ლევან  შენგელია - ჩვენი დასავლელი პარტნიორების მზარდი შეშფოთება უნდა იყოს ჩვენი შეშფოთების საგანი, რომ გადამწყვეტ მომენტში პრეტენზიებმა არ გადაწონოს და კარი არ მოგვიხურონ

ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა არცთუ უნებლიეთ, არაერთხელ გასცდა ომში მყოფ მეგობართან მსჯელობის სწორ ჩარჩოებს და ხელი შეუწყო უკრაინის მიმართ იმ არაჯანსაღი განწყობების კულტივირებას...

ამ და არაერთი სხვა პრობლემის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მზარდი შეშფოთება თავად უნდა იყოს ჩვენი შეშფოთების საგანი, რომ გადამწყვეტ მომენტში პრეტენზიებმა გადაწონოს და კარი არ მოგვიხურონ.

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, საქართველოს პარლამენტის მე-3 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ვიდრე საუბარს დავიწყებთ, ჩვენი მკითხველების გასაგონად უნდა ვთქვა, ვინც სოციალურ ქსელს ადევნებს თვალს, შეუძლებელია არ შეემჩნია არა ერთ აქტუალურ თემაზე თქვენი საინტერესო სტატუსები, რომლებიც გამოირჩევა განსახილველად შერჩეული თემების სიღრმისეული ცოდნით, აკადემიურობით, საინტერესო დაკვირვებებითა და ანალიზით.

სწორედ ეს გახლდა მიზეზი, რომ დაგკავშირებოდით და „ინტერპრესნიუსისთვის“ ინტერვიუზე გვეთხოვა მოსაზრებების ჩვენთვის გაზიარება. ჩვენი სურვილის მიზეზი ასევე გახლდა ისიც, რომ თქვენ გარკვეული პერიოდი აქტიურად იყავით ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ახლა კი ყურადღებით ადევნებთ თვალს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს.

31 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა. გვახსოვს, რომ ეს 31 წელი ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე და ხშირად დრამატული კოლიზიებით გამორჩეულიც კი იყო. ჩვენს საშინაო პოლიტიკაში თითქოს ახლაც ახალი არაფერი ხდება, მაგრამ, ყველაფერი მაინც ახალ რეალობაში, ახალი პოლიტიკური აქტორების მონაწილეობით ხდება.

როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს? სავარაუდოდ, რა ტიპის პრობლემები განაპირობებს იმ რეალობას, რაც ქართულ საშინაო პოლიტიკაში ყოველ დღე ხდება და რაზეც გვიწევს თვალის დევნება?

- თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული ყველა პრობლემის, ისევე, როგორც წარმატების, სათავე და მისი განმაპირობებელი მიზეზი არის არა უშუალოდ პოლიტიკური კლასი, არამედ მთლიანად საქართველოს საზოგადოება, მისი ორგანიზაციული და ღირებულებითი აგებულების თავისებურებები.

პოლიტიკურ ველში, ვიწრო გაგებით პოლიტიკურ ცხოვრებაში აისახება, აირეკლება და რეალიზდება სწორედ ის მისწრაფებები, პოლიტიკური გემოვნება, ინტერესები, ქცევითი მოდელები, რითაც მთლიანობაში ხასიათდება დღევანდელი ჩვენი საზოგადოება. პოლიტიკური კლასი, პოლიტიკური პარტიები, მთავრობა და ოპოზიცია, ცალკეული პოლიტიკური ფიგურები არიან მხოლოდ რეპრეზენტატორები იმ თვისებებისა, რაც ზემოთ ვახსენე.

თქვენ მკითხეთ რა ტიპის პრობლემები განაპირობებს იმ რეალობას, რაც ქართულ საშინაო პოლიტიკაში ყოველ დღე ხდება და რაზეც გვიწევს თვალის დევნებაო. გპასუხობთ - საერთოეროვნული ინტერესების არტიკულაციის სუსტი უნარი, ეროვნული, სახელმწიფოებრივი მასშტაბის იდეის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციის უნარის ნაკლებობა, სოციალური კაპიტალის, კერძოდ, ადამიანთა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის თანხმობის მიღწევის სიმწირე.

კითხვაზე, რა ტიპის პრობლემები განაპირობებს იმ რეალობას, რაც ქართულ საშინაო პოლიტიკაშია, გპასუხობთ - საერთოეროვნული ინტერესების არტიკულაციის სუსტი უნარი, ეროვნული, სახელმწიფოებრივი მასშტაბის იდეის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციის უნარის ნაკლებობა, სოციალური კაპიტალის, კერძოდ, ადამიანთა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის თანხმობის მიღწევის სიმწირე

პრობლემების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებად მე ეს მიმაჩნია.

- საშინაო პოლიტიკის პერსპექტივებზე რომ გავაგრძელოთ მსჯელობა სადღეისოდ არსებულ თავისებურებების გათვალისწინებით, აუცილებელიც კია შევეხოთ იმას, თუ რა ხდება ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საერთაშორისო ასპარეზზე.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება - მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. კოლექტიური დასავლეთი ეხმარება უკრაინას რუსეთის უკრაინაში დასამარცხებლად.

თუ უკრაინისა და რუსეთის რესურსებს გავითვალისწინებთ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას დასავლეთი ეხმარება, უკრაინის ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეული აქვს, რომ ეკონომიკური სანქციების რეჟიმში რუსეთს 3-5 წელი შეუძლია გაძლოს, ძნელი მისახვედრი არაა, რომ 24 თებერვალს დაწყებული ომი მალე ვერ დასრულდება.

ახლა, როცა კოლექტიურ დასავლეთში რუსეთის მიმართ განწყობებში შეინიშნება რუსეთის მიმართ პოზიციების ცვლილებების სურვილი, ძნელია იმის განსაზღვრა უახლოეს მომავალში როგორი იქნება დასავლეთის ქცევა, ჭირს ამ ომის შედეგების პროგნოზირებაც.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუ კოლექტიური დასავლეთი არა, აშშ და ბრიტანეთი ბოლომდე დარჩებიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერები? თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში და მისი შედეგები სავარაუდოდ როგორი იქნება?

- რთული, მაგრამ საჭირბოროტო შეკითხვაა და პასუხს მოითხოვს. დღეს, ომის პირობებში, როცა ელვისებურად იცვლება გარემოებები, განსაკუთრებით ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუმცა, მაინც შევეცდები.

მივყვეთ თქვენს შეკითხვას - ძირითადად ვეთანხმები თქვენს შეფასებებს, სადაც ამბობთ, რომ დასავლურ ბანაკში არ არის უსიტყვო ერთიანობა, რომ პერიპეტიების განვითარების კვალდაკვალ თითქოს იცვლება კონკრეტული ქვეყნების ენთუზიაზმი, უკრაინის დახმარებისთვის მზადყოფნის ხარისხი და მასშტაბი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების ტემპი.

ეს, ერთი შეხედვით, კოლექტიური დასავლეთის სისუსტეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც მთლად ასეა საქმე. დღეს ომი უკრაინაში გადავიდა იმ ფაზაში, რასაც შეიძლება „გამოფიტვის ომი“ ვუწოდოთ. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რუსეთმა, მას მერე რაც ბლიც-კრიგი ჩაუვარდა, პირველმა თვითონ დაიწყო „გამოფიტვის ომი“ უკრაინის წინააღმდეგ. ხოლო დასავლეთი, დაინახა რა, რომ უკრაინას საკმარისი ბრძოლისუნარიანობა აღმოაჩნდა, იძულებული გახდა თავადაც ჩაბმულიყო ბრძოლაში და რუსულ შემოთავაზებაზე მასაც სწორედ „გამოფიტვის ომის“ ტაქტიკით ეპასუხა.

„გამოფიტვის ომი“ დასავლეთის მხრიდან გამართლებულია, თუ ჩავთვლით, რომ ამ ომის საუკეთესო შედეგი იქნება არა თუნდაც რუსეთის სრული გაძევება დაპყრობილი ტერიტორიებიდან, არამედ „აგრესიული რუსეთის“ სრული განადგურება და ცივილიზებული, ანუ, ამ კონტექსტში, აგრესიულობის უუნარო რუსეთის „მიღება“ ამ ომის შედეგად. თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა და აღარ გავაგრძელებ.

ასეთი „გამოფიტვის ომის“ ლოგიკა თავად გვკარნახობს მის დრამატურგიას - გამოირიცხება ელვისებური ტოტალური შეტევა, მაქსიმალური სამხედრო ძალის გამოყენება, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ორიდან ერთ-ერთი არასასურველი შედეგის მიღება - ან, რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ან მოითხოვს ზავს მანამ, სანამ სრულად დაკარგავს თავისი ანტიჰუმანური, არაცივილიზებული, აგრესიული პოლიტიკის წარმოების რესურსებს. ამიტომაა, რომ ომი გაჭიანურებული ომის სახეს იღებს. უკვე, ფაქტობრივად მიიღო და ეს უფრო მკაფიოდ აწი გამოჩნდება.

„გამოფიტვის ომის“ ლოგიკა თავად გვკარნახობს მის დრამატურგიას - გამოირიცხება ელვისებური ტოტალური შეტევა, მაქსიმალური სამხედრო ძალის გამოყენება... ამიტომაა, რომ ომი გაჭიანურებული ომის სახეს იღებს. უკვე, ფაქტობრივად მიიღო და ეს უფრო მკაფიოდ აწი გამოჩნდება

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყანა შეინარჩუნებს მოტივაციას ბოლომდე დაეხმაროს უკრაინას და იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ - ცალ-ცალკე ამ ქვეყნების დახასიათება დიდ დროს წაიღებს და ჩემს ძალებსაც აღემატება.

თუმცა, დიდი ალბათობით აშშ, ბრიტანეთი და პოლონეთი ბოლომდე იბრძოლებენ. აქ მთავარია ვთანხმდებით თუ არა, რომ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი აშშ „ამგვარი“ რუსეთის დამარცხებას აუცილებლობად მიიჩნევს და ეს მისი ზეამოცანაა.

თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ პროგნოზის გაკეთება არც ისე რთულია - რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. ამის დასამტკიცებლად არ მგონია საჭირო იყოს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ინტეგრალური რესურსების შედარებითი აღწერა-დახასიათება. თუ ამგვარი ლოგიკა სწორია, ომი უკრაინაში გაგრძელდება 3-5 წელიწადს. ამას ადრეც ვწერდი.

პროგნოზის გაკეთება არც ისე რთულია - რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. ამის დასამტკიცებლად არ მგონია საჭირო იყოს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ინტეგრალური რესურსების შედარებითი აღწერა-დახასიათება.თუ ამგვარი ლოგიკა სწორია, ომი უკრაინაში გაგრძელდება 3-5 წელიწადს. ამას ადრეც ვწერდი

ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ტაქსონომიურად დღევანდელი ომი ჰგავს მეორე მსოფლიო ომს, ასევე, აქაც ერთ, საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოს უპირისპირდება ცივილიზებული მსოფლიოს არაერთი ძლიერი სახელმწიფო და ა.შ. ძალთა თანაფარდობაც და არა ძალთა აბსოლუტური ზომა, მსგავსია, გამარჯვების მოტივაციაც ორივე მხრიდან... უფრო დეტალური ანალიზისგან თავს შევიკავებ, რადგან სამხედრო ექსპერტი არ ვარ.

- ყველა თანხმდება, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსულმა აგრესიამ არა მარტო შეცვალა მსოფლიო, არამედ რუსული აგრესიის მსხვერპლ ქვეყნებს საფრთხეების გარდა დიდი შანსებიც გაუჩინა.

ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოსაც გაუჩნდა შესაძლებლობის ფანჯრები როგორც ევროკავშირის, ისე ატლანტიკური ალიანსის მიმართულებით და ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამენ რუსეთის სამეზობლოს ქვეყნები, რომლებიც არა ერთხელ ყოფილან რუსული აგრესიის მსხვერპლი.

უკრაინის ომმა ბრიუსელში დააჩქარა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება. ყველას ესმის, რომ ეს ახლო პერსპექტივა არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები ახლა უნდა იქნას გადადგმული.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი შეავსო კითხვარი და წარუდგინა ბრიუსელს, მაგრამ არა მარტო ოპოზიციისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ევროკავშირიდან დისტანცირებას.

მეტიც, არც ნატოს მიმართულებით არ აქტიურობს. თუმცა, როგორც ალიანსის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, საქართველოს ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად ჩვენთვის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები იდგმება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ერთი მხრივ საშინაო, ხოლო მეორე მხრივ საგარეო ასპარეზზე გადადგმულ ნაბიჯებს?

- ნებისმიერი კრიზისი იმით ხასიათდება, რომ სწრაფად წარმოიშობა პროცესების ნებისმიერი, როგორც კარგი,ისე ცუდი მიმართულებით განვითარების მრავალი შესაძლებლობა.

რუსეთ-უკრაინის ომმა სწორედ ასეთი გლობალური ხასიათის კრიზისი წარმოშვა და ეს უშუალოდ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მომავალსაც. ახლა შევეცდები ზოგადი შტრიხებით აღვწერო, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი საქართველოში აღნიშნულ პრობლემებთან მიმართებაში. დღეს ოპოზიცია და მისი მომხრე საზოგადოება დაახლოებით ამ სპექტრში მსჯელობს.

მთავრობა - „ცდილობს მაქსიმალურად დააშოროს საქართველო დასავლურ სამყაროს და მოსპოს დასავლური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობა“.

ან, „საკმარის ძალისხმევას არ იჩენს საქართველოსთვის დასავლურ სამყაროში დაჩქარებული ინტეგრაციის უეცრად წარმოშობილი შანსის რეალიზებისთვის“

ან, კიდევ უფრო რბილი ვარიანტი - „ცდილობს, მაგრამ არ აქვს საკმარისი უნარი გამოიყენოს შესაძლებლობის ეს ფანჯარა და წარმატებით განახორციელოს საქართველოს მიზანი - რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად ინტეგრირდეს კოლექტიურ დასავლეთთან.“

მეორე მხრივ, ხელისუფლება იმაზე აპელირებს რომ - ეფექტიანად მიუძღვება ქვეყანას დასავლური ინტეგრაციის გზაზე.

და მეორე - ითვალისწინებს რა რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს, ცდილობს ისე „იაროს დასავლეთისკენ“, რომ რაიმე ხიფათი და არ უბედურება არ დაიტეხოს ქვეყანამ „გაღიზიანებული“ რუსეთისგან.

პოლიტიკური სურათის ძირითადი ჩარჩოები ასეთია, ჩემი აზრით. ახლა საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის - ამ ორი მთავარი ინტეგრალური პოლიტიკური აქტორის ნაკლზე მინდა გავაკეთო აქცენტი.

მსოფლიოსა და საქართველოსთვის ამ ურთულეს პერიოდში, როცა, როგორც უკვე ვთქვი, ერთდროულად, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარაც გაიხსნა და მისი დიდი ხნით დახურვის შესაძლებლობაც ძალიან დიდია, საქართველოს ხელისუფლებას ვერ ვატყობ საკმარის კომპეტენციას, განსწავლულობას, გამოცდილებას, გამბედაობასთან შერწყმულ სიფხიზლეს, ნებისყოფას და მიზნისკენ მტკიცედ და სწრაფად სვლის უნარს.

და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მას „არ უნდა“, „არ შეუძლია“ თუ „არ ცდილობს“ წაიყვანოს საქართველო მრავალგზის დეკლარირებული და კონსტიტუციით განსაზღვრული დასავლური სამყაროსკენ. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია - ყოველწუთიერ იზრდება შანსი, აღმოვჩნდეთ ბორტსმიღმა.

იმის მტკიცება, სახელდობრ რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე - ძნელია, მაგრამ ეს სახელისუფლო გუნდი მინიმუმ არაეფექტურია და უკეთეს შემთხვევაში, მის ხელში საქართველო ჰგავს დრეიფზე მიშვებულ ხომალდს, რომელსაც ქარი და ტალღები, ანუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მთავარ თუ ფონურ აქტორთა ინტერესები თავის ნებაზე დააქანებს და სად და რომელ ნაპირზე გარიყავს - არავინ უწყის. უკეთესი შედეგის ცარიელ იმედად ყოფნა კი ყოვლად დაუშვებელია.

ეს სახელისუფლო გუნდი მინიმუმ არაეფექტურია და უკეთეს შემთხვევაში, მის ხელში საქართველო ჰგავს დრეიფზე მიშვებულ ხომალდს, რომელსაც ქარი და ტალღები, ანუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მთავარ თუ ფონურ აქტორთა ინტერესები თავის ნებაზე დააქანებს და სად და რომელ ნაპირზე გარიყავს - არავინ უწყის. უკეთესი შედეგის ცარიელ იმედად ყოფნა კი ყოვლად დაუშვებელია

ოპოზიციამ, ამ ყველაფრის ფონზე, ვერ გამოავლინა საკმარისი კონსოლიდაციის უნარი, ვერ ჩამოაყალიბა ხალხისთვის საკმარისად მკაფიოდ გასაგები და მისაღები ერთიანი პროგრამა და ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს მიზნის რეალიზაცია.

უმრავლეს შემთხვევებში პოლიტიკური ცხოვრება გაწიწმატებული კინკლაობის და ურთიერთანგარიშსწორების სახეს ატარებს, ქვეყანა კი თვითდინებაზეა მიშვებული. კონკრეტულ საკითხებზე მრავალნაირ აზრს მედიიდანაც მოისმენს ადამიანი და ჩემი ლაპარაკით დროს აღარ წაგართმევთ.

ოპოზიციამ ვერ გამოავლინა საკმარისი კონსოლიდაციის უნარი, ვერ ჩამოაყალიბა ხალხისთვის საკმარისად მკაფიოდ გასაგები და მისაღები ერთიანი პროგრამა და ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს მიზნის რეალიზაცია... უმრავლეს შემთხვევებში პოლიტიკური ცხოვრება გაწიწმატებული კინკლაობის და ურთიერთანგარიშსწორების სახეს ატარებს, ქვეყანა კი თვითდინებაზეა მიშვებული

თუ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს მთავრობა დაიწყებს სავალდებულო ნაბიჯების გადადგმას, ოღონდ უარს არ იტყვის „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკაზე და შეეცდება ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომ გახდეს ერთგვარი ევროკავშირსგარეთა უნგრეთი, ანუ ევროკავშირის ჭირვეული კანდიდატი-პარტნიორი

- ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით აშკარად განსხვავებულია. ეს რომ ასეა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯარო სივრცეში არა ერთი განცხადების გახსენება შეიძლება. ვგულისხმობ ჩვენს მხარდამჭერ ევროპარლამენტარებსა და დიპლომატებზე თავდასხმებს და სოროსის თბილისის ფონდის კრიტიკას.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის მიერ შემუშავებული ევროკავშირისკენ გადასადგმელი 7 ნაბიჯის გეგმა, მაინც არის იმედი, რომ საქართველო ივნისის ბოლოს ავანსად, დათქმებით, მაგრამ მაინც მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

თუ ევროკავშირმა მოგვანიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ მმართველი გუნდი დაიწყებს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც იმ დათქმების ნაწილი იქნება, რომლითაც კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ და რომლებიც თითქმის იდენტური იქნება იმ წინადადებებისა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სამოძრაოდ წარუდგინა?

- ყველაფერი ზემოთქმულისგან გამომდინარე, მოვლენები შეიძლება სამ ვარიანტად წარიმართოს.

პირველი - სამივე ქვეყანას უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

მეორე - ვერცერთი ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

და მესამე - კანდიდატის სტატუსს მიიღებს უკრაინა და მოლდოვა, ხოლო საქართველო - ვერა. სხვა ვარიანტები, ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა.

ძნელია თქვა ამ სამთაგან რომელი ვარიანტი უფრო მაღალალაბათურია, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თითოეულის შემთხვევაში დაახლოებით რა პროცესები დაიწყება საქართველოში.

პირველ შემთხვევაში, თუ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს მთავრობა დაიწყებს სავალდებულო ნაბიჯების გადადგმას, ოღონდ უარს არ იტყვის „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკაზე და შეეცდება ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომ გახდეს ერთგვარი ევროკავშირსგარეთა უნგრეთი, ანუ ევროკავშირის ჭირვეული კანდიდატი-პარტნიორი.

თუ სამივე ქვეყანას უარი ეთქვა, ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ ძალებს გაუჩნდება დამატებითი რესურსი კიდევ უფრო აგრესიული გახდეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მიმართ, მკაფიოდ გამოკვეთოს პრორუსული განწყობები და სცადოს დაასაბუთოს პროდასავლური კურსის ილუზორულობა და სიმცდარე. ამაში დიდ როლს კონკრეტული მედია-პროპაგანდისტები შეასრულებენ

მეორე შემთხვევაში, ანუ, თუ სამივე ქვეყანას უარი ეთქვა, ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ ძალებს გაუჩნდება დამატებითი რესურსი კიდევ უფრო აგრესიული გახდეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მიმართ, მკაფიოდ გამოკვეთოს პრორუსული განწყობები და სცადოს დაასაბუთოს პროდასავლური კურსის ილუზორულობა და სიმცდარე. ამაში დიდ როლს კონკრეტული მედია-პროპაგანდისტები შეასრულებენ.

თუ მხოლოდ საქართველო დარჩა კანდიდატის სტატუსის გარეშე, უკიდურესად გააქტიურდება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, ხელისუფლება გადავა თავდაცვის აგრესიულ, პირველ ეტაპზე მაინც, ან პასიურ მდგომარეობაში

მესამე შემთხვევაში თუ მხოლოდ საქართველო დარჩა კანდიდატის სტატუსის გარეშე, უკიდურესად გააქტიურდება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, ხელისუფლება გადავა თავდაცვის აგრესიულ, პირველ ეტაპზე მაინც, ან პასიურ მდგომარეობაში.

იზრდება პოლარიზაციის ხარისხი და ის შეიძლება ფეთქებადსაშიშ ნიშნულს მიუახლოვდეს. სამაგიეროდ, ეს „გარედან ზეწოლა“ აიძულებს თითოეულ ფრთას უფრო მეტად კონსოლიდირდეს, მოძებნოს საერთო ენა, გამაერთიანებელი იდეა და მის გარშემო მოახდინოს მომხრე პარტიების და საზოგადოების მობილიზაცია. ეს კი, თითოეულ მხარეს გახდის უფრო მკაფიოდ აღსაქმელს და გასაგებს ხალხის თვალში, რაც თავისთავად კარგია

ხოლო მოვლენები კონკრეტულად რა სცენარით განვითარდება - ამის მრავალნაირი მაგალითი ჩვენ გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთანაც.

- ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ოპოზიციაზე საუბარს. მართალია, ჩვენი ოპოზიციური სპექტრი მსოფლმხედველური თვალსაზრისითაც საკმაოზე მეტად ჭრელია, მაგრამ, იმათზე საუბარი, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს საჯარო სივრცეში და ვინც მუდმივადაა ხელისუფლების სამიზნე, საუბარი ღირს.

მიუხედავად ამის, ახლა უკვე ცხადად ჩანს - თუ მანამდე ხელისუფლება მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ უწოდებდა „რადიკალურ ოპოზიციას“, ახლა მკაფიოდ ჩანს, რომ იგი არც იმათთან არ აპირებს თანამშრომლობას, ვინც 19 აპრილს ხელი მოაწერა შარლ მიშელის მიერ ინიციირებულ შეთანხმებას. მეტიც, ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში მიჰყავს ქვეყანა, საჯაროდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ მზადაა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას.

სხვათა შორის, ფაქტია ისიც, რომ ჩვენში აშკარად გააქტიურებულნი არიან რუსეთის ღია თუ ლატენტური მხარდამჭერებიც, მაგრამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე არა ისინი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო სექტორი და მედიასაშუალებები არიან.

24 თებერვლის შემდეგ როგორ შეაფასებდით ზოგადად ერთი მხრივ ქართული ოპოზიციის აქტიურობას? ხოლო მეორე მხრივ, მისი ყველაზე აქტიური ჯგუფების აქტივობების შედეგებს?

- სანამ პასუხზე გადავიდოდე, მინდა შეგახსენოთ რომ მე მაინც ანთროპოლოგი ვარ და არა პოლიტიკის ექსპერტი. შესაბამისად, პასუხს ისე გაგცემთ, როგორც უფრო მემარჯვება..

ჩემი პოზიცია ყოველთვის ასეთია - ნებისმიერ, რაგინდ წინააღმდეგობრივ, დესტრუქციულ პროცესში უნდა მოიძებნოს სარგებლიანი, ერთიან მიზანზე ორიენტირებული ფაქტორი თუ გარემოება და სცადო სწორედ მისგან გამოძერწო პოზიტიური შედეგი.

მაგალითად, თქვენ სწორად აღნიშნავთ ოპოზიციის გადაჭარბებულ სიჭრელეს, მაგრამ აქვე ამბობთ, რომ ხელისუფლება დღეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ უპირისპირდება, არამედ მთელ ოპოზიციურ სპექტრს ერთ ქვაბში ყრის.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავის მხრივ არც ოპოზიციური სპექტრია ზედმეტად აზიზი და არც ის ასხვავებს ათასნაირ რადიკალურ პრორუსულ ორგანიზაციებს „ქართული ოცნებისგან“.

ამ გარემოებას ორი მხარე აქვს - ერთი მხრივ, იზრდება პოლარიზაციის ხარისხი და ის შეიძლება ფეთქებადსაშიშ ნიშნულს მიუახლოვდეს. სამაგიეროდ, ეს „გარედან ზეწოლა“ აიძულებს თითოეულ ფრთას უფრო მეტად კონსოლიდირდეს, მოძებნოს საერთო ენა, გამაერთიანებელი იდეა და მის გარშემო მოახდინოს მომხრე პარტიების და საზოგადოების მობილიზაცია. ეს კი, თითოეულ მხარეს გახდის უფრო მკაფიოდ აღსაქმელს და გასაგებს ხალხის თვალში, რაც თავისთავად კარგია.

რაც შეეხება პრორუსული ორგანიზაციების გააქტიურებას, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთს კარგად ესმის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო შეიძლება საბოლოოდ „ხელიდან დაუსხლტეს“ და ყველანაირად ცდილობს ეს არ დაუშვას.

მეორე მხრივ, ამისთვის კარგი ნიადაგია ისიც, რომ დასავლურად განწყობილი საზოგადოება და პარტიები არცთუ წარმატებით ეწინააღმდეგებიან ამ დესტრუქციული ორგანიზაციების საქმიანობას, ხოლო ხელისუფლება დაუშვებელ ინდიფერენტულობას ამჟღავნებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

სწორედ ამ კონტექსტში ვიტყვი, რომ როცა ოპოზიციამ სცადა გაერთიანება ლოზუნგით „ყველა ერთის წინააღმდეგ“, მან გვერდში დაიყენა პრორუსული წარსულით ცნობილი კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები, რითაც დაუშვა პოლიტიკური მარკეტინგის თვალსაზრისით უმძიმესი შეცდომა და დამაბნევლად იმოქმედა პროდასავლურად განწყობილ საზოგადოებაზე.

კითხვაზე, თუ როგორ ვაფასებ ოპოზიციის აქტიურობას, ასე გიპასუხებთ - საქმე შედეგით ფასდება. ამ მხრივ, მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციას ბევრი არ აქვს სატრაბახო!

- რუსეთის თემას საუბრის დასაწყისში ზოგადად შევეხეთ, მაგრამ ეს ის თემაა, რომელთანაც ახალ რეალობაში, მხედველობაში მაქვს უკრაინაში დაწყებული ომი ოფიციალური თბილისის პოლიტიკაზე ღირს ყურადღების გამახვილება.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთის მიმართ თბილისის სიფრთხილე არის სწორი და გასაგები, მაგრამ ხშირად, არ ჩანს, საქართველო უნდა ჩაითვალოს რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის წევრად, თუ არა.

ამ თემაზე უამრავი სპეკულაციები ვრცელდება. ხშირ შემთხვევაში, ამგვარი სპეკულაციების საბაბსა თუ საფუძველს თავად ხელისუფლება იძლევა.

იმის ნაცვლად, რომ მმართველ გუნდს მხარი დაეჭირა ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარმოდგენილ ინიციატივაზე, ემუშავა „საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავდა რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას, ან არასწორ ინტერპრეტაციას,“ ხელისუფლებამ პარლამენტში გამართულ ბოლო დებატებზე, ეს საკითხი განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა კი ბრძანა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსეთს არაფერს მიაწვდის, მაგრამ იმავდროულად უსაყვედურა ოპოზიციას იმის გამო, რომ იგი ხელისუფლებას „რუსეთისათვის ეროვნულ დონეზე მოუწოდებდა სანქციების დაწესებას“.

ამ თვალსაზრისით რომ ვითარება საკმაოდ ბუნდოვანია, ისიც მიანიშნებს, რომ უკრაინაში ომის დაწესების შემდეგ საქართველოში საეჭვოდ ბევრი ეკონომიკური სუბიექტი დარეგისტრირდა. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს სუბიექტები რუსი მოქალაქეების მიერაა დარეგისტრირებული, ზოგის მტკიცებით, მათი დამრეგისტრირებლები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთა უკან რუსული ბიზნესი დგას.

როგორ შეაფასებდით უკრაინაში იმის დაწყების შემდეგ ოფიციალური თბილისის პოლიტიკას რუსეთის მიმართ? მათ შორის იმ, ასე ვთქვათ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ატარებს?

- 24 თებერვლის შემდეგ ისე მოეწყო საქმე, რომ პროსახელისუფლებო საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრით ნებისმიერი საკითხი ან ნიუანსი, რითაც განსხვავდება ან შეიძლება განსხვავდებოდეს ოფიციალური კიევის და საქართველოს მთავრობის პოზიციები, არის არა მოკავშირეთა შორის მსჯელობის და სწორი პასუხების, თანამშრომლობის ურთიერთსარგებლიანი ფორმების ძიების საგანი, არამედ, უკრაინის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ლამის ბოროტი განზრახვების მტრული მცდელობა.

ამ, უაღრესად ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი როგორც პროსახელისუფლებო მედიამ, ისე მმართველი ძალის რიტორიკამ.

სამართლიანობისთვის აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის წარმომადგენლებმაც ვერ მოზომეს არაერთხელ და გადაკვრით ნათქვამი სიტყვით თუ პირდაპირი საყვედურით ხელი შეუწყვეს ამ გაუგებრობების დათესვას.

ისიც გასაგებია, რომ რაც უნდა მჭიდრო იყოს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, მაინც რჩება საკითხები, რაზეც გაჩნდება აზრთა სხვადასხვაობა და წინააღმდეგობაც კი.

ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა არცთუ უნებლიეთ, არაერთხელ გასცდა ომში მყოფ მეგობართან მსჯელობის სწორ ჩარჩოებს და ხელი შეუწყო უკრაინის მიმართ იმ არაჯანსაღი განწყობების კულტივირებას, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.

ამ და არაერთი სხვა პრობლემის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მზარდი შეშფოთება თავად უნდა იყოს ჩვენი შეშფოთების საგანი, რომ გადამწყვეტ მომენტში პრეტენზიებმა არ გადაწონოს და კარი არ მოგვიხურონ.

ბოლოსთვის კი ამით დავამთავრებ: თუნდაც ის უაღრესად საშიში ფაქტი, რომ საქართველოსთვის უცნობი განზრახვით შემოსული თითქმის ასი ათასი რუსეთის მოქალაქე სრულიად უკონტროლოდ შემოდიოდა საქართველოში, ინტენსიურად ყიდულობს უძრავ ქონებას, ხსნის ბიზნესებს და ა.შ. მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ქსოვილს, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, დაკარგული აქვს იმუნიტეტი, ვერ გრძნობს შესაძლებელ საფრთხეებს და არაფრით რეაგირებს ასეთი მსხვილი მასშტაბის ინვაზიაზე მტრული წყაროდან.

თუმცა, ეს დიდი ხნის და მრავალმხრივი პრობლემაა და ამ თემაზე როგორმე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო