გიორგი კანაშვილი - ჩვენ ერთსა და იმავე „ფილმს“ გვაყურებინებენ, პოლარიზებით ყველა დაიღალა, ხანდახან იქმნება წარმოდგენა, რომ თვითონ პოლარიზების შემოქმედნიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც არაფერი იცვლება

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით შეხვდა საქართველო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 31 წლისთავს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეცვლილ მსოფლიოში რამდენად თანმიმდევრული და ადეკვატურია ხელისუფლებისა და ოპოზიციური ჯგუფების მიერ წარმოებული პოლიტიკა, “ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილი ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 31 წლისთავი აღნიშნა. დედაქალაქში წელს პირველად 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს ისტორიაში პირველად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი.

ევროკავშირის ჰიმნი კი შესრულდა, მაგრამ, თუ საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს გადავავლებთ თვალს, სულ უფრო ცხადად ჩანს რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით, მართვის ფორმით, აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ნამდვილად არ ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება სურს.

ხელისუფლება ტრადიციას არ ღალატობს და ცდილობს ქვეყანაში უამრავი პრობლემების მიუხედავად საყოველთაო კეთილდღეობის ილუზიას შექმნას. თან ისე, თითქოს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა 100 ათასამდე მოქალაქეს არ დაუტოვებია. ოპოზიცია კი პირიქით, ისეთ აპოკალიფსურ სურათს ხატავს, თითქოს სულ ცოტა და ქვეყანა „პომპეის უკანასკნელ დღეში“ აღმოჩნდება.

სამსჯელო და სასაუბრო ბევრია, მაგრამ დაგვავალებთ, თუ განეწყობით ისეთ თემებზე სასაუბროდ, როგორიცაა, თუ რა ტიპის პრობლემებით შეხვდა ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის მორიგ დღეს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. დავიწყოთ საშინაო პოლიტიკით.

ახლა როცა საერთაშორისო პოლიტიკაში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გამოწვევების გარდა, შანსებიც გაჩნდა, საშინაო პოლიტიკაში რა ტიპის პრობლემებით შეხვდა ამ გამოწვევებსა და შანსებს საქართველო?

- მართლაც, ჩვენს სამეზობლოში, ბევრი საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ვითარდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო ორი წელია, პოსტ-საბჭოთა სივრცე პოლიტიკურმა კრიზისებსა და კონფლიქტებმა შთანთქა. არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის ეს ხარისხი, 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ, პრინციპში არ ყოფილა.

მეტიც, დღევანდელი რუსულ-უკრაინული ომი, საბჭოთა კავშირის კვალდაკვალ წარმოქმნილ ეთნო-პოლიტიკურ-ტერიტორიულ კონფლიქტებს, თავისი პოტენციალით მრავალჯერ აღემატება. ერთი სიტყვით, საქართველო თავისი დამოუკიდებლობის 31-ე წელს, ფრიად სახიფათო საერთაშორისო გარემოში შეხვდა.

საქართველო თავისი დამოუკიდებლობის 31-ე წელს, ფრიად სახიფათო საერთაშორისო გარემოში შეხვდა

ამ გაზრდილი რისკების ფონზე, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში არის დაკვეთა შიდა სტაბილურობაზე. ამგვარი დაკვეთა, მანამდეც იყო. პოლარიზებით ყველა დაიღალა, ხანდახან იქმნება წარმოდგენა, რომ თვითონ პოლარიზების შემოქმედნიც, მაგრამ არაფერი იცვლება.

შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობის 31 წელს ქვეყანა შეხვდა - უაღრესად უღიმღამო, ამბიციური იდეებისაგან დაცლილი, დაქსაქსულ-დაპირისპირებული პოლიტიკური კლასითა და ემიგრაციაზე ორიენტირებული, უიმედო მოსახლეობით.

ამიტომ არაფერი ახალი - პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა...

დამოუკიდებლობის 31 წელს ქვეყანა შეხვდა უაღრესად უღიმღამო, ამბიციური იდეებისაგან დაცლილი, დაქსაქსულ-დაპირისპირებული პოლიტიკური კლასითა და ემიგრაციაზე ორიენტირებული, უიმედო მოსახლეობით. ამიტომ არაფერი ახალი - პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა...

- საგარეო პოლიტიკის არა ერთ ასპექტს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

ხელისუფლება და ოპოზიცია აცხადებენ რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წევრობისთვის ვიბრძვით, მაგრამ გვიჭირს იმის აღიარება, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით, მართვის ფორმით, აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ნამდვილად არ გაქვს იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება სურს.

ევროინტეგრაციის მსურველ ქვეყანას რომ აშკარად არ ვგავართ, ეს პარლამენტში ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე გამართულმა დებატებმაც დაგვანახა. არადა, იყო მოლოდინი, რომ საგნობრივ მსჯელობას მოვისმენდით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე ოპოზიციის კრიტიკა კონკრეტული იყო, მათზე მმართველ გუნდს პრაქტიკულად არაფერი უთქვამს. უმრავლესობის ლიდერმა მდინარაძემ ოპოზიციის პრეტენზიებს „საკუთარ დებატებში დაკარგულები“ უწოდა. ამავე გუნდის მეორე წარმომადგენელმა თქვა -„ერთია კრიტიკა, მეორე მავნებლობა“, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, კრიტიკიდან რომელი არ იყო სამართლიანი კრიტიკა და რომელი „მავნებლობა“.

ამ თემაზე პრემიერ ღარიბაშვილისა და მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თბილისში გაკეთებული განცხადებები რომ აშკარად არ ჰგავდა ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნის ლიდერების განცხადებებს, მგონი აღარავინ დავობს. მაგრამ, მაინც გაუგებარი დარჩა, ვინმავნებლობსდა ოპოზიციის კრიტიკიდან, რაა გასათვალისწინებელი და რა არა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის გამართულ კამათსა და ბრალდებებს?

- გულწრფელად გეტყვით - მე არ ველოდი საგნობრივ დისკუსიას და შესაბამისად არანაირი იმედგაცრუება არ მქონია. მეტიც, არათუ ბოლო ხანებია, არამედ წლებია ჩვენ პარლამენტში არ გვინახავს მსჯელობა საკითხის არსის ირგვლივ.

მსჯელობა პარლამენტში, გარდაიქმნა ძირითადად მდარე ხარისხის, შინაარსისგან დაცლილ, უსაგნო კამათად.

- ევროკავშირის თემა რომ დავასრულოთ, ამ თემაზე გავაგრძელებ მსჯელობას. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით ბრიუსელი საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ თემაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არა იმიტომ, რომ ეს ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მოინდომა, ან იმიტომ, რომ ოპოზიციამ ბრიუსელს წერილით მიმართა.

ვინც ევროპულ პოლიტიკაში საკმაოდ კარგადაა გარკვეული, ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და იმის გამო, რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს რუსეთის აგრესიის შეჩერებას, ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიეცემა ევროპასთან ინტეგრაციის უფრო აქტიურად დაწყების შანსი.

მაგრამ, პრობლემა სხვა რამეშია. როცა ვიცით, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, იმგვარ საარჩევნო სისტემაზე, რომლითაც არჩევნების შედეგებში ეჭვის არავის ექნება, ასევე უარი თქვა ევროკავშირის შევსებული კითხვარის გასაჯაროებაზე, ძნელი დასაჯერებელია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დაიწყებს.

ამგვარი მსჯელობის საფუძველს ის იძლევა, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ თემებზე მმართველი გუნდის პასუხი დაახლოებით ასეთია - ჩვენ ამ თემებზე ყველაფერს ვაკეთებთ და ამავე თემებზე პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთებული გვაქვს.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველი გუნდი არ ცდილობს პრობლემურ საკითხებში რაც შეიძლება მეტად დაამსგავსოს ქვეყანას ევროპულ მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემასა და კიდევ სხვა ბევრ რამეს?

- იცით აქ გვაქვს სხვადასხვა - ლოკალურ და უფრო ფართო, ზოგად, ფაქტორთა ერთობლიობა. ერთის მხრივ, ხელისუფლება გაერთო მისთვის კომფორტულ კინკლაობაში, საკმაოდ სუსტ სპარინგ პარტნიორთან. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან-წლამდე „ქართული ოცნება,“ წარმატებით ამარცხებს ოპოზიციას. კი, პერიოდულად იქმნება კრიზისები, თუმცა ყველა ამ კრიზისიდან, საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ გამარჯვებული გამოვიდა.

ბოლო ცხრა წელია, მცირედი კორექტივებით, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ერთსა და იმავე „ფილმს“ გვაყურებინებენ - მუდმივი ჯახი, რომელიც თავის აპოგეას წინასაარჩევნოდ აღწევს და განმუხტვა, ანუ ოპოზიციის მარცხი არჩევნებზე. შედეგად, „ქართულ ოცნებას,“ რეფორმების გატარების არანაირი სტიმული არ გააჩნია. გარდა შიდა განზომილებისა, დღემდე არ არსებობდა გარე სტიმულებიც.

ბოლო ცხრა წელია, მცირედი კორექტივებით, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ერთსა და იმავე „ფილმს“ გვაყურებინებენ - მუდმივი ჯახი, რომელიც თავის აპოგეას წინასაარჩევნოდ აღწევს და განმუხტვა, ანუ ოპოზიციის მარცხი არჩევნებზე. შედეგად, „ქართულ ოცნებას,“ რეფორმების გატარების არანაირი სტიმული არ გააჩნია. გარდა შიდა განზომილებისა, დღემდე არ არსებობდა გარე სტიმულებიც

კერძოდ ვგულისხმობ, ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობის რეალურ პერსპექტივას. ვფიქრობ, ბრიუსელი ცდებოდა, როდესაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო თვალნათლივ არ წარმოუჩინა.

აქ ჩვენ არ ვართ უნიკალურნი. მაგალითად, მეზობელი თურქეთის პოლიტიკურ სისტემაზე, მისი დემოკრატიზაციის ხარისხზე, ევროპული მომავლის გადახურვამ, მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია.

თუმცა, ახლა, უკრაინის მოვლენების ფონზე, სიტუაცია შესაძლოა თვისობრივად შეიცვალოს. რაც გარწმუნებთ, უაღრესად დიდ გავლენას იქონიებს ჩვენს ლოკალურ განზომილებაზეც.

- საშინაო პოლიტიკის თავისებურებებზე შევეცადეთ გვემსჯელა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მოგვიწია შევხებოდით საგარეო პოლიტიკის თემებსაც.

ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. მიუხედავად ამისა, ჭირს იმაზე საუბარი, სავარაუდოდ როგორ არა მარტო განვითარდება, არამედ დასრულდება პუტინის უკრაინული ეპოპეა.

მაგრამ, ცხადად ჩანს, რომ მსოფლიო ისეთი არ იქნება, როგორიც იგი 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე იყო.

საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე საქართველოს პოზიცია ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მმართველი გუნდის წევრების უკრაინის თემებზე გაკეთებულმა განცხადებებმა რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, ფაქტია.

მხედველობაში მაქვს პრემიერის ნათქვამი - „ომი უკრაინაშია, მე ბევრი საქმე მაქვს“, დამთავრებული რიტორიკული კითხვით - „ომი გინდათ“? და კიდევ სხვა. და ეს მაშინ, როცა ჩვენს მთავარ პარტნიორ აშშ-ს, საერთაშორისო პოლიტიკაში გააქტიურებულ ბრიტანეთსა და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, ამის მსგავსი არაფერი უთქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეა, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სვამენ კითხვას, რისი გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ? არადა, მეტის გაკეთება რომ შესაძლებელი იყო ფაქტია. თუნდაც, ჩვენს ხელთ არსებული სამედიცინო დანიშნულების სამხედრო მანქანების უკრაინისთვის გადაცემა.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს?

- აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო და რჩება უაღრესად შეშინებული, იმ პროცესებით, რომლებიც უკრაინაში ვითარდება. საფრთხე რეალურია და ცალსახაა, რომ რუსეთისათვის აგრესიის განხორციელება ყველაზე მარტივი საქართველოშია.

რატომ საქართველოში?! ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საკმარისია დავხედოთ რუკას და გადავხედოთ რუსეთის მეზობლებს. ცენტრალურ აზიაში, რუსეთს ე.წ. მტრული სახელმწიფოები არ ჰყავს, ბალტიის ქვეყნები ნატოს დაცვის ქვეშ არიან, მოლდოვასთან რუსეთს საზღვარი არ აქვს. დნესტრისპირეთში საკმარისი ძალები არაა განთავსებული. რჩება სამხრეთ კავკასია. კერძოდ - საქართველო და თურქეთით ზურგგამაგრებული, ათ მილიონიანი, კარგად შეიარაღებული, ახალ გამარჯვებული აზერბაიჯანი. მგონი, გასაგებია, თუ რა არჩევანს გააკეთებს რუსეთი.

ამიტომ, თბილისის სიფრთხილე არის სწორი და გასაგებია. გაუგებარია - განცხადებები კიეველ პოლიტიკოსებთან მიმართებაში. დანაშაულებრივია - კამათი ამერიკელებთან, ევროპელებთან და ზოგადად პარტნიორებთან. რუსეთ - უკრაინის ომის სამი თვის თავზე, თბილისმა მოახერხა და ყველა თავის პარტნიორს ეჩხუბა.

თბილისის სიფრთხილე არის სწორი და გასაგებია. გაუგებარია - განცხადებები კიეველ პოლიტიკოსებთან მიმართებაში. დანაშაულებრივია - კამათი ამერიკელებთან, ევროპელებთან და ზოგადად პარტნიორებთან. რუსეთ - უკრაინის ომის სამი თვის თავზე თბილისმა მოახერხა და ყველა თავის პარტნიორს ეჩხუბა

თუ ეს მოსკოვისთვის გაგზავნილი სიგნალია - აგერ დაინახეთ, არათუ უკრაინას არ ვეხმარები, ჩემს პარტნიორებსაც კი ვეჩხუბები, ოღონდ თქვენ წყნარად იყავითო - ძალიან სახიფათო ტაქტიკაა. რადგან უპარტნიოროდ დარჩენილი საქართველო, ცალსახად უფრო მარტივი მსხვერპლია, ვიდრე დასავლეთითა და იმავე თურქეთ-აზერბაიჯანით მხარდაჭერილი.

- რას იტყოდით იმ თემებზე, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველოს უკრაინასთან დაკავშირებით მეტის გაკეთება შეეძლო?

- საქართველოს ბევრს არც არავინ არაფერს მოელის. რეალურად, ხელისუფლებას მოეთხოვებოდა მეტი სოლიდარობა განცხადებებში და რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი კიევში.

ე.წ. მეორე ფრონტი, სერიოზულად არავის მიერ არ განიხილება და ამას ჩვენგან არათუ არ ითხოვენ, არამედ რომც გავგიჟდეთ და ჩვენ თვითონ მოვინდომოთ, გარწმუნებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ამგვარ დამღუპველ სისულელეში თავი არ გაგვეყო.

ე.წ. მეორე ფრონტი, სერიოზულად არავის მიერ არ განიხილება და ამას ჩვენგან არათუ არ ითხოვენ, არამედ რომც გავგიჟდეთ და ჩვენ თვითონ მოვინდომოთ, გარწმუნებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ამგვარ დამღუპველ სისულელეში თავი არ გაგვეყო

დიახ, ჩვენ გვახსოვს ცალკეული განცხადებები უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ. შეიძლებოდა მათზე მინიმალური ყურადღების მიქცევა. თუმცა, ხელისუფლებამ ე.წ. მეორე ფრონტის თემა საკმაოდ ოსტატურად გამოიყენა და შიდა პოლიტიკური კონტექსტის მთავარ თემად აქცია.

გარწმუნებთ, თუ ეს ომი ჩვენ პირდაპირ არ შეგვეხო, 2024 წლის არჩევნებისთვის, „ქართული ოცნება“ ამას საკუთარ ყულაბაში მიითვლის, ხოლო მთელ ოპოზიციას ომის პარტიად გაასაღებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი, წინასაარჩევნო პერიოდის ცენტრალურ და გადამწყვეტ თემად იქცეს.

ხელისუფლებამ ე.წ. მეორე ფრონტის თემა საკმაოდ ოსტატურად გამოიყენა და იგი შიდა პოლიტიკური კონტექსტის მთავარ თემად აქცია... არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი წინასაარჩევნო პერიოდის ცენტრალურ და გადამწყვეტ თემად იქცეს

- ცალკე საუბრის თემაა ის, ახლა როცა კოლექტიურ დასავლეთსაც უჭირს რუსული აგრესიის შეკავება, იგივე დასავლეთი უშურველად აწვდის იარაღს უკრაინას, არ ჩანს, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით აქტიურობს.

თუ ჩვენი ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების თემაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს გავიხსენებთ, მათ ვიზიტებს თბილისში, ამ თვალსაზრისით მთლად ცუდადაც არ უნდა იყოს საქმე.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ასევე გაუგებარია ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოში რუსი მოქალაქეების ზრდასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ხელისუფლება უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.

ამის პარალელურად ვხედავთ, რომ რუსეთიდან გზავნილების ოდენობა რეკორდებს ხსნის. რაც აჩენს ეჭვს, რომ არაა გამორიცხული საქართველო რუსული ფინანსების მოძრაობის დაახლოებით ისეთივე ქვეყნად იქცეს, როგორც ცოტა ხნის წინ კვიპროსი იყო. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ კვიპროსზე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე რუსულ ფინანსებზე კონტროლი გამკაცრებულია.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და ამ ომზე კოლექტიური დასავლეთის აქტიურობის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის მიმართ? რუსეთის მოქალაქეებისა და რუსულ ფინანსებთან დაკავშირებით?

- ფაქტია, რომ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით საქართველოს გამოყენების საფრთხეზე, სულ უფრო ხშირად გვაფრთხილებენ ჩვენი პარტნიორები. წესით, ამგვარი განცხადებები მთლად შემთხვევით, არ უნდა კეთდებოდეს. ძირითად პრობლემას, მეც აქ ვხედავ.

სამწუხაროდ, მოსკოვს საქართველოსა და მის ოკუპირებულ ნაწილებში მდგომარეობის ესკალაციის ბერკეტები საკმაოდ გააჩნია

არ მჯერა, რომ საქართველოში შემოსაჭრელად, ასე ვთქვათ მიზეზად, მოსკოვმა რუსი ტურისტები დაასახელოს. გარწმუნებთ, ჩვენთან „სპეციალური ოპერაციის“ ჩატარების სურვილის შემთხვევაში, კრემლი ათას სხვა საბაბს გამოძებნის.

სამწუხაროდ, მოსკოვს საქართველოსა და მის ოკუპირებულ ნაწილებში მდგომარეობის ესკალაციის ბერკეტები საკმაოდ გააჩნია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა