ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს

საგარეო და საშინაო აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, თითქმის სამი თვეა გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში და ვხედავთ როგორ შეიცვალა ამ სამ თვეში მსოფლიო.

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებული კოლექტიური დასავლეთი გერმანიაში ნატოს რაიმშტაინის ბაზაზე მეორედ შეიკრიბება და იმაზე იმსჯელებს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს წარმატებით უკრაინა რუსულ აგრესიას. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართული დელეგაცია არც ამჯერადაც არ მიიღებს.

უკვე ცნობილია, რომ მადრიდის ნატოს სამიტზე უკრაინა და მოლდოვა ალიანსელი პარტნიორებისაგან კიდევ მეტს დახმარებას მიიღებენ, ვიდრე აქამდე იღებდნენ. უსაფრთხოების სფეროში აქტიურად მომუშავე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ აშშ და ალიანსი დგამენ ნაბიჯებს საქართველოს ბრძოლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

გასაგებია, რომ ამ თემაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე გაუგებარია ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული სლოგანი - ომი გინდათ? გაუგებარია ამ კითხვის ადრესატი ვინაა, რადგან, ფაქტია, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი აგრესიული რუსეთის შეჩერება.

უკრაინაში აშკარად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდნილი რუსეთი რომ საქართველოს მიმართ აგრესიას არ ავლენს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ გეგმებზე აქვს უარი ნათქვამი.

თუ ხელისუფლებას ესმის, რომ კრემლის გეგმები ჩვენს მიმართ ისეთივეა, როგორც უკრაინაში აგრესიის დაწყებამდე, გაუგებარია საქართველოს დისტანცირება იმ პროცესებიდან, რასაც ანტირუსული კოალიცია ჰქვია, რომელიც ცდილობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კოლექტიური დასავლეთის ქმედებებს? ამ პროცესში სადაა საქართველო?

- მარტივად რომ ვთქვათ, არსად არ ვართ. შთაბეჭდილება ისეთია, რომ განაბულები ციურ მანანას ველით. ხელისუფლება ქვეყნის გიგანტური ნაბიჯებით განვითარების შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს და თავი ისე უჭირავს, რომ მას არ სცალია იმისთვის, რაც სხვაგან ხდება - ქვეყანა აქვთ მოსავლელი. არადა, ამ დროს ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს, რომლებიც მეორედ აღარ გვექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ დღესაა ყველაზე კარგი შანსი, რომ დიდი ეკონომიური პროექტები, მათ შორის ანაკლიის პორტის იდეა კვლავ ზედაპირზე ამოვწიოთ.

ხელისუფლება ქვეყნის გიგანტური ნაბიჯებით განვითარების შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს და თავი ისე უჭირავს, რომ მას არ სცალია იმისთვის, რაც სხვაგან ხდება - ქვეყანა აქვთ მოსავლელი. არადა, ამ დროს ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს, რომლებიც მეორედ აღარ გვექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ დღესაა ყველაზე კარგი შანსი, რომ დიდი ეკონომიური პროექტები, მათ შორის ანაკლიის პორტის იდეა კვლავ ზედაპირზე ამოვწიოთ

ხელისუფლება რომ ანაკლიის პორტის იდეას არ გაიხსენებს, ვფიქრობ უეჭველია. ვთქვათ, მართალია ყველაფერი ის, რასაც მამუკა ხაზარაძესა და მამუკა ჯაფარიძის შესახებ ამბობდნენ. რაღამ შეუშალა ხელი ახალი ტენდერის გამოცხადებას? როგორც ჩანს, მართალია ვარაუდი, რომ რუსეთი ანაკლიას ტამანის პორტის კონკურენტად განიხილავდა და მისი დაწოლით მოხდა პროექტის ჩაგდება.

დღესაა ყველაზე დიდი შანსი, რომ მოვიქცეთ ისე, როგორც ევროატლანტიკური სივრცის მოკავშირეები უნდა იქცეოდნენ - ნამდვილად არ ვგულისხმობ ომში ჩართვას. ვგულისხმობ, სიმართლეს სოლიდარობა გამოვუცხადოთ და შიშს ისე არ დავაბეჩავებინოთ თავი, რომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ღირსების გრძნობა დავკარგოთ. ასეთები არც ევროკავშირში დავჭირდებით და არც ნატოში.

აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს.

ცხადია, ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დასავლეთი არ არის ერთგვაროვანი და რომ პუტინის მიერ დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა მოსყიდვას უკვალოდ არ ჩაუვლია. ახლა, როდესაც რუსული იარაღი მარცხდება, კვლავ წამოყვეს თავი მოღვაწეებმა, პუტინისათვის სახის შენარჩუნებისაკენ რომ მოუწოდებენ. არადა, ბუჩასა და მარიუპოლის შემდეგ მათ ხმა თითქოს ვეღარ უნდა ამოეღოთ.

ვხედავთ, როგორ აჭიანურებენ იარაღის მიწოდებას გერმანელები, მშვიდობისმოყვარე მოწოდებებით როგორ გააქტიურდნენ იტალიელები, როგორ გაიხადა თავის მიზნად პუტინის ავტორიტეტის გადარჩენა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ა.შ.

საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ანგლო-საქსური სამყაროს პოზიცია თანამიმდევრულია და რუსეთის მცდელობებმა, ამ სამყაროშიც გაეაქტიურებინათ თანამგრძნობები, სერიოზული შედეგი ვერ იქონია. სწორედ მისი წყალობით არსებობს ის კოლექტიური დასავლეთი, რომელიც რუსეთს უპირისპირდება.

საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ანგლო-საქსური სამყაროს პოზიცია თანამიმდევრულია და რუსეთის მცდელობებმა, ამ სამყაროშიც გაეაქტიურებინათ თანამგრძნობები, სერიოზული შედეგი ვერ იქონია. სწორედ მისი წყალობით არსებობს ის კოლექტიური დასავლეთი, რომელიც რუსეთს უპირისპირდება

შეიძლება დასავლეთი მართლაც გვეხმარება რაღაცით, მაგრამ როდესაც მის წარმომადგენლებთან სიტყვიერ კინკლაობას ვხედავთ, როდესაც ეს კინკლაობა აშკარად სცდება კორექტურულების ფარგლებს, ასეთი ღრმად დაფარული თანამშრომლობის დაჯერება ძნელია. კიდევ ერთხელ გავიხსენებ ენტონი ბლინკენის წერილს.

შეიძლება დასავლეთი მართლაც გვეხმარება რაღაცით, მაგრამ როდესაც მის წარმომადგენლებთან სიტყვიერ კინკლაობას ვხედავთ, როდესაც ეს კინკლაობა აშკარად სცდება კორექტურულების ფარგლებს, ასეთი ღრმად დაფარული თანამშრომლობის დაჯერება ძნელია

- ხელისუფლების მტკიცებით, ის რომ ახლა ჩვენთან ომი არაა, შედეგია არა იმის, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი დასავლეთია, არც იმის, რომ რუსეთს ახლა საქართველოსთან აქტიური საომარი მოქმედებების თავი აშკარად არ აქვს, არამედ იმის, რომ ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები უზრუნველყოფენ ჩვენში მშვიდობას. მეტიც, ხელისუფლების მტკიცებით, საქართველოში ომი არ იქნება.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ასეთი აზრი გამოთქვით - „არავინ მოითხოვს ხელისუფლებისაგან ომში ჩართვას, მას მოეთხოვება, ისე მოიქცნენ, რომ განცხადებებითა და ქცევით ქვეყნის პრესტიჟი არ შელახონ და რუსეთთან ფარული თანამშრომლობის შთაბეჭდილება არ შექმნან“.

როცა ვიცით, რომ ცხინვალის რეგიონში ამ რეგიონის რუსეთთან მიმართებაზე ბევრჯერ დაგეგმილ და ბევრჯერ გადადებულ ე.წ. რეფერენდუმს კრემლის სტრატეგები „გეოპოლიტიკის საკითხად“ მიიჩნევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემას მოსკოვი მაშინ გააქტიურებს, როცა საჭიროდ ჩათვლის, თქვენი აზრით, რა აძლევს მმართველ გუნდს იმის მტკიცების საშუალებას, რომ საქართველოში ომი არ იქნება?

- საქართველოში ომი არავის უნდა, მათ, შორის, არც ოპოზიციას, თუ ერთეულ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. მაგრამ მშვიდობა ისე უნდა შევინარჩუნოთ, რომ ამან რეპუტაციული ზიანი არ მოგვიტანოს. ბავშვობაში მაინც ვერ ისწავლეს, რომ შენზე ღონიერთან ჩხუბს ღირსების დაკარგვის გარეშეც შეიძლება თავი აარიდო?

კარგად მესმის უკრაინის ხელისუფლების იმ რამდენიმე წარმომადგენლის მოტივები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე მეორე ფრონტი გაგვახსნევინონ. ისინი, ცხადია, თავისი ქვეყნის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ და ზოგს ნაკლებად აინტერესებს, ჩვენთვის რა შედეგები ექნება ამას.

ცოტა ხნის წინ, ყარაბაღის მეორე ომის დროსაც იყო ჩვენი ჩათრევის მცდელობა. ასეთებს, უბრალოდ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მითუმეტეს, ომის დროს და, მითუმეტეს, ეს არ უნდა იქცეს მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა დაძაბვის მიზეზად.

რაც შეეხება იმას, თუ რა აძლევს ხელისუფლებას იმის მტკიცების საშუალებას, რომ საქართველოში ომი არ იქნება. არ ესმით, რომ ასეთი კატეგორიული მტკიცება ან გაუგებრობაა, ან გარკვეულ საეჭვო ვითარებებზეა მიმანიშნებელი?! განა არ არსებობს უდიდესი გამოცდილება, რომ რუსეთს ინტერვენციაზე უარს ვერაფერი ათქმევინებს, თუ ეს მას დასჭირდა?!

რაც შეეხება იმას, თუ რა აძლევს ხელისუფლებას იმის მტკიცების საშუალებას, რომ საქართველოში ომი არ იქნება. არ ესმით, რომ ასეთი კატეგორიული მტკიცება ან გაუგებრობაა, ან გარკვეულ საეჭვო ვითარებებზეა მიმანიშნებელი?! განა არ არსებობს უდიდესი გამოცდილება, რომ რუსეთს ინტერვენციაზე უარს ვერაფერი ათქმევინებს, თუ ეს მას დასჭირდა?!

გაიხსენეთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს სრული ოკუპაცია მოხდა მას შემდეგ, რაც უკვე გეორგიევსკის ტრაქტატი იყო დადებული და რუსული იმპერიის მიმართ ლოიალობა საერთაშორისო დოკუმენტით გვქონდა გაფორმებული. დღეს რუსეთს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ფარულ მოკავშირედაც რომ მიაჩნდეს, საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციას მაინც განახორციელებს ღიად პრორუსული ხელისუფლების დასასმელად. ამის საფრთხე მით უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის მარცხი უკრაინაში საბოლოოდ დადასტურდა და მას თავის ველიკოდერჟავნიკებისათვის ძვლის მიგდება დასჭირდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვის იდეაც იმიტომ გამოაცოცხლეს, რომ ქართული ხელისუფლების პარალიზება მოეხდინათ. ამ ვითარებაში განაბვა და დასავლური კოალიციისათვის თავის არიდება სულაც არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას.

დღეს რუსეთს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ფარულ მოკავშირედაც რომ მიაჩნდეს, საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციას მაინც განახორციელებს ღიად პრორუსული ხელისუფლების დასასმელად. ამის საფრთხე მით უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის მარცხი უკრაინაში საბოლოოდ დადასტურდა და მას თავის ველიკოდერჟავნიკებისათვის ძვლის მიგდება დასჭირდა

როგორც კი რუსეთში ომით უკმაყოფილების ნიშნები სერიოზულ კონტურებს შეიძენს, ამ იდეას განახორციელებენ მთელი შემდგომი შედეგებით და რიგით რუსს ამ ველიკოდერჟავნიკული ლუკმით დაამშვიდებენ. ამ უკანასკნელს კი მხოლოდ ერთადერთი ლოგიკა აქვს: თუ რომელიმე ქვეყანა მოსწონს, მისი უნდა გახდეს და ბოროტი ნაციონალისტია ყველა, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს.

ჩვენი ხელისუფლება ზედმეტად არ უნდა დაიმედდეს, რომ წვიმის წვეთებს შორის მშრალად გაივლის. თანაც ევროპის წარმომადგენლებთან კინკლაობა ცუდად აღიქმება, როგორც ჩრდილოეთით „ეშმაკურად“ გაგზავნილი მესიჯი.

ჩვენი ხელისუფლება ზედმეტად არ უნდა დაიმედდეს, რომ წვიმის წვეთებს შორის მშრალად გაივლის. თანაც ევროპის წარმომადგენლებთან კინკლაობა ცუდად აღიქმება, როგორც ჩრდილოეთით „ეშმაკურად“ გაგზავნილი მესიჯი

- ახლა საშინაო პოლიტიკაში აქტუალურად განიხილება თუ როგორ პასუხს მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეავსო ევროკავშირის კითხვარი, იყო მოლოდინი, რომ ამ თემაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნებოდა პოლიტიკური და დიფერენცირებული.

მაგრამ, განვითარებული მოვლენები ჯერჯერობით, სამწუხაროდ იმაზე მიუთითებენ, რომ საქართველოს პოზიციები საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება.

ოპოზიცია მმართველი გუნდს იმაში ადანაშაულებს, რომ იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიმართულებით ქვეყანამ ნაბიჯი არ გადადგას. თუ გადაუდგამს ევროკავშირთან დასაახლოებლად „ქართულ ოცნებას“ რაიმე ნაბიჯი , ისიც მხოლოდ ფასადურად. მეტიც, მას საჯაროდ არ უთქვამს რომ მზადაა ოპოზიციასთან ერთად დაიწყოს შარლ მიშელის შეთანხმებაზე მუშაობა.

ამის დასტურად ასევე ხშირად მოჰყავთ ევროკავშირის კვლევითი ცენტრების შეფასებები საქართველოს შესახებ, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ევროპასა და აშშ-ში ჩვენი პარტნიორები უარყოფითად შეხვდნენ „მთავარი არხის“ დირექტო ნიკა გვარამიასთვის 3,5 ნახევრით თავისუფლების აღკვეთას ისეთ საქმეზე, რომელზეც სასამართლოს განაჩენს იურისტთა უმრავლესობა დიდ გაუგებრობად მიიჩნევს.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის მტკიცება, რომ მმართველი გუნდი თავად აფერხებს ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლას?

- არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელიც ზრუნავს ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად. ჩვენში ჯერაც ძლიერია მანკიერი პოლიტიკური პრინციპი, რომ მეტოქის წარმატება, თუნდაც, ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო იყოს, ყველა ხერხით უნდა იქნას აღკვეთილი.

2001 წელს, როდესაც რუსლან გილაევის რაზმი აფხაზეთში იყო გადასული, ერთმა მაშინდელმა ოპოზიციონერმა გულახდილად მითხრა: ჩვენ რა გვეშველება, გილაევმა და ქართველმა პარტიზანებმა სოხუმი თუ აიღეს, შევარდნაძეს თავიდან ვეღარ მოვიშორებთო. საქმე ის კი არ იყო, რომ აფხაზეთი მშვიდობიანად უნდა დაგვებრუნებინა, არამედ ის, რომ მათ პოლიტიკურ მეტოქეს ასეთი წარმატებისთვის არ უნდა მიეღწია.

მაგრამ, ასეთები ცოტანი არიან და მათი რეალური გავლენა მოვლენებზე არ არის დიდი. მათ მხოლოდ ერთგვარად ცუდი ფონის შექმნა შეუძლიათ. მათზე რაიმეს გადაბრალება არა მგონია, სწორი იყოს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩანს, არ ესმით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაფუჭება შედეგად კარგს არაფერს მოგვიტანს. თუ ეს, მართლაც, არ ესმით, პოლიტიკურად უუნარონი ყოფილან, თუნდაც გაწაფული ინტრიგანები იყვნენ. თუ ადამიანს პოლიტიკა მხოლოდ ინტრიგების ხელოვნება ჰგონია და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ვერ ხედავს, პოლიტიკას არ უნდა გავაკაროთ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩანს, არ ესმით, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაფუჭება შედეგად კარგს არაფერს მოგვიტანს. თუ ეს, მართლაც, არ ესმით, პოლიტიკურად უუნარონი ყოფილან, თუნდაც გაწაფული ინტრიგანები იყვნენ. თუ ადამიანს პოლიტიკა მხოლოდ ინტრიგების ხელოვნება ჰგონია და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ვერ ხედავს, პოლიტიკას არ უნდა გავაკაროთ

დასავლელების მხრიდან რეფორმების შეჩერებისა და უკანსვლის ტენდენციის აღნიშვნა მხოლოდ მინიშნებაა უფრო სერიოზულ ეჭვებზე. შიდა პოლარიზაციის შენარჩუნება და პერიოდული გაღვივება მათთვის ნიშანია ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ინფანტილურობისაც და იმისაც, რომ ჩვენში აქ მრავლად არიან ისეთები, რომლებიც გამუდმებით ზრუნავენ, ქვეყანაში რუსეთისათვის ხელსაყრელი მართვადი ქაოსი იყოს და ასეთები ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფში მოიძებნებიან.

შარლ მიშელის შეთანხმებასთან მიბრუნებას, როგორც ვიცი, „ოცნებაში“ იმთავითვე გამორიცხავენ და არც ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელი აკლებს ხელს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების უტაქტო განცხადებებით ისედაც გაღიზიანებულ ევროკავშირის წარმომადგენლებს საფუძველს აძლევს, იფიქრონ, რომ ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობისთვის, არამედ კანდიდატობისთვისაც არ არის მზად. თუ ისე მოხდა, რომ ზრდილობიან უარს მივიღებთ, შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს გადააბრალებენ ამას. ყველამ თავისი წილი დანაშაული უნდა გაიაზროს. ღმერთმა ქნას, ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო.

შარლ მიშელის შეთანხმებასთან მიბრუნებას, როგორც ვიცი, „ოცნებაში“ იმთავითვე გამორიცხავენ და არც ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელი აკლებს ხელს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების უტაქტო განცხადებებით ისედაც გაღიზიანებულ ევროკავშირის წარმომადგენლებს საფუძველს აძლევს, იფიქრონ, რომ ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობისთვის, არამედ კანდიდატობისთვისაც არ არის მზად

რა უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ვიცით, რომ უკრაინაში ხელსაყრელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების შესაქმნელად რუსებმა ექვსი მილიარდი დოლარი დახარჯეს. ყიდულობდნენ პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ადამიანებს, ქმნიდნენ პოლიტიკურ ჯგუფებს, ტელევიზიებს და ა.შ.

იმის შემხედვარე, რაც ჩვენში ხდება, გულუბრყვილობაა, არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ იგივე ხდება აქაც და რომ რუსეთი საქართველოში ინტერვენციას, როგორც შესაძლებლობას, დღის წესრიგში ტოვებს.

- ამ საკითხებზე საუბრისას ცალკე საუბრის თემაა მმართველი გუნდის ლიდერების, პარტიის თავმჯდომარის, პრემიერის და კულტურის მინისტრის განცხადებები ევროკავშირის ლიდერებისა და ევროპარლამენტარების მისამართით.

მათ ახლა არ გავიმეორებ, მაგრამ ფაქტია, რომ დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ უკანასკნელ 2-3 თვეში გაკეთებული განცხადებები არასდროს არ ყოფილა ასეთი ანტიამერიკული, ანტიევროპული და საბოლოო ჯამში ანტიდასავლური.

დარწმუნებული ვარ, თქვენ შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ მათი განცხადებები. თქვენი როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი დიდი ხნის მეგობრებისა და გულშემატკივრების მიმართ ბევრი თვალსაზრისით გაკეთებულ განცხადებებს?

- მიჭირს რაიმეს თქმა. ეს განცხადებები ან პოლიტიკური უმეცრების ნიშანია, ან დასავლეთთან ურთიერთობაში ყველა მიღწევის მიზანდასახული დამსხვრევის მცდელობა. თუ ასე გააგრძელებენ, ამომრჩევლად პრორუსული ელექტორატის მეტი არავინ შერჩებათ.

ეს განცხადებები ან პოლიტიკური უმეცრების ნიშანია, ან დასავლეთთან ურთიერთობაში ყველა მიღწევის მიზანდასახული დამსხვრევის მცდელობა. თუ ასე გააგრძელებენ, ამომრჩევლად პრორუსული ელექტორატის მეტი არავინ შერჩებათ

როგორც ჩანს, ოპოზიციის სისუსტე ამშვიდებთ. ისე, უნდა იცოდნენ, რომ მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში კი ეს ელექტორატიც დაიკარგება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რეგიონებში ცეცხლოვანი ვოიაჟებით და ადგილობრივ მლიქვნელთა ტირადებით გადაიფარება ყველაფერი, ცდება. იგივე ადამიანები ასეთივე ტირადებს უძღვნიდნენ შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით პრემიერ ღარიბაშვილს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია და ახლა ცდილობს იმაში, რაც სავარაუდოდ ამ საკითხზე ივლისში შეიძლება მოხდეს, ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს.

სხვაგვარად ამ თემაზე ხელისუფლების განცხადებები ოპოზიციის მისამართით არანაირად არ იკითხება. ამ და კიდევ ბევრი რამის გამო საკმაოდ მენიშნა „დარიო“ რადიოსთან თქვენი მსჯელობა.

„პოლიტიკური კლასი რამდენიმეწლიანი პერსპექტივით ვერ აზროვნებს... ქვეყნისა და პოლიტიკური პროცესის მართვას ყოველდღიური, თანმიმდევრული და გონიერი შრომა სჭირდება... მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის პერსპექტივაზე ზოგადი თანხმობა საზოგადოებაში არაა, რის გამოც საზოგადოებაში მსოფლმხედველური ქაოსია“.

დასავლეთთან ურთიერთობაში ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოზიცია საკმაოდ მკაფიოა, ხელისუფლების ხშირად სამწუხაროდ არა. ასეთ ვითარებაში ვის ინტერესშია ქვეყანაში მსოფლმხედველური ქაოსი?

- მსოფლმხედველობრივ ქაოსს მცირე მასშტაბის პოლიტიკურ პრობლემებზე მუდმივი კონცენტრაცია დავუმატოთ. მიმდინარე პოლიტიკური პრობლემების აპოკალიფსურ მასშტაბებამდე გაბერვა და ყველაფერი სხვის მიმართ თავის დაბრმავება მწირი პოლიტიკურ კომპეტენციის ნიშანია. ამაში ბრალი მასმედიასაც მიუძღვის.

მასმედიის ინტერესებშია მყისიერი მოვლენები, რომელთა ირგვლივაც ეფექტური ნიუსი შეიძლება აიგოს და არა სტრატეგიული პრობლემები. პოლიტიკოსების უმრავლესობაც ცდილობს მასმედიის ამ გემოვნებას შეეწყოს და ასე ვიღებთ იმას, რომ პოლიტიკური კლასიცა და მასმედიაც „ნიუსის“ პრინციპით იგებს და გეგმავს პოლიტიკურ პროცესებს.

ამ ვითარებაში იშვიათია ანალიტიკა ჩვენს მასმედიაში - სწორედ ის, რისი საჭიროებაც ასე დიდია ჩვენი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გარდამავალი საზოგადოებისათვის. ექსტრემალური და ისტერიული რეაქციების სენი იოლად გადაფარავს ხოლმე სიტუაციის სტრატეგიული შეფასების, რაციოსა და მორალის კანონებით შეფასების სურვილს და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.

ექსტრემალური და ისტერიული რეაქციების სენი იოლად გადაფარავს ხოლმე სიტუაციის სტრატეგიული შეფასების, რაციოსა და მორალის კანონებით შეფასების სურვილს და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ

ვის ინტერესებშია? ცხადია, იმის, ვინც დაინტერესებულია ჩვენში მუდმივად მართვადი ქაოსის სიტუაცია იყოს. ჩვენი მტრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ქმნის ქაოსურ ვითარებას - მისი მომხრეები, თუ მოწინააღმდეგეები. ჩვენი ექსტრემიზმისაკენ მიდრეკილი მედასავლეთეებიც ისევე ემსახურებიან ამ მართვად ქაოსს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტურა.

სამწუხაროდ, ჩრდილოელები ძალიან კარგად გვიცნობენ, იმდენად კარგად, რომ, როგორც მითხრეს, ინტერნეტში ვრცელდება დეტალური რეკომენდაციები, თუ საქართველოში ემიგრირებულებმა ადგილობრივებთან ურთიერთობა როგორ უნდა ააწყონ ქართული ხასიათის გათვალისწინებით.

და ეს არ არის საყველპურო ანალიზზე დაფუძნებული რეკომენდაციები, მათ წინ კომპეტენტური ორგანოებიც მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური და ფსიქო-კულტურული კვლევები უძღვით.

ყველაზე დაბალი კატეგორიის საფეხბურთო გუნდიც კი თამაშის შემდეგ აანალიზებს წაგების თუ მოგების მიზეზებს. ჩვენი პოლიტიკური კლასი ამის საჭიროებას საერთოდ ვერ გრძნობს. გამარჯვებულები თვლიან, რომ მათი გამარჯვება იმთავითვე სამართლიანი იყო, ხოლო დამარცხებულები - პირიქით.

„ნაცმოძრაობას“ 2012 წლის მარცხის შემდეგ კარგად რომ გაეაზრებინა, ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე რა შეცდომები დაუშვა, რატომ გაუუცხოვდა მოსახლეობის კრიტიკულად დიდი ნაწილისაგან, რამდენიმე წელიწადში შეიძლება რეაბილიტაცია მოეხერხებინათ.

„ნაცმოძრაობას“ 2012 წლის მარცხის შემდეგ კარგად რომ გაეაზრებინა, ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე რა შეცდომები დაუშვა, რატომ გაუუცხოვდა მოსახლეობის კრიტიკულად დიდი ნაწილისაგან, რამდენიმე წელიწადში შეიძლება რეაბილიტაცია მოეხერხებინათ

ამის ნაცვლად ჩათვალეს, რომ ყველაფრის მიზეზი ივანიშვილის ფული და რუსული აგენტურა იყო, თავი დაიმშვიდეს და ისეთივენი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ. შედეგი კი მისი მარგინალიზაციის ულმობელი და შეუჩერებელი პროცესია.

ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას საშუალო დონის ტექნიკური ანალიზი რომ ჩაეტარებინათ, წინასწარ ეცოდინებოდა, რომ მისი მცდელობები სიტუაციის უკიდურესი დაძაბვისა უნაყოფოდ დამთავრდებოდა.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი ანალიზი „ხალხმა ყველაფერი იცის,“ „ჩვენ ხომ კარგები ვართ,“ „კარგი პიარით ხალხს გამოვიყვანთ“ და „ყველაფერი კარგად იქნებათი“ ამოიწურება. სწორედ ტექნიკური ანალიზის დეფიციტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ერთსა და იმავე წრეში რომ ატრიალებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა