“ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში ნიკა კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა - აკადემია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკოლაში სასწავლო კურსზე ჯამში 300 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი 90 შეირჩა, რომლებიც 2.5 თვიან სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან.
“დღეს მსოფლიოში ამ სპეციალობაზე კერძოდ, IT დეველოპერების დეფიციტია. დაახლოებით 4.5 მლნ ადამიანია, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მარგალიტებს აღმოვაჩენთ. წალენჯიხელ ახალგაზრდებს აიტი აკადემია მისცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყნის დატოვების გარეშე აქ შექმნან თავიანთი მომავალი", - განაცხადა გახსნაზე მამუკა ხაზარაძემ.
როგორც ცნობილია, 2.5 - თვიანი კურსი პირველი ნაწილია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ეტაპები, რომელიც ასევე უფასო იქნება.
აკადემიის გახსნას წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და თბილისიდან ჩასული სტუმრები ესწრებოდნენ.