ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022

გია ხუხაშვილი - “ახალი ჰუმანიტარული რისკები როდის იფეთქებს, არავინ იცის...”

ორი გამოფიტული არმია და ომის მესამე ფაზა - როდის და ვის სასარგებლოდ მოხდება გარდატეხა უკრაინის ომში

ლადო პაპავა - რუსეთი მსოფლიოს სასურსათო ომითაც უპირისპირდება

რა მოხდება, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ

ზურაბ ბატიაშვილი - “როგორი იქნება თურქეთის როლი ახალ საერთაშორისო დღის წესრიგში”

* * *

გია ხუხაშვილი - “ახალი ჰუმანიტარული რისკები როდის იფეთქებს, არავინ იცის...”

“საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი დაუჯერებელია გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს რეფორმა გატარდა დიდ მანკიერებასა და ფარსზე დაყრდნობით. ამაზე მეტყველებს პრემიერ ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომ თურმე მურუსიძე ყოფილა წინა რეჟიმის მსხვერპლი. როდესაც ის ამბობს, რომ მურუსიძე მსხვერპლი იყო, ამით ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოსამართლეებს გამოჰქონდათ პოლიტიკური განაჩენი, რასაც იმით ხსნის, რომ თურმე ეშინოდათ და ამას საკუთარი ნების გარეშე აკეთებდნენ. ამასთან, გვიმტკიცებენ, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს აკონტროლებს სასამართლო სისტემას, სააკაშვილის დროს იყო სავლე და ახლა გარდაიქმნენ პავლედო. არადა, ეს ბიბლიური სასწაულია და ასე ადამიანების შეცვლა მხოლოდ ღმერთს შეუძლია”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახალი ჰუმანიტარული რისკები როდის იფეთქებს, არავინ იცის...” / “უკრაინის ომი აისახება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაზე. უპირველესად ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა”

“თუ ადამიანი ექვემდებარება პოლიტიკურ ზეწოლას ერთი ხელისუფლების პირობებში, ბუნებრივია, ის კომპრომეტირებულია და სამწუხაროდ, არანაირი ხელმოსაჭიდი არ არსებობს ფიქრისთვის, რომ ის სხვა ხელისუფლების პირობებში იმავენაირად არ მოიქცევა. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” დღევანდელ სასამართლოზე კონტროლი გადააბარა იმ ხალხს, რომელიც “ოცნებისავე” აღიარებით შემჩნეული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანაში. მოკლედ, ეს პროცესი დასაწყისშივე დისკრედიტირებული იყო, არადა, მოსამართლისთვის რეპუტაცია ფუნდამენტური ღირებულებაა. როცა რეფორმას ატარებ და თან სისტემას კომპრომეტირებულ მოსამართლეებს აბარებ, შეუძლებელია ვილაპარაკოთ სისტემის დამოუკიდებლობასა და მის ნდობაზე. ამას კი არ უარყოფენ, ამბობენ, რომ ამ მოსამართლეებს გამოჰქონდათ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან მიშა ცუდი ბიჭი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ კარგი ბიჭები მოვედით და ამას არ ვიკადრებთო. ისევ სუბიექტურ ფაქტორზე უნდა იყოს ასეთი მნიშვნელოვანი სისტემა თურმე აგებული და არა ინსტიტუციურ წესრიგსა და დამოუკიდებლობაზე. მათ კეთილ ნებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რაც ძალიან არადამაჯერებელი და არასანდოა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რადგან ასეთი მანკიერი ალგორითმი ჩაიდო სისტემის მშენებლობაში, სისტემა ავგიას თავლად იქცა, რომლის სანდოობა, ფაქტობრივად, ნულოვანია და დიდი ალბათობით, ის გამოიყენება პოლიტიკური დევნისთვის. ცვლილება, რასაც ვხედავ დღევანდელ და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროინდელ სასამართლოს შორის, არის მართვის განსხვავებული ვერტიკალი. წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო პროკურატურის დანამატი, მის ვერტიკალში განიხილებოდა და, ფაქტობრივად, პროკურორი განსაზღვრავდა ამა თუ იმ ვერდიქტს. როდესაც პოლიტიკური ინტერესი ჩნდებოდა, ყველაფერი პოლიტიკურ დიქტატს ემორჩილებოდა. დღეს შეიცვალა ეს დაქვემდებარების სისტემა, ანუ დღეს სასამართლო აღარ არის პროკურატურის ვერტიკალში, ის უფრო პოლიტიკური ელიტის პარტნიორად იქცა. გარკვეული კონტრაქტი შედგა სასამართლო სისტემასა და ხელისუფლებას შორის, ისინი ერთმანეთს ამაგრებენ, აძლიერებენ... ერთი მხრივ, პოლიტიკური ელიტა უზრუნველყოფს ამ კომპრომეტირებული მოსამართლეების სისტემაში სამუდამოდ დარჩენას, მეორე მხრივ კი სასამართლო სისტემა იღებს ვალდებულებას, რომ როდესაც ხელისუფლებას დასჭირდება, ისინი მოემსახურებიან მის ინტერესებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამის შედეგად გაჩნდა ახლა რისკები, ვგულისხმობ, კორუფციულ რისკებს. საქმე ისაა, რომ ამგვარი პარტნიორობისას სასამართლო სისტემასაც უჩნდება საკუთარი ინტერესი. სააკაშვილის ხელისუფლებისას მოსამართლე ვერ გაბედავდა კორუფციულ სქემებში გახვევას... ერთადერთი კარგი ის არის, რომ პროკურატურის ტოტალური კონტროლის შესუსტებამ მთელ სასამართლო სისტემაზე გამოიწვია მოსამართლეების გარკვეული ჯგუფის გაჩენა, რომელსაც არც კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა სურთ, არც პოლიტიკურ წნეხს ექვემდებარებიან და მათ აქვთ საშუალება ემსახურონ სახელმწიფოს. ისინი დღეს თავისუფალ დინებაში არიან, შედეგად მათი წყალობით შეიქმნა რამდენიმე პრეცედენტული საქმე, რაც ქმნის გარკვეულ ფასადს და წარმოაჩენს ისე, რომ თითქოს სისტემაში ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ვფიქრობ, ნიკა გვარამიას განაჩენი ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ავხსნი რატომაც. მე საქმის სამართლებრივ მხარის განხილვას არ დავიწყებ, უბრალოდ, საქმე როგორ აიგო, ამაზე ვილაპარაკებ”, - ამბობს ექსპერტი.

“როდესაც კერძო სამართლის სუბიექტში ლაპარაკია გაფლანგვაზე, საქმე შენდება დაზარალებულის ბაზაზე, ანუ თუ ვიღაცამ გაფლანგა ფული, ამით ვიღაცა დაზარალდა. გვარამიას საქმეში ასეთი დაზარალებული, შეიძლება ითქვას, უკანა რიცხვით გამოძებნეს. “რუსთავი 2”-ის რეალური ინვესტორი და რეალური აქციონერები ვინც იყვნენ, მათ ნიკა გვარამიასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ და არც აქვთ. დიდი ალბათობით, ისინი ფინანსების მართვის თაობაზე საქმის კურსში იყვნენ. ჰოდა, მოიძებნა ნომინალური აქციონერი ქალი, რომელიც გამოაცხადეს დაზარალებულად და ასე დაიწყო საქმის შეკერვა. ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი საქმე. რატომ ვამბობ, რომ ის ქალი ნომინალური აქციონერია? სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეს წილი გადაეცა მის მეუღლეს, რომელიც 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, მეუბნებოდა, წილი გადმომიფორმეს თავის დროზე და ახლა თქვენ წაიღეთო. თვითონ მან იცოდა, რომ ნომინალური მეწილე იყო. საბოლოოდ ეს მეწილე, ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნის მექანიზმად იქცა. გვარამია შეიძლება ან მოგვწონდეს, ან არა, მაგრამ საქმე რომ პოლიტიკური მოტივით შეიკერა, ცხადია”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

“გასაგებია, რა პრეტენზიებიც აქვთ გვარამიასთან, მათ შორის არა სამართლებრივი, არამედ პირადი თუ მორალური. ეს პრეტენზიები საფუძვლიანიც შეიძლება იყოს. მეც ძალიან არ მომწონს, როდესაც ოპონენტს შეურაცხყოფას აყენებენ, ამგვარ ლექსიკას გვარამია ხშირად იყენებდა ივანიშვილის თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ სახელმწიფო და მართლმსაჯულების ინსტრუმენტების გამოყენება პირადი შურისძიების მიზნით კატასტროფაა. სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არ ხდება. თან ასეთი რამ მაინცდამაინც ახლა რომ ხდება, როდესაც ევროკავშირის კანდიდატობის დაჩქარებული წესით მიღების შანსი გვაქვს, ჩემი აზრით, ეს სრულად ჯდება ხელისუფლების რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაში. ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს და მათ ინტერესში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დიდად არ შედის, ვაიდა, რუსეთი გაღიზიანდეს. ამ პოლიტიკის გატარების შემდეგ თუ მაინც მივიღეთ კანდიდატობა, გამოვლენ და რუსეთს ეტყვიან, რა ვქნათ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მაინც მოგვცესო. თუ არ მიგვიღეს, ესეც აწყობთ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ ხომ ვხედავთ, როგორ მიდის ჩვენში ევროპელი პოლიტიკური ელიტის დემონიზაცია. ხვდებიან, რომ ევროპასთან აქვთ პრობლემები. კანდიდატი თუ გახდება ქვეყანა, ისინი კიდევ უფრო მეტად მოსთხოვენ სასამართლოს რეფორმას, ადამიანის უფლებების დაცვას, გვარამიას გამოშვებას და ასე შემდეგ... უნდათ ახლა ეს ყველაფერი? შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების ინტერესებში ევროკავშირის კანდიდატობა არაფრით არ შედის, მით უფრო, რომ არ იციან, როგორ დასრულდება ომი და რუსეთის ეშინიათ. თუ რუსეთი აქამდე ამბობდა, ჩვენთვის ევროკავშირი პრობლემა არ არისო, ახლა გადათქვეს და სხვაგვარ განცხადებებს აკეთებენ. ამათ იმ პოლიტიკურ ნარატივში, რასაც საზოგადოებაში ნერგავენ, ეს ყველაფერი ჯდება. მათ ევროკავშირთან ურთიერთობის მოდელად აიღეს “ორბანის ფენომენი”. განსხვავება ისაა, რომ ორბანს თავი უკვე ქუდში აქვს, ის იქ არის და ვაჭრობს, ჩვენ კი სად ვართ? “ორბანის მოდელის” გამოყენება, თან უხარისხო შესრულებით, როდესაც უზარმაზარი პრობლემები გაქვს და წინ ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიიწევ, სრული აბსურდია. დღეს “ქართული ოცნება” შანტაჟის ენაზე ელაპარაკება ევროპას, ვიცით, ჩვენით დაინტერესებული ხართ, რადგან ამ დიდ გლობალურ დაპირისპირებაში აქტივად გამოვდგებით, ამიტომ გვაპატიეთ ყველაფერი, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართო.. თუ არ მიგვიღებთ და, აი, დარდიო...” - დაასკვნის ექსპერტი.

“რუსეთ-უკრაინის ომი გაჭიანურების ფაზაში შედის, თუმცა დრო მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი. უკრაინაში, ამ გლობალურ ომში, დღეს წყდება მსოფლიოს მომავალი წესრიგი. უკრაინის ომი აისახება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაზე. უპირველესად ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. დღეს ამ ომში პირდაპირი მნიშვნელობით წყდება ჩვენი ბედიც. ყველა მიმართულებით უკრაინასთან ერთად დასავლეთს ეს ომი უკვე მოგებული აქვს. მაგალითად, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით თუ ავიღებთ, რუსეთის ამოცანა იყო ნატოს გაფართოების შეჩერება, არადა, საპირისპირო მიიღო. აგერ რუსეთის მოსაზღვრე შვედეთი და ფინეთი ნატოში შედიან. წაგებული აქვს ასევე საინფორმაციო, ეკონომიკური თუ მსოფლმხედველობრივი ომი. გარდა ამისა, მსოფლიოში ჩნდება ირიბი პრობლემები, სურსათის, ენერგორესურსების... დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იმდენი რისკია, იმდენი პარამეტრი ამ ომის ირგვლივ, პროგნოზირება რამდენ ხანს გაგრძელდება, ვის შეეხება, ვის საიდან დაარტყამს, რა ახალი ჰუმანიტარული რისკები გაჩნდება, ძალიან რთულია. ვიმეორებ, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, დრო უკრაინაზე მუშაობს, მაგრამ დამატებითი რისკები სად და როდის იფეთქებს და როგორ შემოუტრიალდება სამყაროს, არავინ იცის”, - თვლის გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლება სადღეგრძელოსავით ამბობს, რომ არ გაატარებს არასანქცირებულ ტვირთებს, მაგრამ ეს არ არის რიტორიკის საგანი. ამას სჭირდება თავისი ნორმატიული ბაზა. მებაჟეს თუ არა აქვს შესაბამისი ბრძანება ფინანსთა მინისტრისგან თავისი ჩამონათვალით, რისი გაშვება არ შეიძლება, მას უფლებაც კი არა აქვს შეაჩეროს ეს ტვირთები. უკვე თვეზე მეტია მე და ბევრი სხვაც ვკითხულობთ, გამოცემულია ასეთი ნორმატიული აქტი? - ხელისუფლებისგან კი სრული დუმილია. ჩნდება ბევრი სხვა კითხვაც, მაგალითად, აპრილში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან. არ არის გამორიცხული ამ ფულის დიდი ნაწილი ხმარდებოდეს სანქციების გვერდის ასავლელი სქემების დალაგების მცდელობას. მოკლედ, პირდაპირ ფული გამოჩნდა, არ არის ეს ეჭვის საფუძველი? - რა თქმა უნდა, არის. მხოლოდ პოზაში დგომა და ამ კითხვების შეურაცხყოფად აღქმა არ არის საკმარისი. ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ტყუილია. გგონიათ, შემთხვევით მოიკითხა ეს საკითხი ჯოზეფ ბორელმა? კი, კარგია, რომ გაეროში უკრაინას მხარს უჭერთ, ამისთვის მადლობა, მაგრამ სანქციებთან დაკავშირებით რა ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. დასავლეთისთვის რუსეთთან ამ გლობალურ ბრძოლაში სანქციები არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, თუ შენ ამ იარაღისგან რუსეთს თავის დაღწევაში ხელს უწყობ, გამოდის, მტრის მხარეზე ხარ”, - დასძენს ექსპერტი.

ორი გამოფიტული არმია და ომის მესამე ფაზა - როდის და ვის სასარგებლოდ მოხდება გარდატეხა უკრაინის ომში

“უკრაინაში მებრძოლი ორივე მხარე 3-თვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად გამოიფიტა და უახლოეს თვენახევარში ომის მსვლელობაში მოსალოდნელია სერიოზული გარდატეხა, თუმცა ვის სასარგებლოდ - წინასწარ ძნელი სათქმელია. ასე აფასებენ სამხედრო ანალიტიკოსები ფრონტზე შექმნილ ვითარებასა და კიევში გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს ომის მესამე ფაზის დაწყების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დაიწყო ომის დასკვნითი მესამე ფაზა. მისი ცნობით, ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაზეა, სადაც რუსეთის ჯარი უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად აგზავნის დამატებით ძალებს. ასევე შეტევის განხორციელებას პაპასნაიას დასავლეთით და ჩრდილოეთით ცდილობს. პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ვითარებას “არასასიამოვნო” უწოდა, უკრაინელი სამხედროების გამოფიტვის ხარისხის გათვალისწინებით. სამხედრო ანალიტიკოსთა უმრავლესობა მესამე ფაზაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნებს, რადგანაც რუსებს ჯერ მეორე ფაზისთვის დასახული გეგმა არ შეუსრულებიათ და არც ის ჩანს, რომ ამ გეგმაზე უარს ამბობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი გამოფიტული არმია და ომის მესამე ფაზა - როდის და ვის სასარგებლოდ მოხდება გარდატეხა უკრაინის ომში.

“მეორე ფაზის დროს კი რუსულ სარდლობას დაგეგმილი აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება და პარალელურად სამხრეთ უკრაინის ოკუპაცია, რაც ნიკოლაევისა და ოდესის აღებასა და მოლდოვის საზღვრამდე გასვლას გულისხმობს. რაც შეეხება საუბრებს უკრაინის არმიის გამოფიტვაზე, მათი შეფასებით, იგივე შეიძლება ითქვას რუსულ არმიაზე, რომელსაც ცოცხალი ძალის გარდა სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგიც აქვს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო დღეებში მათ საბრძოლო მოქმედებებში უკვე სტრატეგიული ავიაციის გამოყენება დაიწყეს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ომი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ივლისში კი, როდესაც უკრაინა უკვე ფიზიკურად მიიღებს უახლეს დასავლურ შეიარაღებას და დაასრულების სამხედრო პერსონალის შესაბამის გადამზადებას, ომში შეიძლება უკრაინელთა სასარგებლოდ სერიოზული გარდატეხა მოხდეს. ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ დღეს რაც უკრაინაში ხდება, ომის მეორე ფაზის გაგრძელებაა და მას შემდეგ, რაც უკრაინა დასავლეთიდან უახლეს იარაღს მიიღებს და სამხედრო პერსონალი შესაბამისად გადამზადდება, ომში დიდი ალბათობით გარდატეხა მოხდება, რაც უკრაინის მხრიდან კონტრშეტევას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ომი მანამ გაგრძელდება, სანამ უკრაინას არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, არამედ რუსი სამხედროებისა და იმ პოლიტიკოსების დასჯა არ შეძლებს, ვინც უკრაინელთა განადგურების ბრძანება გასცა. გარდატეხა უნდა მოხდეს, რომელიც ან უკრაინელთა, ან რუსების სასარგებლოდ უნდა იყოს, რაც ჯერ არ იკვეთება. ვერ ვიტყოდი, რომ რუსებმა დამატებითი მესამე ფაზის შეტევა დაიწყეს. ეს იმ შეტევის გაგრძელებაა, რასაც ახორციელებენ. მით უმეტეს რუსული ნაწილები ლუგანსკის რაიონში წინ ისე მიიწევენ, რომ არავითარი დამატებითი მესამე ფაზა არ სჭირდებათ. მაგრამ მეორეს მხრივ უკრაინელებს ახალი იარაღის მიღების, მისი ათვისების და მობილიზაციის დასრულების შემდეგ საშუალება ექნებათ, რომ კონტრშეტევა წამოიწყონ. მეორე ფაზა თუ რუსების მარცხით დასრულდება, მობილიზაციის გარეშე მათ მესამე ფაზის დაწყების საშუალება არ ექნებათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ახლა სამხედრო მოქმედებებში რუსეთს 90-დან 120 ათას სამხედრომდე ჰყავს ჩართული. მილიონამდე სამხედროს ვერ გამოიყვანს, რადგან მათი მომარაგება, აღჭურვა და გამოკვება ლოჯისტიკურად კატასტროფა იქნება. მათ ამ რაოდენობის ადამიანი შეუძლიათ ხანგრძლივად ჰყავდეთ, დანაკარგები კერძო კონტრაქტორი კომპანიებიდან შეავსონ, მაგრამ ამასაც ლიმიტები აქვს. უკრაინას ახლა უფრო მეტი სამხედრო ჰყავს, ვიდრე რუსებს, შეფარდება ორი ერთზეა. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა - ეს სამხედროები რუსეთისა და ბელარუსის მთელ საზღვარზე არიან გადასროლილი, ნაწილი კიევთანაა გამაგრებული. ახლანდელ ფრონტის ხაზზე გადაადგილებას კი ვერ ახერხებენ. მაგრამ ეს ვითარება ყოველდღიურად იცვლება, რადგან იქმნება ტერიტორიული დაცვის დამატებითი რაზმები, რომელთა მობილიზება აპრილიდან დაიწყო. რუსებისაგან განსხვავებით უკრაინელები სამხედროებს არა 1-2 კვირა, არამედ თვეზე მეტ ხანს წვრთნიან. შეიარაღებული ძალების შევსების მერე კი შესაძლებელია უფრო ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა განახორციელონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“უკრაინელების შემართება მაღალია. ძველი რეგულარული არმიაა, რომელიც კონკრეტულ ადგილებში 2014-15 წლებიდან იბრძვის, მათ შორის ლუგანსკსა და დონეცკში. ამ ეტაპზე მათი ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება ალბათ ლოგიკური და შესამჩნევია, ისინი ფართომასშატბიან შეტევებს სამი თვის განმავლობაში უძლებდნენ და ამან თავისი კვალი დატოვა. მაგრამ არ ნიშნავს, რომ მთელი არმია გამოიფიტა. უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსების კიდევ უფრო გაშმაგებულ შეტევას ვიხილავთ, მაგრამ თითოეული ტერიტორიის დასაკავებლად ორ-სამჯერ მეტ სამხედროს კარგავენ. რთული სათქმელია ისინი დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლას რამდენად შეძლებენ. უფრო სავარაუდოა, რომ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლა მოახერხონ. თუმცა ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი უკრაინელთა კონტრშეტევით დასრულდება. მათ დასავლური დახმარება აქვთ და რუსებმა მთელი დონეცკისა და ლუგანსკის რაიონი რომც დაიკავონ, ისინი ომს თავისით ვერ დაასრულებენ”, - მიიჩნევს კობერიძე.

“ომში სრული გარდატეხა აუცილებლად დადგება ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში. სავარაუდოდ, რუსებს კიდევ ექნება რესურსი, რომ მობილიზაციის გარეშე თვეზე ოდნავ მეტ ხანს აქტიური საბრძოლო მოქმედებები აწარმოონ, მაგრამ ივლისის პირველი ნახევრისთვის უკრაინელები სავარაუდოდ უფრო მეტად გაქტიურდებიან და კონტრშეტევებს დაიწყებენ. ომის დასრულებას ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყსში ვვარაუდობ, თუკი მანამდე უეცარი გარდატეხა არ მოხდა”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინს ჯერ მეორე ფაზის გეგმების განხორციელება უჭირს და არავითარი მესამე ფაზის დაწყების კონტურები არაა”, - დასძენს გამოცემა.

“არავითარი მესამე ფაზა არ დაწყებულა, ეს მეორე ფაზის გაგრძელებაა, რადგან ის გეგმები, რაც პუტინმა მეორე ფაზაში შეიტანა, არ განუხორციელებია. ახლა რუსების გადაჯგუფბა და კონცენტრაცია ლუგანსკისა და ხარკოვის მიმართულებითაა. ისინი ლუგანსკის მთლიანად დაკავებას ცდილობენ, რომ მერე უკვე კრამატორსკი-სლავიანსკის მიმართულებით გადავიდნენ. მეორე ფაზის პუტინის გეგმა დონბასის ოკუპაცია, შემდგომში ნიკოლაევის, ოდესისა და მიმდებარე ტერიტორიების დაკავება და დნესტრისპირეთზე გასვლაა, ასევე ზაპოროჟიე-კრივოი როგის მიმართულებით პლაცდარმის შექმნა. ჯერ ეს ვერ განახორციელეს და მესამე ფაზაზე ვერ გადავლენ. ჯერჯერობით მეორე ფაზა გაჭიანურდება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მარიუპოლის დაკავებაზე კონცენტრირებული რუსების დაჯგუფება დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გადაისროლეს. აქ ცხარე ბრძოლოები უკვე დაიწყო. რუსებმა ხარკოვის მიდამოებში ტაქტიკური კონტრშეტევა დაიწყეს. ასევე სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავებას ცდილობენ, რომ 8 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში მოაქციონ და ამით ლუგანსკის ოკუპაცია დაასრულონ. შემდეგი მიმართულება უკვე დონეცკი, კრამატოსკი-სლავიანსკი და ავდეევკის მიმართულება იქნება. მარიუპოლი დონეცკის ოპერაციაში შედიოდა და შემდგომში, როგორც ჩანს, ნიკოლაევი-ოდესაზე გადასვლა სურთ. უკრაინელების ცოცხალი ძალა ომში იფიტება, თუმცა შემართება მაღალია. თუ რუსებმა დონეცკისა და ლუგანსკის დაკავება შეძლეს, ისე როგორც მარიუპოლში მოხდა, მაშინ ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალას წაართმევს. რუსებიც იფიტებიან. ამის გარდა, მათ საბრძოლო ტექნიკა აკლდება”, - განაგრძობს ექსპერტი.

“საბრძოლო ავიაციაში რუსებს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვთ. ისინი უკვე “სუ-57”-ების ანუ სტრატეგიული შეიარაღების გამოყენებას იწყებენ და ეს ნიშნავს, რომ რუსების ძალები იფიტება. მაგრამ ერთი ნიუანსია, შემოსავლები ჯერ კიდევ აქვთ. რუსეთი მესამე ფაზაში იმ შეთხვევაში გადავა, თუ ამ გეგმებს შეასრულებს. მესამე ფაზის შესაძლო გეგმები ხარკოვის და დნეპრის დაკავება იქნება. მერე შეეცდება, რომ კიევზე წავიდეს. ჩანს, რომ რუსებს საბრძოლო მოქმედებების წარმოება არ ეჩქარებათ. ისინი გაჭიანურებული საბრძოლო მოქმედებების გეგმაზე გადავიოდნენ. ამისთვის უკრაინელებიც ეზადებიან და ძალების კონცენტრაციას ახდენენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთის 30% “აზოვსტალში” იყო განლაგებული. თუ ასეთი სერიოზული ჩავარდნა კიდევ მოხდა, ეს მათი საბრძოლო მოქმედების ხარისხს კიდევ დასწევს. უკრაინელებმა პირველ რიგში ეს უნდა გაითვალისწინონ”, - თვლის ვახტანგ მაისაია.

ლადო პაპავა - "რუსეთი მსოფლიოს სასურსათო ომითაც უპირისპირდება"

“დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტას ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის დროს ჩაეყარა საფუძველი. მიზეზი ის გახლდათ, რომ ეროვნულ მთავრობებს სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ მოუწიათ, რათა ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვით ვირუსის გავრცელება შეეფერხებინათ. ბუნებრივია, ამ პროცესში დაიწყო მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევაც, რაც მიწოდების შემცირებაზე აისახა. მიწოდების შემცირება კი არის პრობლემა, რომელიც სწორედ პანდემიის გამო წარმოიშვა და მსოფლიო ემზადებოდა ახალი გლობალური ჯაჭვების ფორმირების დასაწყებად, რომლის საფუძველი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში მაიკლ სპენსი აღნიშნავს, დივერსიფიკაცია უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ამას დრო სჭირდებოდა, მაგრამ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ომი და დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები, რასაც მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან რუსეთის გამოთიშვა მოჰყვა. ომის გამო, მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან ამოვარდა უკრაინაც”, - აცხადებს ეკონომისტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რუსეთი მსოფლიოს სასურსათო ომითაც უპირისპირდება".

“ომამდე ხორბლის მსოფლიო ექსპორტში რუსეთსა და უკრაინას ჯამში 25% ეკავათ, რაც ნიშნავს, რომ ამ ომის გამო მსოფლიოში ხორბლის მიწოდება 25%-ით შემცირდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მას სანქციები დაუწესეს, უკვე მაშინ ინტენსიურად დაიწყო მუშაობა მარცვლეულის წარმოების ზრდაზე. მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა ხორბალი გამხდარიყო გარკვეული პოლიტიკური ინსტრუმენტი რუსეთისთვის. პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა რუსეთს რეალურად უბიძგა, რომ როგორც კი სანქციები დაედო, ცალკეულ შემთხვევებში ხორბლის ექსპორტი აეკრძალა, ცალკეულ შემთხვევებში კი გაეზარდა საექსპორტო ხორბლის ფასი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ხორბლის მიწოდებაზე. თავის მხრივ, უკრაინა ავტომატურად გამოეთიშა ექსპორტიორთა რიცხვს, რადგან ომში მყოფ ქვეყანას, ჯერ ერთი, თავად სჭირდება ხორბლის მოხმარება, მეორე მხრივ კი, თუკი რაიმე საექსპორტო რესურსი აქვს, გატანა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა შავ ზღვაში უკრაინული პორტების რუსების მიერ ბლოკირების გამო. ამ პრობლემამ მსოფლიოში ახალი ფენომენი - “სასურსათო ომი” გააჩინა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

“სხვა სიტყვებით, დღეს რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად მიმდინარეობს “სასურსათო ომი”, რომლის მთავარი აქტორი უშუალოდ რუსეთია, რომელიც სურსათს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ხორბალს იყენებს როგორც ინსტრუმენტს მსოფლიოსთან დაპირისპირების კონტექსტში. ამიტომ ეს პრობლემა სერიოზულია მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს, სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად ძლიერი არიან, აქვთ რესურსი, რომ “სასურსათო ომს”, ასე თუ ისე, თავი გაართვან. თუმცა ღარიბი ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სადაც სიღარიბე ისედაც საკმაოდ მაღალია, ახლა კი, როდესაც ხორბლის მიწოდება მსოფლიოში შემცირებულია, ბუნებრივია, მთლიანად სურსათი გაძვირდება და ეს დაარტყამს ღარიბებს. ამაზე დღეს უკვე წერენ ცნობილი ეკონომისტები, ანალიტიკოსები, რომ დღეს ერთ-ერთი გლობალური პრობლემა სწორედ “სასურსათო ომია”,- განაგრძობს რესპონდენტი.

“რა თქმა უნდა, მსოფლიოში არის ხორბალი და მათ შორის, უფრო დაბალხარისხიანი, რომელიც, მაგალითად, ინდოეთს მოჰყავს, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა, ალბათ, თავს შეიკავებს ინდური ხორბლის შეძენისგან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თავად ინდოეთმაც შეზღუდა ხორბლის ექსპორტი. ამიტომ ხორბლის ბაზარზე ახალი მიმწოდებლები უნდა გამოჩნდნენ და, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან, მაგრამ ასე სწრაფად მიწოდების ჯაჭვების ცვლილება ტექნიკურად შეუძლებელია... ღარიბი ქვეყნებისთვის პური ძირითადი საკვები პროდუქტია როგორც სიიაფით, ასევე ყუათიანობით. ამიტომ აქ იწყებს მოქმედებას ის ფენომენი, რასაც ეკონომისტები ვეძახით “გიფენის პარადოქსს”. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც პურზე ფასი იზრდება, ღარიბ მოსახლეობას უფრო ნაკლები ფინანსები რჩება იმისთვის, რომ სხვა, შედარებით ძვირი პროდუქტები მოიხმაროს; მათ ნაცვლად ღარიბები იძულებული არიან ისევ და ისევ პურით ისაზრდოონ. ეს პურზე ფასების ზრდის ის “სპირალია”, რომლის გარღვევის ერთადერთი მექანიზმი მარცვლეულის მიწოდების ახალი დივერსიფიცირებული გლობალური ჯაჭვების ფორმირებაა”, - განმარტავს ეკონიმისტი.

“მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის აგრესიას. არავინ იცოდა, რამდენ ხანს გასტანდა საომარი მოქმედებები. რუსეთს ჰქონდა გათვლა, რომ სწრაფად, დიდი დანაკარგის გარეშე დაამარცხებდა უკრაინას და დამატებით ტერიტორიებს წაართმევდა. რუსეთმა ეს ვერ გათვალა, დასავლეთის რეაქციაც საკმაოდ უცნაური იყო. ბევრი კითხვა იყო და არც ის იყო ცნობილი, როგორი იქნებოდა ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობა. აღმოჩნდა, რომ სანქციებს აქვს რამდენიმე “ხვრელი”. “ხვრელი” ნომერი ერთი ის არის, რომ ევროკავშირი, რომელიც ბევრი სანქციის ინიციატორია, თავად ყიდულობს რუსულ ენერგეტიკულ რესურსებს, ანუ ცალი ხელით ეხმარება უკრაინას, მეორით კი უფრო მეტ ფულს უხდის რუსეთს ენერგორესურსებისთვის; მეორე “ხვრელი” გახლავთ ის, რომ არის მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებიც ამ სანქციებს არ შეერთებიან და განაგრძობენ რუსეთთან ეკონომიკურ, და არა მარტო ეკონომიკურ ურთიერთობას. რამდენიმე ქვეყანამ საჯაროდ კიდეც განაცხადა, რომ სანქციებს არც ერთ შემთხვევაში არ შეუერთდებიან. მათ შორის გამორჩეულია ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი. ამიტომ სანქციები ძალიან ძლიერია, მასშტაბური, თუმცა მათი ეფექტიანობა ამ “ხვრელების” გამო შემცირებულია”, - ამტკიცებს ლადო პაპავა.

“რუსული რუბლი გამყარდა. ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან რუსეთს სავალუტო რესურსი შესდის, ხოლო სანქციების გამო იმპორტი შეუმცირდა. შესაბამისად, ვალუტა არ გაედინება, ანუ რუსეთს სერიოზული სავალუტო მატება აქვს, რაც სანქციების ეფექტიანობას ამცირებს. იმავდროულად, ევროპისთვის არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება, რადგან ენერგეტიკული რესურსების გარეშე ევროპულ ქვეყნებს არსებობა არ შეუძლიათ, ხოლო ალტერნატიული რესურსების მოძიება იოლი არ არის. სხვა წყაროებიდან გაცილებით რთულია გაზის მიღება - ჯერ ერთი, მილსადენები არ არის, ხოლო საკმარისი თხევადი გაზის შეტანა რომც მოხერხდეს, წარმოება ტექნოლოგიურად უნდა გადაეწყოს, რასაც ძალიან დიდი ინვესტიცია და დრო სჭირდება. ამიტომ ევროპელი პოლიტიკოსები ვერ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომ ზიანი მიაყენონ თავიანთ მოსახლეობას, ეკონომიკას და ეს დღესავით ნათელია, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი პოლიტიკურად გაკოტრდებიან და მომდევნო არჩევნებს წააგებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ თუ არა აქვთ გარანტია, რომ რუსულ ენერგეტიკულ რესურსს სხვა ქვეყნებიდან მიღებული რესურსით ჩაანაცვლებენ, რუსულ ენერგორესურსებზე უარს არ იტყვიან, რაც შესანიშნავად იციან კრემლში”, - ამბობს რესპონდენტი.

“ქვეყნები უკვე ფიქრობენ და გეგმავენ ხორბლის დათესვას. მათ შორის, მოვისმინე საქართველოს მთავრობის განცხადებაც, რომ გაიზრდება მარცვლეულის წარმოება საქართველოში. ამაზე დღეს ყველა ქვეყანა ფიქრობს, სადაც მარცვლეულის წარმოებაა შესაძლებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასურსათო ომი მეყსეულად დასრულდება. ის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება... რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა ძალიან შემცირდა, - მაინც შემოდიოდა მცირე რაოდენობით, ახლა კი საბოლოოდ შეიზღუდა. ამიტომ ეს ჩვენი წისქვილკომბინატებისთვის დიდი პრობლემაა და ბუნებრივია, პურის გაძვირება გარდაუვალია. მაგრამ პურის სუბსიდირება გამოიწვევს იმას, რომ იაფი პური შეხვდება ყველას - მათ შორის მათაც, ვისაც არ სჭირდებათ და აქვთ შემოსავალი, რომ გაძვირებული პურიც იყიდოს. ამიტომ აუცილებელია არა პურის, არამედ გაჭირვებული მყიდველის სუბსიდირება, ანუ პურის გაძვირების საკომპენსაციოდ, ფინანსური დახმარება უნდა გაიცეს გაჭირვებულ მოსახლეობაზე სოციალურ დახმარებასთან ერთად”, - დასძენს ლადო პაპავა და შეკითხვაზე - “ამბობთ, რომ მსოფლიოს შიმშილი ელოდება. მოშიმშილე ნაწილში საქართველოც მოხვდება?” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, არა. საქართველოში კი გაძვირდება პური, მაგრამ ჩვენ რასაც შიმშილს ვეძახით, ეს ძირითადად აფრიკული ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას შეეხება... ამ ეტაპზე რასაც მთავრობა აკეთებს, ვფიქრობ, სწორია. ვგულისხმობ ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების გაზრდის შესახებ ნაბიჯებს. თუმცა ვისურვებდი, ეს ცოტა ადრე დაწყებულიყო, თუნდაც 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე”.

რა მოხდება, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ

“მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს, ერთ თვეში გაირკვევა. თუმცა მანამდე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს სწორედ ამ პროცესის საბოტირებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, რათა კანდიდატის სტატუსის მიღება დაბლოკონ. ოპოზიციის მტკიცებით კი, ხელისუფლება თავისი მიზანმიმართული ქმედებებით ცდილობს ევროკავშირს თავად ათქმევინოს უარი საქართველოზე. რა პერსპექტივა აქვს ამის გათვალისწინებით საქართველოს და რა მოხდება, თუ ივნისის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ? ანალიტიკოსთა უმრავლესობას პოზიტიური მოლოდინი აქვს. მათი შეფასებით, ევროპაში აცნობიერებენ, რომ საქართველოს განაცხადზე უარყოფითი პასუხი მოსახლეობაში ზოგადად დასავლეთისადმი ნიჰილიზმის ზრდას გამოიწვევს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ 24-25 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ოფიციალურად გამოცხადდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, თუნდაც გარკვეული დათქმებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით რა შანსი აქვს საქართველოს და რა მოხდება, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ.

“ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიციის შესაძლო ნეგატიური კამპანია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, ისინი გამორიცხავენ მასიურ საპროტესტო გამოსვლებს იმ ჰიპოთეტურ შემთხვევაშიც კი, თუკი საქართველოს განაცხადზე პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითი იქნება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მათი მიზანია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმიღებას ქვეყანაში არეულობა მოჰყვეს. “ძალიან მარტივი გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არმიღებას, მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა; რომ ამ არეულობაში აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლება სასამართლო გადაწყვეტილებებით ცდილობს, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა წაართვას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული ოცნების” ოპონენტები ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარეშე ჩვენს ქვეყანაზე დასავლეთი უარს იტყვის. “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნონა მამულაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია დასავლეთი იძულებული გახადოს თავად თქვას უარი საქართველოზე. ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ხათუნა სამნიძეც დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას საქმე გავლენას მოახდენს პარტნიორების გადაწყვეტილებაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ მორიგი პოლიტიკური საქმის გაჩენით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინაღობა დაამატა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული პრობლემებისა და ბოლო დროს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გატარებული გაუგებარი საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მაინც უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე დღის წინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი და იქ მისი მხრიდან გამოთქმული პოზიცია თუ სხვა განცხადებები”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროკავშირი მარტო პრემიერს და მმართველ გუნდს არ ელაპარაკება. ასევე ესაუბრებიან ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ რაიმე შეიძლება გაიგონ. აქ ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი იგივე პრემიერ-მინისტრია. შესაბამისად, მმართველი ძალის მიმართ უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ევროკავშირს და ღარიბაშვილსაც ბრიუსელში ბევრი რაღაცის ახსნა მოუწევდა. შარლ მიშელს ალბათ საუბარი მის მიერ შედგენილ შეთანხმებაზეც ექნებოდა. გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ხალხიც და ოპოზიციაც მოატყუა. ამიტომ არ მგონია, ღარიბაშვილს ადვილი შეხვედრები ჰქონოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“შესაძლოა საუბარი მიშელის დოკუმენტის რეანიმაციაზეც იყო და იმაზე, თუ ჩვენი ხელისუფლება მის აღდგენაზე რამდენად მზად არის. თუ ჩვენ მიშელის ხელშეკრულების მსგავსი მოდიფიცირებული ვარიანტი ვნახეთ, ჩავთვალოთ, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი პირობაც კი ყოფილიყო. რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა ქვეყანაში არეულობა დაიწყოს თუკი კანდიდატი წევრის სტატუსი არ მოგვცეს, ეს ნაკლებად მგონია. პირველ რიგში იმტომ, რომ თუკი უკრაინას და მოლდოვას ამ სტატუს მიანიჭებენ, საქართველოს ისე არავინ დატოვებს. თუმცა, რომ არ მოგვანიჭონ, დარწმუნებული ვარ ოპოზიცია ამასაც სათვისოდ ვერ გამოიყენებს. რა თქმა უნდა, მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება გაჩნდება და ანტიდასავლური განწყობები უფრო გაძლიერდება. ამიტომ ნაკლებად ველი, რომ არ მოგვანიჭებენ“, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განცხადება თავის დაზღვევას ჰგავს. კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ოპოზიციას პროცესებზე ძალიან სუსტი გავლენა აქვს, ამიტომ მათ ქმედებას დიდი გავლენა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ვერ და არ ექნება. “მთავარი პრობლემა, რის გამოც ჩვენი კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი შეიძლება ვერ მივიღოთ, არის ის, რომ მოცემული პირობიდან ძალიან ბევრი დავარღვიეთ. მიშელის დოკუმენტი არა თუ არ შევასრულეთ, არამედ საერთოდ ამ ხელშეკრულებიდან “ოცნება” გამოვიდა. ასევე სასამართლო რეფორმის გაჭიანურება, დემოკრატიის უკან სვლა, მედიის ხელმძღვანელის დაკავება საკმაოდ საეჭვო დროს და ბევრი ასეთი წვრილმანი თემები, როლებიც წლებია გროვდება”, - მიიჩნევს ბენდიანიშვილი, რომლის აზრით, “რა თქმა უნდა, თუკი წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭეს, საზოგადოებაში ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა არა არეულობას და დესტაბილიზაციას, როგორც ამას კობახიძე ამბობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჯერ ერთი, რომ ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ის ხალხის ქუჩაში გამოყვანასაც რამდენად შეძლებს ამ თემის გარშემო, უკვე ესეც საკითხავია. თუმცა არაა გამორიცხული აქციები იყოს, მაგრამ აქცია დესტაბილიზაციას რატომ ნიშნავს? გამოვა მოსახლეობის რაღაც ნაწილი, მაგრამ არა იმდენი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. კი, ბატონო, არც ისაა გამორიცხული, რომ პირიქით, ანტიდასავლური განწყობები გაჩნდეს და პრორუსული ძალები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. აი, სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით არაა გამორიცხული, რომ დასავლეთმა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭოს. თუკი ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მაშინ ჩვენც მოგვანიჭებენ. შესაძლოა გვითხრან, რომ ამას არ ვიმსახურებთ, მაგრამ გარკვეული დათქმებით მაინც დადებითი პასუხი მივიღოთ”, - დასძენს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ზურაბ ბატიაშვილი - “როგორი იქნება თურქეთის როლი ახალ საერთაშორისო დღის წესრიგში”

“თურქეთს ტრადიციულად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აქვს. ხშირად ვხედავთ ზიგზაგებს, მხოლოდ ზედაპირზე რაღაც მოვლენებს, რომელიც შემდეგ ძნელი ასახსნელია, რეალურად კი თურქეთს, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანი ძალაა, სპეციფიკური მიდგომა აქვს - ერთი მხრივ, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ეხმარება სამხედრო შეიარაღებითაც, ბოსფორის სრუტე დაკეტილი აქვს რუსული სამხედრო გემებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ომის დროს, და მეორე მხრივ, კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რასაც დიდწილად ის განაპირობებს, რომ თურქეთს აქვს ეკონომიკური სირთულეები და სურს უფრო არ დაუმძიმდეს ვითარება, რადგან მომავალ წელს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია”, - აცხადებს ამბობს რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორი იქნება თურქეთის როლი ახალ საერთაშორისო დღის წესრიგში.

“რუსეთ-უკრაინის ომის გამო თურქეთის ეკონომიკამ დიდად იზარალა და კიდევ უფრო იზარალებდა, თუ თურქეთი მიუერთდებოდა, მაგალითად, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.­ თურქეთი ნატოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებს შეერთებული არ არის. თურქეთის ეკონომიკა 45%-ით არის დამოკიდებული რუსეთზე, ნავთობის 17%-ს რუსეთიდან იღებს, რუსეთში მუშაობს ძალიან ბევრი თურქული სამშენებლო კომპანია, რუსეთში გადის თურქული პროდუქცია, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტექსტილი. გარდა ამისა, თურქეთში მილიონობით რუსი ტურისტი ჩადის. ჯამში თავს იყრის დიდძალი თანხა, რომელიც თურქეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი და შეკითხვაზე - “ანკარამ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებაზე თანხმობის წინაპირობად რამდენიმე საკითხი წამოაყენა...” - პასუხობს:

“ამ საკითხთაგან უმთავრესია ის, რომ თურქეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა არეულობა სამეზობლოში, მათ შორის, სირიაში. სირიაში მოქმედი “ხალხთა დაცვის ნაწილები” დასავლეთის მოკავშირედ ითვლება, მაგრამ თურქეთი ამ გაერთიანებას განიხილავს როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიის გაგრძელებას და ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. დასავლეთში კი პირიქით, ქურთისტანის მუშათა პარტიას განიხილავენ ტერორისტულ ორგანიზაციად და არა სირიულ “ხალხთა დაცვის ნაწილებს”. როგორც ხედავთ, საფრთხეების აღქმაში განსხვავებაა. თურქეთს სურს დასავლეთმაც ისინი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს, მაგრამ ეს მოხდება თუ არა, სხვა საკითხია. ამასთან, 2019 წლის შემდეგ თურქეთისთვის სამხედრო ემბარგო აქვთ დაწესებული ფინეთსა და შვედეთს იმის გამო, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია სწორედ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო”.

“ახლა თურქეთი ემბარგოს გაუქმებას ითხოვს, განსაკუთრებით ამერიკული მეხუთე თაობის ბომბდამშენ-გამანადგურებლის F-35-ების შეძენისთვის. თურქეთს მისი მიწოდება რუსული სარაკეტო კომპლექსის C-400-ების შეძენის გამო შეუწყვიტეს. თუ F-35-ის შეძენის საკითხი ვერ მოგვარდა, შეიძლება დადგეს F-16-ების შეძენის საკითხი - ნაწილი კი ჰყავს თურქეთს, მაგრამ მოდერნიზება სჭირდება და ამიტომ ახალი F-16-ების შეძენა სურს. ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც თურქეთს უჭირს დათანხმება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებაზე, განსაკუთრებით შვედეთის, რადგან შვედეთში ძალიან ბევრი ქურთი აქტივისტია, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს და მათ გადაცემასაც ითხოვს, მაგრამ შვედებმა უარი უთხრეს. თურქეთის გადმოსახედიდან ასევე საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნიდან დევნილი თურქი პოლიტიკოსის, ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეები, ამ ორ ქვეყანაში კი გიულენის ბევრი მომხრე ცხოვრობს. მოლაპარაკება გრძელდება, როგორც თურქულ-ამერიკული, ასევე თურქულ-სკანდინავიური, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ვფიქრობ, შეძლებენ კომპრომისამდე მისვლას”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და ბლინკენი. ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების. ეს ნიშნავს, რომ პროცესი მიდის... თურქეთს, თავისი სპეციფიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, შეუძლია უკრაინულ და რუსულ მხარეებს ელაპარაკოს და ორივესთან მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელი გახდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. თურქეთს აქვს საამისო პრესტიჟიც, ძალაც და შესაძლებლობაც. თურქეთს რეგიონში მშვიდობა სურს, რადგან ხედავს, ეს ომი რამხელა ზიანს აყენებს რეგიონსაც და თავად თურქეთსაც... ჩვენ თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო ხელისუფლების სათავეში საქართველოსა თუ თურქეთში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ასეა. ეს საერთო ინტერესია, რადგან ბევრი საკითხი გვაკავშირებს ერთმანეთთან, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. რამდენად ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ძნელი სათქმელია”, - დასძენს ზურაბ ბატიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა