გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო კერების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს საქართველოსთვის და კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა. გურჯაანში უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას საფუძველი ეყრება, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა.

მოხარული ვარ, რომ ეს აკადემია საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების მიმართულებით, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან წამყვანი უცხოელი სპეციალისტები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას ხელს შეუწყობს. შესაბამისად, ახალ სასწავლებელში, ქართველ მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებს ბასკეთის ცენტრის წამყვანი სპეციალისტებიც შეასწავლიან პროფესიებს.

ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები განათლებას იღებენ და სწავლის დასრულების შემდეგ, გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე წარმატებულად საქმიანობენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი, ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას პროფესიული განათლების მიმართულებით.

ჩვენი გუნდის მიზანი გახლავთ, საქართველოს ყველა რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებლები გვქონდეს, რომლებიც ადგილობრივ მოთხოვნებს უპასუხებენ. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა და ეს ტენდენცია გრძელდება. ჩვენ საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სფეროში ევროპული სტანდარტების შესაბამისი კოლეჯები გვექნება, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ამას ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ადასტურებს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მჯერა, ეს პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით დაგვირგვინდება, რაც განათლების სისტემის ხარისხზე აისახება.

ამ ბრწყინვალე პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსურს, საქართველოს პარლამენტის წევრ, მაჟორიტარ-დეპუტატ დავით სონღულაშვილს და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას მადლობა გადავუხადო. სწორედ მათი ძალიან დიდი ძალისხმევით, ენერგიითა და ენთუზიაზმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ჩვენს ბასკ კოლეგებთან თანამშრომლობით, შედგა ეს შესანიშნავი პროექტი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს – დარწმუნებული ვარ, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია კახეთის მხარის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ-დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, ესპანეთის სამეფოს ბასკეთის ნაციონალური პარტიის პრეზიდენტმა ანდონი ორტუსარმა, ბასკეთის კულინარიული ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დირექტორმა იდოია კალეხამ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და უნარების სააგენტოს დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა მიიღეს.

„ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დარგეს.

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები მოეწყობა. სასწავლებელი უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული.

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს და ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით ბასკეთის მხარესთან მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელსაც სასწავლებლის დაფუძნების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის კაფსულის ჩადების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი ლევან სუხიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა