლეთი დაუპირისპირდა, რომელიც სამხედრო ტექნიკითა და ფინანსებით ეხმარება უკრაინას. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმაზე, უკრაინაში ომის შემდეგ სავარაუდოდ, როგორი იქნება თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი სისტემა.

მათივე აზრით, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე იმ ქვეყნებს, ვინც დღემდე იმკის რუსული აგრესიის შედეგებს შესაძლებლობების ფანჯარა აქვთ გახსნილი. ევროკავშირი შეეცადა დაეჩქარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და სამივე ქვეყანას ე.წ. კითხვარის შევსება შესთავაზა.

ახლა ყველა ელოდება იმას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების საკითხში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. საქართველომაც შეავსო ე.წ. კითხვარი, ქვეყნის პირველი პირები ხშირად სტუმრობენ ბრიუსელს, მაგრამ ამის ფონზე ვხედავთ იმასაც, რომ მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით სახიფათოდაც კი აკრიტიკებენ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს.

ახლა, როცა საქართველო უნდა ცდილობდეს არ ჩამორჩეს პროცესებს, რას შეიძლება ნიშნავდეს არსებულ ვითარებაში მმართველი გუნდის წევრების ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა? ჩვენი დასავლელი კონკრეტული პარტნიორების მიმართ დაუმსახურებელი სახიფათო კრიტიკა?

- რომელ პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს საქართველო? თუ საუბარია სანქციებზე, საქართველო რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტსა და ტრანზიტს გულმოდგინედ აკონტროლებს.

თუ საუბარია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, აქ გათვალისწინებულ იქნება გაცილებით ღრმა წინაპირობები, ვიდრე ზედაპირული პოლიტიკური კინკლაობა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თურქეთი ოთხმოცდაათიანი წლებიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

ახლა, ერთ გარემოებას მიაქციეთ ყურადღება. ორმხრივი კრიტიკული დემარშები არა ინსტიტუციებიდან, არამედ ცალკეული დეპუტატების მხრიდან გაისმის. ჩვენ არ გაგვიგია არც ევროკომისიისა და არც კომისრების ხისტი კრიტიკა. ასეთი კრიტიკა არც ჩვენ პრემიერ-მინისტრისა თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ჟღერს. კრიტიკას ახმოვანებენ ცალკეული ადამიანები და მათი პოლიტიკური გავლენის მიუხედავად, ეს კერძო აზრის გამოხატვაა - სიტყვის თავისუფლება ჯერ არავის გაუუქმებია.

თუ საუბარია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, აქ გათვალისწინებულ იქნება გაცილებით ღრმა წინაპირობები, ვიდრე ზედაპირული პოლიტიკური კინკლაობა... კრიტიკას ახმოვანებენ ცალკეული ადამიანები და მათი პოლიტიკური გავლენის მიუხედავად, ეს კერძო აზრის გამოხატვაა - სიტყვის თავისუფლება ჯერ არავის გაუუქმებია

აი, ასეთი ორმხრივი ტექნოლოგიებია გამოყენებული შესაბამის აზრის შესაქმნელად. ეს, რასაკვირველია, ძალიან ცუდია, მაგრამ კარის დახურვისთვის არავითარ წინაპირობას არ წარმოადგენს.

- დამკვირვებელთა ნაწილი „თვლის, რომ ქართული ოცნების“ ლიდერშიფის მხრიდან გააქტიურებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა, განსაკუთრებით ამის მსგავსი - „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა“, სხვა არაფერია, თუ არა იმის ღიად დეკლარირება, რომ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს „სუვერენული დემოკრატია“.

საუბარია იმ ტიპის „სუვერენულ დემოკრატიაზე,“ რომლის პირობებში პუტინის რუსეთი კარგა ხანია ცხოვრობს... თქვენთვის რამდენად საფუძვლიანი და მართებულია ამგვარი მტკიცებები?

- ასეთი მტკიცებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. „სუვერენული“ დემოკრატიის პირობებში განსხვავებული აზრი არ იარსებებდა, არ იარსებებდა თავისუფალი ჟურნალისტიკა, პრესა, ტელევიზიები და ჩვენს საუბარსაც არა ინტერვიუს, არამედ არაფორმალური ჭორაობის სახე ექნებოდა.

გთხოვთ გაიგოთ ერთი რამ. გინდ „ქართული ოცნების“, გინდ მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან რადიკალური განცხადებები არა რომელიმე ქვეყნის, ვთქვათ რუსეთის, ინტერესებს ემსახურება, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიას წარმოადგენს. ინტელექტი და ფანტაზია არ ყოფნით ჩვენს პოლიტიკოსებს, სხვა ვერაფერი მოიგონეს, გარდა ერთმანეთის რუსეთის ინტერესების ლობირებაში დადანაშაულება.

და კიდევ ერთი. ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა არა ევროკავშირის, არა რუსეთის, არამედ პრაგმატულად საკუთარ ვიწრო ინტერესებს იცავს. ამორალურია ეს ყველაფერი.

ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა არა ევროკავშირის, არა რუსეთის, არამედ პრაგმატულად საკუთარ ვიწრო ინტერესებს იცავს. ამორალურია ეს ყველაფერი

- მმართველი გუნდის ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებების ფონზე რა შანსები აქვს ქვეყანას მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? თუ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას, ეს რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?

- გავიმეორებ, ევროკავშირს ან აშშ-ს, როგორც ასეთებს, არავინ არ აკრიტიკებს. თუ აკრიტიკებენ, ცალკეულ პიროვნებებს, თანაც ძალიან არაგონივრულად.

ევროკავშირი კი თავის გადაწყვეტილებაში არა ვიწროპარტიულ და მოკლევადიან, არამედ ზოგადსახელმწიფოებრივ და გრძელვადიან ტენდენციებს გაითვალისწინებს.

აღნიშნული გამონათქვამებიც დემოკრატიის ნაწილია.

ევროკავშირს ან აშშ-ს, როგორც ასეთებს, არავინ არ აკრიტიკებს. თუ აკრიტიკებენ, ცალკეულ პიროვნებებს, თანაც ძალიან არაგონივრულად

მოგვწონს თუ არ მოგვწონს ისინი, გვაღიზიანებს თუ არ გვაღიზიანებს, ჩვენ არ შეგვიძლია ისინი ავკრძალოთ. ისე კი, ნერვებს ძალიან მიშლის.

- მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ისედაც კარგად ვგრძნობთ ცხოვრებისა და პოლიტიკის დაჩქარებულ ტემპსა და რიტმს, უკრაინაში მიმდინარე ომმა დაჩქარებულ ტემპსა და რიტმს კიდევ უფრო მეტი დინამიკა შესძინა.

საერთაშორისო პოლიტიკაში ისეთი რამ ხდება, რაც სულ ცოტა ხნის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. რუსეთის სათათბიროს სპიკერის ვოლოდინმა, რუსეთის ყველაზე არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

ვოლოდინის მტკიცებით, პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, რომელმაც რუსეთს 1983 სანქცია დაუწესა, მეორე ადგილზეა კანადა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 1402 სანქცია შემოიღო, პირველ სამეულში შედის შვეიცარია, 1361 ანტირუსული სანქციით. სიაში შედის ასევე ბრიტანეთი (1360 სანქცია), ევროკავშირი (1199 სანქცია), ავსტრალია (1150) და იაპონია (902).

კრემლთან დაახლოებული ექსპერტები აღარ მალავენ, რომ ომი უკრაინაში სავარაუდოდ, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. როგორ ჩანს, პუტინი ამგვარი ვითარებისთვის ემზადებოდა, რადგან რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით მას ქვეყნის პრეზიდენტობა 2036 წლამდე შეუძლია.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციების ფონზე რა შანსები აქვს რუსეთს გაუძლოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოლექტიური დასავლეთის ეკონომიკურ პრესინგს?

- ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხისთვის რამდენიმე გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი.

2022 წლის 24 თებერვლამდე მსოფლიოში არამდგრადი, არაიდეალური, მაგრამ მაინც რაღაც ფორმით წონასწორობა არსებობდა, რომელსაც კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინა ეფუძნებოდა. 24 თებერვალს მსოფლიო შეუქცევადად შეიცვალა და ვეღარასოდეს თავის ომამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. ცივილიზებული და გამჭრიახი მსოფლიო ასეთი ცვლილებებისთვის ემზადებოდა. ამ ცვლილებების არსი კი შემდეგში მდგომარეობს.

პოლიტიკური კრიზისები, მსოფლიო ომების ჩათვლით, ადრეც არსებობდა. მაგრამ ამ კრიზისების დაძლევის შემდეგ მსოფლიო წესრიგი კონსენსუსს ეფუძნებოდა, ყოველთვის იყო იმის გაგება, რომ მსოფლიო ბიპოლარულია, დასავლეთის გარდა, არსებობს აღმოსავლეთიც.

ყველა საერთაშორისო შეთანხმებაში მეტ-ნაკლებად საბჭოთა კავშირის ინტერესებიც დაცული იყო. ამიტომაა გაერო ასეთი ეკლექტიკური, ხოლო მისი უშიშროების საბჭო კი უმოქმედოა ზუსტად იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირს, შემდეგ კი მემკვიდრეობით რუსეთს ვეტოს უფლება მიანიჭეს.

2021 წელს აშშ და ევროკავშირი მიხვდა, რომ მათ რუსეთის სრული ბლოკირება და არსებული რეჟიმის დემონტაჟი შეუძლიათ. ამის წინაპირობა კი ის გახლდათ, რომ პუტინმა, დააფუძნა რა თავისი დოქტრინა ნახშირწყალბადების ექსპორტზე, იძულებული შეიქმნა შერწყმოდა მსოფლიო კაპიტალურ და სანედლეულო ბაზრებს და მსოფლიო ვაჭრობის წესებს დამორჩილებოდა.

ამისთვის მან სახელმწიფო კაპიტალიზმის ერთგვარი მოდელი შექმნა, სადაც შიდა რესურსებით ნედლეულის ექსტენსიური მოპოვება წარმოებდა, ხოლო ამონაგები ფულით მსოფლიო ბაზრებზე ტექნოლოგიებისა და პროდუქციის შეძენა წარმოებდა. შეეზღუდება თუ არა რუსეთს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, მის ეკონომიკას კოლაფსი არ ასცდება. პარადოქსია, მაგრამ პუტინმა თავად შექმნა რუსეთის იმპერიის დაშლის წინაპირობა.

შეეზღუდება თუ არა რუსეთს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, მის ეკონომიკას კოლაფსი არ ასცდება. პარადოქსია, მაგრამ პუტინმა თავად შექმნა რუსეთის იმპერიის დაშლის წინაპირობა

რასაკვირველია, ეს ჭეშმარიტებები გააზრებულია ამერიკელი თუ ევროპელი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც მიხვდნენ, რომ პირველად XIX – XXI საუკუნეების ისტორიაში შეიქმნა ვითარება, როცა დემოკრატიულ სამყაროს შეუძლია თავის თავზე ფიქრი რუსეთის ინტერესების სრული უგულებელყოფით. ბიპოლარული სამყარო ერთპოლარულ სამყაროდ გადაიქცა.

ამიტომ პასუხი თქვენ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანია - რუსეთი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ვერ გაუძლებს, მაგრამ ეს არ მოხდება მყისიერად. ამას დრო ჭირდება. ტყუილად ხომ არ გეუბნებოდით, რომ ომი 1 წელი გაგრძელდება. დღეს მგონია, რომ პროცესები შეიძლება დაჩქარდეს.

რუსეთი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ვერ გაუძლებს, მაგრამ ეს არ მოხდება მყისიერად. ამას დრო ჭირდება. ტყუილად ხომ არ გეუბნებოდით, რომ ომი 1 წელი გაგრძელდება. დღეს მგონია, რომ პროცესები შეიძლება დაჩქარდეს

- გასაგებია რომ ის ქვეყნები, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა დიდი და ძლიერი ქვეყნებია, მაგრამ, ფაქტია, რომ ისინი ამას უკრაინის გამო აკეთებენ. სხვათა შორის ჩვენს გამოც.

არადა ფაქტია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეერთებია. არც აპირებს შეერთებას. გვახსოვს პრემიერის დაპირებები, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყებული არ იქნება რუსეთისათვის სანქცირებული პროდუქციის მისაწოდებლად.

მიუხედავად ამისა, ჩვენს პრემიერთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა - ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ჩვენ უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას“.

რას შეიძლება ნიშნავდეს ბატონ ბორელის ეს განცხადება? დიპლომატმა დიპლომატიურად რა გვითხრა - „სანქციების ეფექტურობის“ საფრთხე არ აღმოჩნდეთო?

- ბატონი ბორელი დიპლომატია. ამ შემთხვევაში მას სიტყვები და არა ქმედებები აინტერესებდა. სანქციების ეფექტურობას კი საქართველო კი არა, უნგრეთი უთხრის საძირკველს. რაში მდგომარეობს სანქციების დედა აზრი, რა თქმა უნდა, ცალკეული პიროვნებებისთვის დისკომფორტის შექმნის გარდა? პირველი, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს ნახშირწყალბადების რეალიზაცია და ვერ მიიღოს საკმარისი ოდენობით სავალუტო შემოსავალი.

მეორე, რომ მას შეეზღუდოს საბანკო ტრანსაქციების შესაძლებლობა. და მესამე, რომ მან ვერ მოახერხოს სამხედრო და სხვა დანიშნულების ტექნოლოგიებისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტი.

ეხლა, საქართველო რუსეთისგან ნახშირწყალბადებს არ ყიდულობს. მეორე, როგორც ადრე გითხარით, საქართველომ შეზღუდა რუსული ბანკების საქმიანობა თავის ტერიტორიაზე. და მესამე, იგი ძალიან ყურადღებით ახორციელებს რუსეთში ექსპორტის მონიტორინგს, რამაც გზებზე ტრაილერების მრავალდღიანი რიგები შექმნა. სხვათა შორის, ამისთვის საქართველოს მთავრობას რამდენჯერმე მადლობაც გადაუხადეს.

ევროკავშირს სრულიად არ აინტერესებს, მოახერხებს თუ არა საქართველო თავისი პროდუქციის რეალიზებას რუსეთში - იგი ჩიპებს, ფრთოსან რაკეტებს და ჯავშანტექნიკას არ ყიდის

ევროკავშირს სრულიად არ აინტერესებს, მოახერხებს თუ არა საქართველო თავისი პროდუქციის რეალიზებას რუსეთში - იგი ჩიპებს, ფრთოსან რაკეტებს და ჯავშანტექნიკას არ ყიდის. ხოლო თუ საქართველომ პერსონალური სანქციები არ დააწესა, რაღაც ბატონი ფრიდმანი თუ სხვანი მისთანანი აქ ჩამოსვლას არ ჩქარობენ. თუნდაც იმიტომ, რომ იციან, რა ელით.

სამხედრო შეთანხმებები კონფიდენციალურია და ჩვენ რეალურად არ ვიცით, გადაიდგა თუ არა ჩვენი ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად სათანადო ნაბიჯები. მთავარია, როდის გვექნება ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობა

- ახლა როცა უკრაინაში ომია, რუსეთი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას ემუქრება, საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური თემაა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, კოლექტიური დასავლეთისგან იმდენი და ისეთი ტიპის იარაღის მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას. ასეთ ფონზე, ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არ აქტიურობს, აცხადებს, რომ „ქვეყანას ომის საფრთხე არ აქვს“.

ვითარებაში, როცა კრემლს უკრაინის მიმართ გეგმები არ შეუცვლია, ძნელი სავარაუდო არაა, არც საქართველოს მიმართ შეცვლის, გაუგებარია, თუ რატომ არ ითხოვს ქართული სახელმწიფო პარტნიორებისგან მეტს. პარტნიორები კი აცხადებენ, რომ ჩვენი პრობლემები ახსოვთ და არ ვავიწყდებით, მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ პრემიერი ღარიბაშვილი მოლდოვის პრეზიდენტ სანდუს მსგავსად არ ითხოვს კრემლისგან დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას.

მეტიც, ვხედავთ, რომ 2008 წელს თავის შეცდომებზე, რუსულ აგრესიაზე, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, ჩვენს ხელისუფლებაზე მეტად ჩვენი პარტნიორები საუბრობენ.

ამ თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეთ - „უნდა მოვითხოვოთ, ეს ცხადია, მაგრამ რა ტიპის ნაბიჯები შევთავაზოთ, ჯერ ხომ არ ვიცით? მესმის, რომ ჯერ არ ჩანს რა შეიძლება ჩვენ დასავლეთს შევთავაზოთ, მაგრამ ჩვენი ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან ლოგიკური და სამართლიანი იქნებოდა, ცხადია.

რატომ არ ვითხოვთ დასავლელი პარტნიორებისგან მეტ სამხედრო ტექნიკას და რატომ არ ვსაუბრობთ რუსული ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანაზე ხმამაღლა?

- სამხედრო შეთანხმებები კონფიდენციალურია და ჩვენ რეალურად არ ვიცით, გადაიდგა თუ არა ჩვენი ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად სათანადო ნაბიჯები. მთავარია, როდის გვექნება ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობა.

ხმამაღლა ყვირილი კი მაშინაა სარფიანი, როცა ამ ყვირილს ულტიმატუმის ფორმა აქვს და შენ გაგაჩნია ამ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში სათანადო ქმედებების განხორციელების უნარი.

ნუ ვჩქარობთ, „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,/ყელმოღერებულ იასა“.

- მოსკოვში ალაპარაკდნენ საქართველოსთვის საჰაერო სივრცის გახსნაზე. როგორ ჩანს, კრემლში ჩათვალეს, რომ საქართველო ახლა მათთვის კრიტიკულ ვითარებაში „ისე კარგად იქცევა“, შეიძლება აუზში წყალიც ჩაუსხან.

ახლა როცა, რუსულ ავიაკომპანიებს კოლექტიურმა დასავლეთმა მათ ქვეყნებში ფრენები აუკრძალა, მოსკოვსა და თბილისს, მოსკოვსა და ბათუმსა და მოსკოვსა და ქუთაისს შორის ფრენები რომ აღდგეს, უცნაური და გაუგებარი არ იქნება?

- არ აღდგება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია