ფოთში მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა

ფოთში მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილებმა გეზ-ისაკენ [გაფორმების ეკონომიკური ზონა] მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, იქ ცხოვრება გაუსაძლისია.

მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 100-მდე ოჯახი გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს, რათა საცხოვრებელი ფართი თავად შეიცვალოს.

,,მეზობელმა ახლახან წაიყვანა ბავშვები და ისევ ცუდი ანალიზი დაუდგინდათ. აქ შეუძლებელია ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ გავაგონეთ მთავრობას. ვითხოვთ გადაგვასახლონ, მიიღონ ზომები, მაგრამ მათ ჩვენი წვალება უნდათ. ორი წელიწადი დასჭირდებათ, რომ აგვიშენონ ახალი ფართი და ამ ორ წელიწადში კიდევ რა მოგვივა ღმერთმა იცის. რაც უფრო მალე მოხდება ჩვენი გადასახლება, მით უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი ვერ გადაიდგა. გვქონდა ღარიბაშვილთან შეხვედრა, მან ბრძანა ეს ხალხი ღირსეულად გაუშვით აქედანო. იყო საუბარი, რომ გამონახულიყო ალტერნატიული ფართი, მაგრამ 8 თვე არავინ გამოჩენილა. გადავწყვიტეთ თანხა მოვითხოვოთ და ყველამ თავის თავს ვუშველოთ. მეტი სხვა გამოსავალი არ ჩანს", - განაცხადა აქციის მონაწილე რამაზ კუბეციამ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.