ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2022

ომის 93-ე დღე უკრაინაში - რა ხდება ფრონტის ხაზზე

ნატოს მიმართ კიევის უკმაყოფილება მატულობს - რატომ ვერ იღებს უკრაინა დღემდე შეპირებულ მძიმე ტექნიკას?

***

ომის 93-ე დღე უკრაინაში - რა ხდება ფრონტის ხაზზე

“რუსეთი ომის მეორე ფაზის გეგმების განხორციელებას კვლავ ცდილობს და უკრაინის აღმოსავლეთს ინტენსიურად ბობმავს. უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 12 შეტევა მოიგერიეს. რუსეთის სახმელეთო ჯარები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ, პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით კი რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ომის 93-ე დღე უკრაინაში - რა ხდება ფრონტის ხაზზე

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აქტიურ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ, ცეცხლს უხსნიან უკრაინულ ქვედანაყოფებს, სარაკეტო დარტყმებს და ჯარების გადაჯგუფებას ახდენენ. მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასაძლიერებლად ბრაიანსკის და კურსკის ოლქებში. სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალები ამზადებენ პირად შემადგენლობას მოტორიზებული ქვეითი, სატანკო და საარტილერიო ნაწილების შესავსებად. ისინი ახორციელებს ტერიტორიების დანაღმვას უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შესაძლო განლაგების მარშრუტებზე. „ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის შეკავებაზე. სლოვიანსკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი ჯარების პოზიციების დაბომბვას, განაახლეს შეტევა. „დონეცკის მიმართულებით რუსი ოკუპანტები აწარმოებენ აქტიურ შეტევითი ოპერაციებს. ისინი ცეცხლს უხსნიან ჩვენს ქვედანაყოფებს, სარაკეტო დარტყმებს აყენებენ და ჯარების გადაჯგუფებას ახორციელებენ. „მტერი ცდილობს მიაღწიოს წარმატებას ბახმუტის მიმართულებით, ჩაშალოს ლოჯისტიკური მარშრუტები და ჩვენი ქვედანაყოფები ძირითად ძალებს ჩამოაშოროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ფეხის მოკიდებას ლიმანის დასახლებაში. „შავ და აზოვის ზღვებში რუსული მტრის საზღვაო ჯგუფები აგრძელებენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას. „განადგურდა ერთი ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 5 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის „კა-52" ტიპის ვერტმფრენი, ფრთოსანი რაკეტა და „ორლან-10" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი," - აღნიშნულია ინფორმაციაში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ, პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. იქვე ნათქვამია, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს სევეროდონეცკზე, თუმცა უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს რამდენიმე დაცულ სექტორზე, რაც მეტყველებს, რომ რუსეთს დონბასზე სრული კონტროლი არ აქვს. „რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის ამოცანად, როგორც ჩანს სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია რჩება. ბოლო დღეებში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის ტ-62 ტიპის ტანკები რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. ტ-62 ტანკები თითქმის დაუცველნი იქნებიან ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი ყოფნა ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს რუსეთის თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის დეფიციტს," - აღნიშნულია ანგარიშში“, - განაგრძობს გამოცემა.

„ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესმდივანი სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამის" გვერდზე წერს, რომ უკრაინის ზღვის აკვატორიაში ოკუპანტებმა დაახლოებით 600 ჭურვი განათავსეს, რუსეთმა უშუალოდ უკრაინის საზღვაო ზონა დანაღმა, თუმცა ჭურვები ხშირად ეხსნება ღუზებიდან, განსაკუთრებით შტორმის დროს. ისინი ახლა უკარაინის გარდა თურქეთსა და ბულგარეთის სანაპიროებთანაც არის. მისივე თქმით, ოკუპანტები ასევე მიზნად ისახავენ მთელი რიგი პროვოკაციების განხორციელებას და ცდილობენ სასურსათო კრიზისის შექმნაში უკრაინა დაადანაშაულოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთს ოკუპირებულ ყირიმიდან ზაპოროჟიეში პერსონალი გადაჰყავს და სამხედრო აღჭურვილობა გადააქვს. საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საჰაერო და საზღვაო კომპონენტებიც. სამხედრო ტექნიკის კოლონა ყირიმიდან მელიტოპოლისკენ გაემართა. საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმას სერიოზული ნგრევა მოჰყვა. მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამის პარალელურად დასავლეთი უკრაინისთის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, როგორც გამოცემა „გარდიანი" წერს, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში თანამედროვე, შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების გასაგზავნად ემზადება.ამერიკული წარმოების შეიარაღების სისტემებს შეუძლიათ რაკეტების ასობით კილომეტრის მანძილზე სროლა- ბევრად უფრო შორს, ვიდრე ნებისმიერ სისტემას, რომელიც უკრაინას უკვე აქვს, რამაც, უკრაინელების მტკიცებით, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ომში თამაშის წესები შეცვალოს. ასევე უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან სუ - 25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო. საბრძოლო ტექნიკა უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო, დაშლილ მდგომარეობაში ჩაიტანეს. ცნობილია, რომ დახმარების ამ ნაწილმა 14 ერთეული თვითმფრინავი მოიცვა. უკრაინული მხარე ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინას თვითმფრინავები გამოუგზავნეს, არ ასახელებს. უკრაინელი მფრინავები ახალი თვითმფრინავების გამოყენებას უახლოეს დღებში დაიწყებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

ნატოს მიმართ კიევის უკმაყოფილება მატულობს - რატომ ვერ იღებს უკრაინა დღემდე შეპირებულ მძიმე ტექნიკას?

„რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მძიმე ბრძოლებს აწარმოებს, ტერიტორია ნაღმმტყორცნებით მუდმივი დაბომბვების ქვეშაა, რის შედეგად, განადგურდა სახლები, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, ამის გამო კი გარკვეულ წარმატებას აღწევენ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატო განზეა გამდგარი, „ლენდ ლიზის" ტემპი ნელია, რადგან გერმანია აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და „ირიბად დამნაშავეა, რაც ფრონტზე ხდება". ანალიტიკოსთა შეფასებით, ნატოს პოზიცია გასაგებია, რომელიც კოლექტიური პრინციპით მოქმედებს, გერმანიის პოზიცია კი ფრთხილია, რაც შეეხება „ლენდ-ლიზს" ის აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, რადგან ამისთვის დროა საჭირო, რომ ყველაფერი ტექნიკურად მომზადდეს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნატოს მიმართ კიევის უკმაყოფილება მატულობს - რატომ ვერ იღებს უკრაინა დღემდე შეპირებულ მძიმე ტექნიკას?

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატო, მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის ფონზე, არაფერს აკეთებს. მან აღნიშნული განცხადება დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. კულებამ, ევროკავშირი კიევის მხარდასაჭერად გამოვლენილი მისი რევოლუციური, ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის შეაქო, რომელსაც თავად ისინიც არ ელოდნენ რომ მიიღებდნენ, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსი "სრულიად განზეა". „ნატო, როგორც ალიანსი, როგორც ინსტიტუტი, სრულიად განზეა და ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ", - განაცხადა კულებამ. მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში საზოგადოებრივი განწყობა იყო, რომ ნატო ძლიერი ძალაა და ევროკავშირს მხოლოდ სხვადასხვა დონის შეშფოთების გამოხატვა შეეძლო, მაგრამ, მისი თქმით, ომი ყოველთვის არის გამოცდა, რომელიც ნიღბებს აშორებს. მისივე შეფასებით, ნატო-ს ზოგიერთი მოკავშირე უკრაინას ეხმარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან" საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარება ირიბად გერმანიის ბრალია, რომელმაც ამ დრომდე არ გადასცა უკრაინას შეიარაღება. მისი თქმით, „ლენდ ლიზის" ტემპმა არ გაამართლა. ამასთან, არესტოვიჩის განცხადებით, არ გაამართლა, არა აშშ-სა და ბრიტანეთის შეიარაღების, არამედ გერმანული შეიარაღების გამო. როგორც არესტოვიჩი ამბობს, უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ კენჭი უყარა მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხს და გეპარდები, ჰაუბიცები და სხვა მძიმე შეიარაღება უკრაინას დროულად რომ ჰქონოდა, ახლა გაცილებით სხვა მდგომარეობა იქნებოდა. მისი თქმით, შეიარაღების არქონის გამო, უკრაინა საპასუხო დარტყმებს ვერ აყენებს საოკუპაციო ძალებს, იმ დროს, როდესაც რუსული არმია ისკანდერებით, ურაგანებითა და სმერჩით არტყამს მათ შეიარაღებას, რომელიც ვერ უტოლდება რუსულს. „ფაქტობრივად, გერმანული მხარე აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად არის დამნაშავე იმაში, რაც ფრონტზე ხდება. რომ გვყავს გამოფიტული დანაყოფები, განადგურებული შეიარაღებით. რუსულ შეიარაღებასთან შეფარდებით მინორულ პოზიციაში არიან, განსაკუთრებით არტილერიაში. „რუსული არმია უკრაინაში ახლა ტაქტიკურ წარმატებას განიცდის, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით ოპერატიულად. „ევროპის ცალკეული ქვეყნები, ორმხრივ დონეზე კი თავს იძვრენენ და მათ შორის გვიწევენ აუცილებელ სამხედრო დახმარებასაც. საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი და იტალია მშვიდობას ემხრობიან, მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები ერთი მიზეზით - დათმობები პუტინთან. მოდით, დავუთმოთ მას ბოლოს და ბოლოს. შერიგდებით, ავაშენებთ ახალ ევროპას, შევთანხმდებით და ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს არესტოვიჩი”, - განაგრძობს გამოცემა.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გერმანიამ უკრაინას შეიარაღება დროულად არ გადასცა, რამაც უკრაინის აღმოსავლეთით შექმნა ის მდგომარეობა, რომ რუსები გარკვეულ წარმატებას აღწევენ უკრაინის ხელისუფლებ ის უკმაყოფილებაც აქედანაა ამოწვეული. „საუბარი ნატოზეცაა, მაგრამ, განსაკუთრებით საუბარია გერმანიაზე, რომელმაც დახმარება დროულად არ მიაწოდა, იწელება და ამან ის რისკები შექმნა, რომ რუსებმა უკრაინის აღმოსავლეთით დონბასში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. როგორც უკრაინული მხარე ამბობს ეს უკმაყოფილება სწორედ იქიდანაა გამოწვეული, რომ რეალურად მათ საპირწონე იარაღი არ აქვთ, რომლითაც ისინი თავის დაცვას შეძლებდნენ. „ამიტომაც ამან სტრატეგიული სურათი შეცვალა, ამის გამო ადგილზე მძიმე მდგომარეობაა. გერმანიას ასევე პოლონეთის პრეზიდენტიც უჩივის, გუშინ საუბრობდა, რომ პოლონეთმა საკუთარი ტანკები და მძიმე ტექნიკა უკრაინას მისცა, მოლაპარაკება იყო, რომ გერმანელებს კი პოლონეთისთვის უნდა გადაეცათ და არც მათ არ გადასცა. „ეს რითია განპირობებული არავინ არ იცის, თავად გერმანია იკავებს თავს თუ რამე პრაქტიკული წინააღმდეგობაა. რუსეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ ნატო რაღაცნაირად ჩაითრიოს, ამიტომაც თავს იკავებენ, რომ ეს არ იყოს აღქმული, როგორც ნატო-რუსეთის პირდაპირი კონფლიქტი. როგორც ორგანიზაია მხარს უჭერს, მაგრამ თავად უშუალოდ ჩართული არაა. „ნატოში სხვადასხვა ქვეყნებია და ერთი პოზიციის ჩამოყალიბება გაჭირდება ხოლმე. ასევე, მოლოდინები იყო,რომ როცა უკრაინა ამდენ რამეს აკეთებს, ნატოს ცოტა მეტი უნდა გაეკეთებინა, თუმცა, ორგანიზაციულად უკრაინის დახმარება ძალიან უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ყველანაირად ეხმარება. „ნატო რომ ჩაერთოს, სურათი საერთოდ იცვლება. ის ვერ ჩაერთვება, სანამ რუსეთი უშუალოდ ნატოს წევრ სახელმწიფოს არ შეეხება", - განაცხადა კაკაჩიამ”, - დასძენს გამოცემა.

„რაც შეეხება სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას მოსაზრებას, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია მისთვის გასაგებია, რადგან გერმანიის პოზიცია ფრთხილია, რაც შეეხება „ლენდ ლიზს", მისი თქმით, ამას დრო სჭირდება. „უკრაინის ხელისუფლების ასეთი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია და ადეკვატურიცაა, რადგან გერმანიის პოზიცია მართლაც გაუგებარია, რის გამოც ზელენსკის შტაინმაიერთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. გერმანიის პოზიცია მაინც ფრთხილია, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს, ეკონომიკური და სამხედრო კონტექსტიდან გამომდინარე. „ჩანს, რომ გერმანიისთვის პრიორიტეტი უფრო ევროკავშირია, ვიდრე ნატო. თავდაცვის კუთხით მას ნაკლები დანახარჯები აქვს, ვიდრე ნატოს სხვა სახელმწიფოებს, რადგან მისი სამხედრო უსაფრთხოება გარანტირებული აქვს. „ნატოს მადრიდის სამიტი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ უკრაინასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუნდაც, მაპის მიცემაზე საკითხი ღიადაა. როცა ცდილობ, რომ ფინეთი და შვედეთი მაპის გარეშე მიიღო, უკრაინამ რაღა დააშავა? მისმა შეიარაღებულმა ძალებმა გაცილებით მაღალი ბრძოლისუნარიანობა აჩვენა, ვიდრე ფინეთისა და შვედეთის რომ ერთად შეკრიბო. „უკრაინის შეიარაღებუილი ძალები ნატოს სტანდარტებზე გადავიდნენ, ახალი შეიარაღება შევიდოდა და ნელ-ნელა ითვისებენ და თუ არაფერს მისცემენ, უკრაინას ეს ორმაგი სტანდარტები იქნება. კორუფციასთან კი აქვს პრობლემები, მაგრამ ეკონომიკურად აჩვენა, რომ ხორბლისა და სხვა პროდუქტების თვალსაზრისით ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული. „თან ახალი უკრაინა გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს, ვიდრე ფინეთი და შვედეთი. ამხელა არმიას სამ თვეზე მეტია ღირსეულად ებრძვის და ბუნებრივია, რომ გარკვეული წყენა ექნება. „გერმანიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „გეპარდის" ტიპის სისტემები უნდა გადაეცა, რომელიც ეფექტური საშუალებაა საფრონტო ავიაციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მერე შვეიცარია წინააღმდეგი წავიდა, რადგან „გეპარდის" ქვემეხები შვეიცარული წაროებისაა. „ლენდ ლიზი" რომ აქტიურ ფაზაში შევიდეს დრო უნდა, ახლა როგორც ჩანს ტექნიკური მომზადება ხდება, შეიარაღების 10% უკვე უკრაინაშია, მაგრამ სრულად ალბათ თვე-თვენახევარში შევა. „რაც შეეხება ნატოს, მისი კოლექტიური თავდაცვის პრინციპი მოიცავს იმას, რომ სანამ რუსეთი მის რომელიმე ქვეყანას უშუალოდ არ შეეხება, ომში ვერ ჩაერთვება."- განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა