მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარნეულის შესასვლელში ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა მიულოცეს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დილიდან, ქალაქის ცენტრში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეებია მოწყობილი მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის, სპორტული აქტივობებით, კონკურსებით, საბავშვო სპექტაკლებით და შოუებით.
„მარნეულში ამ წუთებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17:00 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის, მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.
საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ანსამბლი „ალილო“ და ბენდი „რეზო და ბავშვები“ იმღერებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























