თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს. რამდენად მზარდია ინტერესი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, როგორია მონაწილეთა ჩართულობა და რა სიახლეებია დაგეგმილი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა.

- დაახლოებით 9 წელია, რაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არსებობს. თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ცნობიერების ამაღლების და გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით?

-გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა. მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. 2019 წლიდან, ჩვენ დაგვემატა ახალი მიმართულება, კერძოდ, აგრარული განათლება. ჩვენი ძირითადი მიზნებია საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, ასევე, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა.

ჩვენი ცენტრი არის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესის მონაწილე და იზიარებს მის მიზნებს. ეს არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია, რომლის მხარეცაა საქართველო. სწორედ ეს კონვენცია ისახავს მიზნად გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოების ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მეორე საერთაშორისო პროგრამაა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტრატეგია - „განათლება განვითარებისთვის“. განათლების მიმართულებით არსებული ჩვენი ღონისძიებები და ეროვნული მიზნები, სწორედ ამ სტრატეგიასთან არის თანხვედრაში.

ამ მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ განათლების და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. განათლების მიმართულებით, ჩვენი ძირითადი მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ასევე ვმუშაობთ ფორმალური განათლების კუთხით.

რა თქმა უნდა, აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან. ჩვენი მთავარი მიზანია განათლების ყველა სეგმენტზე გავიდეთ, მთავარია ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა.

-აღსანიშნავია პროგრამაგარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”, რომელიც 2021 წლიდან I-VI კლასებში მიმდინარეობს. რა შეგიძლიათ თქვათ აღნიშნულ პროგრამაზე, რამდენად პასუხობს დასახულ მიზნებს და როგორია ჩართულობა?

-„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროგრამაა, რომელიც მიმდინარეობს. 2021 წლიდან ჩვენ ტრენინგები დავიწყეთ ამ მიმართულებით, კერძოდ, დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის, რომელიც I-VI კლასს მოიცავს. 2020 წელს ჩვენ სახელმძღვანელოების კრებული შევიმუშავეთ, რომელსაც ეწოდება „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.

ეს პროგრამა მთლიანობაში 8 თემას მოიცავს, მათ შორის, მდგრად განვითარებას, კლიმატის ცვლილებას, გარემოსდაცვით უფლებებს, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსებს, ბიომრავალფეროვნებას, კატასტროფების რისკის მართვას. ასევე დამატებულია აგრარული მიმართულება: სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი. ეს არის პირველი პროგრამა, როდესაც ფორმალურ განათლებაში აგრარული საკითხების ინტეგრირება და სწავლება დაიწყო.

პროგრამა სრულად არის თანხვედრაში განათლების სტრატეგიასთან, ქვეყნის ეროვნულ მიზნებთან, რა თქმა უნდა, ორივე სამინისტრო ერთი მიდგომით ვახორციელებთ. პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა 2600-ზე მეტი მასწავლებელი. ტრენინგები ონლაინ მიმდინარეობს, რათა პედაგოგებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ პროცესში ჩაერთონ. ტრენინგები 8 -დღიანია. მასწავლებლები თითოეული თემის მიხედვით განიხილავენ იმ საკითხებს, რასაც პროგრამა მოიცავს. პროგრამა ისეთ აქტივობას ითვალისწინებს, რომელიც შესაძლებელია, რომ განხორციელდეს არამარტო ბიოლოგიის, ან გეოგრაფიის გაკვეთილზე, არამედ კარგად არის ადაპტირებადი მათემატიკის, უცხო ენების და მუსიკის გაკვეთილზეც კი. აქტივობები მითითებულია სირთულის მიხედვით, რათა მარტივად ისწავლებოდეს.

იმისთვის, რომ პროცესი მდგარდი იყოს, ვგეგმავთ პირველ ეტაპზე, 4 წლის განმავლობაში 20 ათასი მასწავლებლის შესაძლებლობა გავაძლიეროთ და გადავამზადოთ. იმისათვის, რომ მასწავლებლებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, ჩვენ შევიმუშავეთ ასევე ასინქრონული სასწავლო კურსი, რომელიც ონლაინ მოდულია და პედაგოგებს შეუძლიათ ტრენინგზე სასურველ დროს დარეგისტრირდნენ და გაიარონ.

-მნიშვნელოვანია საზოგადოების მონაწილეობა იმ პროექტებში, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. რამდენად არის საზოგადოება ჩართული მიმდინარე პროგრამებში და ზოგადად რამდენად დიდია ინტერესი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ? ამასთან, თუ შეგიძლიათ ისაუბროთ გამორჩეულ პროექტებზე, რომელსაც ცენტრი მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს?

-გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ამაზე მიუთითებს პროგრამებში მონაწილეთა რაოდენობა. მათი უკუკავშირიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ინტერესი ნამდვილად არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერების დონე ამ მიმართულებით გაზრდილია. ზოგადად, განათლება და ცნობიერების ამაღლება მუდმივი პროცესია და ჩვენ რეგულალურად უნდა განვახორციელოთ. ჩვენი ცენტრი მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რათა ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ცნობიერების ამაღლებას. თითოეული სეგმენტისთვის განსხვავებული მიდგომა გვაქვს.

განსაკუთრებულ პროექტებში გამოვყოფდი სკოლამდელ გარემოსდაცვით განათლებას, რომელიც ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. თუ ადრეული ასაკიდან არ დავიწყეთ განათლების ხელშეწყობა, მომავალი თაობა ვერ გვეყოლება გარემოსდაცვითი ცნობიერების კუთხით ინფორმირებული.

გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ საბავშვო ბაღების დონეზე არ ისწავლებოდა გარემოსდაცვითი საკითხები, არ არსებობდა ერთიანი პროგრამა. სწორედ ამიტომ ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა შევქმენით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დავნერგეთ.

გამოვყოფდი ასევე „მწვანე ჯილდოს“ კონკურსს. ამ კონკურსის შედეგების და მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმა პროგრამამ, კერძოდ, სკოლამდელმა გარემოსდაცვითმა განათლებამ და სასკოლო პროგრამამ ნამდვილად იმუშავა, შედეგები აქვს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების კუთხით.

-საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილიეკოლიდერთა სკოლა“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას გარემოსდაცვითი საკითხებით. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულ პროგრამაზე, რამდენად უზრუნველყოფს ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებას და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას.

-„ეკოლიდერთა სკოლა“ ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამაა, რომელიც მეცხრედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. 3 წელია, რაც პროგრამას ვახორციელებთ და დაინტერესება ძალიან იზრდება. ეს მოტივაციას გვაძლევს, კიდევ უფრო ახალი შემართებით განვახორციელოთ და ახალი აქტივობები დავამატოთ.

პროგრამის მონაწილეები არიან ძალიან აქტიური ახალგაზრდები, რომელთაც გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ. პროგრამის ფარგლებში იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას. ისინი ჩვენი გარემოსდაცვითი ელჩები არიან სხვადასხვა მხარეებში.

დამეთანხმებით, რომ უმაღლესი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის მთავრობის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით შემუშავდა სამაგისტრო პროგრამა სახელწოდებით - „ გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“.

ეს პროგრამა ხელს უწყობს პროფესიონალი კადრების გაზრდას გარემოს დაცვის მიმართულებით. კურსდამთავრებულების 95%-ზე მეტი გარემოს დაცვის მიმართულებით არის დასაქმებული. იმედი მაქვს, უმაღლესი განათლების მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება გარემოს დაცვის მიმართულებების მიმართ ინტერესი.

-კიდევ რა სიახლეებია დაგეგმილი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან? რა პროგრამებს უნდა ველოდოთ, რაც საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად?

-რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამას. ასევე, გრძელდება პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლებასკოლაში“ და ვიწყებთ შემდეგი საფეხურის სასკოლო პროგრამის შემუშავებას.

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წლიდან ახალი ფუნქციები გვემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას.

წელს ასევე დაგეგმილია ორი მასშტაბური კვლევა. ერთი არის საზოგადოების გარემოსდაცვითი საკითხებისადმი განათლების და ცნობიერების დონის განსაზღვრის კვლევა. ეს არის ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდება. პერიოდულად სხვადასხვა კუთხით ტარდება კვლევები, მაგრამ ასეთი მასშტაბური კვლევა ჯერ არ ყოფილა. იმედი მაქვს, შედეგები საშუალებას მოგვცემს, რომ სამომავლო პოლიტიკა და ღონისძიებები განვსაზღვროთ, კერძოდ, რა საჭიროებებია ამ სფეროში და რა უნდა დაიგეგმოს.

ასევე, მნიშვნელოვანია დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია. იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, სტუდენტებისთვის ვგეგმავთ „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამას. ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველი სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განვახორციელებთ.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთ პროფესიებს, როგორიც არის ჰიდროლოგია, გეოლოგია, ეკოლოგია და ასე შემდეგ. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ სტუდენტებს შევუწყოთ ხელი განივითარონ თავისი ცოდნა თეორიული და პრაქტიკული კუთხით.

ასევე, წელს პირველად ჩავატარებთ მოსწავლეებისთვის ბანაკს სახელწოდებით „კლიმატის ელჩები“. ამ ბანაკის მიზანია მაღალი კლასის მოსწავლეების დაინტერესება გარემოსდაცვითი საკითხებით, რათა მათი ინტერესი გავზარდოთ, მიიღონ ცოდნა და ამ მიმართულებით გააგრძელონ სწავლა.

ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ეს გვეხმარება, ქვეყნის მასშტაბით ვაკეთოთ საინტერესო პროექტები არაერთი მიმართულებით.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია