ფოთში, მეორე დღეა აქციის მონაწილეებს გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო გზა აქვთ გადაკეტილი

ფოთში,უკვე მეორე დღეა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილებს გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტილი აქვთ. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში არ დაშლილან.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.
,,მეორე დღეა აქ ვართ და ვიქნებით იქამდე, ვიდრე კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ. ჩვენი მოთხოვნაა, ჩაგვირიცხონ თანხა და გაგვიშვან აქედან. მეტი სხვა გზა არ არსებობს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ აქციას. გადაკეტილი გვაქვს გეზ-ის გზა, სარგინიგზო გზა და არ ვაძლევთ მუშაობის უფლებას. წუხელ პირველად ვისუნთქეთ სუფთა ჰაერი გამონაბოლქვის გარეშე", - განაცხადა აქციის მონაწილე რამაზ კუბეციამ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებულია და გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. მათივე ინფორმაციით, კომპენსაციის თემა არ განიხილება.

























